ლია სტურუას რომანტიკოსი მგელი ცივ შუქში

რადიო თავისუფლებიდან რამდენიმე თანამშრომელი ერთ-ერთ პრეზენტაციაზე წავედით "რუმსში". მარინა ვაშაყმაძემ მანქანა სადგომზე დააყენა, ლიფტში შევედით, ღილაკს ვაჭერთ თითს, მაგრამ ლიფტი არ იძვრის. ვერ ვხვდებით, რა ხდება. ბოლოს ისევ მარინამ აღმოაჩინა, რომ ლაბადის ჯიბეში ლია სტურუას ახალი წიგნი მიდევს, რომელზეც სიუჟეტს ვამზადებ, და ისეა გამოჩხერილი, რომ კარის ხაზს კვეთს და ბლოკავს. ამან გაგვაღიმა და დაგვაფიქრა კიდეც. რაღაცნაირად მე-12 სართულზე მცხოვრები ლია სტურუას პოეზიისთვის დამახასიათებელ მეტაფორას ჰგავდა ეს უნებლიე შემთხვევა. მისი ადრინდელი სტრიქონებიც გამახსენდა: "და გაჭედილ ლიფტში / ზღვაზე ვფიქრობ..." ანდა აი, ეს: "ლიფტი არ მუშაობდა, / მეთორმეტე სართულის ფანჯრიდან / შენ არ გამიშვი, დანა აიღე / და ჩემი ნევროზის დაჭრა დაიწყე, / როგორც კარტოფილის." მაგრამ ეს ადრე იყო, ახლა კი "ინტელექტის" მიერ წელს გამოცემულ მის "მგლის საათში" უნდა ჩავიხედოთ. სადაც შენი პოეზია ლიფტს ჭედავს, თუ, პირიქით, შენს პოეზიაში სულ გაჭედილია ლიფტი, სხვა რა გზა დაგრჩენია, კიბით უნდა იარო, და წერს კიდეც ლია სტურუა კიბეებზე: "რამდენი კიბე მქონდა ცხოვრებაში! / განსაკუთრებით, ერთი - / მარმარილოს თვითკმაყოფილი კიბე, / სადღაც, გადაკარგულში მიმავალი, / ტრაგედიაში, ევრიპიდეში, / სადაც ქალები რძის ბოთლებს / კი არ იდგამენ მკერდში, შვილებს კლავენ". მართლაც ბევრი კიბე ჰქონდა ლია სტურუას თავის შემოქმედებით თუ ცხოვრებისეულ გზაზე და ეს ყველამ კარგად ვიცით, ოღონდ ეს "თვითკმაყოფილი კიბე" რა სახიფათოა, თან რომ ტრაგედიაში მიდის და თანაც თვითკმაყოფილია. ამიტომ ქალბატონ ლიასთან საუბარი ამ თემის ირგვლივ დავიწყეთ: რა ხდება მაშინ, როცა ამდენი კიბე უკვე ავლილია, როცა ამდენი ლექსი, ამდენი წიგნი უკვე დაწერილია და მაინც ჩნდება ახალი საფეხურები. მოვუსმინოთ ლია სტურუას.

ლია სტურუა

ლია სტურუა: პოეტს, რა თქმა უნდა, უნდა ჰქონდეს თავისი ხელწერა, თავისი სახე, სრულიად ხელშეუხებელი და შეურყვნელი, თუ შეიძლება ასე ითქვას, მაგრამ სულ ყველა წიგნში თუ რაღაც ახალი არ არის და ეს წიგნი თუ არ მოეჩვენა მკითხველს, რომ ახალია მართლა, არა იმიტომ, რომ ახლა გამოვიდა, არამედ იმიტომ, რომ სიახლეა იმ ლექსებში, ეს ცუდია... მე მინდა და სულ მგონია, რომ ყველა წიგნში ვახერხებ, რომ რაღაცნაირად ჩარჩო გავწიო. როცა სონეტები დავწერე, ვამბობდი, ოქროს ჩარჩო აქვს-მეთქი სონეტებს, ძალიან დახვეწილი, ნატიფი, ძალიან მკაცრი, და ოქროზე ფეხის დაბიჯება თითქოს არ შეიძლება, მაგრამ, მგონი, დავაბიჯე-მეთქი და გავედი ჩარჩოდან. აი, ალბათ, სულ ეს შეგრძნება უნდა ჰქონდეს ადამიანს, და როგორი გამოვიდა, ეს თქვენი სათქმელია.

