კარლო კაჭარავას "100 ლექსი"

გამომცემლობა "ინტელექტმა" 100 ლექსის სერიაში კარლო კაჭარავას კრებული გამოსცა. მას შემდეგ, რაც 2006 წელს ოთარ ყარალაშვილის მიერ გამოცემული კარლო კაჭარავას ორტომეული ბიბლიოგრაფიულ იშვიათობად იქცა, ასეთი წიგნის გამოცემას ალბათ ბევრი ელოდა. საქმე ისაა, რომ თავის დროზე, ორტომეულის პრეზენტაციაზე, თითქმის მთელი ტირაჟი გაიყიდა და, შესაბამისად, ძალიან ბევრი დაინტერესებული ადამიანი, თუნდაც ისინი, ვინც 2006 წლის შემდეგ გაიგეს კარლო კაჭარავას არსებობის შესახებ, მხოლოდ ქსლის მეშვეობით ეცნობოდნენ მის ტექსტებს, ლექსებს თუ ესეებს. ახლა კი უკვე ბელა წიფურიას მიერ შედგენილი კრებულიც გვაქვს, სადაც მისი ბოლო ლექსებიდან დაწყებული, პირველებით დამთავრებული, თითქმის ყველა მნიშვნელოვანი პოეტური ტექსტია შესული.

კარლო კაჭარავა 1994 წელს გარდაიცვალა. მას, სამწუხაროდ, პირადად არ ვიცნობდი, მაგრამ კარგად მახსოვს მისი პუბლიკაციები მაშინდელ ლიტერატურულ პერიოდიკაში. ახლაც მაქვს შენახული გაზეთ "რუბიკონის" 1993 წლის აგვისტოს ნომერი, რომელიც მთლიანად ამერიკულ ლიტერატურას მიეძღვნა და სადაც ერთ გვერდზე დათო ჩიხლაძის და კარლო კაჭარავას ორი ესეი დაიბეჭდა, ერთი სათაურით - "რას გვაძლევს ამერიკული ლიტერატურა?". "რუბიკონისვე" და გაზეთ "მესამე გზის" ის ნომრებიც მაქვს შენახული, სადაც მისი ლექსები გამოქვეყნდა, ასევე სტატიები "დრონში" და ჟურნალ "ლიტერატურა და ხელოვნებაში". კარლო გაჭარავა მაშინ ძალიან აქტიური იყო, ბევრს მუშაობდა, ხატავდა, კითხულობდა, წერდა, ლაპარაკობდა. იგი მუდამ ქადაგებდა, კამათობდა, კომენტარს აკეთებდა, ხსნიდა რაღაცებს. დღევანდელი გადმოსახედიდან ყველა თავისებურად ხედავს კარლო კაჭარავას მოღვაწეობას, თუმცა კონკრეტული ადგილის განსაზღვრა ყველას უჭირს და ეს კარგიცაა. მაგალითად, პოეტი შოთა დიღმელაშვილი ეპოქის დამსახურებად მიიჩნევს კარლო კაჭარავას უადგილობას, გნებავთ ატოპიურობას:

ეს ლექსები შეუძლებელია მიაბა გარკვეულ რაღაცას... ეპოქის კონტექსტიდან ამ ლექსების წაკითხვა შეუძლებელია. რა თქმა უნდა, არის ურბანული, პოსტსოვიეტური თემები ...
შოთა დიღმელაშვილი

"ადგილი ცოტა ძნელი გამოსანახია, იმიტომ რომ თუ ადგილს ვეძებთ, რაღაც კონკრეტულ ნიშას იმ ეპოქაში და ის ეპოქა, რაღაცნაირად მსოფლიო რხევებს მოწყვეტილი იყო, რადგან მაინც საბჭოთა კავშირი იყო და სულ სხვა მხარეს ვითარდებოდა, სხვა ლიტერატურული ტრადიცია ჰქონდა, ხოლო დასავლური მოძრაობები და მიმდინარეობები რუსეთის ფილტრის გავლით შემოდიოდა და ამ თარგმანში ცოტა სხვა იერსახეს იღებდა. ამიტომ ამ ეპოქალურ კონტექსტში ცოტა ძნელია მიუსადაგო ადგილი მის მხატვრულ ნაწარმოებებს, ნახატებს და ლექსებს."

