ლარის მყიფე წონასწორობა

საქართველოს ეროვნული ვალუტა მნიშვნელოვნად გამყარდა ბოლო ორი თვის განმავლობაში. 2016 წლის 25 თებერვალს ერთი ამერიკული დოლარი 2,5 ლარი ღირდა, 26 აპრილის მონაცემებით კი, 1 დოლარის შესაძენად 2 ლარი და 23 თეთრია საჭირო. რამ გამოიწვია ლარის დევალვაციის შეჩერება და რა გავლენას მოახდენს ეროვნული ვალუტის გამყარება ინფლაციაზე?

საქართველოს ეროვნული ვალუტის გამყარების ძირითად მიზეზთა შორის ქართველი ეკონომისტები რამდენიმე ფაქტორს ასახელებენ. ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტის რომან გოცირიძის თქმით, საქართველოს ეკონომიკა თითქმის აღარ იზრდება, რაც იწვევს დოლარზე მოთხოვნის შემცირებას. 2016 წლის იანვარ-მარტში 5 პროცენტით შემცირდა ასევე იმპორტი, რაც იმას ნიშნავს, რომ ქვეყნიდან ნაკლები ვალუტა გავიდა და ამან კიდევ უფრო შეუწყო ხელი ლარის გამყარებას. რომან გოცირიძის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ექსპორტი განაგრძობს შემცირებას (12 პროცენტით), კლების ტემპი არ არის მაღალი, ხოლო უცხოეთიდან საქართველოში გადმორიცხული სავალუტო ნაკადის მოცულობა ნელ-ნელა იზრდება.

„ეს მაჩვენებელიც ნაკლებია, წინა წელთან შედარებით. იანვარში, თებერვალში, მარტში ნაკლები ფული ჩამოირიცხა რუსეთიდან, საბერძნეთიდან თუ ევროპის სხვა ქვეყნებიდან, ვიდრე გასული წლის შესაბამის პერიოდში, მაგრამ გარკვეული დადებითი ტენდენცია არის ის, რომ, მაგალითად, თებერვალში უფრო მეტი ფული გადმოირიცხა, ვიდრე იანვარში, მარტში უფრო მეტი, ვიდრე თებერვალში. როგორც ჩანს, აპრილში ეს ტენდენცია გაგრძელდება და ეს შემოდინებები, ცხადია, გარკვეულ გავლენას ახდენენ ლარის კურსზე. ასევე ერთ-ერთი ფაქტორია ისიც, რომ ტურიზმი გაიზარდა 20 პროცენტით ამ სამი თვის განმავლობაში“, უთხრა რომან გოცირიძემ რადიო თავისუფლებას.

არ არის გამორიცხული, რომ ამით უფრო მეტი ლარის მიმოქცევაში გამოშვებას შეუწყოს ხელი. სავალუტო შემოდინებები შედარებით დასტაბილურდა და საპროცენტო განაკვეთის შემცირება ეკონომიკურ ზრდას შეუწყობს ხელს...
გიორგი კეპულაძე

სპეციალისტები ტურიზმის გაზრდას გარკვეულწილად უკავშირებენ ირანთან ლიბერალური სავიზო რეჟიმის აღდგენას, რამაც აპრილში, მარტთან შედარებით, ირანელი ტურისტების რაოდენობის 1000-პროცენტიანი ზრდა გამოიწვია. ლარის კურსის გამყარებაზე გავლენა იქონია ნავთობის ფასის გაზრდამ და იმ ქვეყნების ვალუტების გამყარებამ, რომლებიდანაც ქართველი ემიგრანტები სამშობლოში გზავნიან ფულს. ასევე მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ლარის კიდევ უფრო მეტად გამყარების მოლოდინმა, რის გამოც მომხმარებელმა მასობრივად დაიწყო დოლარების გამოტანა და მათი ხელახლა კონვერტირება ლარში, თუმცა, როგორც რადიო თავისუფლებას არასამთავრობო ორგანიზაცია „საზოგადოება და ბანკების“ გამგეობის თავმჯდომარემ გიორგი კეპულაძემ უთხრა, არ უნდა დაგვავიწყდეს სეზონური ფაქტორიც, რომელიც ქვეყნიდან ნაკლები ვალუტის გადინებას უკავშირდება, ენერგომატარებლების ნაკლები მოხმარების გამო.

