გამომცემლობა "ინტელექტმა" ნობელიანტების სერიაში ცნობილი მექსიკელი პოეტისა და ესეისტის, ოქტავიო პასის ყველაზე ცნობილი წიგნი, "მარტოობის ლაბირინთი", გამოსცა.
ოქტავიო პასის ესეისტიკით 90-იან წლებში ვიყავი გატაცებული. თითქმის ყველაფერს ვკითხულობდი, რასაც რუსულ და ინგლისურ ენაზე გადავაწყდებოდი ხოლმე ბეჭდურ პრესაში და მაშინდელ მწირ ინტერნეტსივრცეში. ერთიორჯერ "არილის" თემატური ნომერიც მივუძღვენი ამ შესანიშნავ პოეტსა და ესეისტს გაზეთშიც და ჟურნალშიც... შემდეგ რამდენიმე წელი ჩავარდნა მქონდა, არაფერი წამიკითხავს ახალი, და აი, ცოტა ხნის წინ, "ინტელექტის" მიერ გამოცემულმა ესეების კრებულმა "მარტოობის ლაბირინთი“ ისევ გამახსენა ეს ჭკვიანი და ვნებიანი მოაზროვნე.
ადრე სხვა ენაზე მქონდა ეს წიგნი წაკითხული და გამიხარდა, რომ ქართულადაც გამოვიდა პასის უმნიშვნელოვანესი ტექსტების კრებული, პირველად 1950 წელს გამოცემული და შემდეგ არაერთხელ გამეორებული, დამატებებით და შევსებებით.
როგორც თავად ავტორი ამბობს, ეს წიგნი რეალობის გაშიფვრის კიდევ ერთი მცდელობაა, ეს არის კრიტიკა, რომლის ნაკლებობასაც, პასის აზრით, ძალიან განიცდიდა მექსიკური საზოგადოება. აი, თუნდაც მექსიკელებსა და ჩრდილოამერიკელებს შორის სხვაობის გრძელი ჩამონათვალი ავიღოთ, ჩვენზე გეგონებათ დაწერილი: "ჩვენ მორწმუნენი ვართ, ისინი - მიმნდობნი; იმათ ზღაპრები და დეტექტივები იზიდავთ, ჩვენ კი - მითები და ლეგენდები... ჩვენ გულწრფელობისთვის ვეტანებით სასმელს, ისინი კი - თავდავიწყებისთვის. ისინი ოპტიმისტები არიან, ჩვენ - ნიჰილისტები. ერთია მხოლოდ: ჩვენი ნიჰილიზმი არა გონებით ნაკარნახევი, არამედ ინსტინქტური რეაქციის შედეგია. ამიტომაც ეჭვგარეშეა, რომ მექსიკელი ადვილად არავის ენდობა. ისინი კი უფრო გახსნილები არიან. ჩვენ უფრო მეტად მელანქოლია და სარკაზმი გვჩვევია, მათ კი - იუმორის გრძნობა და თავშექცევა. ჩვენ საკუთარ სულიერ იარებს ისევე ვეპოტინებით, როგორც ისინი - საკუთარ გამოგონებებს..."
მიუხედავად ამ ჩამონათვალისა, პასს იმდენად მექსიკელების ხასიათი კი არ აღელვებდა, არამედ ის, რაც ამ ნიღაბს მიღმა იყო ამოფარებული. მისი აზრით, მექსიკელი არსება კი არა, ისტორიაა, აქ ადგილი არაა ონტოლოგიისა ან ფსიქოლოგიისთვის, არამედ მხოლოდ ისტორიისთვის. როგორც თავადვე აღნიშნავს წიგნის დანართში, რომელიც 70–იან წლებშია დაწერილი, მისი მიზანი მექსიკელთა დეფინიცია კი არა, კრიტიკა იყო, მცდელობა, რომელიც არა მექსიკელების წარმოჩენას, არამედ გათავისუფლებას ემსახურებოდა: "ეს გახლდათ კრიტიკა, როგორც თავისუფლების შესაძლებლობა, და, ამდენად, მოწოდება ქმედებისკენ".
