თბილისი - საყმაწვილო ენციკლოპედია

თბილისი

საბავშვო გამომცემლობა "დილამ" ისეთი ორტომეული გამოსცა, რომელიც არა მხოლოდ ბავშვებისთვის, არამედ უფროსებისთვისაც ბევრ ახალ ინფორმაციას შეიცავს. ეს გახლავთ საყმაწვილო ენციკლოპედიური გამოცემა "თბილისი", რომელიც ჩვენი ქალაქის დაარსებიდან დღევანდელ დღემდე პერიოდს მოიცავს და დეტალურად მიმოიხილავს ქალაქის ყოფას, ისტორიას, არქიტექტურას...

წიგნის ავტორი გახლავთ ბატონი თეიმურაზ ბერიძე, ისტორიკოსი, ადამიანი, ვინც წლების მანძილზე იკვლევდა ქალაქს და 70-80-იან წლებში, ასევე მოგვიანებით გამოცემული თავისი წიგნებით თბილისის ყველაზე სრული სურათი შექმნა. მისი წიგნები - "ძველი თბილისის სურათები", განსაკუთრებით კი "მეცნიერების" მიერ გამოცემული "ძველი თბილისის გარეუბნების ისტორია" - თბილისომანებისთვის ნამდვილი განძია. 1977 წელს დაწერილი ეს წიგნი დღესაც სიახლითაა სავსე და ქალაქის ისტორიით დაინტერესებული ადამიანი XXI საუკუნის 10-იან წლებშიც ძალიან ბევრ უცნობ დეტალს აღმოაჩენს იქ.
იდეა გაჩნდა საერთოდ საქართველოს ქალაქებზე, მაგრამ როდესაც თბილისზე დავიწყეთ, სხვისთვის ვისთვის უნდა მიგვემართა, თუ არა თემო ბერიძისთვის. თბილისის ისტორიისთვის ეს იყო ერთადერთი საუკეთესო ვარიანტი, იმიტომ რომ ამ კაცმა იცის არა მარტო ისტორია, არამედ წარმოუდგენელი წვრილმანებიც კი...
თამარ ნინიკაშვილი

თეიმურაზ ბერიძე მუდამ წყაროებზე მუშაობს, მათ შორის ისეთ წყაროებზე, რომელთაც ზოგჯერ ისტორიკოსებიც კი არ აქცევენ ყურადღებას, რისი შედეგიცაა აუარება წვრილმანით დატვირთული ტექსტები, სადაც ფენებადაა დალაგებული ეპოქები. სწორედ ასეთ მკვლევარს სთხოვა გამომცემლობა “დილამ” ქალაქის მეგზურობა და შედეგად ორი ილუსტრირებული ტომი მივიღეთ - ნაწილი ვრცელი სერიისა, რომელსაც "საქართველოს ქალაქები" ჰქვია. წიგნის რედაქტორი თამარ ნინიკაშვილი გვპირდება, რომ სულ მალე საქართველოს სხვა ქალაქებზეც გამოვა ასეთი საყმაწვილო ენციკლოპედიური გამოცემები.

"იდეა გაჩნდა საერთოდ საქართველოს ქალაქებზე, მაგრამ როდესაც თბილისზე დავიწყეთ, სხვისთვის ვისთვის უნდა მიგვემართა, თუ არა თემო ბერიძისთვის. თბილისის ისტორიისთვის ეს იყო ერთადერთი საუკეთესო ვარიანტი, იმიტომ რომ ამ კაცმა იცის არა მარტო ისტორია, არამედ წარმოუდგენელი წვრილმანებიც კი. მე მგონი, უკეთესად სხვა ვერავინ გააკეთებდა და თან წერს ისე, როგორადაც ჩვენ ძალიან გვინდოდა - ბავშვებისთვის გასაგებ ენაზე. ეს არის საყმაწვილო ენციკლოპედია, მაგრამ ეს უნდა ყოფილიყო უფრო პოპულარული, არასამეცნიერო და ადვილად საკითხავი. და ეს იყო ყველაზე კარგი ვარიანტი და არჩევანი... ამით, ამ ორი ტომით დაიწყო ეს სერია და გვინდა აუცილებლად გავაგრძელოთ - შემდეგი წიგნები იქნება ქუთაისი, გორი და საქართველოს სხვა ქალაქები."

პირველი წიგნი XVIII საუკუნემდე პერიოდს მოიცავს და ისტორიული, ლინეარული თხრობის გარდა, მასში ბევრი საცნობარო ჩანართიცაა, ასევე სალექსიკონო მასალა. მაგალითად, წიგნიდან ვიგებთ, რომ თბილისში ყოველთვის ძალიან საინტერესო სახალხო თეატრები არსებობდა. ავტორი ახსენებს ხალხურ საიმპროვიზაციო თეატრს, ასევე თოჯინების (კუკების) თეატრს, რომელიც ჯერ კიდევ VII საუკუნეში იყო ცნობილი.
მეორე ტომს აქვს დანართი, რომელიც მე ძალიან მიყვარს - ერთი მოედნის და ერთი ქუჩის ისტორია. მოჰყვება თავისუფლების მოედნიდან და მთელი რუსთაველის პროსპექტი... რა შენობა იდგა სულ პირველად, როგორ შეიცვალა ნელ-ნელა და როგორი იყო ისტორიები, პარალელურად, და რა ხდებოდა იმ შენობებში...
თამარ ნინიკაშვილი