სხვებისგანაც არაერთხელ გამიგონია, რომ კარლო კაჭარავა არც ერთ მანამდე არსებულ პოეტს თუ მხატვარს არ ჰგავს. მით უმეტეს, გაჭირდება ქართველ პოეტებთან მისი დაახლოება, რომ აღარაფერი ვთქვათ მის ნახატებზე, რომელიც მნიშვნელოვანწილად უცხო კულტურული გარემოთი იყო დავალებული. შოთა დიღმელაშვილი ისევ ეპოქის კონტექსტებს შეეხო მის შემოქმედებაზე საუბრისას და საინტერესოდ დააკავშირა ერთმანეთთან მისი ფერწერისა და გრაფიკის ტექსტუალური და მისი ლექსების ვიზუალური ბუნება:

"რაც შეეხება ლექსებს, ეს ლექსები შეუძლებელია მიაბა გარკვეულ რაღაცას... ეპოქის კონტექსტიდან ამ ლექსების წაკითხვა შეუძლებელია. რა თქმა უნდა, არის ურბანული, პოსტსოვიეტური თემები, "შენ დაიბადე ფოთის ელევატორთან...", კი ბატონო, მაგრამ ერთმანეთისგან უნდა განვასხვავოთ ეპოქის სოციალური ნაწილი და კულტურული ნაწილი. ამ კულტურულ ნაწილში კონკრეტულ ეპოქას და მის პოეტურ მოღვაწეობას ვერ დავუკავშირებ ერთმანეთს, იგი არ იკვებებოდა აქედან. კარლოს გასაგებად მნიშვნელოვანია მისი მხატვრობიდან გამოვიდეთ, მაგრამ არ უნდა ვთქვათ, რომ უფრო მხატვარი იყო, ვიდრე პოეტი. თუ შევხედავთ მის ტილოებს, ეს არის გერმანული ექსპრესიონიზმის დიდი ტრადიცია და ეს ნახატები სულ ტექსტებითაა სავსე. და როგორც ტექსტებია ტილოებში, ისე ტილოებია მის ტექსტებში. მისი ლექსებიც ნახატებია. კარლო არის განწყობის პოეტი, ძალიან ეტყობა, რომ მხატვარიც არის და პოეტიც."

მგონია, რომ მისთვის პოეზია ყველაზე საკრალური რამე იყო, ამიტომ არ მალავდა ის საკუთარ მხატვრობას და მუდამ მალავდა პოეზიას ...
შოთა იათაშვილი

შოთა იათაშვილმა შემდეგნაირად შეაფასა მისი ლექსები: "მგონია, რომ მისთვის პოეზია ყველაზე საკრალური რამე იყო, ამიტომ არ მალავდა ის საკუთარ მხატვრობას და მუდამ მალავდა პოეზიას. საკრალური იყო თუნდაც იმიტომ, რომ მისთვის ნახატის დახატვა ბუნებრივი აქტი იყო, ლექსის წერა კი ძალისხმევა. ყოველ შემთხვევაში, მე ასე მგონია. ხატვა მისი ხელის ბუნებრივი მოძრაობა იყო, პოეტური ტექსტის დაწერა კი რაღაც უფრო მეტაფიზიკური. ლექსში ის უფრო შორს გარბოდა, ყოველ შემთხვევაში, ცდილობდა შორს გაქცეულიყო. რატომღაც მგონია, რომ საკუთარი მხატვრობის ბოლომდე სჯეროდა, პოეტობაში კი ოდნავ მაინც ეჭვი ეპარებოდა."