სიტყვებს, კრიტიკასა და კრიზისს, მოგეხსენებათ, საერთო ძირი აქვს. პასის ეს კრიტიკული ნააზრევი, რომელმაც "მარტოობის ლაბირინთში" მოიყარა თავი, სწორედ ამ კრიზისის გააზრებას ისახავდა მიზნად. წიგნი სულ მალე საეტაპო გახდა ლათინოამერიკული ქვეყნებისთვის, მას ძალიან ბევრი ოპონენტი გამოუჩნდა, მათ შორის, ბორხესიც, რომელიც ღიად გამოვიდა პასის იდეების წინაღმდეგ. იგი ლათინოამერიკელთა მარტოსულობისა და პრიმიტივიზმის დეკლარაციებში მხოლოდ მომხიბლავ პათეტიკას ხედავდა. "ჩვენი ტრადიცია - ესაა მსოფლიო კულტურა. ნურაფრის შეგვეშინდება, ჩვენ მთელი სამყაროს მემკვიდრეებად უნდა მივიჩნიოთ თავი", - ამბობდა ბორხესი და არგენტინელებს მოუწოდებდა უარი ეთქვათ ამგვარ ცრურწმენებზე. 1950 წელს პასმაც აღიარა: "ჩვენ პირველად გავხდით კაცობრიობის თანამედროვენიო", მაგრამ ეს "აღიარება" არ ნიშნავდა იმ დრამატიზმის განელებას, რომელიც თანამედროვე ლათინოამერიკელისა და მისი წარსულის ურთიერთობას ახასიათებდა. პასისთვის ეს გაუცხოება მოუშუშებელ იარად დარჩა და იგიც, მთელი თავისი არსებით, ამ სენის გააზრებასა და დაძლევას მიეცა, ცდილობდა ამოევსო მშობლიურ დრო-სივრცეში შექმნილი სიცარიელე. შეიძლება ითქვას, XX საუკუნის ლათინოამერიკულ ლიტერატურასაც სწორედ ეს ორი "არქივარიუსი" წარმოადგენდა, ბორხესი და პასი. ბორხესი - მოთამაშე ბრძენი, ინტელექტუალთა ნუგეში, და პასი - კულტურული გმირი, ნუგეში ადამიანთათვის.
პასმაც, ბორხესისა არ იყოს, ძალიან ბევრი კულტურული ტრადიცია შეითვისა, თუმცა მისი კრიტიკული ხედვები მაინც ძალიან განსხვავდებოდა ბორხესის ჰედონისტური მიდგომებისგან. კარლოს ფუენტესი მეგობრული ირონიით წერდა პასზე: "მექსიკის ღვიძლი შვილი, ლათინური ამერიკის ძმა, ესპანეთის გერი, საფრანგეთის, ინგლისისა და იტალიის შვილობილი, იაპონიისა და ინდოეთის ოჯახის მეგობარი, ამერიკის შეერთებული შტატების უკანონო შვილი (ისევე, როგორც ჩვენ ყველანი)".
ცხადია, პასი თავის წიგნში ბევრს საუბრობს მარტოობაზე, ადამიანურ მარტოსულობასა და იზოლირებულ საზოგადოებაზე. მარტოობა ხან ძირგამომპალ სამყაროსთან კავშირის გაწყვეტა და ფინალური ბრძოლისთვის მზადებაა, ხანაც უმიზნო, დაუსრულებელი მუშაობა, რომელიც თანამედროვე საზოგადოების უმიზნო ცხოვრების შესაბამისია.
