Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩანაწერები კანის კინოფესტივალიდან (2)


რა ბედნიერებაა კარგ ფილმზე წერა!

კარგი ფილმის ნახვა ხომ ბედნიერებაა, მაგრამ მასზე წერა კიდევ უკეთესი: იგრძელებ სიამოვნებას, ისევ აღადგენ კინოკადრებს და თუ აგაღელვა, ხვდები, რომ მარტო შენ არ გაღელვებს რაღაცები.

კრისტიან მუნჯიუმ გადაიღო შედევრი! მერე რა, რომ კანში მისი ფილმი “გორაკებს მიღმა” ჯერჯერობით ერთადერთია, რომლის დასრულების შემდეგ დაუსტვინეს. მერე რა, რომ სტივენ ფრირზისგან განსხვავებით (რომელმაც 2007 წელს გარისკა და “ოქროს პალმით” აღნიშნა იმხანად ყველასთვის უცნობი რუმინელი ახალგაზრდა რეჟისორის ფილმი “4 თვე, 3 კვირა და 2 დღე”) ნანი მორეტი სინეფილი არ არის და საეჭვოა, ააღელვოს აღმოსავლეთ რუმინეთის, მართლმადიდებლურ მონასტერში მომხდარმა ტრაგედიამ. ნანი მორეტი კი არა, აგერ დებიუსის სახელობის უზარმაზარ დარბაზში, სადაც გაიმართა მუნჯიუს ახალი სურათის პრემიერა, კაცი არ აღმოჩნდა, ოვაციები რომ გაემართა, ჩემი აზრით, 21-ე საუკუნის რეჟისორისთვის. ახლა იმის იმედი მაქვს, რომ დარბაზში
კადრი კრისტიან მუნჯიუს ფილმიდან "გორაკებს მიღმა"
კადრი კრისტიან მუნჯიუს ფილმიდან "გორაკებს მიღმა"
ისხდნენ კრიტკოსები, რომელთაც, ჩვენი არ იყოს, ტაშის თავი არ ჰქონდათ ფილმის დასრულების შემდეგ. რუსები მაინც. მათთვის, ისევე როგორც ჩვენთვის, ხომ ძალიან კარგადაა ნაცნობი ის ყველაფერი, რის შესახებაც გვიამბობს “გორაკებს მიღმა”.

რამდენ ცოდვას აღიარებს მართლმადიდებლური ეკლესია, იცოდით? მე არა! 464 ცოდვაა დათვლილი. ოთხას სამოცდა ოთხი!

სწორედ ამდენ ცოდვას დაუთვლიან მონაზვნები ალინას, ობოლთა სახლში გაზრდილ ახალგაზრდა ქალს, რომელიც გერმანიიდან ბრუნდება რუმინეთში, რათა თან წაიყვანოს ბავშვობის მეგობარი, ყველაზე ძვირფასი ადამიანი, ვოიჩიტა, აქაურ მონასტერში რომ აღიკვეცა მონაზვნად მას შემდეგ, რაც ალინა გერმანიაში გაემგზავრა.

მაგრამ მონასტრის “მამა” (ამ როლს, სხვათა შორის, თბილისის თეატრალური ინსტიტუტის კურსდამთავრებული, ვალერიუ ანდრიუცა ასრულებს) ვოიჩიტას გამგზავრების ნებას არ აძლევს. ერთადერთი, რასაც დათანხმდება, ალინას მონატერში დატოვებაა. თუმცა ძალიან მალე ინანებს ამ გადაწყვეტილებას - ალინას მოსვლასთან ერთად დედათა მონასტერში ტრაგედია გათამაშდება - უფრო სწორად, მკვლელობა.

ამ 464 ცოდვაზე, იმაზე, რომ ქალებს მენსტრუაციული ციკლის პერიოდში ეკლესიის მამები და დედები “ბინძურს” უწოდებენ, იმაზე, რომ მონაზვნებს სჯერათ, რომ მხოლოდ და მხოლოდ ლოცვით შესაძლებელია “ეშმაკის განდევნა” და სულით ავადმყოფის მორჩენა, კანის კინოფესტივალის დარბაზში ვიღაცეებს გაეცინათ. მერე კი გაღიზიანდნენ თავად მუნჯიუზე, რომელიც სულაც არ თვლის ამას სასაცილოდ. მის ახალ ფილმში, ისევე როგორც “4 თვეში”, ხანგრძლივი კადრების მიღმა (გენიალური ოპერატორის, ოლეგ მუტუს მიერ გადაღებულ კადრებში) იმდენი დაძაბულობაა, რომ ელოდები, როგორ იფეთქებს რაღაც შიგნიდან ორსაათნახევრიან ფილმში - იფეთქებს პროტესტი, თუ გნებავთ, ზიზღი. დიახ იმ ძალადობის მიმართ ზიზღი, რომელსაც ვხედავთ ეკრანზე, დანაშაულის მიმართ ზიზღი, დანაშაულისა, რომელსაც აქ “ღმერთის სახელს” არქმევენ.

რატომაა მუნჯიუს ფილმი შედევრი?

