გასული კვირა პოლტიკურად ნაკლებად აქტიური იყო, თუმცა რამდენიმე მკვეთრი პოლიტიკური განცხადებით გამოირჩა. პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ პრეზიდენტ მარგველაშვილს გადადგომა ურჩია. გასულ კვირასვე აირჩიეს საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორი და ამ არჩევანს ბევრი აკრიტიკებს იმის გამო, რომ არჩეული პოლიტიკურად ანგაჟირებულად მიაჩნიათ.
Your browser doesn’t support HTML5
გასული კვირის დასაწყისში ისევ წინ წამოიწია პრეზიდენტის დანიშვნა-არჩევის საკითხმა. 3 იანვარს პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი გამოვიდა წინადადებით, 2017 წლის მაისში ან ივნისში პრეზიდენტი გადადგეს, თუკი საკონსტიტუციო კომისია მიიღებს გადაწყვეტილებას პრეზიდენტი პარლამენტმა დანიშნოს. ამით, როგორც უსუფაშვილი ამბობს, პრეზიდენტს გაუჩნდება შანსი, ვადამდელ არჩევნებზე გაიმარჯვოს და შეცვლილი კონსტიტუციის პირობებშიც კი მმართველობის ვადა 2022 წლამდე გაიგრძელოს.
პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ამაზე კომენტარი არ გააკეთა. საკონსტიტუციო კომისიის წევრები კი ამბობენ, რომ პრეზიდენტის არჩევის საკითხზე ჯერ მსჯელობა არ ყოფილა, თუმცა მოსალოდნელია შემდეგ შეხვედრებზე თემამ წინ წამოიწიოს.
„მე, როგორც საკონსტიტუციო კომისიის წევრი, თუ კონსტიტუციის ამ მოდელში არაფერი შეიცვალა, არ ვემხრობი პრეზიდენტის ირიბი წესით [პარლამენტის მიერ] არჩევას“, ამბობს საკონსტიტუციო კომისიის წევრი ვახუშტი მენაბდე.
4 იანვარს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ საქართველოში ტურიზმის სტატისტიკა გამოაქვეყნა. ამ მონაცემებით, 2016 წელს საქართველოში 6 მილიონზე მეტი მოგზაური შემოვიდა, ანუ ის ხალხი, ვინც ქვეყანაში 24 საათზე მეტი დაყო. შესაბამისად, გაიზარდა ტურიზმიდან შემოსავლებიც. როგორც ტურიზმის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გიორგი ჩოგოვაძემ თქვა, შემოსავალმა 2 მილიარდ აშშ დოლარს გადააჭარბა:
„შემომსვლელთა ნაკადი მატულობს როგორც ტრადიციული ბაზრებიდან, სადაც ჩვენ აქტიურ მარკეტინგულ და საინფორმაციო კამპანიებს ვაწარმოებთ, ასევე იმ ახალი ბაზრებიდან, რომლებიც ჩვენ სულ ცოტა ხნის წინ აღმოვაჩინეთ. მათ შორის არის სპარსეთის ყურის ქვეყნები, ინდოეთი და ირანი, რომელიც ხელახლა შემოუერთდა ჩვენს ქვეყანას, ტურისტული ნაკადების თვალსაზრისით“.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, 2016-ში შემოსული სტუმრების რაოდენობით ლიდერობს 5 ქვეყანა: აზერბაიჯანი, სომხეთი, თურქეთი, რუსეთი და უკრაინა.
რაც შეეხება შემოსავალს, როგორც ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის წარმომადგენელი მერაბ ჯანიაშვილი ამბობს, ეს ფული ადეკვატურად ვერ დაეტყობა საქართველოს ეკონომიკას, რადგან საქართველოს ადგილობრივი წარმოება თითქმის არა აქვს და საბოლოოდ გამოდის, რომ უცხოელი ტურისტები, რომლებიც საქართველოში ჩამოდიან, დიდწილად სხვა ქვეყნების ეკონომიკას აფინანსებენ.
