საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტროს სტატისტიკას ეფუძნება, 2015 წლის პირველი 3 თვის მანძილზე საქართველოში შემოსული უცხოელების რაოდენობა 2.4 პროცენტით შემცირდა. ვარდნის მიზეზად საქართველოს მთავრობის მიერ გამკაცრებული სავიზო პოლიტიკა და არასაკმარისი ტურისტული აქტივობები სახელდება. რატომ მცირდება საქართველოს უცხოელი სტუმრების რაოდენობა?
მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს მთავრობა თავს იწონებს იანვარ-თებერვლის ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლით, ქვეყნის ეკონომიკის პრიორიტეტული მიმართულებების ნაწილს პრობლემები აქვს. მიმდინარე წლის პირველ კვარტალში ღვინის ექსპორტის შემცირებასთან ერთად მცირდება ტურიზმიც. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ოფიციალურ ვებსაიტზე გამოქვეყნებული სტატისტიკის მიხედვით, 2015 წლის პირველ სამ თვეში საქართველოში 24 ათასი ვიზიტორით ნაკლები შემოვიდა, ვიდრე შარშან.
ვიზიტორთა რაოდენობა შემცირდა თურქეთიდან - 10 პროცენტით, რუსეთიდან - 4 პროცენტით, უკრაინიდან - 12 პროცენტით და სხვა ქვეყნებიდან - 8 პროცენტით. ვიზიტორების რაოდენობა გაიზარდა მხოლოდ აზერბაიჯანიდან (6 პროცენტით) და სომხეთიდან (ერთ პროცნტზე ოდნავ მეტით).
რეგიონში მიმდინარე პროცესების უარყოფითი გავლენის თავიდან ასაცილებლად ტურიზმის ექსპერტები მთავრობას ახალი ბაზრების მოძიებას ურჩევენ. ბაზრების დივერსიფიკაციის აუცილებლობაზე ლაპარაკობს ტურისტული ბიზნესის წარმომადგენელი მაია სიდამონიძე:
”საქართველო ტურიზმის კუთხით დამოკიდებულია ამ ქვეყნებზე. ეს რეგიონი, გარკვეულწილად, არასტაბილურია და, გარკვეული კრიზისის შემთხვევაში, საქართველოს ეკონომიკა სერიოზული პრობლემის წინაშე დგება, თუ ამ ქვეყნებიდან დააკლდება ვიზიტორების რაოდენობა. აქედან გამომდინარე, აუცილებელია, რომ ის ბაზრები, სადაც არის პოტენციალი, რომ საქართველომ მოიზიდოს ვიზიტორები, უნდა ახორციელებდეს ახალ პი-არ მარკეტინგულ კამპანიას და მუშაობდეს, რომ ხდებოდეს მიზნობრივი ბაზრების დივერსიფიკაცია”.
რეგიონის არასტაბილური ბაზრიდან თავის დაღწევის ნაცვლად, ახალმა სავიზო პოლიტიკამ გარე ბაზრებისთვის საქართველოს ტურისტული ხელმისაწვდომობა შეამცირა. შესაბამისად, ჩინეთიდან, ერაყიდან, ირანიდან და აზიის სხვა ქვეყნებიდან ტურისტულმა ნაკადმა სწრაფად იკლო. ამის გამო მთავრობის სავიზო პოლიტიკას აკრიტიკებს კომპანია „გუდაური ჰელისკის“ ხელმძღვანელი, ტურიზმის ექსპერტი ვახტანგ ასათაშვილი:
„იმთავითვე დაიწყეს თუ არა ლაპარაკი, რომ სავიზო პოლიტიკა უნდა გართულებულიყო, მაშინვე ვთქვით, რომ არის რიგი რეგიონები, რომლებიც არის პრიორიტეტული - ეს არის აზიის ქვეყნები და ძალიან გთხოვთ, აზიის ქვეყნებს თავიდანვე მიხედეთ. ეს იყო იგნორირებული“.