ძალიან საინტერესოა ასევე თბილისის ძველ უბნებთან დაკავშირებული ისტორიები თუ ეტიმოლოგიური ძიებები. მაგალითად, სოღდებილი, რომლის ეტიმოლოგიის შესახებაც უცხოელ ავტორებთან ვკითხულობთ, რომ სპარსეთის შაჰს, ხოსრო ანუშირვანს VI საუკუნეში მტკვრის მარცხენა ნაპირზე, კალას მოპირდაპირე მხარეს, აუგია ციხე და იქ სოღდის მოდგმის ხალხი დაუსახლებია და თითქოს სახელიც აქედან მომდინარეობს. თუმცა ქართული ვერსიის მიხედვით, სახელი სოღდებილი "საგოდებლიდან" მომდინარეობს. გაიხსენეთ "აბოს წამება", სადაც მოქალაქეებმა აბოს ცხედარი მტკვრის მარცხენა ნაპირზე გადმოასვენეს, "გარეშე ქალაქსა" (მაშინ ახლანდელი მეტეხის და ავლაბრის ტერიტორია ჯერ კიდევ არ ითვლებოდა ქალაქის შემადგენლობაში), და დაასვენეს ადგილას, "...რომელსა, საგოდებელ ეწოდების, რამეთუ მუნ არს საფლავები კაცთა მის ქალაქისათაი".

თამარ ნინიკაშვილი ჩემთან საუბარში წიგნზე მუშაობის დეტალებსაც იხსენებს:

"მინდა გავიხსენო სამუშაო საღამოები. ეს იყო არაჩვეულებრივი, იმიტომ რომ გავდიოდით ყველა თავს, თან ვამოწმებდით როგორ იკითხებოდა და როგორ ისმინებოდა ეს ყველაფერი, როგორ აღიქვამდა ამ ყველაფერს ბავშვი. და პარალელურად ამას მოჰყვებოდა ისეთი კარგი ისტორიები, რომ ესეც რომ ჩაგვერთო, ერთი 5-6 ტომი აუცილებლად დაგვჭირდებოდა, ისეთ ამბებს ჰყვებოდა თვითონ, იმიტომ რომ თემო ბერიძეს თავისი თვალით აქვს ნანახი ყველა ის ადგილი, ის, თუ როგორ იცვლებოდა ეს ადგილები, როგორ შენდებოდა... და მეორე ტომს აქვს დანართი, რომელიც მე ძალიან მიყვარს - ერთი მოედნის და ერთი ქუჩის ისტორია. მოჰყვება თავისუფლების მოედნიდან და მთელი რუსთაველის პროსპექტი... რა შენობა იდგა სულ პირველად, როგორ შეიცვალა ნელ-ნელა და როგორი იყო ისტორიები, პარალელურად, და რა ხდებოდა იმ შენობებში."

ახლანდელი თავისუფლების მოედნის შესახებ ამომწურავი ესე აქვს დაწერილი იოსებ გრიშაშვილს და ეს თავი, ნაწილობრივ, ამ ცნობილ ნაშრომსაც ითვალისწინებს, თუმცა ბევრი სხვა საინტერესო ფაქტიც აქვს მოხმობილი ავტორს. მოედანს რომ თავიდან "პასკევიჩ-ერივანსკის" სახელი უწოდეს, ეგ ვიცით; ალბათ ისიც ვიცით, რომ XIX საუკუნის 50-იან წლებში, მას შემდეგ, რაც თამამშევმა თავისი ქარვასლა, ანუ ქალაქის საოპერო თეატრი, ააგო, მოედანს თეატრის მოედანსაც უწოდებდნენ. თუმცა ყველამ როდი იცის, რომ ახლანდელი ხელოვნების მუზეუმის, ანუ ყოფილი სასულიერო სემინარიის, ადგილას XVII საუკუნის მიწურულს მეფის ქარვასლა მდგარა, რომელიც 1724 წელს დაუნგრევიათ თურქებს. სხვათა შორის, მუზეუმის ის ცნობილი ნაგებობა, რომელიც ახლა დგას, 1825 წელს აუგია მსხვილ მეწარმე იაკობ ზუბალაშვილს (არქიტექტორი ბერნარდაცი). თავიდან აქ სასტუმრო "პალასი" იყო, 1838 წელს კი საეკლესიო უწყებას შეუსყიდია და სასულიერო სემინარია გაუხსნია.

ცალკე თავები ეძღვნება ტფილისურ "კლუბებსა და კრუჟოკებს", აზარტულ თამაშებს, საქალაქო ტრანსპორტს, სწავლა-განათლებას, ამქრობას, ტფილისურ ბაზრებს, პურობებს და მრ. სხვ. საქალაქო ტრანსპორტზე გამახსენდა, სხვათა შორის: ირკვევა, რომ ველოსიპედი ტფილისის ქუჩებში ჯერ კიდევ XIX საუკუნის 80-იან წლებში გამოჩნდა. ამავე საუკუნის მიწურულს კი დიდი მთავრის (ახლანდელი დიმიტრი უზნაძის) ქუჩაზე პირველი ველოტრეკი აუგიათ. "ამ საქმის ერთ-ერთი თაოსანი იყო ცნობილი სამხედრო ინჟინერი, თავადი ვასილ ჯორჯაძე (1856-1927), რომელმაც 1883 წელს მოწყობილ ექვსთა ტურნირში დიდი უპირატესობით გაიმარჯვა. საქართველოს პირველ ველოსიპედისტად ვასილ ჯორჯაძეა აღიარებული".

თბილისის ზოგიერთ ქუჩას დღესაც ნამდვილად დახატავდა ველოსიპედი და მისი ზარის წკრიალი.