აკრძალული ნაბოკოვის პირველი ტექსტი საბჭოურ პერიოდში სპორტულ მაღაზია „დინამოში“ აღმოვაჩინე რუსთაველის გამზირზე. თხელი კრებულის ყდაზე, როგორც მახსოვს, პაიკი იყო გამოსახული და ზედ ეწერა „ლუჟინის დაცვა“. მაშინ ასე თუ ისე უკვე გარკვეული ვიყავი ლიტერატურის რაღაც ნიუანსებში, და ამიტომ ეს ბუკლეტი დაუფიქრებლად შევიძინე და სახლისკენ გავაქანე, მაგრამ მთავარი აქ ის იყო, რომ მაღაზია „დინამოს“ დირექციაც და მყიდველთა უმრავლესობაც ამ წიგნს ალბათ მართლა სპორტული ლიტერატურის პროდუქტად თვლიდა... ეს ძველისძველი, სავარაუდოდ 30 წლის წინანდელი ისტორია კი გამახსენა წიგნმა, რომელზეც დღეს მსურს გესაუბროთ.
იგი ნაბოკოვის „ლუჟინის დაცვის“ მსგავსად, შეიძლება დღეს გაიყიდოს სპორტულ მაღაზიებში, ანდა სულაც სტადიონებზე, მზესუმზირის გამყიდველი შაოსანი ქალების ხელიდან, უბრალოდ იმიტომ, რომ იქ, სადაც გაზეთის ნახევიდან „სემიჩკის“ კონუსი კეთდება, ბუნებრივია იდოს წიგნი, რომლის ყდასაც - არც მეტი, არც ნაკლები - მწვანე ხასხასა სტადიონი ახატია.
ლექსო დორეულისა და ნიკა აგლაძის ეს ერთობლივი კრებული სინამდვილეში არც სპორტულია, არც პოეტური, არც პროზაული და არც ფილოსოფიური - მხოლოდ და მხოლოდ კრიტიკული. სათაურიც მეტად უცნაური აქვს - „კრიტიტაკა“, და აქ ერთი ავტორის წერილს მეორისა ენაცვლება ხოლმე. თუ რა ხდება გამომცემლობა „საუნჯის“ მიერ სულ ცოტა ხნის წინ დასტამბულ ამ უცნაურ წიგნში, ამაზე სასაუბროდ კი ბევრი ვიფიქრე და საბოლოოდ არც სპორტსმენი მოვიწვიე, არც ფილოსოფოსი და არც კრიტიკოსი. ვარჩიე პოეტი. პოეტი შალვა ბაკურაძე.
შალვა ბაკურაძე: „საუბარი მინდა დავიწყო სიმონ ჩიქოვანის ერთ-ერთი უკანასკნელი ინტერვიუთი, სადაც ის წერს, რომ „ჩვენ, საშუალო ნიჭის ლიტერატორებს, ანდაც სულაც უნიჭო ლიტერატორებს, ხშირად მნიშვნელოვან საზოგადოებრივ ფიგურებად ვაქცევთ. გულმოწყალედ ვაკისრებთ მათ ბევრად უფრო დიდი როლი შეასრულონ ჩვენს ლიტერატურაში, ვიდრე იმსახურებენ, ან საერთოდ ძალუძთ შეასრულონ“. მართალია, ეს შორეულ 60-იან წლებშია დაწერილი, მაგრამ მისი მოცემულობა დღესაც არ კარგავს აქტუალურობას. ნიკა აგლაძისა და ლექსო დორეულის წიგნის სათაური „კრიტიტაკა“ არის თავისებური გადათამაშება „ბარსელონას“ საფეხბურთო სათამაშო სტილისა ტიკიტაკა, თუმცა ისიც უნდა აღინიშნოს, რომ არცერთი ავტორი არის ჩავი და არც მეორე - ინიესტა, ჩემი აზრით, ორივე ბედკრული სერია A-ს ფეხბურთელები არიან, ერთს მე შევადარებდი ჯენარო გატუზოს, კერძოდ ნიკა აგლაძეს, რომელიც თავის წერილებში უფრო ჩამშლელი ფეხბურთელის როლს ასრულებს, ხოლო