კატო ჯავახიშვილის პირქუში იავნანები

შარშან გამომცემლობა "ინტელექტმა" დაბეჭდა კატო ჯავახიშვილის ლექსების კრებული "იავნანა კაცებისთვის". წიგნი საკმაოდ მოცულობითია, 230-გვერდიანი, და ექვსი ნაწილისაგან შედგება.

ავტორი ცდილობს ლექსები თემატურად, განწყობილებების მიხედვით დაალაგოს, კონცეპტუალურად შეკრას. ესაა კატო ჯავახიშვილის მეხუთე პოეტური კრებული, რაც უნდა გულისხმობდეს, რომ მან საკუთარი ხელწერის ჩამოყალიბების საწყისი ეტაპები უკვე გაიარა და ახალ ფაზაში შედის. ​წიგნს რედაქტორის, პაატა ნაცვლიშვილის, წინათქმა ერთვის, სადაც იგი ამბობს: "ეს წიგნი ყველა თავმოყვარე მამაკაცმა პოეტმა უნდა წაიკითხოს. არათავმოყვარემ და არაპოეტმა - მით უმეტეს. არც ქალებს აწყენთ, სხვათა შორის. ბავშვები? ბავშვები არა, ბავშვებისთვის ჯერ ადრეა." ცხადია, ასეთი განცხადების შემდეგ მე, როგორც თავმოყვარე მამაკაც პოეტს, სხვა გზა არ დამრჩენოდა, გარდა იმისა, რომ ეს კრებული წამეკითხა. ეს - ნახევრად ხუმრობით, თორემ კატო ჯავახიშვილის ლექსებს ადრეც სისტემატურად ვეცნობოდი და კრებულში შესული ერთ-ერთი ციკლი, "იავნანა", სანამ იგი წიგნში მოხვდებოდა, "ახალ საუნჯეშიც" დავბეჭდე. კრებულზე საუბარი პოეტ ეკა ქევანიშვილს ვთხოვე.

ეკა ქევანიშვილი

ეკა ქევანიშვილი: ჩემთვის კატო ჯავახიშვილი არ არის ის პოეტი, რომელიც სპონტანურად წერს ხოლმე რაღაცას. არ ვიცი, ეს შეიძლება ჩემი შთაბეჭდილებაა, მაგრამ ასე მგონია, რომ ის უფრო ბევრს ფიქრობს, რაღაცას ხარშავს თავის თავში და მერე იწყებს წერას. ფიქრის პოეტიც შეიძლება დავარქვათ. თუმცა ძალიან ხშირად ამ ფიქრს არ ფილტრავს ხოლმე და გრძლად ფიქრობს თავის ლექსებში. ბოლო პერიოდის ლექსები უფრო მეტად საინტერესოა ჩემთვის, იმიტომ რომ, ვფიქრობ, კატო, როგორც ავტორი, საკმაოდ გაიზარდა. გაიზარდა თემების ხედვით, რაღაც მწარე-მწარე სიმართლეების გამოკვეთით, და როგორც ბევრი ავტორის შემთხვევაში ხდება ხოლმე, კატოსთანაც მგონია, რომ ეს მოხდა, სანტიმენტალური თემებიდან ნელ-ნელა გადავიდა მტკივნეულ, საკმაოდ მძაფრ, ანგარიშგასაწევ თემებზე. სოციალური თემატიკაც საკმაოდ შემოვიდა და, თუ გადახედავ მის წიგნს, შეიძლება მართლა ყველაფერს წააწყდე - ქალის ტვირთიდან დაწყებული, დამახინჯებულ ქალაქამდე, რომელსაც ადამიანები არ ვუფრთხილდებით. მე მგონია, რომ, აი, ერთი სიტყვით რომ შემეფასებინა, კატო არის გრძელ-გრძელი ფიქრების პოეტი, რომელსაც ამ ბოლო დროს განსაკუთრებით აღარ უყვარს თავისი ამბების რაღაც ლამაზ სიტყვებში შეფუთვა. პირიქით, ცდილობს მაქსიმალურად გულწრფელად წეროს.

