რემონ კენოს "ლურჯი ყვავილები"

"ბაკურ სულაკაურის გამომცემლობამ" XX საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ფრანგი მწერლის რემონ კენოს რომანი "ლურჯი ყვავილები" გამოსცა, წიგნი, რომელიც მწერლის შედარებით გვიან პერიოდს მიეკუთვნება და, გარკვეულწილად, კენოს მუდმივი ძიებების ერთგვარ შეჯამებასაც წარმოადგენს.

რემონ კენოს ბიოგრაფია ძალზე საინტერესოა. მასში ნაყოფიერად აირეკლა XX საუკუნის რამდენიმე ათწლეულის ევროპული ლიტერატურა და ფილოსოფია, სიურრეალისტებიდან და პატაფიზიკოსებიდან მოყოლებული, "ულიპო"-თი, პოტენციური ლიტერატურის სახელოსნოთი დამთავრებული. ათწლეულების მანძილზე ყოველთვის იცვლებოდა მისი შეხედულებები, იგი ქმნიდა და ტოვებდა ჯგუფებს, უპირისპირდებოდა საკუთარ მოსაზრებებს, ფროიდით და მარქსით მსოფლიო გატაცების პერიოდში მას უკვე მოყირჭებული ჰქონდა ეს ფილოსოფია, სამაგიეროდ მთელი ცხოვრების მანძილზე რატომღაც სულ უბრუნდებოდა რენე გენონის წიგნებს, სხვადასხვა დროს ესწრებოდა კოჟევის და ლაკანის ლექციებს, გატაცებული იყო ჯაზით, ფერწერით. კენო ყველაფრისთვის იცლიდა, წერდა პროზას, პოეზიას, ესეებს.

რომანის მთარგმნელმა მაია ქაცანაშვილმაც ჩემთან საუბარში კენოს სწორედ ამ მრავალსახოვანებაზე გაამახვილა ყურადღება:

"ყველა რაღაცნაირად განსხვავებულია კენოს ნაწარმოებები. ყველაფერი ნამდვილად არ ვიცი, მაგრამ ყველა სხვადასხვაა. არის ნაწარმოებები, სადაც მათემატიკა იმდენად დიდ როლს თამაშობს, რომ რაღაც მათემატიკური გათვლები უნდა გააკეთო და ახალი პოემები იქმნება... არის რაღაცა ძალიან ჩვეულებრივი ისტორია, სადაც არანაირი ენობრივი თამაშები არაა. არის სტილისტური სავარჯიშოები, რომლის დაწერის იდეაც, როგორც კენომ თქვა, ბახის კონცერტის მერე გაუჩნდა, ანუ ვარიაციები, ერთსა და იმავე თემაზე 99 ვარიაცია. ეს ნაწარმოები მართლაც ენის ზეიმია, ყველანაირ ასპექტში. ეს "ლურჯი ყვავილები" კი მე იმდენად მომეწონა და იმდენად დიდი იყო, რომ არ მინდოდა ვინმეს დაესწრო ამ წიგნის თარგმნა და ამიტომაც გადავწყვიტე."

კენოს სახელი პირველად 90-იანების დასაწყისში გავიგე. მაშინ მის ლექსებს გადავეყარე უფრო ადრე გამოცემულ ერთ ანთოლოგიაში, სადაც პრევერთან, პეგისთან, რენე შართან და სხვებთან ერთად ამ უცნაური პოეტის უცნაური ლექსებიც იყო დაბეჭდილი. შემდეგ ლუი მალის "ზაზი მეტროში" ვნახე, რომელსაც შოკის ეფექტი ჰქონდა. ასეთი რაღაც მანამდე ნანახი არ მქონდა, ეს არაფერს ჰგავდა, არც გამოსახულებით და არც ამბით. უფრო შოკისმომგვრელი იყო წიგნი, მიუხედავად იმისა, რომ რუსულ თარგმანში წავიკითხე. ამის მერე, რამდენი პაატა ჯავახიშვილს შევხვდები ხოლმე (პაატა ბორის ვიანის ქართულად მთარგმნელი და პატაფიზიკოსების დიდი ტრფიალია), იმდენი ამ წიგნის ერთობლივ თარგმანზე ვეღრიტინებოდი. და აი, მაია ქაცანაშვილმა კენოს მეორე, ასევე ძალიან მნიშვნელოვანი ტექსტი თარგმნა, "ლურჯი ყვავილები". რას ნიშნავს "ლურჯი ყვავილები"? ამაზე დიდხანს შეიძლება ლაპარაკი, თუმცა ჯობს მაინც მთარგმნელს მოვუსმინოთ:

