აქცენტები პრეზიდენტის ანგარიშსა და კვირის სხვა მოვლენებში

გიორგი მარგველაშვილი პარლამენტში

პრეზიდენტის ყოველწლიური მიმართვა პარლამენტს, კამპანია „ეს შენ გეხებას“ აქტივობები და რეიტინგები, რომელშიც, საზოგადოებრივი განწყობების გარდა, ქვეყნის განვითარების დინამიკაც შეფასდა - ეს იყო ძირითადად გასული კვირის მნიშვნელოვანი ამბები.

Your browser doesn’t support HTML5

აქცენტები პრეზიდენტის ანგარიშსა და კვირის სხვა მოვლენებში

პოლიტიკური რეიტინგები და საზოგადოებრივი განწყობები საქართველოში გასულ სამუშაო კვირაში ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) გამოკვლევაში აისახა. გამოკვლევის თანახმად, მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ ამომრჩეველთა 30-პროცენტიანი მხარდაჭერით სარგებლობს, ხოლო რეიტინგით მეორე „ნაციონალურ მოძრაობას“ მხარს 15 პროცენტი უჭერს. 8 პროცენტით მესამე ადგილზეა „მოძრაობა თავისუფლებისთვის - ევროპული საქართველო“. მომდევნო ადგილებს იყოფენ ლეიბორისტული პარტია (6 %), „პატრიორთა ალიანსი“ (4 %) და „თავისუფალი დემოკრატები“ (3 %). პოლიტიკური რეიტინგების პარალელურად, სხვა საკითხებთან ერთად, ყურადღების ცენტრში აღმოჩნდა საზოგადოების პოზიცია ქვეყნის საერთაშორისო ურთიერთობებისა და ევროსტრუქტურებთან ინტეგრაციის მიმართულებით. კერძოდ, საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის გამოკვლევის თანახმად, ევროინტეგრაციის მხარდამჭერთა რაოდენობამ უკანასკნელი ოთხი წლის განმავლობაში ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია. ჯამურად, გამოკითხულთა 90 % (64 % - სრულად და 26 % - ნაწილობრივ) ემხრობა საქართველოს ინტეგრაციას ევროკავშირში, ნატოში გაწევრიანებას კი, ჯამში, 82 % ემხრობა (56 % - სრულად, 26 %-ნაწილობრივ). აქვე აღვნიშნავთ, რომ, საქართველოს პროდასავლური ორიენტაციის მხარდაჭერის კვალდაკვალ, რუსეთთან ურთიერთობის შენარჩუნების მომხრე გამოკითხულთა 53 პროცენტია, 73 პროცენტი კი მიიჩნევს, რომ რუსეთი ის ქვეყანაა, რომლისგანაც საქართველოს ყველაზე მეტი ხიფათი ელის. როგორც რადიო თავისუფლებასთან საუბარში ევროპული კვლევების ცენტრის დირექტორი კახა გოგოლაშვილი ამბობს, მოსახლეობის დამოკიდებულება ევროატლანტიკურ ინტეგრაციასთან მიმართებით მყარია და ჩანს, ასევე, მოსახლეობის ნაწილის ევროსკეპტიკოსების რიგებიდან ევრომხარდამჭერთა რიგებში გადანაცვლების ტენდენცია. ამასთან, კახა გოგოლაშვილის თქმით, ევროპული ინტეგრაციისადმი მზარდი მხარდაჭერის მაჩვენებელი მნიშვნელოვანია არსებული ნეგატიური პროპაგანდის ფონზეც:

„ქართულმა ოცნებამ“ პარლამენტში აბსოლუტური უმრავლესობა მოიპოვა, რასაც მოჰყვება გარკვეული პოლიტიკური შედეგები, რომლებმაც, შესაძლოა, საქართველოს ტრაექტორია შეცვალოს. ინტერესით მოველით, რას აპირებს „ქართული ოცნების“ ეს გიგანტური უმრავლესობა, როგორ აპირებს ქვეყნის მართვას...
ნეიტ შენკანი

„აი, მაგალითად, ზეწოლა. შეიძლება არსებობს პოზიტიური ზეწოლა ცნობიერებაზე, რომ ევროინტეგრაცია, ზოგადად, კარგია, უვიზო მიმოსვლა იქნება და ამას მოაქვს თავისი სიკეთეები, მაგრამ ამ ხნის განმავლობაში ნეგატიური ზეწოლაც ძალიან ძლიერი იყო და ხიფათი, რომ, შესაძლოა, ევროინტეგრაციის მომხრეთა რაოდენობა შემცირებულიყო, - ძალინ მაღალი, იმიტომ რომ აგერ მეზობელი თურქეთი, რომელიც სულ უფრო და უფრო ხდება ევროსკეპტიკური, არის ლტოლვილთა კრიზისი, რომელიც ასუსტებს ევროპას, ბრექსიტის ასეთი დიდი გაპიარება ყველგან, განსაკუთრებით, ანტიევროპულ წრეებში და ანტიევროპულ მედიაში, რომ, აი, იშლება ევროკავშირი და გარბიან სხვები და რა დროს ჩვენი იქ შესვლაა, და, თუ გნებავთ, რუსული პროპაგანდა, ანუ უარყოფითი წნეხი იყო ძალიან დიდი და წარმოიდგინეთ, რომ არის დიდი ნაკადი და ამის წინააღმდეგ მიცურავს ჩვენი საზოგადოება“.

