ზიგმუნდ ფროიდის „კულტურით უკმაყოფილება“

დღეს XX საუკუნის კიდევ ერთ კლასიკურ ნაშრომზე ვისაუბრებთ, ზიგმუნდ ფროიდის „კულტურით უკმაყოფილებაზე“, მისი გვიანდელი პერიოდის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ ტრაქტატზე, სადაც იგი იმ დროისთვის - და დღევანდელობისთვისაც - ძალზე მნიშვნელოვან კითხვებს სვამს. წიგნი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტმა გამოსცა, ქართულად ანა პეტრიაშვილმა და გიორგი ხოშტარიამ თარგმნეს, რედაქტირება კი ნინო ჯავახიშვილმა გაუკეთა. ჩემი და ნინოს საუბარი წიგნის სათაურით დაიწყო:

“პირველ რიგში მინდა გითხრათ, რომ გერმანულ ვარიანტს ჰქვია “კულტურით უკმაყოფილება”, ინგლისურ ვარიანტში მას ჰქვია “ცივილიზაციით უკმაყოფილება”. ამასთან დაკავშირებითაც გვქონდა ჩვენ მსჯელობა მთარგმნელთან ერთად და მაინც კულტურით უკმაყოფილებაზე შევჩერდით. მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ აქ სიტყვა ცივილიზაციაც ჩანს. ანუ არ უნდა გავიგოთ კულტურა ვიწროდ - ქართული ან ფრანგული კულტურა...”
ამჯერად არ ღირს კულტურისა და ცივილიზაციის დაპირისპირების თეორიებზე საუბარი, პირიქით, აქ ეს ორი ცნება ერთსა და იმავე მოვლენას აღნიშნავს:

“ფროიდი ამბობს ასეთ რაღაცას - ადამიანს სჭირდებოდა ჯგუფში ცხოვრება, იმისათვის რომ გადარჩენილიყო. ამით ფროიდი განსაკუთრებულს არაფერს ამბობს, ამას ამბობდა დარვინიც და ბევრი სხვაც. უბრალოდ, მას აინტერესებს ეს საკითხი ფსიქოლოგიური თვალსაზრისით, იმიტომ რომ ეს საკითხი ფილოსოფოსებსაც აქვთ განხილული. მას აინტერესებს ფსიქოლოგიურად რა ხდება, რა უნდა ადამიანს და რას იღებს. ადამიანს, ფროიდის თეორიის მიხედვით, აქვს თავისი ინსტინქტები, რომლებიც საკმაოდ ძლიერია და იმისთვის, რომ ადამიანი იყოს ბედნიერი, მას უნდა შეეძლოს დაიკმაყოფილოს ყველა ინსტინქტი, მაგრამ, ამავე დროს, მას სჭირდება, რომ იცხოვროს საზოგადოებაში, ცივილიზაციაში, კულტურაში - რომელიც გნებავთ, ის სიტყვა გამოვიყენოთ - და რადგანაც მას ეს ჭირდება, ის იძულებულია რაღაც დათმობებზე წავიდეს, დათმოს ეს თავისი მოთხოვნილებები, ინსტინქტები და ამის ხარჯზე, სამაგიეროდ, მიიღოს ინტეგრაცია და გადარჩენა, იმიტომ რომ მარტო ის ვერ გაუმკლავდებოდა იმ გამოწვევებს, რომელიც არსებობდა პირველყოფილი ადამიანის საზოგადოებაში”.

