გასული კვირის მნიშვნელოვანი მოვლენებიდან გამორჩეული იყო ტელეკომპანია „რუსთავი ორის“ გარშემო მიმდინარე სასამართლო დავა, რომელსაც თბილისის საქალაქო სასამართლო განიხილავს. ტელეკომპანიის ყოფილმა მფლობელმა ქიბარ ხილვაშმა „რუსთავი 2“-ის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი 2015 წლის 4 აგვისტოს შეიტანა. ბიზნესმენი "რუსთავი 2"-ისგან მოითხოვს 500 000 დოლარის კომპენსაციას, ასევე ამჟამინდელი მეწილეების, პარტნიორების საკუთრების გაუქმებას და მესაკუთრეებად ქიბარ ხალვაშის 60 %-იანი და შპს "პანორამის" 40 %-იანი წილების ცნობას. გასულ კვირაში სასამართლომ ვერ შეძლო განაჩენის გამოტანა რამდენიმე შუამდგომლობის გამო. პროცესი ორი ნოემბრისთვის გადაიდო, რათა, ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ადვოკატებს, მათივე თქმით, გონივრული ვადა მისცემოდათ ექსპერტ შოთა ივანაშვილის დაკითხვის ჩანაწერის გასაცნობად და დასამუშავებლად. გასულ კვირაში ერთ-ერთმა უკრაინულმა საიტმა გაავრცელა ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის, „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, გიგა ბოკერიასა, და „რუსთავი ორის“ გენერალური მდივნის სატელეფონო საუბრის ჩანაწერები.
მ. სააკაშვილი: „უნდა წახვიდეთ რევოლუციურ სცენარზე, უნდა მოუწოდოთ ხალხს დაცვისკენ... უნდა გამაგრდეთ, უნდა ბარიკადები გააკეთოთ... მოიმარაგოთ წყალი... 2000 კაცს ყოველთვის ვიშოვით, რომ გავამაგროთ იქაურობა და საკმარისია ერთი კვირა გავამაგროთ, რომ ძაან გაუჭირდებათ. იშოვეთ „ბაევიკები“, რომლებიც დაგიცავენ, იმიტომ რომ, საბოლოო ჯამში, ეს სროლით დამთავრდება“.
სატელეფონო საუბრის გასაჯაროების შემდეგ ტელეკომპანია "რუსთავი 2“-მა გაავრცელა განცხადება, რომლის თანახმად ტელეკომპანიის თანამშრომლები კატეგორიულად ემიჯნებიან ნებისმიერი სახის ძალადობრივი სცენარის განვითარებას, ხოლო მათი სარედაქციო პოლიტიკა არ უკავშირდება არც ერთი პოლიტიკური ძალის მიზნებს. ჩანაწერების გამოქვეყნების შემდეგ „რუსთავი ორის“ გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ განაცხადა, რომ ტელეკომპანია არანაირ რევოლუციურ სცენარზე არ ფიქრობს:
„ჩვენ გვაქვს ერთადერთი ინტერესი - თავისუფლად მაუწყებლობა. ჩვენ გვინდა პროცესების იმგვარად გაშუქება, როგორც ამას ჩვენ მივიჩნევთ სამართლიანად, სწორად და საჭიროდ. დღეიდან ჩვენ თვითონ დავიცავთ კომპანიას, მაგრამ ჩვენ ვიხსნით პასუხისმგებლობას ჩვენს დასაცავად მოსული ადამიანების უსაფრთხოებაზე, რადგან არ გვაქვს ამის კომპეტენცია. არ მოვუწოდებთ არავის შევიკრიბოთ და დაიცვათ „რუსთავი 2“, მიუხედავად იმისა, რომ ამას ვაკეთებდით ბოლო დღეების განმავლობაში, თუმცა დღეს მოვლენები სხვაგვარად შეიცვალა და ამ პასუხისმგებლობას ჩვენს თავზე ვეღარ ავიღებთ“.
30 ოქტომბერს საგანგებო ბრიფინგი გამართა საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილემ ლევან იზორიამ, რომლის თქმით,უსაფრთხოების სამსახურმა აუდიოჩანაწერებთან დაკავშირებით სამართლებრივი დახმარებისთვის უკვე მიმართა უკრაინის შესაბამის სამსახურებს. იზორიას თქმით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და მედიასაშუალებებში გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე, 24 ოქტომბერს უკვე დაიწყო გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 315-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ითვალისწინებს შეთქმულებას სახელმწიფო ხელისუფლების დასამხობად ან ხელში ჩასაგდებად. ამ საქმესთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა:
„მოგიწოდებთ ყველას შევინარჩუნოთ სიმშვიდე. ჩვენ უნდა შევეცადოთ დავდგეთ ამ ყველაფერზე მაღლა და, მიუხედავად განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებებისა, არ დავუშვათ არანაირი არეულობა. მე პირობას გაძლევთ, რომ ჩვენი სამართალდამცავები გამოიძიებენ ამ საქმეს ბოლომდე, აღკვეთენ და გაანეიტრალებენ ნებისმიერ შესაძლო პროვოკაციას. ასევე მოგიწოდებთ ყველას, რომ მისცეთ სასამართლოს და მოსამართლეს შესაძლებლობა, რომ მიიღონ დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი გადაწყვეტილება ნებისმიერ საკითხზე. მე ასევე მივმართავ ჟურნალისტებს და ყველას: კარგად დაფიქრდით, არავინ გამოგიყენოთ თავიანთი პოლიტიკური მიზნების განსახორციელებლად და არ აღმოჩნდეთ პროვოკაციის თანამონაწილენი“.