ვახტანგ ასათაშვილმა ეს განცხადება რადიო თავისუფლებისთვის მიცემულ ინტერვიუში ორიოდე თვის წინ გააკეთა. მას შემდეგ ელექტრონული ვიზების ვებსაიტი ამუშავდა. გუდაურში კი, საქართველოს მთავარ ზამთრის კურორტზე, ხელოვნური გათოვლიანების სისტემამ სათხილამურო სეზონი რამდენიმე თვით გაახანგრძლივა. ამან გარკვეული ოპტიმიზმის საფუძველი მისცა ტურისტული სფეროს წარმომადგენლებს. ერთი თვის წინ მთის კურორტების განვითარების კომპანიის ხელმძღვანელმა ალექსანდრე ონოფრიშვილმა ჩატარებული სამუშაოების პრეზენტაცია გამართა და განაცხადა, რომ წლევანდელ სეზონზე გუდაურში ვიზიტორების რაოდენობა 40 პროცენტით გაიზარდა:
„2014-2015 წელს გვაქვს რეკორდული მაჩვენებლები ვიზიტორების. აღმასვლაა, ვიზიტორების დაახლოებით 40-პროცენტიანი მატებაა კურორტზე“.
ზამთრის კურორტების გაზრდილი სტატისტიკის მიუხედავად, ტურისტების საერთო რაოდენობა, წინა წლის ანალგოგიურ პერიოდთან შედარებით, მაინც ნაკლები აღმოჩნდა.
რუსეთი და უკრაინა არის მეოთხე და მეხუთე ადგილზე იმ მეზობელი ქვეყნების რიგში, საიდანაც ყველაზე მეტი ვიზიტორი შემოდის საქართველოში. ამიტომ ამ ქვეყნებში განვითარებულმა მოვლენებმა ძალიან დიდი როლი ითამაშა ტურისტების რაოდენობის შედარებით კლებაში...გიორგი ჩოგოვაძე
საქმეს ვერც ის შველის, რომ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ბიუჯეტი წლითიწლობით იზრდება. ტურიზმის ექსპერტ ვახტანგ ასათაშვილის თქმით, წინა წლებში, როდესაც ადინისტრაციის ბიუჯეტი გაცილებით ნაკლები იყო, ტურიზმი უკეთ ვითარდებოდა:
„ყოველწლიური ზრდა გვქონდა დაახლოებით 13-15, ზოგ წელიწადს 20 პროცენტსაც კი აჭარბებდა ზრდა. მივიღეთ რაღაც უკუეფექტი. სახელმწიფომ გაზარდა ტურიზმის ბიუჯეტი, რასაც, ალბათ, უნდა მოჰყოლოდა ტურიზმის სტატისტიკის ზრდაც, მაგრამ მივიღეთ უკუეფექტი“.
საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გიორგი ჩოგოვაძე კი აღნიშნავს, რომ მისი უწყება სხვადასხვა აქტივობებს მიმართავს და ტურისტების ნაკადის შემცირების ძირითად მიზეზად მეზობელ ქვეყნებში მიმდინარე პროცესებს ასახელებს:
„ეს ფაქტორები გახლავთ რუსეთში და უკრაინაში მიმდინარე პოლიტიკური და ეკონომიკური კრიზისი. მოგეხსენებათ, რუსეთი და უკრაინა არის მეოთხე და მეხუთე ადგილზე იმ მეზობელი ქვეყნების რიგში, საიდანაც ყველაზე მეტი ვიზიტორი შემოდის საქართველოში. ამიტომ ამ ქვეყნებში განვითარებულმა მოვლენებმა ძალიან დიდი როლი ითამაშა ტურისტების რაოდენობის შედარებით კლებაში“.
ვარაუდობენ, რომ მიმდინარე წლის მანძილზე დაგეგმილი ღონისძიებები - მათ შორის, „ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი“ - მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს ტურიზმის სტატისტიკას და, შესაბამისად, ამ ბიზნესში დაკავებული უამრავი მოქალაქის შემოსავლებს.