ის, რაც ეკა ქევანიშვილმა გამოკვეთა, ანუ "გაუფილტრაობა", ცხადია, თავისთავად არაა ნეგატიური მახასიათებელი. არიან ძალიან კარგი პოეტები, რომელთა ტექსტების ხიბლი სწორედ ამ გაუფილტრაობაშია. ისინი მიენდობიან ხოლმე საკუთარი ცნობიერების ნაკადს და სანამ პოეტური სახეები, მეტაფორები, ემოციები თავისთავად არ ამოიწურება, არ დაიწრიტება, არ ცდილობენ მის შეკვეცას, რაღაც ყალიბებში მოქცევას. თუმცა კატო ჯავახიშვილის შემთხვევაში ვერ ვიტყვით, რომ ის ასეთი ტიპის პოეტია, რადგან იგი აგებს ლექსის სტრუქტურას, ხშირად იყენებს ინტერლუდიებს, ანუ მოკლე ჩართვებს, რაც ცვლის ლექსის რიტმს და ინტონაციას. ვერლიბრში ჩართული ეს ინტერლუდიები ხანდახან რითმიანიცაა, ხშირად მეორდება, ან რაღაც ვარიაციებს განიცდის და რეფრენად გასდევს ლექსს. რეფრენულობა ისედაც ახასიათებს კატო ჯავახიშვილის ტექსტებს. ოღონდ სწორედ ეს რეფრენულობაა, ზედმეტად რომ წელავს მის სათქმელს. სათქმელიც ხშირად აბსტრაქტულია, პირქუში ბოდვების სახე აქვს, სიკვდილით, სიყვარულით, სიზმარ-ცხადით და მსგავსი ტერმინებით ოპერირებს, ან ავტორისეული მსგავსი კომპოზიტებით: ბავშვობანაკლული, საკუთარცხოვრებამიტოვებული, საკუთართავგაუღვიძებელი, ჭერშითვალებშეწყობილი, შავთვალწყალჩაგუბებული, წარსულდაბრუნებული და ა.შ., რაც, ჩემი აზრით, ხელოვნურობას სძენს ტექსტებს. ამ "პირქუშ ბოდვებში" თანდათან იკვეთება პრობლემატიკა, ტრაგიზმი ხელშესახები ხდება, თუმცა აბსტრაქტულობა საკმაოდ ხშირად მაინც რჩება, რადგან სიუჟეტური ხაზი ან არ არსებობს, ან მკრთალია და, როგორც წესი, ლირიკული "მე" ლაპარაკობს, იშვიათად იძერწება პერსონაჟი თავისი სახასიათო ნიშნებით.

კიდევ მგონია, რომ კატო არ არის ის პოეტი, რომლის წაკითხვაც ყოველდღე შეიძლება მოგინდეს. ვგულისხმობ იმას, რომ მის წაკითხვას განსაკუთრებული სულიერი მდგომარეობა სჭირდება, ხასიათზე ყოფნა. თვითონაც ხასიათის პოეტია, მე ასე მგონია...
ეკა ქევანიშვილი

ძირითადად ეს ხდება "იავნანას" ციკლში, სადაც ქალების საბედისწერო ისტორიებია მოთხრობილი. შეიძლება რამდენიმე ასეთი ლექსი კიდევ იპოვოთ, მაგალითად, "მუნდშტუკის ამბავი", სადაც ბებიისა და ბაბუის პორტრეტებია კარგად დახატული.

ეკა ქევანიშვილი: ის თავიდან, ჩემი დაკვირვებით, წერდა პოეზიას, რომელიც შეიძლებოდა მოსწონებოდა უფრო მეტ ადამიანს. თითქოს რომელიც უფრო მეტად "საყველასო" იყო, იყენებდა ისეთ მეტაფორებს, რომელიც უფრო მეტად იყო ცნობილი. ახლა მგონია, რომ კატო ნელ-ნელა უღრმავდება და უბრუნდება თავის თავს, უფრო გაბედული გახდა, ვიდრე იყო ადრე, აღარ სჭირდება რაღაც სიკეკლუცეები პოეზიაში, იმიტომ რომ ის დიდია, "დიდი გოგოა" და ამიტომაც გამოსდის წერა უკეთესად. კიდევ მგონია, რომ კატო არ არის ის პოეტი, რომლის წაკითხვაც ყოველდღე შეიძლება მოგინდეს. ვგულისხმობ იმას, რომ მის წაკითხვას განსაკუთრებული სულიერი მდგომარეობა სჭირდება, ხასიათზე ყოფნა. თვითონაც ხასიათის პოეტია, მე ასე მგონია. მაგრამ ამას არ ვამბობ როგორც უარყოფით თვისებას ან რაღაც დამაკნინებელ ნიშანს. სულაც არა, პირიქით, ამან შეიძლება მის რაღაც განსაკუთრებულობას, როგორც ავტორის, გაუსვას ხაზი.

ამ წიგნში იპოვით რამდენიმე კონვენციურ ლექსსაც, ოსტატურად შესრულებულს და იმ ბუნდოვანებისაგან თავისუფალს, რაც ვერლიბრებში შეიმჩნევა. ერთ ასეთ კონვენციურ ლექსში, "ბუშტებში", კატო ჯავახიშვილი ასევე რთავს ინტერლუდიას, ოღონდ ამჯერად ვერლიბრს. ანუ უკუღმა მოქმედებს. არის ციკლი "პროცენტები", სადაც მინიმალისტური ლექსებია წარმოდგენილი. უფრო ზუსტად, ეს ფრაგმენტული ფიქრებია, ერთი დანაწევრებული მთლიანობა. ერთი სიტყვით, კატო ჯავახიშვილი კრებულში "იავნანა კაცებისთვის" საკმაოდ ბევრს ექსპერიმენტირებს, ცდილობს ცვალოს ფორმები, მოარგოს ისინი სათქმელს. თუკი მისი ენა სამომავლოდ უფრო დაიწმინდება, უფრო ბუნებრივი გახდება და ნაწერის გაცხრილვისა და ლაკონიზაციის ვნებაც გაჩნდება მასში, ის სიმძაფრე, რაც ავტორში დევს და იგრძნობა, კიდევ უფრო მეტად გამოიკვეთება და შთამბეჭდავი და დასამახსოვრებელი გახდება.