წელს გამომცემლობა „დიოგენემ“ სერია „ამერიკელების“ მე-17 წიგნი დაბეჭდა: ჯონ აპდაიკის „ბრაზილია“, ავტორის ერთ-ერთი გვიანდელი რომანი, დაწერილი 1994 წელს. მრავალი თვალსაზრისით ამ ურთულესი ტექსტის შთამბეჭდავი თარგმანი ეკუთვნის ზაზა ჭილაძეს.
„ბრაზილია“ მრავალშრიანი ნაწარმოებია და საკუთარ თავში იტევს ჟანრული, სტილისტური თუ ფაქტურული ნაირსხვაობების ფართო დიაპაზონს. ამ ნაირსხვაობათა ცვლა, მათი დინამიკა, რომელიც თავდაპირველად ქაოტური ჩანს, საბოლოო ჯამში, კომპოზიციურად აბსოლუტურად მოწესრიგებული და გააზრებული აღმოჩნდება და მთავარი გმირების სულიერი, ხორციელი, სოციალური თუ ტრაექტორიული წრებრუნვის საბედისწერო ფაზებს თანმიმდევრულად გადის. აპდაიკის სქემა ასეთია: იგი იღებს ყველაზე მარტივ და თვალსაჩინო პოლარულ წყვილს - სოციალურ ფსკერზე მყოფ ზანგის ბიჭს და ფუფუნებაში გაზრდილ თეთრკანიან გოგონას დიპლომატების ოჯახიდან და იწყებს მათი სიყვარულის რომანტიკული ისტორიის შეთხზვას. პერსონაჟების სახელებიც: იზაბელი და ტრისტაო პირდაპირ უთითებენ სატრფიალო ეპოსზე „ტრისტანი და იზოლდა“. მაგრამ ესაა ავტორის საწყისი სვლა. თეთრი და შავი ფიგურების ეს წყვილი თავისი ქმედებით თანდათანობით ბადებს სხვადასხვა ტონალობების უთვალავ კომბინაციას. სიტყვა „ტონალობები“ შეგვიძლია გავიგოთ როგორც პირდაპირ, ვინაიდან იზაბელისა და ტრისტაოს ისტორიაში ჩართულ პერსონაჟთა გალერეა ბრაზილიის მოსახლეობის ფერადოვნებას და ჭრელ გეოგრაფიულ სურათს სრულად აირეკლავს, ასევე მეტაფორულადაც, ანუ სრულიად განსხვავებული პოლიტიკური, რელიგიური, ფსიქოლოგიური თუ ემოციური ფენომენების ერთმანეთთან შეჯახებით წარმოქმნილ კულტურულ ოქსიმორონებს. იზაბელი და ტრისტაო ამ კულტურული ოქსიმორონების გავლისას განიცდიან ტრანსფორმაციებს, ისინი ცვლიან ერთმანეთს, მათ ცვლით იმ გარემოთა ცვლა, რომელიც მათ არ იღებს, მათ ცვლით სიკვდილთან სიახლოვე, მათ ცვლით აუტანელი ფიზიკური შრომა, მათ ცვლით სექსში გაწაფულობა, მათ ცვლით მაგია, ისინი ადი-ჩამოდიან სოციალურ კიბეზე, გაურბიან საზოგადოებას ველურ გარემოში, მერე კვლავ უკან უბრუნდებიან მას, და მთელი ეს წრებრუნვა არის ადამიანის ამღვრეულ არსში, მისი სულის უფსკრულებში სიყვარულის გაღრმავებისა და გაფართოების, მისთვის განუწყვეტლივ ახალი სახის მიცემის ხანგრძლივი ეპოპეა.
წიგნზე საუბარი ვთხოვე მწერალ გიორგი ლობჟანიძეს.
