15 ნოემბრამდე ქუთაისის მოსახლეობას ქალაქის მერის არჩევა განმეორებით მოუწევს, რადგან მერობის 8 კანდიდატიდან 50 %-იანი ბარიერი ვერც ერთმა ვერ გადალახა. ქუთაისი ერთადერთი თვითმმართველი ქალაქია საქართველოს მასშტაბით, სადაც თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური გაიმართება. საოლქო საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, მეორე ტურში ქალაქის მერობისთვის, სავარაუდოდ, იბრძოლებენ „ქართულო ოცნება–დემოკრატიული საქართველოს“ კანდიდატი გიორგი ჭიღვარია, რომელმაც ხმების საერთო რაოდენობის 49 –%-მდე მოიპოვა და „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი, გრიგოლ ვაშაძე, რომელსაც არჩევნებზე მისული ამომრჩევლის 27 %–მა დაუჭირა მხარი.
Your browser doesn’t support HTML5
როგორც ქუთაისის 59-ე საოლქო საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელი ავთანდილ ოსეფაიშვილი განმარტავს, ქალაქის 124 საარჩევნო უბანზე, სადაც 151 561 ამომრჩეველია რეგისტრირებული, საკუთარი არჩევანი 54 000 –მდე მოქალაქემ გააკეთა, რაც საერთო რაოდენობის 35 %–ია და მაჩვენებელი 5 %–ით აღემატება 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მონაცემებს. ავთანდილ ოსეფაიშვილისავე განცხადებით, ქუთაისის 10 მაჟორიტარულ ოლქში „ქართული ოცნების“ კანდიდატებმა გაიმარჯვეს, პროპორციული წესით კი ბარიერი გადალახა „ქართულმა ოცნებამ“, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და „ევროპულმა საქართველომ“. შესაბამისად, ქალაქის 25 წევრისგან შემდგარ საკრებულოს სამი პარტია დააკომპლექტებს.
საარჩევნო უბანზე კონკრეტული დარღვევები ჩვენმა დამკვირვებლებმა ნაკლებად დააფიქსირეს, რადგან „ ქართულმა ოცნებამ“ „ ნაციონალური მოძრაობისგან“ ისწავლა და უფრო უკეთ აყალბებს არჩევნებს...გრიგოლ ბახტაძე
როგორც საოლქო საარჩევნო კომისიაში განმარტავენ, სავარაუდოდ, მეექვსე მოწვევის ქუთაისის საკრებულოში 4 წევრი ეყოლება „ნაციონალურ მოძრაობას“, 2 –„ევროპულ საქართველოს“ და 19, ანუ უმრავლესობა, – „ქართულ ოცნებას“. საოლქო კომისია დღეს საღამოს დაიწყებს იმ 18 საჩივრის განხილვას, რომლებიც საარჩევნო უბნებზე შეადგინეს არასამთავრობო ორგანიზაციებისა და პოლიტიკური პარტიების დამკვირვებლებმა. არჩევნების მეთვალყურე ორგანიზაციის, „ინსტიტუციური განვითარებისა და მონიტორინგის ცენტრის“ წარმომადგენლის, არჩილ სოფრომაძის, განცხადებით, კენჭისყრის დღეს ორგანიზაციის დამკვირვებლების მიერ შედგენილი საჩივრები ძირითადად პროცედურულ დარღვევებს ეხება, რაც საუბნო საარჩევნო კომიისის წევრთა დაბალ კვალიფიკაციაზე მიანიშნებს:
„საჩივრები დაიწერა სხვადასხვა სახის. ძირითადად იყო საკონტროლო ფურცლის არასრული შევსება, გადასატანი ყუთის სიაზე გამორჩათ მონაცემები, ხელმოწერები. ვერ ვიტყვით, რომ მაღალია საუბნო საარჩევნო კომისიების კვალიფიკაცია“.
კენჭისყრის დღეს გამოვლენილი დარღვევებისა და არჩევნების შედეგების გამო მმართველ პარტიას აკრიტიკებს „პატრიოტთა ალიანსის“ ქუთაისის მერობის ყოფილი კანდიდატი, გრიგოლ ბახტაძე, რომელმაც ხმათა საერთო რაოდენობის 3 % მიიღო:
„საარჩევნო უბანზე კონკრეტული დარღვევები ჩვენმა დამკვირვებლებმა ნაკლებად დააფიქსირეს, რადგან „ ქართულმა ოცნებამ“ „ ნაციონალური მოძრაობისგან“ ისწავლა და უფრო უკეთ აყალბებს არჩევნებს. გაყალბება, ფაქტობრივად, უბნებზე არ სჭირდებათ, რადგან წინასწარ მიჰყავთ მხარდამჭერები, არის სიები გამზადებული, არის მიკროავტობუსები წინასწარ მობილიზებული. როცა ხალხი წინასწარ ნაყიდია, შიგნით უბნებზე ნაკლებად სჭირდებათ მათ რაიმე ეშმაკობა, რაც ხდებოდა წინა ხელისუფლების დროს“, – აცხადებს გრიგოლ ბახტაძე.
სამწუხაროდ, ხელისუფლებამ ვერ გაუძლო ცდუნებას - იყო ადმინისტრაციული რესურსის სრული მობილიზაცია, გამოყენებული იყო შანტაჟი, ზეწოლა, დაშინება ამომრჩევლის...დავით გოგისვანიძე
შედეგით უკმაყოფილოა და მას რეალურად არ მიიჩნევს „დიმიტრი ლორთქიფანიძე, კახა კუკავა-დემოკრატიული მოძრაობა - თავისუფალი საქართველოს“ მერობის ყოფილი კანდიდატი, გოგი წულაია, რომელმაც, წინასწარი შედეგებით, ხმების 7 % მიიღო:
„არჩევნების შედეგები არ ასახავს რეალობას და პოლიტიკურ განწყობას ქალაქისას. ვთვლი, რომ დათვლის პროცესი მთლიანად იყო გაყალბებული“.
საოლქო საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემებით, ამომრჩეველთა 9%-მა დაუჭირა მხარი პარტია „ევროპული საქართველოს“ ქუთაისის მერობის კანდიდატს, დავით გოგისვანიძეს, რომლის განცხადებითაც, წინასაარჩევნო კამპანიისა და კენჭისყრის დღეს არათანაბარი გარემო იყო ოპოზიციური პოლიტიკური პარტიებისთვის:
„სამწუხაროდ, ხელისუფლებამ ვერ გაუძლო ცდუნებას - იყო ადმინისტრაციული რესურსის სრული მობილიზაცია, გამოყენებული იყო შანტაჟი, ზეწოლა, დაშინება ამომრჩევლის“.
„ქართული ოცნების“ ადგილობრივ საარჩევნო შტაბში ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების წარმომადგენელთა ბრალდებებზე კომენტარს არ აკეთებენ.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემებით, იმერეთის 11 მუნიციპალიტეტში "ქართული ოცნების" მერობის კანდიდატები ლიდერობენ. საოლქო საარჩევნო კომისიები საბოლოო შედეგებს 2 დღის ვადაში გამოაცხადებენ.