საქართველოს ენერგეტიკულ სექტორში დაგროვილი პრობლემები და მათი გადაწყვეტის გზები განიხილებოდა კონფერენციაზე, რომელიც 5 აგვისტოს გამართა ანალიტიკურმა ცენტრმა „მსოფლიო გამოცდილება საქართველოსთვის“. კონფერენციის მიზანი ენერგეტიკის სფეროში არსებული პრობლემების, მიღწევების, გამოწვევებისა და პერსპექტივების წინ წამოწევა იყო, პოლიტიკური პარტიების წინასაარჩევნო დღის წესრიგში მათი კვალიფიციურად ასახვის მიზნით. შესაბამისად, კონფერენციის მსჯელობის საგანი იყო საქართველოს ენერგეტიკის სექტორის განვითარება ბოლო წლების განმავლობაში, ენერგეტიკული უსაფრთხოებისა და მდგრადი განვითარების პრობლემები, საერთაშორისო სატრანზიტო პროექტების შესაძლებლობები და სატარიფო პოლიტიკა.
საქართველოს ენერგეტიკულ სექტორში არსებულ პრობლემებსა და გამოწვევებზე კონფერენციის ფორმატში მსჯელობით, ანალიტიკური ცენტრი „მსოფლიო გამოცდილება საქართველოსთვის“ ცდილობს გაზარდოს წინასაარჩევნო პერიოდში ენერგეტიკულ საკითხებზე პოლიტიკური დებატების ხარისხი, - გვითხრა ცენტრის ხელმძღვანელმა მურმან მარგველაშვილმა:
Your browser doesn’t support HTML5
“ერთ-ერთი თემა, რაზეც ჩვენ გვქონდა საუბარი, იყო რომ ტარიფის შემცირება ხელოვნურად არის მავნე საზოგადეობის და ენერგეტიკის განვითარებისთვის და ეს არის ღარიბების ხარჯზე მდიდრების დახმარება. ამიტომ საზოგადოებამ ეს უნდა გააცნობიეროს კარგად და პოლიტიკოსებმაც არ უნდა გამოიყენონ, იმიტომ რომ რასაც ამ შემთხვევაში გვთავაზობენ ხოლმე, როგორც მიჩვეული ვართ წინასაარჩევნო კამპანიებში, ეს არის ცალსახად ერთობლივი დოვლათიდან მეტის მიცემა მდიდრებისთვის...“
რაც შეეხება საქართველოს სატრანზიტო ფუნქციას, ამაზე ხომ საერთოდ საუბარი არსად არ მიდის. ამ თემაზე არავინ არ მუშაობს, საზოგადოებას ინტერესს არავინ არ უღვივებს, ხელისუფლება არ მიჰყვება იმ თანამედროვე და აღიარებულ წესებს, როგორიც უნდა იყოს დაყოფა, ასე ვთქვათ, სტრუქტურული, ინსტიტუციონალური დაყოფა...გიორგი ვაშაყმაძე
შესაბამისად, კონფერენციაზე მიწვეულ სტუმრებს შორის, მთავრობისა და სამოქალაქო სექტორის გარდა, იყვნენ პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებიც. მათ, როგორც მკვლევარი ენერგეტიკის საკითხებში გიორგი მუხიგულიშვილი ამბობს, სასურველია გაითვალისწინონ, რომ ენერგეტიკის - მათ შორის, ელექტროენერგიისა და გაზის - ტარიფებისა და სუბსიდირების თემაზე წინასაარჩევნო სპეკულაცია ზიანის მომტანია როგორც მომხმარებლებისთვის, ისე კომპანიებისთვის და, საბოლოო ჯამში, ქვეყნის ეკონომიკისთვის:
“ჩარევა ნებისმიერი ტარიფის დადგენაში პოლიტიკური - ეს არის გაუმართლებელი, რაც, საბოლოოდ, ქვეყანას მიიყვანს ეკონომიკური განვითარების შეფერხებამდე. გამოცდილება გვაჩვენებს, რომ ეს არის ჯერ დაპირება, მხოლოდ ფუჭი დაპირებები, რომლებსაც შემდგომში ვეღარ ასრულებენ პოლიტიკური პარტიები. ეს არის იმის გამო, რომ არ ხდება წინასწარ მათ მიერ შეფასება, ანალიტიკურ ბაზაზე დაყრდნობით, შესაძლებელია რეალურად მართლა ტარიფის შემცირება თუ არა. და ამას მოჰყვება შემდგომში ის, რაც წინა შემთხვევაში მივიღეთ, რომ მოკლევადიან პერიოდში შეამცირა არსებულმა მთავრობამ ტარიფები, მაგრამ შემდგომში ისევ გაზარდა, იმიტომ რომ დაინახეს, რომ აქ უკვე პრობლემები იქმნებოდა კომპანიების მხრიდან“.
გიორგი მუხიგულიშვილის მიმართვის ადრესატი კი „მოძრაობა სახელმწიფო ხალხისათვის“ წარმომადგენლის, ირაკლი ყიფიანის, აზრით, პარტიებთან ერთად, უნდა იყოს მთავრობაც:
“კონფერენციის ფარგლებში ერთ-ერთი ბლოკი დაეთმო მოწოდებას, რომ პოლიტიკურმა პარტიებმა სპეკულაცია არ გააკეთონ, თითქოსდა ტარიფის შემცირება შეიძლება. და ამ დროს „ქართული ოცნების“ მთავრობა განცხადებას აკეთებს, რომ დღეს არსებული ტარიფები იმაზე დაბალია, ვიდრე უნდა იყოს. ანუ ეს ნიშნავს, რომ „ქართული ოცნების“ მთავრობა დღეს ინარჩუნებს იმაზე დაბალ ტარიფს, ანუ არ ღებულობს პოლიტიკურად არალამაზ გადაწყვეტილებას, იმიტომ რომ ელექტორატი არ დაკარგოს და, შესაბამისად, აზარალებს სექტორს. შესაბამისად, ისეთი მოწოდებები, რომ პოლიტიკურმა პარტიებმა არ გააკეთონ განცხადება ტარიფების შემცირების შესახებ, პირველ რიგში, მოვუწოდებ „ოცნების“ მთავრობას, ნუ ჩაერევა ფასწარმოქმნის პოლიტიკაში და ამ სოციალური ტარიფებით ნუ დაიწყებს მანიპულაციას, რასაც დღეს ახორციელებს“.
