საოკუპაციო გამყოფ ხაზთან კიდევ ერთი ადამიანი იქნა დაკავებული. რუსეთის მესაზღვრეებმა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ფლავის მცხოვრები 42 წლის კახაბერ ქისიშვილი მეზობელ სოფელ ოტრევთან დააკავეს და ცხინვალის იზოლატორში ეგრეთ წოდებული საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებით გადაიყვანეს. დაკავებულის დედა, მარიამ ქისიშვილი, ამბობს, რომ ოტრევში ნათესავები ჰყავთ და სწორედ მათ მოსანახულებლად იყო კახაბერ ქისიშვილი საოკუპაციო ხაზს მიღმა გადასული. მისი თქმით, დაკავებისას კახაბერს რუსეთის მესაზღვრეებმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. ცხინვალიდან ოჯახს 2 000- რუბლიანი ჯარიმის გადახდის მოთხოვნით უკვე დაუკავშირდნენ, მაგრამ ქისიშვილების ოჯახი სოციალურად დაუცველია და არ იცის, ამ თანხას როგორ მოუყრის თავს.
Your browser doesn’t support HTML5
რამდენიმე დღის წინ დაკავებული სოფელ გუგუტიაანთკარის მცხოვრები ამირან გუგუტიშვილი ცხინვალის წინასწარი დაკავების იზოლატორიდან გაათავისუფლეს, მაგრამ იგი სახლის ნაცვლად გორის საავადმყოფოში მოხვდა. ექიმ მერაბ მაისურაძის ცნობით, გუგუტიშვილს ტვინის შერყევა აქვს და სხეულზე დაზიანებები ემჩნევა. ოჯახის წევრების ინფორმაციით, მას ცხინვალში ფიზიკურად გაუსწორდნენ. ექიმის ინფორმაციით, 70 წლის გუგუტიშვილის ჯანმრთელობას ახლა საფრთხე აღარ ემუქრება.
გორის საავადმყოფოში გუგუტიშვილი სახელმწიფო მინისტრმა შერიგებისა და სამაქალაქო თანასწორობის საკითხებში ქეთევან ციხელაშვილმა მოინახულა. მისი თქმით, მიუღებელია საქართველოს მოქალაქეების უკანონო დაკავება და მათთვის თავისუფალი გადაადგილების შეზღუდვა. ციხელაშვილის განცხადებით, ქართული მხარე ერგნეთში „ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის“ ფორმატში გამართულ შეხვედრაზე კიდევ ერთხელ მოითხოვს შეწყდეს საქართველოს მოქალაქეების დაკავება და მათი უფლებების შელახვა.
ერგნეთში „ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის“ სამუშაო ჯგუფის შეხვედრა 2 მარტს გაიმართება. ქართული მხარე კიდევ ერთხელ გააპროტესტებს საოკუპაციო გამყოფ ხაზთან საქართველოს მოქალაქეების დაკავების ფაქტებს და ამ ზოლზე მავთულხლართების და ეგრეთ წოდებული სასაზღვრო ღობეების მონტაჟს.