„მგლის საათში“ მსგავსი ოქროს ჩარჩოები არაა: არც სონეტები, არც არანაირი კონვენციური ლექსები. ამიტომ იოლად არ ჩანს, რას აბიჯებს ამჯერად ავტორი ფეხს და რომელი ჩარჩოებიდან ცდილობს გასვლას. "თავში ეკონომიური ნათურა მინთია" - ამბობს იგი ერთგან. ამ ფრაზაში ხომ არ იკითხება სიმბოლურად ის ახალი, რაც ამ წიგნშია? არადა, პირდაპირი გაგებით, სულ არაა პოეტი ეკონომიური - მისი ლექსები კვლავაც გადახუნძლულია მეტაფორებით, სახეებით... მაგრამ ამ სიტყვამ არ შეგაცდინოთ: ეკონომიური ნათურა ხომ ის ნათურაა, რომელიც ცივ სინათლეს ასხივებს, ბევრ ვერცხლისწყალს შეიცავს და ამბობენ, რომ აბინძურებს გარემოს და მავნეა ჯანმრთელობისთვის. "თავში ეკონომიური ნათურა მინთია / სადაც მოკუნტულ ბავშვებს სცივათ, / არც ვათბობ, არც ვამშვიდებ“. - აი, ასეც გრძელდება ლექსი. და, მთლიანობაში, დღევანდელი გარემოს ეს ეკონომიური, მავნე და ცივი სინათლე ბევრ ლექსში იგრძნობა. ესაა, ჩემი აზრით, წიგნის გამჭოლი თემა, „შუქის ერთი პროცენტი“, როგორც მის ერთ ლექსს ჰქვია. ანდა მისი მეორე ლექსის სათაურში დასმული კითხვა: „მზე ისევ დედაა?“ ვნახოთ, რატომ ჩნდება ეს კითხვა: „ცივა, მზეზე ვწერ, / მის მცხუნვარებაზე და საფუძვლიანობაზე, / დიდი ხნის დავიწყებული ნაცნობი მირეკავს: / წავიკითხე და ვერ გავთბიო...“ და სწორედ ეს მსოფლშეგრძნება აჩენს მგელს, როგორც წიგნის მთავარ ფიგურას. „რატომ, მაინცდამაინც, მგელი? / აბრეშუმის საცვალში ცივა, ხავერდის სტერეოტიპი ალერგიას იწვევს, / ჩაიში ლიმონის მთვარეც / იმიტაციაა იმ ნამდვილის, / პროვინციაში ჩამოკიდებულის, / რომელსაც თავისი მგლები ყავს / და ერთი მათგანი მე ვარ.“ წიგნი ავტორის პატარა წინათქმით იხსნება, სადაც იგი განმარტავს, თუ რატომ დაარქვა კრებულს „მგლის საათი“, მაგრამ მე მაინც ვთხოვე ქალბატონ ლიას, კიდევ უფრო გაეშალა ეს თემა. მოვუსმინოთ.

ლია სტურუა: მგლის საათი მართლა არის. ადამიანს, მე მგონი, ყველა ასაკში აქვს. შეიძლება ასაკის მომატებასთან დაკავშირებით ეს მძაფრდება, როგორც ყველაფერი. არის რაღაც საათები ძილის დროს, გათენებისკენ წასული, როცა არც ღამეა, არც გათენებაა ჯერ, არც დღეა, რაღაც ქაოსია თითქოს, ქაოსია შეიძლება თავში, რომელიც თითქოს ისვენებს, სინამდვილეში კი იმ სიზმრებს ხედავს, რომელიც შეიძლება ქვეცნობიერის გამომზეურებაა. ჰოდა, ეს საათი, გათენებისკენ წასული, ალბათ ყველაზე ძნელი, მძიმე საათია, ძნელად გადასალახი საათია. ამ დროს, როგორც ამბობენ, უფრო ხშირად კვდებიან ადამიანები, თუმცა აქ სიკვდილის თემა ნამდვილად არ არის, უბრალოდ სიმძიმეს ვგულისხმობ და მგელი ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი არსებაა, მნიშვნელოვანი ცხოველია. ჩემთვის ცხოველი ადამიანია, რაღაც ანტროპომორფიზმი ჩემთვის მნიშვნელოვანი მსოფლშეგრძნებაა, იმიტომ რომ მის სულშიც და ტანშიც ზის ღმერთი, ისევე როგორც ჩემში და თქვენში, და პატივს ვცემ მგელს, იმიტომ რომ ის ძალიან თავისუფალია. მე მგონი, ყველა ადამიანს თავისი ორეული ჰყავს ცხოველში და მცენარეში. და მე რატომღაც მგონია, - ყოველ შემთხვევაში, მინდა, რომ ასე იყოს, - რომ ეს ჩემი ორეული მგელია. ვერ დაიმონებ, ცირკის არენაზე ვერ გამოიყვან და შენს მითითებებს ვერ შეასრულებინებ, თუმცა შეიძლება შეგეჩვიოს, შეუყვარდე, მაგრამ, აი, ეს თვისება აქვს, და მთავარი, - რომანტიკოსია.

