საარჩევნო საკითხების შესათანხმებლად შექმნილი ჯგუფი მუშაობას შეუდგა. ჯგუფის მუშაობაში საპარლამენტო პარტიებთან ერთად არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლები არიან ჩართულნი. ეგრეთ წოდებული გადაწყვეტილებების მანდატით აღჭურვილი ჯგუფი იუსტიციის სამინისტროსთან კოორდინაციით იმოქმედებს და საპარლამენტო ოპოზიციასთან, სამოქალაქო სექტორსა და საერთაშორისო ორგანიზაციებთანაც ითანამშრომლებს. პირველი შეხვედრის დღის წესრიგი ინტერპარტიული ჯგუფის წევრების მიერ უკვე შემუშავებული წინადადებების პაკეტის განხილვას დაეთმო.
ინტერპარტიული ჯგუფის მიერ წარდგენილი პაკეტი ხუთი წინადადებისგან შედგება. პაკეტის სათავეში საარჩევნო სისტემის შეცვლაა. საარჩევნო გარემოზე მომუშავე ჯგუფი გადაწყვეტილებების მიღებას რამდენიმე კვირას დაუთმობს. საქართველოს პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაციის თანახმად, სამუშაო პროცესი 15 აპრილს დასრულდება. სამუშაო ჯგუფის ერთ-ერთი წევრის, „ახალი მემარჯვენეების“ ლიდერის მამუკა კაციტაძის თანახმად, ინტერპარტიული ჯგუფი ძირითადად კომპრომისებისთვის მზადაა და იმასვე ელის სამუშაო ფორმატში ჩართული „ქართული ოცნებისგანაც“:
“ჩვენ წარდგენილი გვაქვს პაკეტი წინადადებებისა, რომელიც ეხება საარჩევნო სისტემას, საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტების წესს, სარეკლამო დროის განაწილების თანაბრობას, ადმინისტრაციული რესურსის შეზღუდვას და ბარიერების საკითხს. ეს არის პაკეტი წინადადებების. ჩვენ გვექნება მსჯელობა ყველაფერზე. ყველა წინადადებაზე გვაქვს, ასე ვთქვათ, ალტერნატიული სარეზერვო ვერსიებიც. ამიტომ ჩვენი პოზიცია არ არის კატეგორიული, შეუვალი და, ასე ვთქვათ, ულტიმატუმური“.
მამუკა კაციტაძე ამბობს, რომ სამუშაო ჯგუფის ოპოზიციური სპექტრით წარმოდგენილი ნაწილი შემხვედრი მიმართულებით სვლის მომხრეა და დათმობებს ელის მმართველი ძალისგანაც. თუმცა ის, რომ დათმობა გამორიცხულია საარჩევნო სისტემის 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის შეცვლის მიმართულებით, კიდევ ერთხელ დააზუსტა სამუშაო ჯგუფის წევრმა, კონსერვატორმა გიგა ბუკიამ:
“კონსენსუსი ნიშნავს იმას, რომ არის საკითხები, რაღაცაში ისინიც ჩათვლიან საჭიროდ, რომ ჩახსნან და ჩვენც მზად ვართ იმისათვის, რომ რაღაც საკითხები განვიხილოთ და, ამავე დროს, შევთანხმდეთ. ჩვენი ხელისუფლების და უმრავლესობის პოზიციაა, მაქსიმალურად ვეცადოთ შეძლების ფარგლებში გავითვალისწინოთ და ამისათვის გვაქვს ერთთვიანი ვადა და წინასწარ იმის თქმას მოვერიდები, სად გადის წითელი ხაზი. ყოველ შემთხვევაში, ერთი შემიძლია ვთქვა, რომ სისტემის შესახებ პარლამენტმაც, უმრავლესობამ თავისი გადაწყვეტილება უკვე კანონში ასახა“.
