„კლავს სტიგმა და არა შიდსი“

გოჩა გაბოძე 23 წლის იყო, როდესაც ექიმებმა აივ დადებითის დიაგნოზი დაუსვეს. მაშინ, ოთხი წლის წინ, ფიქრობდა, რომ ეს რაღაც შეცდომა იყო - იმედი ჰქონდა, რომ ანალიზების გადამოწმების შემდეგ პასუხი შეიცვლებოდა. მოლოდინის ერთი თვე ყველაზე კოშმარული იყო მის ცხოვრებაში, მაგრამ დიაგნოზი დადასტურდა და მას შემდეგ დაიწყო გოჩას ახალი ცხოვრება - ეს იყო შეგუების, ბრძოლისა და დაავადების დამარცხებისკენ მიმავალი გზა, რომელიც დღემდე გრძელდება. პირველი დეკემბერი შიდსთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა. 2017 წლის 1 დეკემბრის მონაცემებით, ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრში აივ-ით ინფიცირების 6 711 შემთხვევაა აღრიცხული. პაციენტთა უმრავლესობის ასაკი 29-დან 40 წლამდე მერყეობს.