წიგნი იწყება ცნობილი მოსაზრებით, რომ ადამიანები „საზოგადოდ არასწორი სტანდარტებით ხელმძღვანელობენ, ისინი ძალაუფლების, წარმატებისა და სიმდიდრისაკენ მიისწრაფვიან და სხვა ადამიანებშიც სწორედ ასეთი მიღწევები აღაფრთოვანებთ, ამ დროს კი, ჭეშმარიტ ღირებულებებს სათანადოდ ვერ აფასებენ“. რა არის ეს ჭეშმარიტი ღირებულებები? სად უნდა ვეძებოთ ადამიანის დაკმაყოფილება? რითი ზღუდავს ადამიანის თავისუფლებას საზოგადოება და კულტურა? ეს და ბევრი სხვა მნიშვნელოვანი თემა ჩნდება წიგნის კითხვისას. ფროიდი, ცხადია, ყველა კითხვას არ სცემს პასუხს, ეს არც შედის მის მიზნებში და ამის გამო შიგადაშიგ უბოდიშებს კიდეც მკითხველს. მისთვის უფრო მნიშვნელოვანია მაქსიმალურად ფართოდ მიმოიხილოს „კულტურით უკმაყოფილების“ თემა.
საბოლოოდ, ირკვევა, რომ ადამიანისთვის დამახასიათებელი ლტოლვები, მათ შორის, თვითგანადგურებისკენ, სიკვდილისკენ მიმართული აგრესიული იმპულსები მუდმივ წინააღმდეგობაში არიან ლიბიდოსთანაც და კულტურასთანაც. სწორედ ამიტომ ფროიდს მომხიბვლელად ეჩვენება იდეა, რომ კულტურა ეროსის სამსახურში ჩავაყენოთ. მისი აზრით, ხალხის მასები ერთმანეთთან ლიბიდოზურად უნდა იყვნენ დაკავშირებული, მხოლოდ საერთო საჭიროებები და ერთობლივი შრომის პროდუქციით მიღებული მოგება მათ ერთად ვერ დააკავებს. ყველაფერ ამას აგრესიულობის ბუნებრივი ინტინქტი ეწინააღმდეგება, რომელიც, თავის მხრივ, სიკვდილის ინსტინქტის ნაშიერია და რომელიც, ფროიდის სიტყვებით რომ ვთქვათ, სამყაროზე მბრძანებლობის მეწილეა, ეროსთან ერთან. შესაბამისად, სიყვარულისა და სიკვდილის, ეროსისა და თანატოსის ბრძოლა - ერთი მხრივ, სიცოცხლისაკენ ლტოლვა და, მეორე მხრივ, დესტრუქციულობისკენ ლტოლვა - შეადგენს „სიცოცხლის არსსა და შინაარსს და ამიტომ კულტურის განვითარებას შეიძლება, უბრალოდ, კაცობრიობის გადარჩენისთვის ბრძოლა ვუწოდოთ“.

ფროიდი, მართლაც, მრავალმხრივი ავტორია, - შეიძლება ითქვას, მრავალმხრივი და ღრმა, - თუმცა მას ძალიან ბევრი კრიტიკაც ჰქონდა და ახლაც, თანამედროვე ავტორებისგანაც ძალიან ბევრი კრიტიკა აქვს, უფრო მაგისტრალური ფსიქოლოგიის კუთხიდან, იმიტომ რომ მაგისტრალური ფსიქოლოგია, მართალია, სოციალური მეცნიერებაა...
ნინო ჯავახიშვილი
ეს აბზაცები, ცხადია, დასკვნად არ უნდა მივიღოთ. ფროიდი ამის შემდეგ კიდევ უფრო აღრმავებს კვლევას და ეგოს, სუპერ-ეგოსა და მისი ერთ-ერთი ინსტანციის, სინდისის ურთიერთობების ანალიზზეც გადადის. ირკვევა, რომ კულტურით უკმაყოფილება შეიძლება თვითდასჯის მაზოხისტურ მექანიზმად იქცეს, სუპერ-ეგო კი ყალიბდება როგორც ეგოსა და საზოგადოებას შორის შექმნილი დაძაბულობის შედეგი, მისგან წარმოქმნილი ფსიქიკური ფუნქცია, ერთგვარი ზედა ინსტანცია. დასკვნის სახით ფროიდი წერს: „ჩემი აზრით, კაცობრიობისათვის საბედისწერო მნიშვნელობა აქვს საკითხს იმის შესახებ, მოახერხებს თუ არა იგი – და თუ მოახერხებს, რამდენად – კულტურული განვითარების გზაზე დაიმორჩილოს აგრესიისა და თვითგანადგურებისკენ ლტოლვა, რომელიც შეუძლებელს ხდის ადამიანების თანაცხოვრებას“.

