ჩანაწერები კანის კინოფესტივალიდან (5)

„კანის წლევანდელი კინოფესტივალის ჟიურის ისღა რჩება, გადასცეს მიხაელ ჰანეკეს მეორე ‘ოქროს პალმა’. ანდა არაფერი გადასცეს და ასე შევიდეს ისტორიაში“ - წერს გაზეთ „კომერსანტში“ ანდრეი პლახოვი, კრიტიკოსი, რომელსაც თითქმის ყოველთვის ვეთანხმები. თუმცა ისიც ვიცი, რომ პლახოვი აღმერთებს ჰანეკეს. ამიტომ მოულოდნელი არ არის მისი ეს შეფასება, რომელსაც... ვერაფრით დავეთანხმები!

ავსტრიელი რეჟისორის საფრანგეთში გადაღებული ფილმი, რომელსაც მოკლედ და კონკრეტულად „სიყვარული“ ჰქვია, თავიდანვე კანის 65-ე ფესტივალის ფავორიტად ითვლებოდა. ამიტომაც უჩვენეს სურათი კვირას დილით (დასვენების დღეს), რათა ჰანეკეს მრავალრიცხოვან თაყვანისმცემლებს პრემიერაზე საგანგებოდ ჩამოსვლის საშუალება მისცემოდათ.

დილის 7 საათსა და 50 წუთზე, ანუ, სეანსის დაწყებამდე 40 წუთით ადრე დარბაზი მთლიანად გაივსო. უკვე ტიტრების დროს (მიუხედავად იმისა, რომ ფილმის გმირები მუსიკოსები არიან და მუსიკა, პირველ რიგში კი შუბერტი, არაერთხელ ისმის ფილმში, ტიტრები აქ სიჩუმეში გადის) იგრძნობოდა დარბაზში დაძაბულობა და შედევრის მოლოდინი. პროვოკაციის მოლოდინიც. პირადად მე დარწმუნებული ვიყავი, რომ მსოფლიო კინოს ნომერი პირველი მიზანთროპი, მიხაელ ჰანეკე სიტყვა „სიყვარულს“ ირონიულად იყენებდა, მისთვის ჩვეული ცინიზმითა და, თუ გნებავთ, „შავი იუმორით“.

არაფერი მსგავსი! ჰანეკემ მართლაც გადაიღო ფილმი დიდ სიყვარულზე - გვიამბო მოხუც მუსიკოსზე, 82 წლის ჟან-ლუი ტრენტინიანის შესრულებით, რომელიც ცდილობს სიცოცხლე შეუნარჩუნოს თავის პარალიზებულ მეუღლეს, ასევე მუსიკოსს. ბოლო წუთამდე იბრძვის ამისათვის - არ გადაჰყავს საავადმყოფოში, რადგან უფრთხილდება მეუღლესთან ცხოვრების ყოველ წამს - აჭმევს, წიგნებს უკითხავს, ურეცხავს და აბანავებს...

„სიყვარული“ გადაღებულია ჰანეკესთვის დამახასიათებელი მინიმალისტური სტილით და, ცოტა არ იყოს, სატელევიზიო კინოს ჰგავს. სხვათა შორის, სწორედ ტელევიზიისთვის იყო გადაღებული თავის დროზე კიდევ ერთი დიდი პროვოკატორის, პატრის შეროს ასევე მოულოდნელად თბილი ფილმი სიყვარულზე: „მისი ძმა“, რომელიც ნამდვილად იმსახურებდა ბერლინის კინოფესტივალის მთავარ პრიზს, მაგრამ ჟიურიმ სურათი სწორედ მეტისმეტი კამერულობის გამო დაიწუნა.

კადრი მიხაელ ჰანეკეს ფილმიდან "სიყვარული"


ჰანეკეს ახალი სურათი არა მარტო შეროს იმ პატარა ფილმს გაგახსენებთ. კინოს ისტორიაში უამრავი კარგი ფილმი გადაუღიათ მოხუცებულობაზე, მოახლოებულ სიკვდილზე... და სიყვარულზე! მაგრამ, როგორც ჩანს, ჰანეკეს ფილმის წარმატებას განსაზღვრავს ეს „საავტორო ფონი“ - მიზანთროპი იღებს ფილმს ადამიანის სიყვარულზე, და ეს უკვე საინტერესოა!