გიორგი ლობჟანიძე: ჯონ აპდაიკს უნდოდა შეექმნა რაღაცნაირი ალუზიების რომანი, რომელიც დახუნძლული იქნებოდა გარკვეული სიმბოლოებით. უბრალოდ, ჯონ აპდაიკს ამ შემთხვევაში ეს რომანი პოსტმოდერნული გამოუვიდა, იმიტომ რომ აინტერესებდა, როგორ იქცევა ერთი და იგივე ადამიანი სხვადასხვა გარემოში და, საერთოდ, გვეუბნება, რომ ადამიანის ხასიათს, მთლიანობაში, ალბათ, აყალიბებს გარემო და ის, თუ რა ნიშნით დაიბადება ამქვეყნად. ეს ნიშანი არის პირობითი თვითონ პიროვნული მდგენელისათვის იმდენად, რომ, საბოლოოდ, ჩვენ ვხედავთ, რომ ცოლ-ქმარი ერთმანეთს უცვლის ადგილს. ამით აპდაიკი აშკარად აკრიტიკებს აბრაამისტული რელიგიების მიმართებას ადამიანის სხეულთან. ყოველ შემთხვევაში, აბრაამისტული რელიგიების დამოკიდებულება სხეულის მიმართ ძალიან კრიტიკულია და თითქოს რიყავს ხოლმე ეს რელიგიები ადამიანის საერთო განვითარების სისტემიდან ადამიანის სხეულს. ჯონ აპდაიკი გვეუბნება, რომ, პირიქით, სულიერი ძიებების გზა გადის სწორედ სხეულზე. და ამიტომ წიგნი, რომელიც სავსეა სკაბრეზით, არგოტიზმით, ისეთი რაღაცებით, რაც, ჩვეულებრივ, სხვა ნაწარმოებში უხეშობად ან უსიამოვნოდ მოგეჩვენებოდა, აქ პირიქით არის: ყოველ შემთხვევაში, მე არ წამიკითხავს სხვა ასეთი წიგნი, რომელიც ასე სიღრმისეულად მოქმედებდეს და აბსოლუტურად გულახდილად ლაპარაკობდეს ადამიანის სხეულის მოთხოვნილებებზე სხვადასხვა სიტუაციაში, მის ცვალებადობაზე და არ დაგიტოვოს ზიზღის შეგრძნება. პირიქით, დაგიტოვოს ინტერესის შეგრძნება.
ის, რაც გიორგი ლობჟანიძემ აღნიშნა, შეიძლება გახდეს მკითხველის წიგნისადმი დამოკიდებულების მთავარი განმსაზღვრელი. გააჩნია, ტექსტის რამდენად ორგანულ შემადგენელ ნაწილად ჩათვლის იგი პორნოგრაფიულ ხილვადობამდე მიყვანილ უხვ ეროტიკულ სცენებს. ეს არაა მწერლის იაფფასიანი ფანდი მკითხველის მისატყუებლად, ეს არც ეპატაჟია. შეიძლება ითქვას, რომ ჯონ აპდაიკი სხეულების სათავგადასავლო რომანს წერს: ორი ადამიანის სხეულის ნაწილები საკუთარ "განძთა კუნძულს" ეძებენ, გრძელ გზაზე უამრავ ხიფათს გადაეყრებიან, თავგანწირვით იბრძვიან, მდიდრდებიან, შემდეგ კვლავ ყველაფერს კარგავენ, ტყვეობაში აღმოჩნდებიან, ხანდახან ერთმანეთსაც მტრობენ და ა.შ., უსასრულოდ, და ამ თავგადასავალში იზაბელის და ტრისტაოს სხეულების შმაგი სექსუალური ექსპერიმენტებისა თუ ორთაბრძოლების აღწერა ის აუცილებელი ხაზია, რის გარეშეც რომანი ელემენტარულად ვერ შედგებოდა. ამ "თავგადასავალს" ხომ აპდაიკი სხვადასხვა ენაზე, სხვადასხვა რაკურსებიდან გვიყვება, და ამ მონათხრობში ძალიან ხშირად ისმის დიდი ამერიკული ლიტერატურის ხმა, მისი გამოცდილება. ჰენრი მილერის ის შინაგანი თავისუფლება, რითიც მან მაღალმხატვრულად და ღრმად მოახერხა სექსუალური ცხოვრების საიდუმლოებების გადმოცემა, აპდაიკისთვისაც სისხლხორცეულია. აქვეა ჯეკ ლონდონი, მის მიერ აღწერილი ოქროს ციებ-ცხელებით, თუმცა კი ალასკის გამყინვარება სამხრეთული ხვატითაა შეცვლილი. ცხადია, აქვე არიან ფენიმორ კუპერი და მაინ რიდი, თავიანთი რომანებით ინდიელებზე... წიგნის კითხვისას, ალბათ, ყველას თავისი ასოციაციები გაუჩნდება. ეს აღნიშნა გიორგი ლობჟანიძემაც.
გიორგი ლობჟანიძე: საინტერესოა, თუ რითი იწყებს აპდაიკი: დედოფლის რემარკით “ჰამლეტში” და შემდგომ არის უოლტ უიტმენის საშობაო მისალმება: “მოგესალმები, ძმაო ჩემო ბრაზილიელო”. ეს ძალიან ცნობილი ლექსია და, აქედან გამომდინარე, თავიდანვე ის ორგანულად ამყარებს კავშირს ანგლოამერიკულ ლიტერატურასთან და, კერძოდ, ამერიკული პოეზიის ამ ხაზთან, უოლტ უიტმენის ხაზთან. რაც შეეხება სხვა მწერლებს, ის ასევე ოსტატურად გაათამაშებს თავის რომანში არაერთ მწერალს, რომელიც შენ აღნიშნე.
