დღეს თბილისის საკრებულომ რიგგარეშე სხდომაზე განიხილა და დაამტკიცა დედაქალაქში 13-14 ივნისის სტიქიის შედეგად დაზარალებულთა ზიანის კომპენსაციის წესი, რომლის ამოქმედებასაც, პირველ რიგში, დაზარალებული 161 ოჯახი, შემდგომ კი ყველა დაინტერესებული ადამიანი ელის.
რას გეგმავს დედაქალაქის მთავრობა თბილისში 13-14 ივნისის სტიქიისგან დაზარალებულთა დასახმარებლად და როდის აუნაზღაურდებათ ზარალი მათ, ვინც რამდენიმე საათში დაკარგა მთელი ქონება - ამ თემაზე დისკუსიები თითქმის მთელი კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა როგორც დაზარალებულთა შორის, ისე ქალაქის მთავრობასა და საკრებულოში. მერიამ ზარალის კომპენსაციის ორი ვარიანტი შეიმუშავა. თბილისის ვიცე-მერის ირაკლი ლექვინაძის განმარტებით, ერთია ზიანის ანაზღაურების სქემა, მეორე კი განსახლება. სტიქიის ზონაში 1 კვ.მ ფართის საბაზრო ღირებულება 1000 დოლარად განისაზღვრა:
“შემიძლია პირდაპირ გადავცე ჩემი ქონება სახელმწიფოს და ეს ფული პირდაპირ მივიღო. ან მეორე ვარიანტი: მაგალითად, ვთქვა, რომ მე ახლა მჭირდება საცხოვრებელი ფართი, ვარ ორსულიანი ოჯახი და მეკუთვნის 45 კვ მეტრი ფართის ოდენობის თანხის მიღება და მივიღო 45 000 დოლარი და ჩემს მფლობელობაში დარჩეს ასევე ჩემი დანგრეული სახლი და მიწა იმ დრომდე, სანამ სახელმწიფო არ მეტყვის, რომ იქ ცხოვრება აღარ შეიძლება და შენ უნდა განსახლდე. სხვაობა რაც არის ამ ჩემს ქონებასა და უკვე მიღებულ თანხას შორის, ეს თანხაც ამინაზღაურდება და ეს მიწა გადაეცემა სახელმწიფოს. თუ მეუბნება სახელმწიფო, რომ სახლი, სადაც შენ ცხოვრობდი, საცხოვრებლად ვარგისია და იქ საფრთხე არ გემუქრება, მრჩება თავისთავად ზიანის ასანაზღაურებლად მიღებული თანხაც და ის მიწაც, რომელიც ჩემს მფლობელობაში იყო. ანუ ძალიან მარტივია: ადამიანს აქვს არჩევანის საშუალება. მთავარია, რომ საბაზრო ღირებულებით ხდება ქონების შეფასება, რომელიც განადგურდა“.
თბილისის ვიცე-მერის ირაკლი ლექვინაძის თანახმად, კომპენსაციის პროცესში პრიორიტეტი მიენიჭება, პირველ რიგში, ოჯახებს, რომელთა საცხოვრებელი სახლები განადგურდა ან დაზიანდა, მაგრამ მათი აღდგენა ნორმალური საცხოვრებელი პირობებით შეუძლებელია.
როგორც კი გამოიტანს გადაწყვეტილებას თანხის გადახდაზე საქართველოს სასარგებლოდ რუსეთის მიერ, აღსრულება დაევალება ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტს და გადაწყვეტილების აღუსრულებულობა, ყველამ ვიცით, რომ არის პოლიტიკური პრობლემა საერთაშორისო ასპარეზზე რუსეთისთვის...თეა წულუკიანი
ზიანის კომპენსაციის საკითხი გასულ კვირაში აქტუალური იყო არა მარტო 2015 წლის 13-14 ივნისის სტიქიის ფაქტზე, არამედ ევროპის ადამიანის უფლებათა კონვენციის დარღვევის გამოც. საქმე ეხება 2006 წელს რუსეთიდან საქართველოს მოქალაქეების დეპორტაციას, რომლის მორალური და მატერიალური ზიანის საკომპენსაციოდ საქართველო რუსეთისგან70 320 000 ევროს გადახდას ითხოვს. 2014 წლის 3 ივლისს ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლომ საქართველოს სასარგებლოდ გამოიტანა ვერდიქტი საქართველოსა და რუსეთს შორის სახელმწიფოთშორის დავაზე და რუსეთს საქართველოსთვის კომპენსაციის გადახდის სამართლებრივი ვალდებულება დააკისრა. მოლაპარაკებების ერთიანი ვადა 2015 წლის 3 ივლისს უშედეგოდ ამოიწურა. კომპენსაციის მოთხოვნის თაობაზე წერილობითი მოსაზრებები საქართველოს მთავრობამ სტრასბურგის სასამართლოში წარადგინა. უცნობია, მოიქცა თუ არა ანალოგიურად რუსეთიც - იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის თანახმად, ჯერი ახლა კვლავ ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოზეა:
“როგორც კი გამოიტანს გადაწყვეტილებას თანხის გადახდაზე საქართველოს სასარგებლოდ რუსეთის მიერ, აღსრულება დაევალება ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტს და გადაწყვეტილების აღუსრულებულობა, ყველამ ვიცით, რომ არის პოლიტიკური პრობლემა საერთაშორისო ასპარეზზე რუსეთისთვის, თუკი ის ამას არ შეასრულებს და, ყველაზე გართულებულ შემთხვევაში, შეიძლება ქვეყნის ევროსაბჭოდან გარიცხვითაც კი დასრულდეს“.