"პირველად სადაც ახსენებს "ლურჯ ყვავილებს", იქ ბოდლერის ციტატაა, შეიძლება "ბოროტების ყვავილებმა" შთააგონა. კიდევ, არსებობს ასეთი ფრანგული გამოთქმა - "იყო ლურჯი ყვავილი", რაც ნიშნავს, იყო მგრძნობიარე. ავტორი თითქოს მთელი რომანი გაურბის, რომ იყოს მგრძნობიარე, მისი პერსონაჟებიც ასე იქცევიან, და ბოლოს, მე მგონი, მაინც ხდება დაბრუნება საკუთარ თავთან, ცხოვრებასთან და სენტიმენტებთან. სიდროლენი რაღაც სხვანაირ ცხოვრებას იწყებს და იმ მომენტში ამბობს, რომ აი, ლურჯი ყვავილები გამოჩნდა. ამას წინათ მეგობართან ვსაუბრობდი, კიდევ რა შეიძლებოდა ყოფილიყო ლურჯი ყვავილები და გამახსენდა, რომ არსებობს ე.წ. ლურჯი ლიტერატურა, ბიბლიოთეკა, წიგნების სერია, რომელიც გამოიცემოდა XVII საუკუნის დასაწყისიდან XIX-მდე, დაბალი ფენებისთვის. ამ წიგნების გამოცემა უდომ დაიწყო XVII საუკუნეში. წიგნი 2 სუდ იყიდებოდა და იგი საკმაოდ კარგად ვრცელდებოდა. ამ სერიაშია გამოცემული ერთ-ერთი რომანი, რომელიც რაინდი ოჟის თავგადასავალს ეძღვნება და შეიძლება იმანაც შთააგონა კენო."

წიგნის სიუჟეტზე თითქმის წარმოუდგენელია საუბარი. ესაა სიმეტრიულობისა და ორობითობის შედევრი, რომანი გაორებული გმირებით, ანარეკლებით, გამეორებებით. ვიცი, ასეთი შეფასებები ძალიან უცნაურად ჟღერს, მაგრამ მართლა წარმოუდგენელია ერთმანეთში გადახლართულ სიზმრებს მოჰყვე - სიზმრებს, სადაც დრო და სივრცე აზრს კარგავს.

ძალიან სამწუხაროა, რომ ქართულ გამოცემას წინ არ უძღვის რემონ კენოს წინასიტყვაობა, სადაც იგი ჯუან ძის ცნობილ იგავს იხსენებს. გახსოვთ, ალბათ, ჯუან-ძის რომ ესიზმრება, რომ პეპელაა და, პირიქით, იქნებ პეპელას ესიზმრება, რომ ჯუან-ძია... ჰოდა, ამასთან დაკავშირებით ახსენებს კენო თავის ორ პროტაგონისტს, ჰერცოგ დ'ოჟსა და სიდროლენს და ამბობს, ჰერცოგ დ'ოჟს ესიზმრება, რომ სიდროლენია, სიდროლენს კი ესიზმრება, რომ ჰერცოგი დ'ოჟია.

