რუსი მაგნატი მიხაილ ხოდორკოვსკი აცხადებს, რომ იგი ოფიციალურად ბრალდებულად ცნეს ქალაქ ნეფტეიუგანსკის მერის მკვლელობის საქმეზე. 7 დეკემბერს ტვიტერის გვერდზე ხოდორკოვსკიმ გამოაქვეყნა რუსეთის ფედერალური საგამოძიებო კომიტეტის გამოძახების ტექსტის ასლი, რომელშიც მას მოუწოდებენ, რომ, ბრალდებულის სახით, 11 დეკემბერს გამოცხადდეს დაკითხვაზე. კრემლის პრესმდივანმა უკვე გააკეთა კომენტარი და აღნიშნა, რომ ხოდორკოვსკის მიმართ „ეჭვები ადრეც არსებობდა“.
ორშაბათს, 7 დეკემბერს, მიხაილ ხოდორკოვსკის მამის მისამართზე მივიდა შეტყობინება კომპანია „იუკოსის“ ყოფილი ხელმძღვანელის საგამოძიებო კომიტეტში დაკითხვაზე ბრალდებულის სახით გამოცხადების თაობაზე. ხოდორკოვსკის პრესმდივანმა კიულე პისპანენმა მედიას აცნობა, რომ შვეიცარიაში მყოფი კრემლის კრიტიკოსი არ აპირებს მონაწილეობის მიღებას საგამოძიებო მოქმედებებში ან დაკავშირებას საგამოძიებო კომიტეტის წევრებთან, რომლებმაც კარგად იციან მისი მისამართი.
რუსეთის სასამართლოს მიერ ფინანსურ დანაშაულში მსჯავრდებულმა მიხაილ ხოდორკოვსკიმ რუსეთის ციხეში 10 წელიწადზე მეტხანს დაყო.
2013 წელს რუსეთის პრეზიდენტის მირ შეწყალებული ხოდორკოვსკი შვეიცარიაში ცხოვრობს. მის მიმართ აღძრულ საქმეში ორი წლის წინ არ ფიგურირებდა ნეფტეიუგანსკის ყოფილი მერის, ვლადიმირ პეტუხოვის, მკვლელობა, რაზეც თავის ახსნა მოეპოვება კრემლის პრესმდივან დმიტრი პესკოვს. მისი განცხადების თანახმად, მანამდე არ არსებობდა ფაქტები, არამედ არსებობდა მხოლოდ ეჭვი და გარკვეული ინფორმაცია მკვლელობაში ხოდორკოვსკის თანამონაწილეობის შესახებ, რაზეც საგამოძიებო ორგანოები არ წყვეტენ მუშაობას, დასძინა პესკოვმა.
„გაახსენდათ, რომ ჯერ საჭიროა ბრალდების წაყენება. კრემლის ხელმძღვანელებს საერთოდ მახსოვრობის პრობლემა აქვთ. ეს ეპიდემიაა“, - დაწერა ხოდორკოვსკიმ საკუთარი ტვიტერის გვერდზე.
მიხაილ ხოდორკოვსკის მიერ დაფუძნებული არასამთავრობო ორგანიზაცია „ღია რუსეთის“ ხელმძღვანელი ვლადიმირ ყარა-მურზა უფროსი ხოდორკოვსკის დაკითხვაზე დაბარებას პირდაპირ უკავშირებს რუსეთის ხელისუფლებას, რომელმაც რამდენიმე თვის წინ განაახლა 1998 წელს მომხდარი გახმაურებული მკვლელობის გამოძიება.
ნეფტეიუგანსკის მერი ვლადიმირ პეტუხოვი 1998 წლის 26 ივნისს მოკლეს სახლიდან სამსახურისაკენ მიმავალ გზაზე. მკვლელობის ორგანიზების ბრალდებით, სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს კომპანია „იუკოსის“ უსაფრთხოების სამსახურის უფროსს ალექსეი პიჩუგინს, რომელიც დანაშაულს უარყოფს.
30 ივნისს რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა ხელახლა აღმოჩენილი გარემოებების საფუძველზე განაახლა ამ დანაშაულის გამოძიება. უწყების წარმომადგენელმა ვლადიმირ მარკინმა განაცხადა, რომ მკვლელობის დამკვეთი შესაძლოა ხოდორკოვსკი ყოფილიყო.ნეფტეიუგანსკის მერის მკვლელობის საქმეზე აგვისტოში გამომძიებელი ორი საათის განმავლობაში დაკითხავდა იუკოსის ყოფილი ხელმძღვანელის მამას, ბორის ხოდორკოვსკის.