პირველ რიგში იმიტომ, რომ ფილმის ბოლომდე არ იცი, როგორ განვითარდება მოქმედება. რაღაც მომენტში ელოდები, რომ გათამაშდება “ვიღაცამ გადაუფრინა გუგულის ბუდეს” - ალინა მოაწყობს ბუნტს და მას სხვა მონაზვნებიც აჰყვებიან... მაგრამ ასეთი რამ არ ხდება. მერე ელოდები იმას, რაც უთუოდ მოეწონებოდა ზოგიერთ დასავლელ მაყურებელს - კორუფციის მხილებას მონასტერში, ეკლესიის “მამის” მხრიდან სექსუალურ ძალადობას...

არა, არაფერი ამის მსგავსი არ ხდება. ამ მონასტერში არ ცხოვრობს ბოროტი და ფარისეველი ხალხი. არც “ჯიპები” ჰყავთ ჩვენი მღვდლებივით. დენიც კი არა აქვთ გაყვანილი და სანთლებს ხმარობენ მარტო. მაგრამ ამ მონასტერში ცხოვრობს - დავესესხები გიორგი კიკონიშვილს, “ლიბერალის” ბლოგერს - უმეცარი ხალხი და სწორედ უმეცრება გადააქცევს ამ ხალხს მკვლელებად. უნებლიე, მაგრამ მაინც მკვლელებად.

რადიკალური პოზიციაა, რომელიც კიდევ ერთხელ მიმტკიცებს პირადად მე, რომ კრისტიან მუნჯიუ არა მარტო კარგი რეჟისორია, დიდი ხელოვანი, რომელსაც შეუძლია ორსაათიანი ფილმი სულ რამდენიმე კადრისგან ააწყოს და წინასწარ იმდენი იმუშაოს მსახიობებთან, რომ ყველანაირი სიყალბე აიცილოს თავიდან (თანაც ფილმში, რომელიც საშუალო ხედებზეა გადაღებული და მაყურებელს ყოველი გრძელი კადრის “დათვალიერების”, თუ “თვალთვალის” საშუალებას აძლევს)... არა, ეს მნიშვნელოვანია, მაგრამ არაა მთავარი: კრისტიან მინჯიუ პირველ რიგში მოაზროვნეა, ანალიტიკოსი. და - რაც კიდევ უფრო მნიშვნელოვანია - ჰუმანისტი. ცოტაა დღეს ხელოვანი, რომელსაც შეუძლია მოვლენა გამიჯნოს ადამიანისგან, საქციელი გამიჯნოს ადამიანისგან და გვიამბოს მოვლენაზე, როგორც ბოროტებაზე ისე, რომ არც ერთი ადამიანი არ დაადანაშაულოს. მათ შორის ისინი, ვინც ამ ბოროტებას სჩადის.

მნიშვნელოანია, რომ ამას ახერხებს რეჟისორი ყოფილი კომუნისტური ბლოკიდან. ამას ახერხებს ადამიანი, რომელიც ტოტალიტარულ სისტემაში გაიზარდა და კარგად ხედავს, როგორ ჩაენაცვლა ერთი ტოტალიტარული სისტემა მეორეს. “ობოლი ხალხი” ეძებს ახალ “მამაოს”, რომელიც 464 კანონით ცდილობს ამ ხალხის დამონებას. და მათაც სიამოვნებთ ეს. სიამოვნებთ მონობა, რადგან აქამდე არავინ ასწავლა, რა არის თავისუფლება. რამდენად ბედნიერია ადამიანი, რომელმაც ერთხელ მაინც შეიგრძნო თავისუფლების გემო. რამდენად ახლოსაა იგი ჭეშმარიტებასთან და თუ გნებავთ, ღმერთთან!

მე როგორც მივხდი, ეს თქვენი და ჩემი ჭეშმარიტება, მით უმეტეს, ეს თქვენი და ჩემი ღმერთი კანში, დებიუსის სახელობის დარბაზში თავმოყრილ პუბლიკას მაინც და მაინც არ აღელვებს. პატარა იმედი რჩება, რომ კანში რუმინელ რეჟისორს იმას მაინც დაუფასებენ, რომ თანამედროვე კინოში არავინ ასახავს ასე საინტერესოდ ქალების სოლიდარობის თემას, როგორც მუნჯიუ.

და თუ ამასაც არ დაუფასებენ, იმის იმედიღა დაგვრჩება, რომ 21-ე საუკუნის რეჟისორის ახალ ფილმს მალე ნახავენ საქართველოში.

პირადად მე ყველაფერს გავაკეთებ, ეს სურათი იმათ რომ ნახონ, ვისაც ქრისტეს სიყვარული 464 ცდუნებასთან გამკლავება ჰგონია.

ოთხასსამოცდაოთხთან!
  • 16x9 Image

    გიორგი გვახარია

    ჟურნალისტი, ხელოვნებათმცოდნე, პროფესორი. აშუქებს კულტურის ისტორიის, კინოს, ხელოვნების საკითხებს, ადამიანის უფლებებს. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 1995 წლიდან. 

XS
SM
MD
LG