ახლა სიყვარულზე, ნახეთ, რას წერს პასი: "სიყვარულის რეალიზება სამყაროს კანონის რღვევას ითხოვს. ჩვენს დროებაში სიყვარული სკანდალსა და არეულობას გულისხმობს, ზოგჯერ კანონის დარღვევასაც. ესაა ორი ვარსკვლავი, რომლებიც გაარღვევენ თავიანთი ბედისწერის ორბიტას და შუაგულ სივრცეში ერთმანეთს შეხვდებიან. სიყვარულის რომანტიკული კონცეფცია, რაც კატასტროფასა და რღვევას მოიცავს, ერთადერთია, რაც ჩვენთვის ყველაზე ნაცნობია. საზოგადოებაში ყველაფერი მიმართულია იქითკენ, რომ სიყვარული თავისუფალი არჩევანი იყოს."
პასი დიქტატურაზეც ბევრს წერს და აქაც ძალიან ბევრი საერთო შეგვიძლია დავინახოთ საქართველოსთან. მაგალითად, მისი სიტყვებით, "ნებისმიერი დიქტატურა ადამიანის თუ პარტიის შიზოფრენიის ორი ფორმითაა გამოხატული: მონოლოგითა და მავზოლეუმით". ეს ორი, ნარატიული და არქიტექტურული შიზოფრენია ჩვენთანაც საკმაოდ ძლიერია და რაც უფრო ზღვრამდე მივა, მით უკეთესი. პასი წერს ახალგაზრდული მოძრაობის შესახებაც. იგი ძალიან აქტიურად გამოექომაგა 1968 წელს მეხიკოს ქუჩებში პროტესტის ნიშნად გამოსულ ახალგაზრდებს და მანიფესტაციების ჩახშობის გამო მწვავე გამოსვლებიც ჰქონდა. პასი მაშინ დიპლომატიური სამსახურიდან დაითხოვეს, რამდენიმე წლის შემდეგ კი "მარტოობის ლაბირინთის" დამატებაში წერდა: "მათი (ახალგაზრდების - მ.ხ.) კრიტიკა რეალურია, სამოქმედო გეგმა კი - არარეალური".
წიგნი, ერთი შეხედვით, კარგი ქართულითაა თარგმნილი, თუმცა ხშირად გვხდება უზუსტობები და ბუნდოვანი ადგილები. მაგალითად, რამდენიმეგან კლოდ ლევი-სტროსი ლევი სტრაუსად მოგვევლინა, ნიცშეს ცნობილი სათაურის პასისეული ციტირება კი ასეა თარგმნილი: "ნიცშემ სიტყვებს მიღმა მიმალული სიკეთისა და სიავის, ღირსების ამოკითხვა მასწავლა". ადვილად მიხვდებოდით, რომ სიკეთესა და სიავეში, "სიკეთე და ბოროტება" იგულისხმება. ერთგან გულღია საზოგადოებაზეა საუბარი, არადა აშკარად ღია, გახსნილ საზოგადოებას გულისხმობს ავტორი. კიდევ ერთი ციტატა თარგმანიდან: "სიყვარული არ არის ბუნებრივი აქტი. ის უფრო ჰუმანური და, საზოგადოდ, სუპერჰუმანურიც კია..." აქ ჰუმანიზმი არაფერ შუაშია, მარტივი რამე იგულისხმება, კერძოდ კი ის, რომ სიყვარული არ არის ბუნებრივი, ბიოლოგიური აქტი, არამედ ადამიანური, უფრო მეტიც, სუპერადამიანური, ნიცშეს სიტყვებით რომ ვთქვათ, ერთობ ადამიანური საქმეა.
დაბოლოს, პასი დიდ ადგილს უთმობს მექსიკელ ემიგრანტებს და მათი ფსიქოპორტრეტის დახატვას. ეს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მონაკვეთია ამ წიგნში და მის მიერ დახატულ პორტრეტში ბევრი საერთოა ქართველ ემიგრანტებთან. თუმცა ეს უკვე სულ სხვა თემაა, ამაზე დიდი ხანია ბლოგის დაწერას ვაპირებ. იმედია, მალე მოვაბამ თავს.