ამით იმის თქმა მინდა, რომ ჰანეკეს ფილმში სიახლე არაა - არც შინაარსის, და არც ფორმის თვალსაზრისით. სიახლე აქ მხოლოდ ის არის, რომ სიყვარულზე ფილმი მიჰაელ ჰანეკემ გადაიღო (დაახლოებით იგივეა ჩემთვის, დავუშვათ, რობერტ სტურუამ ახლა სომხური ეპოსი რომ დადგას თეატრში! ცხადია, სიახლე იქნება); და კიდევ ის, რომ ჰანეკემ მოახერხა და მაინც დაიყოლია მთავარი როლის შესრულებაზე ჟან-ლუი ტრენტინიანი, მსახიობი, რომელიც ქალიშვილის მკვლელობის შემდეგ, კატეგორიულად ამბობდა უარს კინოში გადაღებაზე. დაიყოლია კიდევ ერთი დიდი მსახიობი, ემანუელ რივაც, რომელმაც თავის დროზე მართლაც რომ გააოგნა მსოფლიო მთავარი როლის შესრულებით ალენ რენეს ფილმში „ჰიროსიმა, ჩემი სიყვარული“.

მე მომეჩვენა, რომ მსახიობები „სიყვარულში“ ცუდად თამაშობენ. პრინციპში მათ - და ეს ჰანეკეს სტილია - თამაში ეკრძალებათ. მათ ევალებათ მხოლოდ და მხოლოდ მოქმედება - ჭურჭლის რეცხვა, პიანინოზე დაკვრა, ოთახში შემოფრენილ მტრედთან გამკლავება. მიხაელ ჰანეკეს, მოგეხსენებათ, მაინცდამაინც არ უყვარს ახლო ხედები. ძალიან ახლო ხედებს (როგორც „რეაქტიულ კადრებს“) ის მხოლოდ მაშინ იყენებს, როცა დაძაბულობის შექმნა უნდა. აქაც საშუალო ხედებს ანიჭებს უპირატესობას, რათა თავისი გმირები მხოლოდ და მხოლოდ მოქმედებაში გვიჩვენოს. მაგრამ მოქმედება თითქმის არ არის. ემანუელ რივას გმირი პარალიზებულია, ტრენტინიანის პერსონაჟი კი ერთსა და იმავეს აკეთებს. სადღაც, მეორე ნახევარში, ეს ყველაფერი უკვე დამღლელი გახდა ჩემთვის. იმდენად დამღლელი, რომ ჰანეკეს მიერ შექმნილი „ტექნიკური დისტანცია“ ემოციურში გადაიზარდა. მე, უბრალოდ, არ ამაღელვეს ამ მოხუცებმა!

აქ, ცხადია, შემფასებლის ხასიათი და ტემპერამენტიც მნიშვნელოვანია. მე არ მიყვარს, როცა რეჟისორი მაცოდებს თავის გმირებს. კიდევ უფრო ნაკლებად მიყვარს, როცა კერძო ისტორია მოკლებულია განზოგადებას და ამბავი იმაზე, როგორ უვლიდა სიცოცხლის ბოლო წუთამდე ინტელიგენტი მოხუცი თავის ინტელიგენტ ცოლს პარიზის დიდ ბინაში, კერძო ისტორიის საზღვრებს ვერ სცილდება. მიხაელ ჰანეკე ნამდვილად არ არის ლუკინო ვისკონტი, რომელმაც „ოჯახის პორტრეტი ინტერიერში“, მართალია, ერთ პავილიონში გადაიღო, მაგრამ განზოგადების ძალით ეს სურათი თომას მანის, ჩეხოვის ნაწარმოებებს გაუთანაბრა. ჰანეკეს, შესაძლოა, ნიჭი აქვს, მაგრამ... მაპატიეთ, მაგრამ ადამიანს, რომელმაც „ბენის ვიდეო“ და „პიანისტი ქალი“ გადაიღო... უფრო მეტიც, მთლად ორჯერ გადაიღო „მხიარული თამაშები“, არ შეიძლება, მოულოდნელად ისე შეუყვარდეს ადამიანი, რომ ამ სიყვარულს მთელი ორსაათიანი ფილმი მიუძღვნას. ამიტომაც კანის ფესტივალის კონკურსში ჩართული „სიყვარული“ პირადად მე მიხაელ ჰანეკეს მორიგი პროვოკაცია მგონია; თუ გნებავთ, დაცინვა - მათ შორის თაყვანისმცემლებისა, რომლებიც კვირას საგანგებოდ ჩამოვიდნენ კანში, რათა თავიანთი კერპის ფილმი ენახათ.

