Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პრეზიდენტი პარლამენტში


საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი

საქართველოს პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი, 7 აპრილს პარლამენტში ყოველწლიური ანგარიშით წარდგა. ანგარიშში მან ქვეყნის განვითარების ისეთ მიმართულებებზე ისაუბრა, როგორიცაა: საშინაო და საგარეო პოლიტიკის მიღწევები და გამოწვევები, ეკონომიკა და სოციალური საკითხები, სასამართლო, ადამიანის უფლებები და სხვა. პრეზიდენტის გამოსვლას ქუთაისის პარლამენტის სხდომათა დარბაზში მთავრობის, საზოგადოებრივი ორგანიზაციებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. მოხსენების დასრულების შემდეგ ხანგრძლივი საპარლამენტო დებატები გაიმართა.

პრეზიდენტი პარლამენტში
please wait

No media source currently available

0:00 0:11:40 0:00
გადმოწერა

საქართველოს პრეზიდენტმა თავისი ყოველწლიური მიმართვა პარლამენტში საკანონმდებლო ორგანოში მმართველი პოლიტიკური ძალის საკონსტიტუციო უმრავლესობაში ყოფნით გამოწვეული ძალაუფლების კონცენტრაციის ხაზგასმით დაიწყო და აღნიშნა, რომ არჩევნებიდან ხუთი თვის თავზე „ქართული ოცნება“ საკუთარ თავშია ჩაკეტილი, უარს ამბობს დიალოგზე და ვერც რეფორმების დინამიკით გამოირჩევა. შესაბამისად, პირველი რეკომენდაცია, რომლითაც გიორგი მარგველაშვილმა მმართველ პოლიტიკურ ძალას მიმართა, მოკავშირეების ძებნა, ინსტიტუციური თანამშრომლობა, დიალოგი და ქვეყნისა და საზოგადოების გამთლიანებისათვის ზრუნვაა. რაც შეეხება კონკრეტულ საკითხებს, მოხსენებაში ხაზგასმით იყო გამოყოფილი მოქალაქეთა წინაშე არსებული ისეთი პრობლემები, როგორიცაა: სამუშაო ადგილები, სიღარიბე, მწირი პენსიები, ლარის არასტაბილურობა, ინფლაცია და ასე შემდეგ. საქართველოს პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ ქვეყნის ხელისუფლებამ ბიზნესთან კონსულტაციები თავის ვალდებულებად უნდა აქციოს და ეკონომიკური რეფორმებიც მასთან თანამშრომლობით შეიმუშაოს. ეკონომიკურ-სოციალური პრობლემების მოგვარებას, თავის მხრივ, პრეზიდენტი ევროპული ინტეგრაციის პროცესთან ბმაში განიხილავს და ჩამოთვლის რა ქვეყნის მიერ ევროინტეგრაციის მიმართულებით გადადგმულ უმნიშვნელოვანეს ნაბიჯებს, ამბობს, რომ ქვეყანა მიღწეულით არ უნდა დაკმაყოფილდეს:

“უნდა დავიწყოთ აქტიური მუშაობა ევროკავშირის აპლიკანტ სახელმწიფოდ ჩამოსაყალიბებლად. ამისათვის საჭიროა დემოკრატიის გაძლიერება, ინსტიტუტების მდგრადობა, ადამიანის უფლებების დაცვა, კანონის უზენაესობა, ეკონომიკის განვითარება და რეალურად მოქმედი ევროპული სამართლებრივი სისტემის შექმნა. საგარეო-პოლიტიკურ ამოცანად რჩება ევროპა-აზიის სატრანსპორტო დერეფნის გაფართოება და ამ მიმართულებით ახალ პროექტებში მეტი სახელმწიფოს ჩართვა, რაც საქართველოს უსაფრთხოებისა და კეთილდღეობის გარანტიაა. საგარეო პოლიტიკის მიზანია უზრუნველვყოთ მეგობარ ქვეყანათა მეტი ჩართულობა საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესებში და მაქსიმალურად გამოვიყენოთ ბალტიის, სკანდინავიის, ვიშეგრადის ჯგუფისა და მეგობარ ქვეყნებთან თანამშრომლობის სხვადასხვა ფორმატები“.