თანამედროვე რომანში შეიძლება იყოს ამბის ნაკლებობა. აპდაიკთან პირიქით, ეს ყველაფერი არის უმაღლეს დონეზე, თამაშობს სიუჟეტებით, თამაშობს პერსონაჟების ხასიათებით. გადადის ერთი პერიპეტიიდან მეორე პერიპეტიაზე. რასაკვირველია, აქ იგრძნობა ძალიან დიდი ცოდნა და სხვაგვარი დამოკიდებულება, რაც იმ თაობის მწერლებს ახასიათებდათ გინდ ამერიკაში და გინდ ნებისმიერ ქვეყანაში: რაზეც წერდნენ, იმ მასალას სერიოზულად, თითქმის მეცნიერულ დონეზე სწავლობდნენ. აქ არის ბრაზილიის ინდიელთა ტომების ისეთი ცოდნა და მათი წეს-ჩვეულებების ისეთი სიღრმისეული ანალიზია მოცემული, რაც ბევრ სამეცნიერო ნაშრომში არ არის, ალბათ. და ამიტომ ამ მხრივაც კი მკითხველს ტყუილად არ დააკარგვინებს დროს, უამრავ რამეს მისცემს, თუნდაც როგორც ეთნოგრაფიულ მასალას.
მთარგმნელისთვის განსაკუთრებულად ძნელი იყო ამის თარგმნა. არის წიგნები, სადაც ენის ცოდნა მარტო არ გყოფნის და უნდა იცოდე გარკვეული მეტაენა, სამეცნიერო ენაც და ტერმინოლოგიაც. და, რაც მთავარია, ეს ყველაფერი ქართულად თავის ადგილას უნდა იყოს...გიორგი ლობჟანიძე
იმ სივრცეს, რომელსაც ჯონ აპდაიკი აღწერს, იგი ბუნებრივად მიჰყავს "მაგიურ რეალიზმამდეც". ლათინოამერიკული ლიტერატურის ამ ფენომენის გამოყენებით იგი რომანის კონცეფციას გამოკვეთს. იზაბელი თმობს თავის კანის ფერს, რათა ტრისტაო მონობისაგან და მუდმივი დისკრიმინაციისაგან იხსნას. თეთრი ფიგურა შავი ხდება, შავი კი -თეთრი. ამ ფერისცვალებით აპდაიკი თანამედროვე სამყაროს ირონიულ მეტაფორულ სურათს დებს. გარეგნული გარსის შეცვლა ტრისტაოსადმი დამოკიდებულებას, მართლაც, კარდინალურად ცვლის, საზოგადოება მას იღებს, თუმცა აქ საყურადღებოა ის, რომ მიუხედავად საკუთარი კანის ფერის დათმობისა, არსებული მყარი კავშირებისა და გამოცდილებების გამოისობით იზაბელი არ კარგავს სოციალურ სტატუსს, ბევრისთვის იგი მაინც იმავე იზაბელად რჩება.
80-იანი წლების დასაწყისში თემურ ჩხეიძემ მარჯანიშვილის თეატრში "ოტელო" დადგა, სადაც მან სცენაზე თეთრი ოტელო გამოიყვანა. რაღაცნაირად ეს სპექტაკლიც გამახსენა მე ამ რომანმა, თუმცა კი კონტექსტი იქ უფრო სწორხაზოვანი და მარტივი იყო. თემურ ჩხეტიანს მაიკლ ჯექსონი გაახსენა რომანის ამ მაგიამ, ჯიმშერ რეხვიაშვილმა დასძინა, მეგონა, ბოლოს სქესებსაც გაცვლიდნენო. ერთი სიტყვით, ის ჯადოქრობები, რასაც აპდაიკი ამ რომანში სჩადის, ფიქრისა და ინტერპრეტირების ულევ საშუალებას იძლევა. მეორეა ის ჯადოქრობა, რაც ზაზა ჭილაძემ ჩაიდინა ამ ტექსტის თარგმნისას და არ შეიძლება, რომ ეს არ აღვნიშნოთ. მოვუსმინოთ კვლავ გიორგი ლობჟანიძეს.
გიორგი ლობჟანიძე: მთარგმნელისთვის განსაკუთრებულად ძნელი იყო ამის თარგმნა. არის წიგნები, სადაც ენის ცოდნა მარტო არ გყოფნის და უნდა იცოდე გარკვეული მეტაენა, სამეცნიერო ენაც და ტერმინოლოგიაც. და, რაც მთავარია, ეს ყველაფერი ქართულად თავის ადგილას უნდა იყოს. შეიძლება მოულოდნელი არ ყოფილა, იმიტომ, რომ ზაზა ჭილაძე უკვე ძალიან ცნობილი მთარგმნელია და თან აღიარებულიც, მაგრამ ეს ის შემთხვევაა, როდესაც მთარგმნელი საკუთარ თავსაც აჯობებს. ძალიან ფაქიზად გაკეთებული წიგნია. აქ იგულისხმება ყველაფერი, დაწყებული ლიტერატურული სტილისტიკით, დამთავრებული იმით, რიტმის რეგულაციის საკითხები როგორ არის პირწმინდად, ტექნიკურ დონეზე მოგვარებული. ეს ნამდვილი ფოიერვერკია ქართული ენის.