მმართველი ძალისა და პარლამენტის გადაწყვეტილება, რომელიც, გიგა ბუკიას თანახმად, კანონში აისახა, შეეხება პოლიტიკური სპექტრის პრაქტიკულად შეთანხმებულ აზრს, რომ მაჟორიტარული საარჩევნო სისტემა პროპორციულით უნდა შეიცვალოს. სადავო და პრინციპული ამ შემთხვევაში შეთანხმების ამოქმედების თარიღია. შესაბამისად, ფონი, რომლითაც შემოდგომაზე გასამართი საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო გარემოს გაჯანსაღებაზე ზრუნვის მორიგი ეტაპი იწყება, საპარლამენტო უმრავლესობის განმარტებით, ამ მიმართულებით ცვლილებას პრაქტიკულად გამორიცხავს. მოცემულობაა ის, რომ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნები შერეული სისტემით გაიმართება. რა პრიორიტეტებს გამოკვეთს ამ ვითარებაში სამოქალაქო სექტორი, რომელიც მზადაა აქტიურად ჩაერთოს კონსულტაციებში? როგორც „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“ პროექტის კოორდინატორი ელენე ნიჟარაძე ამბობს, ზოგადად, კონსულტაციები დროულად იყო დასაწყები, რაც შეეხება საკითხებს:
“ჩვენთვის ამ ეტაპზე საარჩევნო სისტემის შემდგომ პრიორიტეტულ თემას წარმოადგენს სპეცუბნების საკითხი და სამხედრო მოსამსახურეების მიერ ხმის მიცემის წესი მაჟორიტარულ არჩევნებში. სასურველი იქნება, რომ ამ ფორმატში ამ თემების ირგვლივ მოხდეს განხილვა და თუ კონსენსუსამდე მივლენ მხარეები, რომ შესაბამისი ცვლილებები განხორციელდეს, რა თქმა უნდა, პოზიტიური იქნება“.
ეს არის რევოლუციური ცვლილებები საარჩევნო კანონმდებლობაში, რომელიც ერთხელ და სამუდამოდ მოხსნის საქართველოში არჩევნების შედეგების ლეგიტიმაციის პრობლემას და დიდ შანსს მისცემს ქვეყანას დემოკრატიული განვითარების კუთხით...ბაჩუკი ქარდავა
სამუშაო ჯგუფში ინტერპარტიული ჯგუფის მიერ დასმული საკითხები კი ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის თავმჯდომარის, ბაჩუკი ქარდავას თანახმად, ძირითადად მიმართულია იქითკენ, რომ თანასწორი საარჩევნო გარემო შეიქმნას და არჩევნების შედეგების ლეგიტიმაციის საკითხი არასდროს დადგეს კითხვის ნიშნის ქვეშ. რაც შეეხება პირველი შეხვედრის შედეგებს:
“პოზიტიურად რაც შემიძლია შევაფასო, არის ის, რომ ხუთივე საკითხი დარჩა ღია. განსაკუთრებული წითელი ხაზი, ასე ვთქვათ, არ არის გავლებული. ხუთივე საკითხი არის ღია და ახლა ხელისუფლებას უკვე მოუწევს შიდაკოალიციური კონსულტაციების გამართვა, რის შემდეგაც უკვე საბოლოო შედეგზე გვექნება რეალურად საშუალება ვისაუბროთ“.
ბაჩუკი ქარდავა ამბობს, რომ მორიგი, მეორე შეხვედრა რეალურად იქნება იმის მაჩვენებელი, რა დოზითაა შესაძლებელი შედეგის მიღწევა:
„ეს არ არის რომელიმე პოლიტიკური სუბიექტის ახირება ის მოთხოვნები, რომლებსაც ჩვენ ვაყალიბებთ. ეს არის რევოლუციური ცვლილებები საარჩევნო კანონმდებლობაში, რომელიც ერთხელ და სამუდამოდ მოხსნის საქართველოში არჩევნების შედეგების ლეგიტიმაციის პრობლემას და დიდ შანსს მისცემს ქვეყანას დემოკრატიული განვითარების კუთხით“.
პაკეტი კი, რომლითაც ინტერპარტიული ჯგუფის წევრები წარდგნენ იუსტიციის მინისტრისა და „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების წინაშე, მოიცავს საარჩევნო სისტემის ცვლილების პროექტს, ძირითადი წინადადებებისა და მოდიფიცირებული ალტერნატივების სახით. მოლაპარაკებების საგანი იქნება ასევე საარჩევნო ბარიერისა და წინასაარჩევნო კამპანიასთან დაკავშირებული საკითხები, მათ შორის, სარეკლამო დროის განაწილება, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების შეზღუდვის გამკაცრება და სხვა.