აქვე საქართველოს პრეზიდენტმა საგანგებოდ აღნიშნა თეთრი სახლის ახალი ადმინისტრაციის პირობებში ქართული პრობლემატიკის მეტად წარმოჩენისა და „ვაშინგტონის რადარებზე მისი აქტიურად დაფიქსირების“ აუცილებლობა. ამ მხრივ კი, გიორგი მარგველაშვილმა გამოყო რუსეთის ფედერაციის მიერ ბოლო დროს გადადგმული ნაბიჯები საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების ფაქტობრივი ანექსიის მიმართულებით და გამოვიდა ინიციატივით, მეგობარი სახელმწიფოების ჩართულობით შეიქმნას საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების ანტიანექსიური პოლიტიკა. აქვე მან ხაზი გაუსვა სახელმწიფო ინსტიტუტების გაერთიანების მნიშვნელობას ქვეყნის უსაფრთხოების ერთიანი ხედვის ჩამოსაყალიბებლად - პრეზიდენტი ფიქრობს, რომ უნდა განახლდეს საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების კონცეფცია, შემუშავდეს სტრატეგია და დაიხვეწოს ეროვნული უსაფრთხოების სისტემა. გიორგი მარგველაშვილმა ილაპარაკა ასევე ნატო-საქართველოს ურთიერთობის მომავალზე, საქართველოს ნატოში გაწევრიანების პერსპექტივასა და შავი ზღვის უსაფრთხოების დიალოგში ჩართულობის მნიშვნელობაზე. პრეზიდენტმა მიმართა სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნების ელჩებს, იყვნენ საქართველოს ხმა ნატოს მომავალ სამიტზე ბრიუსელში, სადაც საქართველო წარმოდგენილი არ იქნება.

რაც შეეხება შიდა დემოკრატიას, საქართველოს პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ სასამართლო სისტემაში კრიზისია, მაგრამ კრიზისის დაძლევის ინტერესებს არ ამჟღავნებს თავად მოსამართლეთა კორპუსი, რომელიც საჭირბოროტო საკითხებზე მსჯელობას დუმილით ხვდება. შესაბამისად, გიორგი მარგველაშვილი კიდევ ერთხელ გამოვიდა ინიციატივით, რომ სასამართლოს კრიზისის ზუსტი მიზეზების დასადგენად ქვეყანამ ავტორიტეტული ევროპელი ექსპერტების მისია მოიწვიოს. აქვე მან ხელისუფლებას მოუწოდა პრევენციის მიზნით მეტი გულისყურით მოეკიდოს და რეაგირება მოახდინოს სამართალდამცავების მხრიდან ძალის გადამეტების, უკანონო პატიმრობის, რეპრესიული ნარკოპოლიტიკის, ხანდაზმულების, ბავშვებისა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დარღვევის თუნდაც ერთეულ შემთხვევებზე. რაც შეეხება პოლიტიკას, პრეზიდენტის ყურადღების ცენტრში აღმოჩნდა მოახლოებული ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, რომელშიც მან ახალი, ძლიერი პოლიტიკური აქტორების გამოჩენა ისურვა:

“მოძებნეთ გამაერთიანებელი იდეები, იპოვეთ ერთმანეთთან მისასვლელი გზები და მრავალჯერ იმედგაცრუებულ ამომრჩეველს ძლიერი, სანდო არჩევანი შესთავაზეთ“, განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა, რომელმაც თავისი ყოველწლიური გამოსვლა საქართველოს პარლამენტში დაასრულა განცხადებით, რომ გადაწყვიტა მოსმენების კანონთან დაკავშირებით მხარი დაუჭროს მოქალაქეების სარჩელს და საკონსტიტუციო სასამართლოს მეგობრის სტატუსით მიმართოს.

პრეზიდენტის ყოველწლიური გამოსვლა საქართველოს პარლამენტში დაახლოებით ნახევარ საათს გაგრძელდა და, მიუხედავად იმისა, რომ მასში პრეზიდენტმა მთავრობის საქმიანობა პოზიტიურ კონტექსტშიც არაერთხელ ახსენა, უმრავლესობის დეპუტატების ცალსახა კრიტიკა დაიმსახურა. მცდარი, ცალმხრივი, ზედაპირული, არაობიექტური, რეალობას აცდენილი - ესაა იმ ეპითეტების ნაწილობრივი ჩამონათვალი, რომლითაც პრეზიდენტის გამოსვლა შეაფასეს მთავრობის წარმომადგენლებმა და საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატებმა:

“არა ნეიტრალური და ობიექტური, არამედ როგორც მხარე, ისე წარმოჩნდა პრეზიდენტი, რაც ძალიან სამწუხაროა. როდესაც საპარლამენტო უმრავლესობას უწოდებ საკუთარ თავში ჩაკეტილს, დიალოგის არმოსურნეს და ვითარებას აფასებ, როგორც საფრთხის შემცველს, ეს მაფიქრებინებს, რომ, სამწუხაროდ, მისი აქცენტები იყო აცდენილი რეალობას“, განცხადა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ეკა ბესელიამ.

ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ნიკა მელიამ კი ქვეყანაში არსებული რეალობის დამახინჯებაში თავად პარლამენტის უმრავლესობა დაადანაშაულა:

“ჩემო მეგობრებო, ნუ მიეცემით თვითკმაყოფილებას. კიდევ ერთხელ - და არ დავიზარებ, რამდენჯერაც ამ ტრიბუნაზე ამოვალ, იმდენჯერ -შეგახსენებთ: არ ასახავს რეალობას ის სურათი, რომელიც არის ამ პარლამენტში, არ ასახავს არც სახელისუფლებო გუნდის ჭრილში და არც ოპოზიციის გუნდის ჭრილში. თქვენი რაოდენობა არ ასახავს იმ ადამიანების განწყობას, აბსოლუტურად აცდენილები ხართ და ძალიან თხელ ყინულზე დადიხართ. მოულოდნელად შეიძლება ეს ყინული ჩაგიტყდეთ“.

თავის მხრივ, „ქართული ოცნების“ მიერ მიღებულ მძიმე მემკვიდრეობაზე გაამახვილა ყურადღება დეპუტატმა ბექა ნაცვლიშვილმა, რომლის თანახმადაც, პრეზიდენტის გამოსვლა ქვეყნის განვითარების მთავარ დისკურსს აცდენილი იყო და, განვითარების ნაცვლად, დემოკრატიზაციაზე იყო ორიენტირებული:

“კი, მართალია, დიდია სოციალური უთანასწორობა ქვეყანაში, მაგრამ განვითარების გარეშე ამ სოციალური უთანასწორობის აღმოფხვრა წარმოუდგენელია. ჩვენ ძალიან რთული მემკვიდრეობა გვერგო. ჩვენ გვერგო ნეოლიბერალური საზოგადოებრივი წესრიგი, სადაც სახელმწიფოს აბსოლუტურად პასუხისმგებლობა ჰქონდა მოხსნილი როგორც ეკონომიკის სტიმულირებაზე, ისე ადამიანების ყოფით ცხოვრებაზე, მათ განათლებაზე, მათ ჯანმრთელობაზე“.

ფრაქცია „ევროპული საქართველოს“ წევრმა გიორგი კანდელაკმა თავის გამოსვლაში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის მიმართულებით მთავრობის სტრატეგიაზე გაამახვილა ყურადღება:

“ბიძინა ივანიშვილის დავალებით, საქართველოს მთავრობამ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხი უმაღლეს დონეზე, უმაღლესი საერთაშორისო პოლიტიკის დონიდან ფაქტიურად მოხსნა. მე არ ვამბობ, რომ ამ საკითხის აქტუალიზაცია თავისთავად გარანტიაა, რომ ტერიტორიული მთლიანობა აღდგება მყისიერად, მაგრამ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის აქტუალიზაცია არის გარანტია იმისა, რომ როგორც კი მოვა ამის ისტორიული შესაძლებლობა, ჩვენი საკითხი, დევნილთა დაბრუნების საკითხი და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხი იქნება დასავლეთ-რუსეთის ორმხრივი პოლიტიკური დღის წესრიგის ნაწილი“.

დებატებში მონაწილე დეპუტატების, მათ შორის, დეპუტატ გიორგი კანდელაკის გამოსვლისთვის საქართველოს მთავრობის წევრებს აღარ მოუსმენიათ. პრეზიდენტის მოხსენების დასრულების შემდეგ მათ პრემიერ-მინისტრთან ერთად სხდომათა დარბაზი დატოვეს. დებატები კი, რომელიც მმართველმა ძალამ ძირითადად თავისი მიღწევების წარმოსაჩენად, ოპოზიციამ კი მთავრობის საქმიანობის კრიტიკისთვის გამოიყენა, პარლამენტში ექვს საათს გაგრძელდა.

XS
SM
MD
LG