მეორე, ლექსო დორეული, უფრო ფილიპო ინძაგის როლს, რომელიც ძალიან ხშირად ფანტაზიორობდა და მასზე უამრავი მოგონილი პენალტი და თამაშგარედან გატანილი გოლები გვახსოვს. სწორედ ასეთივე განსხვავებაა მათ ტექსტებს შორისაც. ნიკა აგლაძის ტექსტები უფრო გვაგონებს ტრადიციულ ქართულ კრიტიკულ ლიტერატურას, თუმცა იმ განსხვავებით, რომ არ ანადგურებს ავტორს, არამედ განიხილავს ტექსტის ავკარგიანობას, ხოლო ლექსო დორეული საინტერესო ავტორია იმ კუთხით, რომ მისი ტექსტების კითხვისას საინტერესოა თავად კრიტიკოსის ტექსტის მაღალმხატვრულობა და არა იმ ტექსტების, რომლის შესახებაც ლექსო წერს. თუ ჩვენ ლექსოს წერილებს ცალკე გამოვცემდით წიგნად, მაშინ შევძლებდით, რომ ეს წიგნი განგვეხილა როგორც მხატვრული ტექსტი“.
ანუ არა როგორც მშრალი შემფასებელი და ანალიტიკოსი, არამედ როგორც არტისტი, პერფორმანსერი - აი, ასეთია ლექსო დორეულის შინაგანი განწყობა, მისი მიდგომა კრიტიკისადმი, როგორც დისციპლინისადმი. ის პირველ რიგში, ფორმას ეძებს ხოლმე და თუ ორიგინალური ფორმა, ახალი ფინტები მოიფიქრა, მხოლოდ ამის შემდეგ ჯდება წერილის საწერად. ალბათ ყველაზე ზუსტი განმარტება იქნება, თუ ვიტყვით, რომ მას სურს იყოს სალოსი კრიტიკოსთა შორის. თავისთავად ეს სურვილი დიდ პოზიტივს აჩენს, თუმცა თუ ეს სალოსობა ნაძალადევია, ძალიან გამაღიზიანებელიც ხდება. არადა, ჩემი აზრით, ამ წიგნში რეალურად ორივეა - ლაღი, მახვილგონივრული ტექსტებიც და ფორმალიზმს გადაყოლაც. ასევე ფიქრობს შალვა ბაკურაძე.
შალვა ბაკურაძე: „განსაკუთრებით ხაზგასასმელია წერილი, რომელიც პაატა შამუგიას წიგნს, „დაუჯდომელს“ ეხება. სადაც ავტორი როგორც მთვარის ორ მხარეს ან მონეტის ორ მხარეს, ისე წარმოგვიდგენს საკუთარ ტექსტს, და ამ შემთხვევაშიც ტექსტის მაღალმხატვრულობა ჩვენთვის ბევრად უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე თავად პაატა შამუგიას ნაწარმოებების მაღალმხატვრულობა. ასევე ძალიან საინტერესო მიმოხილვას გვთავაზობს ლექსო დორეული გივი ალხაზიშვილის შემოქმედებისა. ალბათ ეს ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ტექსტია თავისი უამრავი ქვეტექსტით და უტოვებს მკითხველს ძალიან დიდი ფანტაზიისა და ინტერპრეტაციების საშუალებას. რამდენიმე ტექსტი აშკარად ჩავარდნილია. ვთქვათ „ლია ლიქოკელის ტექსტუალური ანალიზის ცდა“. აქ ალბათ თავად ავტორიც დამეთანხმება, ეცადა რომ ტექსტი გამოსულიყო პოსტმოდერნისტული, თუმცა საბოლოოდ მიზანს ვერ მიაღწია. ასევე საკმაოდ მოსაწყენია ნინო დარბაისელზე ტექსტის ციტატებით აგება...“
– ეს დორეული... და აგლაძე?