გასულ კვირაში წინ წამოიწია კომუნალური გადასახადების თემამ. როგორც ენერგოომბუდსმენმა სალომე ვარდიაშვილმა 5 იანვარს განაცხადა, მოსახლეობას დეკემბერში გაზის საკმაოდ დიდი გადასახადის გადახდა მოუხდა, მიუხედავად იმისა, რომ ტარიფი არ გაძვირებულა:
„შპს "ყაზტრანსგაზ-თბილისის“ ადმინისტრაციამ მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივ დამცველს დაუდასტურა, რომ დეკემბრის თვეში ტექნიკური პრობლემები არ ჰქონია. შესაბამისად, სისტემურ ხარვეზებს ადგილი არა აქვს. აგრეთვე, გამორიცხულია ნებისმიერი შეცდომა აღრიცხვიანობის თვალსაზრისით. კომპანია გაზრდილ გადასახადს უკავშირებს ცივი სეზონის პიკს და, წინა წლებთან შედარებით, გაცილებით დაბალ ტემპერატურასა და ყინვებს“.
როგორც „ყაზტრანსგაზ-თბილისის“ დირექტორმა ფინანსურ და მარკეტინგის საკითხებში ნინო თურმანიძემ თქვა, 2016 წლის დეკემბერში ტემპერატურა მკვეთრად დავარდა, ამიტომაც მოსახლეობამ მეტი გაზი მოიხმარა და, შესაბამისად, მოუხდა მეტის გადახდა.
თუმცა, გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დეკემბერში ტემპერატურის განსაკუთრებული ვარდნა არ ყოფილა. ენერგეტიკის ეროვნული მარეგულირებელი კომისიის თავმჯდომარე გურამ ჩაგაშვილი შექმნილ პრობლემას მოწოდებული აირის დაბალ თბოუნარიანობას უკავშირებს.
6 იანვარს საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭომ ტელევიზიის დირექტორად ტელეკომპანია GDS-ის გადაცემა „2030-ის“ ყოფილი გენერალური პროდიუსერი ვასილ მაღლაფერიძე აირჩია. ახალმა დირექტორმა თავის პირველ განცხადებაში თქვა, რომ მისი პოლიტიკური წარსული დანაშაული არა არის და ამ თემაზე საუბარი უნდა დასრულდეს.
„რაღაც ცვლილებები, ბუნებრივია, მოხდება, იმიტომ რომ ჩვეულებრივი პროცესია ტელევიზიებიდან ტელევიზიებში გადასვლა. თქვენ ყველა, ალბათ, ჟურნალისტები, რამდენიმე ტელევიზიაში ხართ ნამუშევრები და ეს არის მხოლოდ კარგი, მუდმივი როტაცია, მაგრამ ძირითადი საყრდენი ჩემი იქნება საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომლები“.
მედიაექსპერტებსა და სამეურვეო საბჭოს ზოგიერთ წევრს მიაჩნია, რომ მაღლაფერიძე საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორი არ უნდა იყოს. მედიაექსპერტი ზვიად ქორიძე ამბობს, რომ ის გამოკვეთილი პოლიტიკურად ანგაჟირებული პერსონაა და არ გამორიცხავს, რომ ამის შემდეგ საზოგადოებრივი მაუწყებელი პარტიული ინტერესების გამტარებელი გახდეს:
„ჩვენ შეიძლება მივიღოთ არა მართლა საზოგადოებრივი მაუწყებელი, არამედ ერთ-ერთი რიგითი ტელევიზია, რომელიც დადგება უკვე ამ გაერთიანებული კონგლომერატის გვერდით, რომელიც მმართველი პოლიტიკური ძალის ხელდასხმით იქმნება დღეს მედიაბაზარზე“.
კვირის ბოლოს, 6 იანვარს, პატიმრობიდან გაათავისუფლეს თბილისის ყოფილი მერი გიგი უგულავა, თუმც მას პატიმრობის ვადა 2017 წლის 9 იანვარს ეწურებოდა. „პატიმრობის კოდექსის“ მიხედვით, პირი პატიმრობის ვადის ამოწურვის წინადღეს უნდა გათავისუფლდეს, მაგრამ თუ ეს უქმე დღეს დაემთხვა, უნდა გათავისუფლდეს კიდევ უფრო ადრე, სამუშაო დღეს. ამიტომაც მოუწია გათავისუფლება 6 იანვარს.
როგორც 7 იანვარს ჟურნალისტებთან თქვა, გიგი უგულავას განზრახული აქვს პოლიტიკაში დაბრუნდეს და ქვეყანა „სტაგნაციის მდგომარეობიდან გამოიყვანოს“. ის აპირებს ჩაერთოს „ნაციონალურ მოძრაობაში“ არსებული განხეთქილების მოგვარებაში და ყოფილ პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილსაც შეხვდეს.