„ასევე აღსანიშნავია ის, რომ შემცირებულია ინფლაციური მოლოდინები, არ არის მაღალი და ველოდები, 27 აპრილს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის სხდომა უნდა გაიმართოს და არ არის გამორიცხული, რომ რეფინანსირების განაკვეთი 8 %-დან ოდნავ შემცირდეს, რადგან ეროვნული ბანკის ერთ-ერთი მთავარი ამოცანა ინფლაციის ტარგეტირებაა და ინფლაციური მოლოდინი ახლა არ არის მაღალი. არ არის გამორიცხული, რომ ამით უფრო მეტი ლარის მიმოქცევაში გამოშვებას შეუწყოს ხელი. სავალუტო შემოდინებები შედარებით დასტაბილურდა და საპროცენტო განაკვეთის შემცირება ეკონომიკურ ზრდას შეუწყობს ხელს“, უთხრა გიორგი კეპულაძემ რადიო თავისუფლებას.

მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი ამჟამად მართლაც 8.0 პროცენტია. ეროვნულმა ბანკმა ეს გადაწყვეტილება 2016 წლის 9 მარტს მიიღო. ცნობისთვის: 2014 წელს რეფინანსირების განაკვეთი 4 პროცენტი იყო. როგორც ეროვნულ ბანკში განმარტეს, მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის გაზრდის გადაწყვეტილება ეყრდნობოდა მაკროეკონომიკურ პროგნოზებს, რომლის მიხედვითაც გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკა დადებითად აისახებოდა ინფლაციური მოლოდინების ეტაპობრივ შემცირებაზე. როგორც ეროვნული ბანკის ყოფილმა პრეზიდენტმა რომან გოცირიძემ რადიო თავისუფლებასთან საუბარში შენიშნა, ლარი ეცემოდა ორი წლის განმავლობაში, მყარდება ორი თვეა. შესაბამისად, ლარის გამყარების ეფექტი სწრაფად ვერ აისახება ფასების შემცირებაზე:

რომან გოცირიძე

„ამას უნდა საკმაოდ დიდი დრო, რათა რეალურად ბაზარმა ირწმუნოს ამ კურსის სტაბილურობა და, მეორეც, ამ ახალი კურსით მოხდეს ბიზნესის დაგეგმვა და დანახარჯების დათვლა. ასე რომ, სწრაფი ზემოქმედების ეფექტი არ იქნება, მაგრამ დადებითი ის არის, რომ ინფლაციის ტემპი არ იქნება მაღალი და სადღაც 6 პროცენტის ფარგლებში იქნება, რაც ლარის გაუფასურების შემდგომი პერიოდისათვის არ არის ცუდი. ასე რომ, დადებითია ის, რომ ინფლაციის ზრდა არ მოხდება და არა ის, რომ ფასები დაუბრუნდება პირვანდელ მდგომარეობას“.

თუმცა ეკონომისტების ერთი ნაწილი შენიშნავს, რომ ლარის კურსის სტაბილურობას საფრთხეს უქმნის დეფიციტური ბიუჯეტის მზარდი ხარჯები, რომლის პიკი მესამე კვარტალზე მოდის. გარდა ამისა, წონასწორობა შეიძლება ასევე იოლად დაირღვეს იმის გამო, რომ საქართველოს ეკონომიკა არის უკიდურესად დაბალმონეტიზებული, რაც იმას ნიშნავს, რომ მიმოქცევაში არსებული ფული მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებაში იმდენად ცოტაა, რომ მისი მცირედით შეცვლა გავლენას ახდენს ლარის კურსზე.