გასულ სამუშაო კვირაში, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის გამოკვლევის შედეგების გარდა, ცნობილი გახდა, ასევე, „ფრიდომ ჰაუსის“ გამოკვლევის შედეგებიც. კვლევამ, სახელწოდებით „სახელმწიფოები გარდამავალ პერიოდში“, აჩვენა, რომ საქართველო „ჰიბრიდულ რეჟიმად“ რჩება და დემოკრატიის განვითარების კუთხით ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის, ბალკანეთისა და ევრაზიის 29 ქვეყანას შორის მე-17 ადგილზეა. საქართველოს დემოკრატიის განვითარების დონეს „ფრიდომ ჰაუსი“ 4,61 ქულით აფასებს. ამდენივე ქულა ჰქონდა ქვეყანას შარშანაც.

„საქართველოს რაც შეეხება, მისი ქულა არ შეცვლილა ამ ანგარიშში ასახულ წელს - 2016 წლის იანვრიდან 31 დეკემბრამდე. ამავე დროს, უნდა ითქვას, რომ 2016 წელი საქართველოში მნიშვნელოვანი მოვლენებით გამოირჩეოდა საპარლამენტო არჩევნებისა და მისი, მართლაც, გასაოცარი შედეგების გამო. „ქართულმა ოცნებამ“ პარლამენტში აბსოლუტური უმრავლესობა მოიპოვა, რასაც მოჰყვება გარკვეული პოლიტიკური შედეგები, რომლებმაც, შესაძლოა, საქართველოს ტრაექტორია შეცვალოს. ინტერესით მოველით, რას აპირებს „ქართული ოცნების“ ეს გიგანტური უმრავლესობა, როგორ აპირებს ქვეყნის მართვას“, უთხრა რადიო თავისუფლებას ნეიტ შენკანმა, დირექტორმა „ფრიდომ ჰაუსის“ პროექტისა „სახელმწიფოები გარდამავალ პერიოდში“.

„ქართული ოცნების“ ეგრეთ წოდებულმა „გიგანტურმა უმრავლესობამ“ კი, საპარლამენტო ოპოზიციასა და სამთავრობო გუნდთან ერთად, გასული კვირის ბოლოს ექვსსაათიან პოლიტიკურ დებატებში მიიღო მონაწილეობა. პოლიტიკური დებატები, თავის მხრივ, საქართველოს პრეზიდენტის ყოველწლიურ ანგარიშს მოჰყვა. გიორგი მარგველაშვილი ამ ანგარიშით პარლამენტის ტრიბუნაზე 7 აპრილს ავიდა და თავის მოხსენებაში დასმული აქცენტებით მმართველი გუნდის ცალსახა უკმაყოფილება და კრიტიკა დაიმსახურა. პრეზიდენტმა, კერძოდ, განაცხადა, რომ „ქართული ოცნება“ საკუთარ თავშია ჩაკეტილი და უარს ამბობს პოლიტიკურ დიალოგზე, რომ მის მიერ გატარებული რეფორმები სასურველი დინამიკითა და ეფექტურობით არ გამოირჩევა და სათანადოდ ვერ უპასუხებს ქვეყნის ისეთ გამოწვევებს, როგორიცაა უმუშევრობა, სიღარიბე, ინფლაცია, სასამართლოს დამოუკიდებლობა და ასე შემდეგ. პრეზიდენტის ყურადღების ცენტრში აღმოჩნდა მოახლოებული ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებიც, რომელშიც მან ახალი, ძლიერი პოლიტიკური აქტორების გამოჩენა ისურვა:

მიღებული კანონით ძალაში დარჩა იგივე სისტემა, რაც ერთი წლის წინ არაკონსტიტუციურად ცნო საკონსტიტუციო სასამართლომ. ანუ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს კვლავაც აქვს პირდაპირი და შეუზღუდავი წვდომა მოქალაქეთა კომუნიკაციაზე...
ლიკა საჯაია

“მივმართავ პოლიტიკურ პარტიებს. ახლოვდება თვითმმართველობის არჩევნები. ჩვენ გვჭირდება რეალური თვითმმართველობა, გვჭირდება საარჩევნო რეფორმა და ამ საკითხებში თქვენს კონსოლიდირებულ ძალისხმევას ვუჭერ მხარს. მაგრამ უმნიშვნელოვანესია ჩვენს საზოგადოებას ახალი არჩევანი ძლიერმა პოლიტიკურმა აქტორებმა შესთავაზონ. ქართული დემოკრატიისთვის სასიცოცხლოდ აუცილებელია ძლიერი პოლიტიკური მოთამაშეების ჩამოყალიბება. მოძებნეთ გამაერთიანებელი იდეები, იპოვეთ ერთმანეთთან მისასვლელი გზები და მრავალჯერ იმედგაცრუებულ ამომრჩეველს შესთავაზეთ ძლიერი არჩევანი“.

