2015 წლის ინვესტიციების დაზუსტებული მაჩვენებელი

სარფი

გუშინ საქართველოს სტატისტიკის სამსახურმა 2015 წლის საგარეო ინვესტიციების დაზუსტებული მაჩვენებელი გამოაქვეყნა. მაჩვენებელი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ გასული წელი ქვეყნისთვის საკმაოდ მძიმე იყო - ამას მოწმობს ლარის კურსის მკვეთრი ვარდნა, რაც ეკონომიკის მდგომარეობის სიმპტომადაც შეიძლება ჩაითვალოს, ამ სიმპტომის გამომწვევი ერთ-ერთი მიზეზი კი სწორედ ინვესტიციების რაოდენობა გახლდათ.

გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2015 წელს 1,564 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 11 %- ით ნაკლებია 2014 წლის შესაბამის მაჩვენებელზე.

Your browser doesn’t support HTML5

2015 წლის ინვესტიციების დაზუსტებული მაჩვენებელი

საქსტატის ცნობით, წინასწარ მონაცემებთან შედარებით, დაზუსტებული მაჩვენებელი 213 მილიონით არის გაზრდილი, თუმცა ამ ზრდამ, როგორც მონაცემები ცხადყოფს, გარდატეხა ვერ მოახდინა ძირითად ტენდენციებში და ინვესტიციების მასშტაბი მაინც არასახარბიელო დარჩა.

სტატისტიკა იმასაც აჩვენებს, რომ ინვესტიციების შემოდინება კვარტალების მიხედვით არათანაბარი იყო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2015 წლის I კვარტალში უცხოელმა ინვესტორებმა 291 მლნ დოლარის ინვესტირება განახორციელეს საქართველოში, II კვარტალში - 462,7 მლნ დოლარის, III კვარტალში - 483,2 მლნ დოლარის , IV კვარტალში - 327 მლნ დოლარის.

ამავე პერიოდში რეინვესტიციის ოდენობამ მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 9 % შეადგინა, 2014 წელს ეს მაჩვენებელი 19 % იყო. აღსანიშნავია ისიც, რომ ინვესტორების განსაკუთრებული დივერსიფიცირება საქართველოში არ მომხდარა. სამი უმსხვილესი ინვესტორი ქვეყნის წილმა მთლიან პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებში, 2015 წლის დაზუსტებული მონაცემების მიხედვით, 70 % შეადგინა. პირველ ადგილზე აზერბაიჯანი იმყოფება (35 %), მეორეზე - გაერთიანებული სამეფო (25 %), ხოლო მესამეზე - ნიდერლანდები (10 %).

გასულ წელს სამი უმსხვილესი სექტორის წილმა 58 პროცენტი შეადგინა, რაც ნიშნავს, რომ ინვესტიციები დივერსიფიცირებულია უფრო მეტად დანიშნულების მიხედვით, ვიდრე წარმოშობის.

ყველაზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია ტრანსპორტსა და კავშირგაბმულობის სფეროში განხორციელდა და 585 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 37 %-ია. მეორე ადგილზეა საფინანსო სექტორი, 179 მლნ. აშშ დოლარით, ხოლო მესამეზე - ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური დახმარება, 140 მლნ. აშშ დოლარით.

საინტერესოა, რამდენად გაგრძელდა ეს ტენდენცია 2016 წელს: 2016 წლის პირველი კვარტალის წინასწარი მონაცემებით, საქართველოში განხორციელდა 376.4 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების პირდაპირი უცხოური ინვესტიცია. განხორციელებული ინვესტიციების მიხედვით, ინვესტორი ქვეყნების პირველი ხუთეული შემდეგნაირად გამოიყურება: აზერბაიჯანი (136.9 მლნ. აშშ დოლარი), თურქეთი (56.5 მლნ. აშშ დოლარი), გაერთიანებული სამეფო (44.2 მლნ. აშშ დოლარი), კორეა (32.1 მლნ. აშშ დოლარი) და ნიდერლანდები (21.5 მლნ. აშშ დოლარი). 2016 წლის პირველი კვარტალის უცხოური ინვესტიციების მოცულობის ფორმირებაში დიდი როლი ითამაშა კორეულმა ინვესტიციამ, ვინაიდან კორეამ წელს პირველად განახორციელა ასეთი დიდი მოცულობის ინვესტიცია საქართველოში.