Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნატოში გაწევრიანების ეკონომიკური ეფექტი


ნატოში გაწევრიანება რომ მხოლოდ პოლიტიკური აქტი არ არის და იგი ქვეყნისთვის საინტერესოა ეკონომიკური თვალსაზრისითაც, საქართველოში ამაზე ჯერ კიდევ გვიწევს განმარტებების კეთება. თუმცა ქვეყნებში, რომლებმაც ეს გზა გაიარეს, ყველაფერზე პასუხს სტატისტიკა იძლევა. კერძოდ, ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის ანგარიშის თანახმად, ნატოში გაწევრიანების დადებითი ეფექტი, რომელიც მოკლე და გრძელვადიან პერიოდში აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში გამოიკვეთა, ასეთი იყო: მშპ გაიზრდა, დაახლოებით, 1.5-ჯერ; პირდაპირი უცხოური ინვესტიციები გაიზარდა, დაახლოებით, 3-ჯერ; უმუშევრობა შემცირდა, დაახლოებით, 3-ჯერ; სიცოცხლის ხანგრძლივობა გაიზარდა საშუალოდ 5 წლით; რეგიონალური ინტეგრაცია - 2004 წლიდან მოყოლებული, სავაჭრო ბრუნვა გაორმაგდა, დაბალანსდა მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი.

2004 წელს ნატოში გაწევრიანების შემდეგ პოსტსაბჭოთა ქვეყნებში, ესტონეთსა და ლატვიაში, მნიშვნელოვნად იმატა ეკონომიკურმა აქტივობამ. 2005 წელს მშპ-ის ზრდის ტემპი ესტონეთში 6.5 % -დან 9.5 % -მდე, ხოლო ლატვიაში 8.7 % -დან 10.6 %-მდე გაიზარდა.

ნატოში გაწევრიანება ხელს უწყობს უცხოური ინვესტიციების ზრდას. მაგალითად, ესტონეთის შემთხვევაში, ნატოში გაწევრიანების შემდეგ უცხოური ინვესტიციები გასამმაგდა და $ 965,8 მილიონიდან $ 3.1 მილიარდამდე გაიზარდა. ანალოგიური ტენდენციები შეინიშნებოდა ალბანეთში, ბულგარეთში, ლატვიასა და ლიტვაში.

დონორი ორგანიზაციების დახმარება დიდი ხანია აღიარებულია როგორც ქვეყანაში სიღარიბის დაძლევისა და მისი გრძელვადიანი ეკონომიკური კეთილდღეობის უზრუნველსაყოფად საჭირო ინსტრუმენტი. საერთაშორისო დაფინანსება ითვალისწინებს ინვესტიციებს ეკონომიკის თითქმის ყველა სექტორში. 2000 წლიდან, ევროატლანტიკური ინტეგრაციის ეფექტი ნათლად ჩანს ნატოს პარტნიორი და ასპირანტი ქვეყნების სტატისტიკური მონაცემების გაანალიზებისას.

ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში ჩართული ქვეყნებისთვის მნიშვნელოვან პრიორიტეტს წარმოადგენდა განათლებული და კვალიფიციური სამუშაო ძალის განვითარება, რაც ნატოსთან დაახლოების პროცესში ქვეყანაში მდგრად და დაბალანსებულ ეკონომიკურ ზრდას უზრუნველყოფს. შესაბამისად, ნატოს ახალ წევრ ქვეყნებს უსაფრთხოების გარანტიების მიღების შედეგად, მიეცათ შესაძლებლობა მოეხდინათ განათლების სექტორის განვითარებისთვის საჭირო ფინანსური რესურსების მობილიზება.

2004-2008 წლებში მნიშვნელოვნად შემცირდა გრძელვადიანი უმუშევრობის დონე, რაც ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში სახელმწიფო პოლიტიკის გაუმჯობესებით აიხსნება, განსაკუთრებული ძალისხმევა იქნა მიმართული ეკონომიკური კეთილდღეობის უზრუნველსაყოფად.

ევროატლანტიკურმა ინტეგრაციამ ხელი შეუწყო სავაჭრო ბრუნვის მნიშვნელოვან ზრდას. ზემოხსენებული ქვეყნების სტატისტიკური მონაცემებით, 2000 წლიდან მოყოლებული მნიშვნელოვნად გაიზარდა სავაჭრო ბრუნვა ამ ქვეყნებსა და ევროპის სხვა და ცენტრალური აზიის ქვეყნებს შორის. ბრუნვაში მცირე ვარდნა შეინიშნებოდა 2008 წლის ეკონომიკური კრიზისის შედეგად, მაგრამ სიტუაცია მალევე დასტაბილურდა და ექსპორტმა და იმპორტმა მშპ-ის, დაახლოებით, 20 %-ს მიაღწია ბულგარეთში, ლიტვასა და სლოვენიაში.

ზოგადად, ექსპერტები ასკვნიან, რომ კარგი მმართველობა და ინსტიტუციური დემოკრატია აძლიერებს "ნატოს ეფექტს", განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ ქვეყანა სრულყოფილად იღებს სარგებელს ნატოში გაწევრიანებამდე მიმდინარე დაახლოების პროცესში.

აღნიშნული გამოცდილება ცხადყოფს, რომ საქართველოსთვის ეკონომიკური მოგება, რომელიც ნატოში გაწევრიანებას შეიძლება ჰქონდეს, ცალსახაა და ეს გამოცდილება პასუხს სცემს ეჭვებს, რომლის დანერგვასაც ცდილობენ საზოგადოებაში ცალკეული პოლიტიკოსები.

XS
SM
MD
LG