ისე, დაცინვაც მშვენიერი რამ არის, როცა ხელოვანი საკუთარი თავის მიმართაც ირონიულია და მხოლოდ პუბლიკის ნერვებზე არ თამაშობს. კვირას, წვიმიან კანში, იზაბელ იუპერს ორჯერ მოუხდა წითელ ხალიჩაზე გავლა. პირველად ჰანეკეს ფილმის პრემიერის წინ - „სიყვარულში“ ავსტრიელი რეჟისორის მუზა მოხუცი ცოლ-ქმრის ქალიშვილის, ასევე მუსიკოსის როლს განასახიერებს. ფინალში, როცა ის მშობლების ცარიელ ბინაში შედის და ფორტეპიანოს მიუჯდება (ბინა მას დარჩა), ცუდი ქართული ტელეგადაცემები გამახსენდა წამყვანი ქალებით, რომლებიც ჩაფიქრებული და შეწუხებული სახეებით გამოდიან ხოლმე „სატელევიზიო პოდიუმზე“... სიჩუმეში თითქოს რაღაც პათეტიკური ნოტები გესმის.

რა ვიცი... ეს ნოტები მე ნამდვილად მომესმა „სიყვარულის“ ფინალში. მიუხედავად ოვაციებისა, კანის ფესტივალის პუბლიკამ რომ გაუმართა მიხაელ ჰანეკეს.

ჰოდა, იმას ვამბობდი, იზაბელ იუპერს იმ დღეს მეორედაც მოუხდა წითელ ხალიჩაზე გავლა-მეთქი: კორეელი რეჟისორის, „კორეელ ერიკ რომერად“ შერაცხული ჰონ სანგსუს ფილმის - „სხვა ქვეყანაში“ - პრემიერის წინ. იუპერმა ამ ფილმშიც ითამაშა და ითამაშა სრულიად სხვანაირად - თითქოს გაემიჯნა თავის გმირს, ფრანგ კინორეჟისორს, რომელიც სამხრეთ კორეაში ჩადის „ნატურის“ საპოვნელად და დასცინა მის ვნებას, მიაგნოს აქ ეგზოტიკურ სექსუალურ პარტნიორს და როგორმე გაიხალისოს ცხოვრება.

მაგრამ ამ დაცინვაში იმდენი თვითირონიაა, ისეთი სიხარულია გამოხატული თამაშის, „მსახიობობის“ გამო, რომ ერთი წამით არ გეპარება ეჭვი იუპერის გულწრფელობაში; რაღაც მომენტში იქმნება შთაბეჭდილება, რომ დიდი მსახიობი, უკვე ასაკში შესული იზაბელ იუპერი (მიუხედავად იმისა, რომ ჰანეკესთან მშობლებს „მამიკოსა“ და „დედიკოს“ ეძახის) თავის თავს განასახიერებს.

აი, ამ ფილმისთვის რომ მიანიჭონ იზაბელ იუპერს ქალის როლის საუკეთესო შემსრულებლის პრიზი, ნანი მორეტის ჟიური ნამდვილად შევა ისტორიაში! მაგრამ მეეჭვება, ამდენი გაბედოს...