ყველაზე მნიშვნელოვანი პოეტური ტექსტები კარლო კაჭარავამ ცხოვრების უკანასკნელი 2-3 წლის მანძილზე შექმნა და იქ, სადაც მის ლექსებში ქართული თემატური ველი შემოდიოდა, ძალზე მწვავე სოციალური თემებიც გაისმოდა, მიუხედავად იმისა, რომ იგი ყოველთვის აშუალებდა ხოლმე ამ ტკივილს გარკვეული კულტურული ფონით, ხშირ შემთხვევაში არაქართულით. აი მაგალითად, 1993 წელს დაწერილი სტრიქონები: "მდიდრებს და ღარიბებს მართლა განსხვავებული ღმერთები ჰყავთ <...> მე კი ვიღაც თოფიანი კარდინალები დამცინიან, / როცა მე ვსაუბრობ ჟან პოლ რიხტერზე ანდა დიობლინზე". ანდა ეს, 1992 წლიდან: "მშვიდობით შიმშილო, მშვიდობით გაუთვალისწინებელო დამცირებავ, / მშვიდობით მარტოობავ, მშვიდობით ჯანმრთელობის გაუარესებავ, / მშვიდობით მართლა უმიზნოდ ხეტიალო, მშვიდობით / იძულებითო სიფრთხილევ, მშვიდობით შიშო, მშვიდობით შეურაცხყოფავ, / მშვიდობით მსხვერპლადქცევავ. / პოეტურია მშიერთა სიხარბე? / <...> კონცეპტუალური ვახშამი, როგორც ყოველთვის არშემდგარი ვახშამია...".

კარლო კაჭარავას კლასიკურ ტექსტად ითვლება მისი ლექსი "შენ დაიბადე ფოთის ელევატორთან". აქ მისთვის ერთ უმნიშვნელოვანეს ცნებას ვხვდებით, "მაღალფარდოვნებას". მაღალფარდოვნება მის თანამედროვე კულტურას ყველაზე ზუსტად ახასიათებს. მაღალფარდოვნება აწმყოში, მაღალფარდოვნება წარსულში, მაღალფარდოვნება, რომლითაც კლავ, ლოცულობ, დასცინი. მხოლოდ ასე გეღირსება ლუკმა "უკვდავ ბაბუებთან", "შენ არ უნდა იოცნებო მაღაროზე, სადაც იპოვი რამეს. / შენ სხვას უნდა წაართვა უკვდავი წინაპრების სახელით...". დაბოლოს, კარლო კაჭარავას პოეტური ნისლოვანების მწვერვალი: "მამავ, მამავ, მომეცი ცოტა ფული და ხეტიალის უნარი / და ნუ დაივიწყებ დასავლეთ საქართველოს წვიმიან სასაფლაოებს. / ჩემს ცას, რომელსაც მთელი ცხოვრება მართმევენ ჩემიანები...". შეიძლება ქართული ლექსის კიდევ ერთი ობოლი, ნიკოლოზ ბარათაშვილიც გაგახსენდეს, თითქმის მისი თანატოლი რომ წავიდა ამ ქვეყნიდან.

აი კიდევ, ასეთივე სურათი მისი ლექსიდან "აღდგომა დასავლეთ საქართველოში", მხარეში, სადაც "მაღალი, ხანგრძლივი წვიმებია" და სადაც "რკინიგზასთან დაეხეტებიან სველი, მშიერი ძროხები": "როგორც ყოველთვის, დედა უკვე მუშაობს სამზარეულოში, / როგორც თითქმის ყოველთვის / ამ აღდგომა დღესაც წვიმს - / და ძნელია სკამზე გადაკიდებულ სამოსლამდე მიღწევა. / სასაფლაოზე კი წითელი კვერცხების ნაჭუჭები ყრია. / და სხვადასხვა დროს ჩამქრალი სანთლები ამკობენ / მიცვალებულთა მკაცრ ან მოღიმარე სახეებს / საფლავთა ქვებზე".