საკმაოდ რთული ოთხი წელიწადი გამოვიარეთ, 200 მეგავატიც კი არ შენდებოდა საქართველოში სადგურები და დღეს 800 მეგავატი სადგურები შენდება და 150 აშენებულია...ილია ელოშვილი
ირაკლი ყიფიანის ამ რეპლიკას ენერგეტიკის მინისტრის მოადგილემ ილია ელოშვილმა უპასუხა:
“როცა საჭირო გახდა და რეალურად უკვე უკან-უკან წავიდა სექტორი, ის სამ-ნახევარი თეთრი, რომელიც დიდად გვეამაყებოდა, რომ დავუკელით მომხმარებელს, ჩვენვე მოვუმატეთ სხვადასხვა მიზეზების გამო. შესაბამისად, ეს არის ის ზღვარი ჯერჯერობით, რომელზეც ჩვენ, სახელმწიფო, გადის ამ ეტაპზე, მაგრამ, რა თქმა უნდა, სამომავლოდ, პერსპექტივაში, და ეს უნდა იყოს ადეკვატური იმ სოციალური გაუმჯობესებისა მდგომარეობის, რასაც ჩვენ ყველა ველოდებით, რომ იქნება ეკონომიკურად. შესაბამისად, ესეც უნდა მიჰყვეს ამას თავისთავად. საკმაოდ რთული ოთხი წელიწადი გამოვიარეთ, 200 მეგავატიც კი არ შენდებოდა საქართველოში სადგურები და დღეს 800 მეგავატი სადგურები შენდება და 150 აშენებულია“.
ქვეყნის ენერგეტიკული სექტორის წინაშე მდგომ ძირითად პრობლემებად კი კონფერენციაზე დასახელდა ენერგეტიკული სექტორის ფუძემდებლური სტრატეგიული და პროგრამული დოკუმენტების არარსებობა; წინააღმდეგობრივი, არასრული და არაქმედითი კანონმდებლობა; მართვის ცენტრალიზებულ-მბრძანებლობითი სისტემა; გამჭვირვალე და ეფექტური მართვის ნაკლებობა; ინვესტიციების მოზიდვის სირთულე და სხვა. როგორც ენერგეტიკის საკითხების ექსპერტი, ტრანსკასპიური გაზსადენის პროექტის განმახორციელებელი კომპანიის ხელმძღვანელი გიორგი ვაშაყმაძე ამბობს, ანალიტიკურმა ცენტრმა „მსოფლიო გამოცდილება საქართველოსთვის“ წარმოადგინა იმ საქმეების ნუსხა, რომლებიც უნდა გაკეთებულიყო და არ გაკეთებულა. იგი ფიქრობს, რომ საჭიროა რეფორმები გონივრულად დაიგეგმოს და ისეთი კანონმდებლობა შეიქმნას, რომ წინსვლას უკუსვლა არ მოჰყვეს. რაც შეეხება საქართველოს სატრანზიტო ფუნქციას:
“რაც შეეხება საქართველოს სატრანზიტო ფუნქციას, ამაზე ხომ საერთოდ საუბარი არსად არ მიდის. ამ თემაზე არავინ არ მუშაობს, საზოგადოებას ინტერესს არავინ არ უღვივებს, ხელისუფლება არ მიჰყვება იმ თანამედროვე და აღიარებულ წესებს, როგორიც უნდა იყოს დაყოფა, ასე ვთქვათ, სტრუქტურული, ინსტიტუციონალური დაყოფა. ყველაფერი, რაც დღეს კეთდება, არის იმ ფარგლებში, რაც იყო 2002 წელს ხელმოწერილი და რატიფიცირებული. ის 30 მილიარდი, რომელიც მაშინ დამტკიცდა, აღარ განვითარებულა და პოტენციალი საქართველოს, თუ შევხედავთ ევროკომისიის დოკუმენტებს, პოტენციალი საქართველოს ჰქონდა, რომ 100 მილიარდზე მეტი გაეტარებინა. აქ გუნდური თამაშია აუცილებელი“.
შესაბამისად, გიორგი ვაშაყმაძე ამბობს, რომ მთავრობის მიერ მომიზეზებული მოუცლელობა იძლევა ინტერპრეტაციის საშუალებასაც - კერძოდ, „იქნებ იგი ორმაგ თამაშს თამაშობს“, იქნებ წაყრუებით პროცესის შეფერხებას ცდილობს და სხვა. ზოგადად კი, იგი ამბობს, რომ ენერგეტიკის საკითხებზე საზოგადოებას მწირი ინფორმაცია აქვს და ამ საკითხებზე ფართო ფორმატში მსჯელობაა საჭირო. გიორგი ვაშაყმაძე იმედოვნებს, რომ კონფერენციას ენერგეტიკის სექტორში არსებულ პრობლემებსა და მიღწევებზე გაგრძელება მოჰყვება.