ამ ანგარიშის ბოლოს პრეზიდენტმა განაცხადა, რომ გადაწყვიტა ეგრეთ წოდებული მოსმენების კანონთან დაკავშირებით მხარი დაუჭიროს მოქალაქეების სარჩელს და საკონსტიტუციო სასამართლოს მეგობრის სტატუსით მიმართოს. საზოგადოებრივი კამპანია „ეს შენ გეხებას“ ფარგლებში გასულ სამუშაო კვირაში ინდივიდუალური სარჩელების ერთი ნაწილი სასამართლოში უკვე შევიდა. კამპანიის წარმომადგენელი არასამთავრობო ორგანიზაციები მიიჩნევენ, რომ სასამართლოში ეგრეთ წოდებული მოსმენების ვეტოდაძლეული კანონი რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა უნდა გაასაჩივროს. სარჩელების ელექტრონული ფორმა რამდენიმე ასეულმა მოქალაქემ შეავსო. „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ საპარლამენტო მდივანი, ლიკა საჯაია, ამბობს:

„მიღებული კანონით ძალაში დარჩა იგივე სისტემა, რაც ერთი წლის წინ არაკონსტიტუციურად ცნო საკონსტიტუციო სასამართლომ. ანუ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს კვლავაც აქვს პირდაპირი და შეუზღუდავი წვდომა მოქალაქეთა კომუნიკაციაზე... ამიტომ, ჩვენ კვლავ მივმართავთ საკონსტიტუციო სასამართლოს, რათა მან კიდევ ერთხელ თქვას, რამდენად შესაბამისობაშია არსებული სისტემა საქართველოს კონსტიტუციით აღიარებული ადამიანის პირადი ცხოვრების დაცვის უფლებასთან. იმედი გვაქვს, რომ ეს საქმე მალე გადაწყდება... ამ შემთხვევაში ძალიან კარგია, თუკი საკონსტიტუციო სასამართლოს სარჩელით მიმართავს რაც შეიძლება მეტი პირი, რაც შეიძლება მეტი ორგანიზაცია, რაც შეიძლება მეტი კონსტიტუციური ორგანო - პრეზიდენტი და სახალხო დამცველი. ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, ნებისმიერი პოლიტიკური პარტიის მონაწილეობაც უნდა შეფასდეს დადებითად“.

ლიკა საჯაია ამბობს, რომ მოქალაქეების ინდივიდუალურ სარჩელებს „ეს შენ გეხება“ საკონსტიტუციო სასამართლოში მომავალ კვირაში გაგზავნის. გასულ კვირაში კი ცნობილი გახდა, რომ პრეზიდენტის გარდა, საკონსტიტუციო სასამართლოს სახალხო დამცველიც მიმართავს. კამპანიაში ჩართულია ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების ნაწილიც.

ევროპოლის დირექტორი რობ უენრაითი და შს მინისტრი გიორგი მღებრიშვილი (მარჯვნივ). შეთანხმების გაფორმება

გასულ სამუშაო კვირაში საზოგადოებამ ასევე შეიტყო, რომ უახლოეს მომავალში საქართველოს შესაძლებლობა ექნება უსაფრთხო კომუნიკაციის არხის საშუალებით „ევროპოლსა“ და ევროკავშირის წევრი ქვეყნების სამართალდამცავ ორგანოებთან გაცვალოს დანაშაულთან დაკავშირებული ინფორმაცია და პერსონალური მონაცემები. შეთანხმება 4 აპრილს გაფორმდა. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი მღებრიშვილის, თანახმად, ამ შეთანხმებით, საქართველო „ევროპოლის“ სტრატეგიული და ოპერატიული პარტნიორი გახდა, პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი კი ამბობს, რომ შეთანხმება ერთი-ორად ზრდის საქართველოს პასუხისმგებლობას ევროკავშირთან თანამშრომლობის პროცესში:

„ამ შეთანხმების ძალაში შესვლით საქართველო თანდათან ხდება ევროპული წესრიგის განუყოფელი ნაწილი, ევროპული ოჯახის განუყოფელი ნაწილი სამართალდაცვით სფეროში. შესაბამისად, ჩვენ გვექნება უსაფრთხოების სრულიად სხვა შესაძლებლობები. გვექნება ყველა საშუალება იმისათვის, რომ ერთობლივი ბრძოლა ტრანსნაციონალური დანაშაულის წინააღმდეგ იყოს კიდევ უფრო ეფექტიანი. ჩვენ გვექნება ყველა პირობა საიმისოდ, რომ კიდევ უფრო გავაღრმაოთ ურთიერთობა ევროპის სამართალდამცავ უწყებებთან“.

საქართველოსა და „ევროპოლს“ შორის ოპერატიული და სტრატეგიული თანამშრომლობის შესახებ შეთანხმება ძალაში საქართველოს პარლამენტის მიერ რატიფიცირების შემდეგ შევა.