გასულ კვირაში, ჩანაწერების გამოქვეყნების შემდეგ, უსაფრთხოების სამსახურმა რამდენჯერმე დაკითხა გიგა ბოკერია, რომელმაც მორიგი შვიდსაათიანი დაკითხვის შემდეგ განაცხადა, რომ იგივე გაუმეორა გამომძიებლებს, რაც საზოგადოებისათვის ისედაც იყო ცნობილი.
„ჩვენი ამოცანაა, არ მივცეთ ივანიშვილს იმის საშუალება, რომ ქვეყანა კონსტიტუციის ფარგლებს გარეთ გაიყვანოს. ჩვენი ამოცანაა, რომ ის დავამარცხოთ 2016 წლის არჩევნებში, მაგრამ ჩვენ არ მივცემთ მას საშუალებას ძალადობის გზით ჩაახშოს საზოგადოებაში ის ინსტიტუტები, რომლებიც იცავენ ჩვენს თავისუფლებას. ამ ვითარებაში ასეთი ინსტიტუტი, პირველ რიგში, არის „რუსთავი ორი“, - განაცხადა დაკითხვიდან გამოსულმა გიგა ბოკერიამ.
გასულ კვირაში საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილისთვის მოქალაქეობის შეწყვეტის პროცედურები დაიწყო, რის შესახებაც ეცნობება თავად მიხეილ სააკაშვილს, რომელსაც საკუთარი პოზიციის ჩამოსაყალიბებლად გონივრული ვადა მიეცემა. როგორც იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი განმარტავს, როცა ვრცელდება ინფორმაცია ამა თუ იმ პირის მიერ სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მიღების შესახებ, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მოქალაქეობისა და მიგრაციის სამსახური ვალდებულია დაიწყოს საქმის წარმოება და მოამზადოს დასკვნა, რომელიც საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად საქართველოს პრეზიდენტს გადაეგზავნება:
“2015 წლის 30 მაისს გავრცელდა ინფორმაცია ქართულ მედიაში, რომ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა მიიღო უკრაინის მოქალაქეობა. ასევე უკრაინის პრეზიდენტის ვებგვერდზე გამოქვეყნდა ბრძანებულება, რომლის თანახმადაც, ყოფილ პრეზიდენტს საქართველოსი მიენიჭა უკრაინის მოქალაქეობა. თუმცა მოგვიანებით საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა გააკეთა განსხვავებული განცხადება და თქვა: „ გავაფორმე ყველა საბუთი, რომლებიც აუცილებელია უკრაინის მოქალაქეობის მისაღებად, მაგრამ პროცესი დროში ჭიანურდება“. ამ განცხადებამ გააჩინა ეჭვი იმასთან დაკავშირებით, იყო თუ არა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტისთვის უკრაინის მოქალაქეობის მინიჭების შესახებ გადაწყვეტილება რეალური“.
თეა წულუკიანის თქმით, საქართველოში მიხეილ სააკაშვილისთვის საქართველოს მოქალაქეობის შესაწყვეტად პროცედურის დაწყებით არ უნდა დარღვეულიყო საქართველოს კონსტიტუცია, კანონები და საქართველოს საერთაშორისო ვალდებულებები და საქართველოს მოქალაქე არ უნდა დარჩენილიყო საერთოდ მოქალაქეობის გარეშე. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ პასუხი უკრაინიდან მიიღო 22 ოქტომბრით დათარიღებული ნოტით, რომ მიხეილ სააკაშვილი, უკრაინის პრეზიდენტის ბრძანებულებით, უკრაინის მოქალაქედ 2015 წლის 29 მაისს იქნა მიღებული. სწორედ ამ ნოტის საფუძველზე დაიწყო იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ მიხეილ სააკაშვილისთვის საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტის საქმის წარმოება.