საქართველო-რუსეთს შორის არსებული კონფლიქტური ურთიერთობის განხილვის ღია ასპარეზს კი გასულ კვირაში 1-2 ივლისს ჟენევაში გამართული საერთაშორისო დისკუსიების მორიგი, 32-ე, რაუნდი წარმოადგენდა. მოლაპარაკებების ამ რაუნდზე რუსეთმა ისევ გამოხატა საქართველოს ნატოში ინტეგრაციის საკითხისადმი უარყოფითი დამოკიდებულება. კერძოდ, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს თანახმად, შეშფოთების საგანია ნატო-საქართველოს ერთობლივი წვრთნისა და შეფასების ცენტრი, რომლის გახსნაც უახლოეს მომავალში იგეგმება.
რაც შეეხება უშუალოდ მოლაპარაკებებს, 32-ე რაუნდის შემდეგ გამოქვეყნებულ ერთობლივ განცხადებაში თანათავმჯდომარეები აღნიშნავენ, რომ, მიუხედავად განსხვავებული შეხედულებებისა, მოლაპარაკებების ფარგლებში გაიმართა გულწრფელი და ღია დებატები.
გასული კვირის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მოვლენა იყო საქართველოში თურქმენეთის პრეზიდენტის, გურბანგული ბერდიმუჰამედოვის, სახელმწიფო ვიზიტი, რომლის განმავლობაში განიხილებოდა ორი ქვეყნის პოლიტიკური, სავაჭრო-ეკონომიკური, სატრანზიტო და ენერგეტიკული თანამშრომლობის საკითხები. როგორც საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა, ეს თანამშრომლობა მომგებიანია არა მხოლოდ საქართველოსა და თურქმენეთისთვის, მომგებიანია რეგიონისთვისაც და, უფრო გლობალურად, ევრაზიული რეგიონის მრავალი ქვეყნისთვის. საუბარია ერთობლივ სატრანზიტო და ენერგეტიკულ პროექტებსა და თურქმენეთის ჭარბი ენერგეტიკული რესურსის ტრანზიტის შესაძლებლობაზე ევროპის ბაზრებზე. თავის მხრივ, თურქმენეთის პრეზიდენტმა გურბანგული ბერდიმუჰამედოვმა განაცხადა, რომ სატრანზიტო-სატრანსპორტო დერეფნის საკითხზე თანამშრომლობას დიდი პოტენციალი აქვს:
დავაყენეთ ახალი დაცვა, დავაყენეთ რიგითობის სისტემა, ამჟამად ბილეთების გაყიდვა მიმდინარეობს ამ სისტემით. უკვე გაყიდულია დაახლოებით 1200-მდე ბილეთი. დაახლოებით 70 000 ადამიანი დგას რიგში და გაყიდვები მიმდინარეობს ჩვეულ რეჟიმში. უკვე ერთი 10-15 წუთით როცა დავაპაუზეთ რიგი, იმიტომ რომ დიდი ნაკადი შევიდა სერვერზე...გიორგი ჩხიკვიშვილი
დაგეგმილია შეიქმნას კასპიისა და შავი ზღვის ქვეყნების სამხრეთ კავშირის დერეფანი, რაც ხელს შეუწყობს საქართველოსა და თურქმენეთის ეკონომიკის ზრდას. გარდა ამისა, საქართველოსა და თურქმენეთის მიდგომები საერთაშორისო არენაზე მსგავსია - მათ შორის, მშვიდობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფის კუთხით. ჩვენ ასევე მტკიცე მხარდაჭერა გამოვხატეთ საქართველოს ევროინტეგრაციის მისწრაფებისადმი“.
