კოალიცია „ქართული ოცნება“ პროვოკაციის მოლოდინში

გორის ცენტრალური მოედანი

კოალიცია „ქართული ოცნებისთვის“ კატეგორიულად მიუღებელია ის ალტერნატიული ადგილი, რომელიც ადგილობრივმა ხელისუფლებამ მიტინგის ჩასატარებლად შესთავაზა. კოალიციის ადგილობრივი ლიდერები მიიჩნევენ, რომ ხელისუფლება პროვოკაციას გეგმავს.

გორის მუნიციპალიტეტის გამგეობამ კოალიცია „ქართულ ოცნებას" 15 ივლისისთვის დაგეგმილი აქციის გასამართად ქალაქის ცენტრალური მოედნის გამოყოფაზე უარი უთხრა. გამგეობის ოფიციალურ წერილში ნათქვამია:

„ადმინისტრაციული შენობის წინ მდებარე მოედანი წარმოადგენს ქალაქის საკომუნიკაციო და სატრანსპორტო კვანძს. შესაბამისად, მიზანშეუწონლად მიგვაჩნია 15 ივლისს აღნიშნული ტერიტორიის პარალიზება. ამასთან, გთავაზობთ ალტერნატიულ ტერიტორიას მანიფესტაციის და შეკრების ჩასატარებლად გორში, ცხინვალის გზატკეცილზე, მე-2 კმ-ზე, საფეხბურთო სტადიონ „ქართლის" მიმდებარე ტერიტორიაზე."

გამგეობის არგუმენტებს არ იზიარებენ კოალიციის წარმომადგენლები. მათი თქმით, სამთავრობო ღონისძიებების დროს ცენტრალური მოედანი უპრობლემოდ იკეტება და სატრანსპორტო მოძრაობაში შეფერხება არ არის ხოლმე, რადგან მოედანს უამრავი შემოვლითი გზა აქვს. ოპოზიცია იხსენებს 6 მაისის პოლიციის აღლუმს და 1 ივნისს, ბავშვთა საერთაშორისო დღეს, ასფალტზე ხატვის დროს გადაკეტილ მოედანს.

რაც შეეხება გამგეობის მიერ შეთავაზებულ ალტერნატიულ ადგილს, „ქართული ოცნების“ ადგილობრივი ლიდერები ფიქრობენ, რომ ხელისუფლებამ ეს ადგილი შემთხვევით არ შეარჩია. ქალაქგარეთ, ქართლის სტადიონის სიახლოვეს, კარალეთის დევნილთა დასახლებაა. „ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერის, სოსო ვახტანგაშვილის აზრით, ხელისუფლება თავის მიერ კონტროლირებულ დევნილებს მიტინგის მსვლელობისას პროვოკაციის მოსაწყობად გამოიყენებს. ვახტანგაშვილის თქმით, მერეთის ინციდენტი ცხადყოფს, რომ ადგილობრივი ხელისუფლება გორში დაგეგმილი მიტინგის დროს ყველაფერზე წამსვლელია.

„ქართული ოცნების" გორის ორგანიზაციამ 15 ივლისს დაგეგმილ აქციასთან დაკავშირებით გუშინ გამგეობას კიდევ ერთი წერილით მიმართა, რომელშიც აქციის ჩატარებისთვის ამჯერად გორის კომბინატის ტერიტორიაზე კულტურის ცენტრის მიმდებარე მოედნის გამოყოფას ითხოვს. მუნიციპალიტეტის გამგეობის აპარატის უფროსი კახა ტოლიაშვილი რადიო თავისუფლებასთან საუბარში აცხადებს, რომ გამგეობა „ქართული ოცნების“ წინადადებას უახლოეს დღეებში განიხილავს და პასუხს წერილობით აცნობებს.

კოალიციის ოფისში აცხადებენ, რომ, წინა მიტინგების გამოცდილებიდან გამომდინარე, ადგილობრივი ხელისუფლება მეორე შეთავაზებაზე ნებართვას იძლევა ხოლმე. გარდა ამისა, კომბინატის კულტურის ცენტრის მოედანს არაერთი შემოვლითი გზა აქვს და იქ მიტინგის ჩატარება ქალაქის პარალიზებას არ გამოიწვევს. თუ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებმა ამ წინადადებაზეც უარი მიიღეს, მათ არსენალში კიდევ ორი ალტერნატიული ადგილი რჩება.