როგორ ჩანს, სჭირდება ეს არახელშესახები, ასეთი მოუხელთებელი სილამაზე, და მაინც ცდილობენ ხოლმე, ან სოცრეალიზმი, ან ნეობოლშევიზმი წამოახტუნონ საფლავებიდან, მაგრამ რომანტიკის მოკვლა ძალიან ძნელია და ეს რომანტიკოსი მგელი მეყვარება, ალბათ, სულ...
ლია სტურუა

ჩვენთვის ახლა რომანტიზმი სრულიად გადაშენებული ლიტერატურული მიმდინარეობაა და ძალიან ბევრი რამ წამოვიდა მას მერე, მაგრამ, აი, ეს მგელი, ნამდვილი ბებერი რომანტიკოსია, იმიტომ რომ სხვა მგლებს რომ სძინავთ, მას რაღაც აწუხებს. ხომ არ ვიცით - რა, მიდის მთვარესთან, ხომ არც ერთი ცხოველი არ აკეთებს ამას, ზის საათობით და შეჰყმუის, ესე იგი რაღაცას ელაპარაკება. და, როგორ ჩანს, სჭირდება ეს არახელშესახები, ასეთი მოუხელთებელი სილამაზე, და მაინც ცდილობენ ხოლმე, ან სოცრეალიზმი, ან ნეობოლშევიზმი წამოახტუნონ საფლავებიდან, მაგრამ რომანტიკის მოკვლა ძალიან ძნელია და ეს რომანტიკოსი მგელი მეყვარება, ალბათ, სულ.

ვფიქრობ, ავტორის დახმარებით შევძელით „მგლის საათის“ მთავარი მახასიათებლების გამოკვეთა: ესაა ისევ ის ჩვენთვის ასე კარგად ნაცნობი და ძვირფასი ლია სტურუა, თავისი განუმეორებელი ხელწერით, მაგრამ არჩარჩენილი ძველ ემოციურ სამყაროში, იმ ნერვული სისტემით, რომელიც დღევანდელი სამყაროს ენერგეტიკას თუ ამ ენერგეტიკის ხარვეზებს ბოლომდე გრძნობს და განიცდის. „ხარვეზიან სინათლესაც ეგუებიან, ეკონომიურს. / მორჩა პროჟექტორების ჩანათება ჭაში - / სიღრმეზე ფიქრი“ - წერს ის ერთგან. მეორეგან კი კითხულობს: „როდის ვცხოვრობდი უკუღმა? როცა აქსიომებთან ომში / რამდენ ხორცსაც ვკარგავდი, იმდენ შუქს ვჭამდი, / თუ ახლა, ამ შეუძლებლობაზე რომ ვფიქრობ?“ სხვაგან კი, აი, ასეთ კითხვას სვამს: „რა მოხდა? ფიქრს კუნთი გაუჩნდა?“ ლია სტურუას ფიქრებს კუნთები მუდამ ჰქონდა და ამიტომ, ცივი შუქისა და რომანტიკოსი მგლების ამ წიგნში გიხარია, როცა იგი თავის თავზე მაინც ამბობს ამას: „თავი გინდა დაანახო? / ამისთვის საწერი მაგიდა გაქვს - / დაჯექი და იკაშკაშე“.