იზრდება თუ მცირდება ტურიზმი?

ბათუმი

მთავრობის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, საქართველოში შემოსული უცხოელების რაოდენობა, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 2%-ით გაიზარდა. ტურისტული სტატისტიკის გაუმჯობესება განსაკუთრებით აღნიშნეს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა და მთავრობის სხვა წევრებმა. მაგრამ ორპროცენტიან ზრდაში, რომელიც, ძირითადად, ტრანზიტის წყალობით განხორციელდა, საიმედოს ვერაფერს ხედავს ტურისტული ბიზნესის წარმომადგენელთა ნაწილი. გესაუბრებათ კახა მჭედლიძე.

მიმდინარე წლის მანძილზე, უცხოელი სტუმრების რაოდენობის მხრივ აღნიშნული კლების ტენდენცია მაისში ზრდით შეიცვალა და გასული წლის მაისთან შედარებით ვიზიტორების რიცხვმა თითქმის 15%-ით იმატა. ჟურნალისტებთან საუბრისას პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ყურადღება სწორედ ამ 15%-ზე გაამახვილა და ერთი თვის მაჩვენებელს წლიური ზრდა უწოდა.

„ტურიზმის მიმართულებით ჩვენ გვაქვს 14%-იანი, 15%-იანი ზრდა, ტურისტების რაოდენობა არის გაზრდილი 15%-ით, გასულ წელთან შედარებით. ასე რომ, ეს არის ძალიან კარგი ნიშანი“.

მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ გარშემო სიტუაცია მნიშვნელოვნად არ გაუმჯობესებულა, ჩვენი პროაქტიული მუშაობის შედეგად, შესაძლებელი გახდა 15%-იანი ზრდა ვიზიტორების...
გიორგი კვირიკაშვილი

პრემიერ-მინისტრის მიერ აღნიშნული სტატისტიკა მთავრობის „პროაქტიული“ პოლიტიკის შედეგად გამოაცხადა ვიცე-პრემიერმა და ეკონომიკის მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა.

„მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ გარშემო სიტუაცია მნიშვნელოვნად არ გაუმჯობესებულა, ჩვენი პროაქტიული მუშაობის შედეგად, შესაძლებელი გახდა 15%-იანი ზრდა ვიზიტორების. ამის გარდა, 24 საათზე მეტი დროით დამრჩენთა რიცხვმა 5%-ით მოიმატა, რაც ასევე, ძალიან კარგი მაჩვენებელია. ეს ნიშნავს უფრო მეტ დახარჯულ ფულს საქართველოში“.

ვიცე-პრემიერმა და ეკონომიკის მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა, რომლის სამინისტროსაც ექვემდებარება ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, დაიწყო სარეკლამო კამპანია ევროპისა და ამერიკის ტელეარხებზე.


ამ სატელევიზიო კლიპის გავრცელებისთვის, რომელიც საქართველოს ტურისტულ მიმზიდველობას წარმოაჩენს, ქვეყნის ბიუჯეტიდან რამდენიმე მილიონი ლარი დაიხარჯა. მსგავსი აქტივობების გამო, სამი წლის წინ დღევანდელი მმართველი პოლიტიკური ძალა მიხეილ სააკაშვილის მთავრობას აკრიტიკებდა და „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ სატელევიზიო სარეკლამო კამპანია შეწყდა. ახალი ხელისუფლების პოზიცია ჯერ კიდევ ორი წლის წინ მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა ჩამოაყალიბა:

ვფიქრობ, რომ არც ერთ ქვეყანაში არ უნდა იყოს კითხვის ქვეშ დასმული, პოლიტიკური და პირადი დამოკიდებულებების გამო, და მე ვფიქრობ, ეს სფერო დაზარალდა ამიტომ...
მაია სიდამონიძე

„მე აკვიატებას დავარქმევდი სიტყვას, რაც გააჩნდა წინა ხელისუფლებას, მისი მეთაურობით, რომ ტურიზმი გადაარჩენს საქართველოს და ტურიზმი... ტურიზმი იქნება ერთ-ერთი მიმართულება ბიზნესის. სეიშელებზე ყველაზე კარგი ადგილია ტურისტულად, მთელი გერმანია იქ ჩადის, ძალიან საინტერესო კუნძულებია, მაგრამ ძალიან ღარიბად ცხოვრობენ. მარტო ტურიზმი ქვეყანას ვერ შეინახავს“.

საქართველოს ტურიზმში არსებული პრობლემები ამ დამოკიდებულების შედეგად მიაჩნია ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ყოფილ ხელმძღვანელს, ახლა კი ტურისტული კომპანია „პროტრეველის“ დამფუძნებელ მაია სიდამონიძეს.

„ვფიქრობ, რომ არც ერთ ქვეყანაში არ უნდა იყოს კითხვის ქვეშ დასმული, პოლიტიკური და პირადი დამოკიდებულებების გამო, და მე ვფიქრობ, ეს სფერო დაზარალდა ამიტომ. ამიტომ არ არსებობს არანაირი სახელმწიფო პოლიტიკა, ამიტომ არავინ რეალურად არ ფიქრობს მიხედოს ამ სფეროს“.

მაია სიდამონიძე

მაია სიდამონიძე, ისევე როგორც ტურისტული სფეროს სხვა ბევრი წარმომადგენელი,ეჭვქვეშ აყენებს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილისა და ეკონომიკის მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის ოპტიმისტურ განცხადებებს. მათი აზრით, შესადარ პერიოდად აღებულია თითქმის ყველაზე ცუდი ტურისტული წელი და 15%-იანი ზრდა მხოლოდ ერთი თვის მაჩვენებელია და არა გასული ხუთი თვისა. მაია სიდამონიძის კომენტარი:

„ამ ბოლოდროინდელი განცხადებები, რაც სტატისტიკურ მონაცემებზე ჟღერდება, ეს არის ცრუ. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის საიტზე რომ შევიდეთ, ვნახავთ, რომ იანვრიდან მაისის ჩათვლით ტურისტების რაოდენობა, რომელიც 24 საათზე მეტხანს ჩერდებიან, არის შემცირებული“.

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ვებსაიტზე გამოქვეყნებული სტატისტიკის მიხედვით, 2015 წლის ხუთი თვის მანძილზე საქართველოს 1 მილიონ 830 ათასზე ოდნავ მეტი საერთაშორისო ვიზიტორი ეწვია და ზრდამ, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, მხოლოდ 2% შეადგინა.

აქედან ტრანზიტული ვიზიტორების ოდენობა, რომლებიც საქართველოში 24 საათზე ნაკლები დროით იმყოფებოდნენ, 22%-ით გაიზარდა, ხოლო მათი რიცხვი, ვინც ქვეყანაში 24 საათი და მეტი დაჰყო, 3% -ით ნაკლებია, ვიდრე გასულ წელს იყო. ასევე 1.3%-ით შემცირდა სხვა სახის ვიზიტორთა რაოდენობაც.