პრეზიდენტების შეხვედრის შემდეგ ხელი მოეწერა ორ ქვეყანას შორის შეთანხმებას ქართულ-თურქმენული მთავრობათშორისი კომისიის შექმნის შესახებ. გაფორმდა ასევე თანამშრომლობის მემორანდუმები განათლების, მეცნიერების, ხელოვნებისა და სპორტის სფეროებში.
სპორტის, კერძოდ, ფეხბურთის თემა - გასულ კვირაში კი უეფას სუპერთასის ბილეთების გაყიდვის საკითხი - ლამის სკანდალად იქცა. საქმე ეხება ბილეთების ონლაინგაყიდვის პროცესს, რომელიც 30 ივნისს დიდი შეფერხებებით წარიმართა:
„დავაყენეთ ახალი დაცვა, დავაყენეთ რიგითობის სისტემა, ამჟამად ბილეთების გაყიდვა მიმდინარეობს ამ სისტემით. უკვე გაყიდულია დაახლოებით 1200-მდე ბილეთი. დაახლოებით 70 000 ადამიანი დგას რიგში და გაყიდვები მიმდინარეობს ჩვეულ რეჟიმში. უკვე ერთი 10-15 წუთით როცა დავაპაუზეთ რიგი, იმიტომ რომ დიდი ნაკადი შევიდა სერვერზე, მივეცით საშუალება, რომ ეყიდათ ბილეთები და მერე იმის შემდეგ გავუშვით და უკვე ყველაფერი მუშაობს“, გვითხრა biletebi.ge-ს ტექნიკურმა დირექტორმა გიორგი ჩხიკვიშვილმა.
თუმცა ფეხბურთის ბილეთების ონლაინსისტემით გაყიდვის წარუმატებლად დასრულების შემდეგ, უეფასთან შეთანხმებით, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ 11 აგვისტოს მატჩისთვის ქართველი გულშემატკივრისთვის ბილეთების სალაროებში გაყიდვის გადაწყვეტილება მიიღო.
სახალხო დამცველმა 28 წინადადებით მიმართა მთავარ პროკურატურას პოლიციისა და პენიტენციური სისტემის თანამშრომლების მიერ სავარაუდოდ ჩადენილ არასათანადო მოპყრობის ან სახელმწიფოს ეფექტური კონტრილის ქვეშ სიცოცხლის მოსპობის შემთხვევებზე გამოძიების წარმოების მოთხოვნით...უჩა ნანუაშვილი
გასული სამუშაო კვირა მნიშვნელოვანი გამოდგა ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებითაც - კერძოდ, 2 ივლისს საქართველოს პარლამენტის წინაშე წარდგა სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი, 2014 წელს ადამიანის უფლებებისა და თავისუფლების მდგომარეობის ამსახველი 900- გვერდიანი დოკუმენტით. მისი მოხსენება თითქმის საათ-ნახევარს გაგრძელდა.
„სახალხო დამცველმა 28 წინადადებით მიმართა მთავარ პროკურატურას პოლიციისა და პენიტენციური სისტემის თანამშრომლების მიერ სავარაუდოდ ჩადენილ არასათანადო მოპყრობის ან სახელმწიფოს ეფექტური კონტრილის ქვეშ სიცოცხლის მოსპობის შემთხვევებზე გამოძიების წარმოების მოთხოვნით. 21 წინადადება შეეხებოდა სასჯელაღსრულების დაწესებულებებში მომხდარ ფაქტებს, ხოლო 7 წინადადება სამართალდამცავთა მიერ ჩადენილ სავარაუდო არასათანადო მოპყრობის ფაქტების ეფექტიან გამოძიებას. როგორც უკვე აღვნიშნე, სისხლისსამართლებრივი დევნა არც ერთი პირის მიმართ არ არის დაწყებული ამ ფაქტებთან დაკავშირებით“, განაცხადა საპარლამენტო ტრიბუნიდან უჩა ნანუაშვილმა, რომლის მოხსენებამ მოიცვა დარღვევები სასამართლო სისტემაში, პენიტენციარულ დაწესებულებებში, სამართალდამცავ სტრუქტურებში, უმცირესობების უფლებების დაცვის საქმეში და სხვა.
სახალხო დამცველის ანგარიშის განხილვას დეპუტატთა ცხარე გამოსვლები მოჰყვა. თავის მხრივ, ასევე ხანგრძლივი საპარლამენტო განხილვები უძღოდა წინ შინაგან საქმეთა სამინისტროს რეფორმის საკანონმდებლო პაკეტის მეორე მოსმენით მიღებას. პაკეტი შინაგან საქმეთა სამინისტროს გაყოფას და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის 1 აგვისტოდან შექმნას ითვალისწინებს.