ჟენევაში 24-ე რაუნდი მიმდინარეობს

გაეროს ჟენევის შტაბბინა

ცხინვალის რეგიონში საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მავთულხლართების გავლება ერთ-ერთი უმთავრესი საკითხია, რომლის წამოყენებასაც ქართული მხარე აპირებს 25-26 ივნისს, ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებათა 24-ე რაუნდის ფარგლებში. გაგრძელდება ასევე მსჯელობა თანათავმჯდომარეთა მიერ ინიცირებული ერთობლივი სამშვიდობო განცხადების ირგვლივ. ამ კონტექსტში პრინციპულ აქცენტად რჩება ძალის გამოუყენებლობის ვალდებულების საკითხი.

ბოლო პერიოდის ერთ-ერთ ყველაზე პრობლემურ თემას - ოკუპანტი ძალის მიერ ცხინვალის რეგიონში მავთულხლართების გავლების თემას - ქართული მხარე ”მწვავედ დააყენებს” და ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებათა თანათავმჯდომარეებისგან ამ ფაქტის შეფასებას მოითხოვს. ამ შინაარსის განცხადება ჟენევაში მყოფმა საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელმა, საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ დავით ზალკალიანმა გააკეთა. მანამდე კი, თბილისში 24 ივნისს გამართულ ბრიფინგზე, საკითხის პრიორიტეტულობას ასევე საგანგებოდ გაუსვა ხაზი დავით ჯალაღანიამ. საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე მავთულხლართების თემას ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებთა უსაფრთხოებისა და, ზოგადად, უფლებების დაცვის ჭრილში განიხილავს. მისი თქმით, ამჟამად საქმე გვაქვს ”ძალზედ გართულებულ, გაუარესებულ” მდგომარეობასთან :

”ეს გამოიწვია ამ ბოლო ხანებში საოკუპაციო ძალების მიერ იქ შექმნილმა სიტუაციამ - კერძოდ, ვგულისხმობ საოკუპაციო გამყოფ ხაზზე მავთულხლართებისა და სხვადასხვა წინაღობებისა და ბარიერების აღმართვის საკითხს. რა თქმა უნდა, ამაზე იქნება პრინციპული საუბარი და ქართული მხარე გამოხატავს პროტესტს”.

ექსპერტთა ჯგუფებმა კონსტრუქციულად განიხილა ძალის გამოუყენებლობის თაობაზე ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებათა განცხადების პროექტი. ექსპერტებმა გაცვალეს ხედვები, მოსაზრებები და გამოხატეს თანხმობა შემდეგ რაუნდზე განაგრძონ პროექტზე მუშაობა...
ფილიპ ლეფორი
ვითარებას, რომელიც ქართული მხარის მწვავე პროტესტს იწვევს, თბილისის პროვოკაციად აფასებენ სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ლიდერები. ამასთან, ცხინვალი, სოხუმთან და მოსკოვთან ერთად, კვლავაც დაჟინებით მოითხოვს, რომ საქართველომ ძალის გამოუყენებლობის იურიდიულად დამავალდებულებელი პირობა დადოს. თუკი, მაგალითად, სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტის საგანგებო წარმომადგენლის მურატ ჯიოევის კომენტარებს გადავხედავთ, დაჟინებული მოთხოვნა 24-ე რაუნდზეც იქნება წამოყენებული, თუმცა აშკარაა ისიც, რომ ამ მოთხოვნას ცხინვალი სათავისოდ აღიქვამს. საინფორმაციო სააგენტო ”რესის” მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ჯიოევი აცხადებს, რომ 24-ე რაუნდზე კვლავ გაგრძელდება მუშაობა საქართველოს მხრიდან ძალის გამოუენებლობის დოკუმენტზე. ამ ფაქტს უარყოფს და ასეთ მიდგომებს კატეგორიულად არ იზიარებს ქართული მხარე. როგორც 23-ე რაუნდის დასრულების შემდეგ უთხრა რადიო თავისუფლებას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ დავით ზალკალიანმა, საქართველოს ცალმხრივად უკვე აღებული აქვს ასეთი სამშვიდობო ვალდებულება და, შესაბამისად, თბილისის პრინციპული პოზიციაა, რომ რუსეთმაც აიღოს მსგავსი ვალდებულება.

24-ე რაუნდზე გაგრძელდება მსჯელობა თანათავმჯდომარეთა მიერ ინიცირებული ერთობლივი სამშვიდობო განცხადების ირგვლივ. ამის შესახებ ნათქვამია თანათავმჯდომარეთა მიერ ჟენევის მოლაპარაკებათა 23-ე რაუნდის შემდეგ მიღებულ პრესკომუნიკეში. ტექსტი 27 მარტს გამართულ პრესკონფერენციაზე მედიას ფილიპ ლეფორმა გააცნო, ევროკავშირის სპეციალურმა წარმომადგენელმა სამხრეთ კავკასიისა და საქართველოში კრიზისის საკითხებში:

”ექსპერტთა ჯგუფებმა კონსტრუქციულად განიხილა ძალის გამოუყენებლობის თაობაზე ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებათა განცხადების პროექტი. ექსპერტებმა გაცვალეს ხედვები, მოსაზრებები და გამოხატეს თანხმობა შემდეგ რაუნდზე განაგრძონ პროექტზე მუშაობა, თანათავმჯდომარეთა ჩასწორებული ვარიანტის საფუძველზე“.

იქნება თუ არა შედეგი, ძალიან ძნელი სათქმელია. ბევრი სხვა ანალიტიკოსის მსგავსად, ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებს ”დაბალეფექტიან” ფორმატად მიიჩნევს კონფლიქტოლოგი გოგი ხუციშვილიც, თუმცა, მიუხედავად ამისა, მისთვის მიუღებელია პროცესის შეჩერება, რადგან ეს კომუნიკაციის შეწყვეტას და, შესაბამისად, უარეს შედეგს მოიტანს.