სხვათა შორის, ქართულ თარგმანში რატომღაც რომანის ეპიგრაფიცაა გამოტოვებული. ეპიგრაფი კი ძველბერძნულია, რომელიც ასე ჟღერს: "ონარ ანტი ონეირატოს", რაც ნიშნავს - "სიზმარი სიზმარის წილ".

კიდევ ერთი შენიშვნა უნდა ითქვას ქართული გამოცემის შესახებ. ძალიან მწყდება გული, რომ ეს წიგნი ასე შიშვლად გამოვიდა, წინასიტყვაობის და კომენტარების გარეშე. არადა, კენო ის ავტორია და ნაწარმოებიც იმ კატეგორიას მიეკუთვნება, რომლებიც აუცილებლად კარგად უნდა წარუდგინო მკითხველს. ჩემი ნება რომ ყოფილიყო, ერთი-ორ ესეს თარგმანსაც დავურთავდი წიგნს, კენოს და რამდენიმე სხვა ავტორისას. განმარტებების აუცილებლობას კითხვის დაწყებისთანავე იგრძნობთ, რადგან ეს ნაწარმოები, ისევე როგორც მისი სხვა შედევრები, სავსეა თავბრუდამხვევი კალამბურებით, ლიტერატურული და ისტორიული ალუზიებით, ხუმრობებით, მინიშნებებით. მთარგმნელმა ბევრი იშრომა ამ კალამბურების გადმოქართულებაზე, და საკმაოდ წარმატებითაც, თუმცა უკეთესი იქნებოდა ცოტა მეტი გაგვეგო წიგნიდან თავად ავტორის ენობრივ სტრატეგიებზე, იმ მსოფლხედველობრივ ფონზე, რომელიც ამ ძალიან უცნაური წიგნის მიღმა დგას.

ამჯერად მხოლოდ ენით შემოვიფარგლები და ვიტყვი, რომ კენოს განსაკუთრებული დამოკიდებულება ჰქონდა ენისადმი. მისთვის პოეზიის როლი მდგომარეობდა ენის შეცვლაში და არა გრძნობათა გამოხატვაში ან ყოფის პოეტიზაციაში. მისი პერსონაჟები ზოგჯერ დაუჯერებელ ენაზე საუბრობენ, კენოს ენა სავსეა ზეპირი მეტყველებით, ოღონდ ეს არაა ჟარგონის ან სლენგის მექანიკური გამოყენება, არამედ გარკვეული ინდივიდუალური ენა, რომელიც ძნელია გრამატიკული ნორმებით შეაფასო და ლინგვისტური ახსნა მოუძებნო. აქ ბევრია ხმის მოდულაციები, გამეორებები, ენაბლუობა, უცნაური ინტონაციები, ბოდვები... ეს მეტყველება, დიქცია, როგორც ბარტი ამბობს, არაა მხოლოდ ნატურალიცაზია ფრანგული ორთოგრაფიისა. მასთან ეს "დიქცია" იდეოლოგიურ როლსაც თამაშობს. იმ სიტყვას, რომელიც პომპეზური ორთოგრაფიული მოსასხამით იყო შემოსილი, კენო საშუალებას აძლევდა გამოერღვია თავისი ეს საზღვრები. შედეგად იბადებოდა ახალი, თავშეუკავებელი, აგრესიული, შიშველი, ბარბაროსული სიტყვა. ცხადია აქ ბარბაროსობა მხოლოდ ნგრევას არ ნიშნავს, არამედ კვლევას, დანაწევრებას, არსში წვდომასაც. კენო ხშირად იმეორებდა ხოლმე, "ჩვენ მკვდარ ენაზე ვწერთო" და ძალიან განასხვავებდა ერთმანეთისგან სასაუბრო და სამწერლო ენას. სხვათა შორის, ენასთან მოჭიდავე თანამედროვე ქართველ მწერლებს, კენოს სწორი წაკითხვის შემთხვევაში, სწორი დასკვნების გამოტანაც შეუძლიათ.