მოდით, ისევ ნინო ჯავახიშვილს მოვუსმინოთ:

“ფროიდი, მართლაც, მრავალმხრივი ავტორია, - შეიძლება ითქვას, მრავალმხრივი და ღრმა, - თუმცა მას ძალიან ბევრი კრიტიკაც ჰქონდა და ახლაც, თანამედროვე ავტორებისგანაც ძალიან ბევრი კრიტიკა აქვს, უფრო მაგისტრალური ფსიქოლოგიის კუთხიდან, იმიტომ რომ მაგისტრალური ფსიქოლოგია, მართალია, სოციალური მეცნიერებაა, მაგრამ უახლოვდება ზუსტ მეცნიერებებს იმ თვალსაზრისით, რომ კვლევის მეთოდები აქვთ აღებული ზუსტი მეცნიერებებიდან და, შესაბამისად, რასაც ამბობს მაგისტრალური ფსიქოლოგია, ეს ყველაფერი არის შემოწმებული და გადამოწმებული. ის, რაც თქვა ფროიდმა, ძირითადად იყო საკუთარი განცდები და შემდგომ მისი პაციენტების განცდები და, ამდენად, მაგისტრალურ ფსიქოლოგიას უჭირს ამაზე დათანხმება”.

ამის მიუხედავად, ფროიდი სულ უფრო საინტერესო და მნიშვნელოვანი ხდება სხვა სოციალური მეცნიერებებისთვის:

“ამიტომ, რაც დრო გადის, ფროიდი უფრო მეტად საინტერესო ხდება სხვა სოციალური მეცნიერებების წარმომადგენლებისთვის, ვთქვათ, იმავე ანთროპოლოგებისთვის, კულტურის შემსწავლელი მეცნიერებებისთვის. სხვადასხვა ინტერდისციპლინური მეცნიერებები გაჩნდა და სწორედ მათთვისაა ძალიან საინტერესო ფროიდი, იმავე ფილოსოფოსებისთვის, სოციოლოგებისთვის და ა.შ. და მისი თანამედროვე მიმდევრები ამ კუთხითაც უყურებენ. ეს ნაწარმოები, პრინციპში, ის ნაწარმოებია, რომელიც კულტურაზე საუბრობს და, მათ შორის, რელიგიაზე”.

ბოლოს, ერთი ფრაგმენტი მინდა მოვიყვანო, სადაც ფროიდი შრომაზე ლაპარაკობს და ამბობს, რომ იგი ცხოვრების წარმართვის ერთ-ერთი ყველაზე დახვეწილი ტექნიკაა და რომ შრომა ყველაზე მეტად აკავშირებს ადამიანს რეალობასთან: „იგი ადამიანს, სულ ცოტა, რეალობის ერთი ნაწილის – საზოგადოების - წევრად მაინც აქცევს. ლიბიდოზური კომპონენტების უდიდესი – ნარცისისტული, აგრესიული და თვით ეროტიკული - ნაწილის შრომად და მასთან დაკავშირებულ ადამიანურ ურთიერთობებად გარდაქმნა მას თავისთავად ძალზე ღირებულს ხდის და, შესაბამისად, საზოგადოებაში მისი ადგილის განმტკიცება და აუცილებლობა აბსოლუტურად გამართლებულია. განსაკუთრებული დაკმაყოფილება საკუთარი ნებით არჩეულ სამუშაოს მოაქვს. ამ დროს სუბლიმაცია არსებულ მიდრეკილებებს და კონსტიტუციურად გაძლიერებულ ლტოლვებს წამყვანად ან სასარგებლოდ აქცევს“.