გასულ კვირაში, ნატოს კვირეულის ფარგლებში, თბილისმა უმასპინძლა სამხრეთ კავკასიის უსაფრთხოების მე-3 ფორუმსა და საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენციას, რომლის მონაწილეებმა საქართველოს ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანების პერსპექტივებზე იმსჯელეს. დისკუსიას, სახელწოდებით „ევროატლანტიკური უსაფრთხოება: საქართველო – ნატოს ერთგული ასპირანტი აღმოსავლეთით“, საქართველოს ატლანტიკური საბჭოს წევრი, თავდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე მიხეილ დარჩიაშვილი უძღვებოდა:
„დღევანდელი განხილვა იყო ძალზედ საინტერესო, გამოითქვა ძალიან ბევრი მოსაზრება, თუ რამდენად მზად არის საქართველო იმისათვის, რომ აიღოს ყველა ის ვალდებულება, რაც ალიანსს გააჩნია. ფაქტიურად, საერთო აზრი აღნიშნულთან დაკავშირებით იყო ის, რომ საქართველოს აქვს ძალიან მნიშვნელოვანი ინსტრუმენტები, რაც ქვეყანას დააახლოებს ალიანსთან და მიიყვანს საბოლოოდ წევრობამდე. ასევე მნიშვნელოვნად აღინიშნა საქართველოს წვლილი, რომელიც ჩვენ უკვე წლების მანძილზე შეგვაქვს გლობალური უსაფრთხოების უზრუნველყოფის საქმეში. ახლა უკვე ჯერი ალიანსის წევრებზეა და მათ უნდა მიიღონ უშუალო გადაწყვეტილება იმ პროგრესიდან გამომდინარე, რასაც საქართველო წლების მანძილზე ასრულებს ალიანსში გაწევრიანების კუთხით“.
გასულ კვირაში მილანში ერთმანეთს შეხვდნენ საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი, ვიცე-პრემიერი კახა კალაძე და რუსეთის სახელმწიფო კომპანია „გაზპრომის“ ხელმძღვანელი ალექსეი მილერი, რომლებმაც „საქართველოს ტერიტორიის გავლით რუსული გაზის ტრანზიტისა და (საქართველოსთვის რუსეთის გაზის) კომერციული მიწოდების“ საკითხები განიხილეს. გასულ კვირაშივე გაირკვა, რომ რუსეთის ვეტერინარული და ფიტოსანიტარიული ზედამხედველობის სამსახურის ხელმძღვანელი სერგეი დანვერტი და საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის მრჩეველი ზურაბ ჩეკურაშვილი შეთანხმდნენ რუსეთის ბაზარზე 2-3 ათასი ტონა მწვანე კულტურის შეტანის თაობაზე. სურსათის ეროვნული სააგენტოს ფიტოსანიტარიის დეპარტამენტის უფროსის ზურაბ ლიპარტიას თქმით, პირველ ეტაპზე საექსპორტო მწვანილი ძირითადად წყალტუბოში არსებული სასათბურე მეურნეობებიდან შეგროვდება:
„ყოველი პარტია, რომელიც წავა საქართველოდან, არის სურსათის ეროვნული სააგენტოს გარანტიის ქვეშ. ანუ, ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ მიერ გაცემული დოკუმენტი, ფიტოსანიტარიული სერტიფიკატი, ადასტურებს, რომ ტვირთი არის კეთილსაიმედო, ამ შემთხვევაში, რუსეთის ფედერაციისათვის“.
გასული კვირის მიწურულს საქართველოს პარლამენტის შუალედური არჩევნები გაიმართა მარტვილსა და საგარეჯოში, სადაც საინიციატივო ჯგუფების მიერ წარდგენილ კანდიდატებთან ერთად კენჭი იყარეს „პატრიოტთა ალიანსისა“ და „ქართული ოცნების“ მიერ წამოყენებულმა კანდიდატებმა. დაძაბულ ვითარებაში ჩაიარა არჩევნების დღემ საგარეჯოში, სადაც ერთმანეთს „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერი ირმა ინაშვილი და „ქართული ოცნების“ კანდიდატი თამარ ხიდაშელი დაუპირისპირდნენ. გიორგიწმნიდის უბანზე საქმე მომხრეების ფიზიკურ დაპირისპირებამდეც კი მივიდა.
გასულ კვირაში თბილისის საქალაქო სასამართლომ დამნაშავედ ცნო 2006 წლის 2 მაისს სანაპიროზე ჩატარებული სპეცოპერაციის ორგანიზატორები. ღონისძიების უშუალო ხელმძღვანელსა და კრიმინალური პოლიციის უფროსის ყოფილ მოადგილეს ირაკლი ფირცხალავას, განზრახ მკვლელობის ბრალდებით, 12 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. განზრახ მკვლელობისთვის 12-წლიანი სასჯელი განესაზღვრა კრიმინალური პოლიციის კიდევ ერთ ყოფილ მაღალჩინოსანს, გიორგი ცააძეს. სასამართლომ დამნაშავედ ცნო სპეცრაზმის ყოფილი ხელმძღვანელი კახა ნაკანი და სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებისთვის 6-წლიანი პატიმრობა შეუფარდა.