შალვა ბაკურაძე: „აგლაძე ამტვრევს, როგორც ჯენარო გატუზო, ცოტა უხეშია, თუმცა მისი კრიტიკა არ არის მომაკვდინებელი, როგორც ახასიათებდა თამაზ წივწივაძისა და თემურ დოიაშვილის ეპოქის ავტორებს, რომლებიც ცდილობდნენ, საკუთარი კრიტიკით არა ტექსტი, არამედ ავტორი გაენადგურებინათ. ეს არის აშკარად მხოლოდ და მხოლოდ ტექსტების კრიტიკა“.
აშკარად შემდგარი წიგნია. წარმოადგენს ერთ-ერთ საუკეთესო კრიტიკულ კრებულს, რომელმაც ერთი ამოსუნთქვით წამაკითხა თავი, თუმცა მოლოდინი გაცილებით მეტია ამ ავტორებისაგან...შალვა ბაკურაძე
ჰო, აგლაძე ამტვრევს, ბევრს ამტვრევს, გატუზოსავით კი არა, ჯენტილესავითაც კი. შალვამ საუბრის ბოლოს მითხრა, ჯენტილეს ვიტყოდი, მაგრამ ვიფიქრე, რომ ახლანდელ მკითხველს და მსმენელს ეგ ფეხბურთელი უკვე არ ემახსოვრებოდაო. არადა, კლაუდიო ჯენტილე იყო მმტვრეველი, თუ იყო, 80-იანების დასაწყისში, მსოფლიო ჩემპიონ იტალიის ნაკრებში. ამ წიგნში მეც დამამტვრია აგლაძემ ჯენტილესავით, არ მოვეწონე კრიტიკოსის ამპლუაში მყოფი. თუმცა იოლად მოვიშუშე ტრავმა და როგორც ხედავთ, ლიტერატურული ცხოვრებაც განვაგრძე, ამიტომ მგონია, კარგი იქნება, თუ ქართულ ლიტერატურულ სტადიონზე მას წითელ ბარათს არ ამოუღებენ და არ გააძევებენ, სამარადისო დისკვალიფიკაციას თუ მაინც არ მისცემენ. აი, მოსალოსო დორეულის სტრიქონებიდან მომდინარე „მირონიით“ კი იქნებ ცოტათი მაინც განიკურნოს ათას ავადმყოფობააკიდებული ქართული ლიტერატურული სივრცე ადრე თუ გვიან. ეს ალბათ იმ შემთხვევაში, თუ სალოსობის ვნება, მასში დაბუდებული, თანდათან, წლებთან ერთად, სიბრძნით ბოლომდე აღიჭურვება.
მოკლედ, ეს ორი ახალგაზრდა ამ წიგნში ერთმანეთს პასებს აძლევს, ტიკიტაკაობს. ამიტომ მე და შალვა ბაკურაძეც შევეცადეთ მათსავით გვემოქმედა. აი, ბოლო „გადაცემასაც“ გავაკეთებ მასზე.
შალვა ბაკურაძე: „აშკარად შემდგარი წიგნია. წარმოადგენს ერთ-ერთ საუკეთესო კრიტიკულ კრებულს, რომელმაც ერთი ამოსუნთქვით წამაკითხა თავი, თუმცა მოლოდინი გაცილებით მეტია ამ ავტორებისაგან“.
ახლა კი უკვე დროა, კვლავ დავუთმოთ მათ ასპარეზი და ჩეროში წამოვწვეთ ლექსების საწერად. და თუ მოგვიანებით ჩამოივლიან და გვეტყვიან, თამაში თუ კამათი მოვიგეთო, ავძახოთ: „გაგიჭირდებოდათ!“