იცეკვე

ინკლუზიურ საცეკვაო დასში შვიდი წევრია. დასი 2017 წელს დაარსდა და უკვე რამდენიმე წარმოდგენაში აქვთ მონაწილეობა მიღებული.

34 წლის ქეთი ჯიოევი: „ჩემთვის ცეკვა არის ჩემი ცხოვრება. ცეკვისთვის შემიძლია, ყველაფერი გავაკეთო, ყველანაირი საქმე გადავდო და მოვიდე აქ“.

„რაც ცეკვა დავიწყე, ჩემს ცხოვრებაში ბევრი რამ შეიცვალა. დავუბრუნდი იმ სამყაროს, სადაც ვიყავი მანამ, სანამ ეტლით მოსარგებლე გავხდებოდი და უზომოდ ბედნიერი ვარ“.

„როცა დასში ცეკვა შემომთავაზეს, ჯერ ვიფიქრე, რა უნდა მეკეთებინა ეტლით. ჩემთვის ყველაზე  მნიშვნელოვანი ოჯახის წევრების, ჩემი შვილების აზრი იყო, რადგან მათ ჩადეს თავისი ძალა და მონდომება, რომ მე აქ მოვსულიყავი და ამიტომაც ვიცოდი, მე ეს გამომივიდოდა“.

იაკობ გოგოტიშვილი - 31 წლის მოცეკვავე, ქართული ცეკვის ქორეოგრაფი: „ადრე ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ ეტლით მოსარგებლესთან ერთად მომიწევდა ცეკვა. საინტერესოა. ბევრი ახალი მიგნებაა. ჩემთვის ტექნიკური მხარე უფრო საინტერესოა. თავისუფლად ვერ იცეკვებ და იმოძრავებ, როგორც ტიპური განვითარების მქონე ადამიანთან, აქედან გამომდინარე ახალი ხერხების, მიდგომების ძიება გჭირდება საცეკვაო კომბინაციის მისაღწევად“.

„ადრე, როდესაც ქუჩაში ეტლით მოსარგებლეს ვხედავდი, თითქოს ამაღელვებელი, ემოციური მომენტი მქონდა, რომ მას რაღაც არ შეუძლია - ვერ აკეთებს. თუმცა დასში მუშაობის შემდეგ მივხვდი, რომ საერთოდ აღარ ვაქცევ ყურადღებას, რომ ვინმეს შეზღუდული შესაძლებლობა აქვს და „რაღაცას ვერ იზამს“.

„კარგი გუნდი შევიკარით. არ ვიცი, რაზეა დამოკიდებული. ჩემი აზრით, მთავარია ღირებულებები, რომლებსაც ეყრდნობი. ეს ადამიანური ღირებულება ყველას ერთნაირი აქვს. შესაბამისად, ჩვენ შორის არ არსებობს არანაირი ზღვარი, მით უმეტეს, რაც გარეგნულ ფაქტორებს ეხება“.

34 წლის სალომე გოგიშვილი: „როდესაც დასში მოვედი, ცხოვრებაში ძალიან მძიმე ეტაპი მედგა. ძალიან ბევრი კომპლექსი მქონდა - საკუთარი გარეგნობის, სხეულის. ეს მოძრაობები, ცეკვა დამეხმარა, გამოვსულიყავი ამ მდგომარეობიდან“.

„ვერ გეტყვი, რომ კომპლექსებისგან ბოლომდე გავთავისუფლდი-მეთქი. მაინც არის რაღაცები დარჩენილი, რაც მაკომპლექსებს, მაგრამ ადრე ქუჩაში საერთოდ ვერ გამოვდიოდი თუ [ხელზე] რაღაცას არ მოვიხვევდი. როცა ცეკვავ, როცა ხალხის წინაშე გამოდიხარ და იქ ჩანს შენი ხელი, უკვე აღარ აქვს მნიშვნელობა, ქუჩაში ვინ როგორ შემოგხედავს“.

„პროფესიონალებთან ცეკვა ჩემთვის ძალიან დიდი გამოცდილებაა, იმიტომ რომ ძალიან ბევრ რამეს ვსწავლობ მათგან. რა თქმა უნდა, რთულია, როცა არასდროს გიცეკვია და რაღაც უნდა გააკეთო. დიდი პასუხისმგებლობაც არის, მაგრამ რაღაცნაირად ვართმევთ ამ ყველაფერს თავს, ერთობლივად. ერთმანეთს ვეხმარებით“.

ნენე კლდიაშვილი - 25 წლის მოცეკვავე: "არა აქვს მნიშვნელობა, დასში შშმ ადამიანები იქნებიან თუ არა. ჩემთვის ყველაფერი გამოცდილებაა".

„როდესაც დასში ცეკვა შემომთავაზეს, მათზე საერთოდ არაფერი ვიცოდი და უბრალოდ დავინტერესდი, რას აკეთებდნენ, ან როგორ შეეძლოთ ცეკვა. როცა ვნახე, გაკვირვებული დავრჩი. მიუხედავად იმისა, რომ პროფესიონალი მოცეკვავეები არ არიან, მათი მიმიკები და ხასიათი, მოძრაობა ისეთია, რომ ცეკვას ძალიან საინტერესოს ხდის“.

„ორი თვის განმავლობაში დასში მუშაობისას ყველანაირი კომპლექსი მომეხსნა, რაც კი მქონდა“.

ირმა ზვერიაშვილი - 33 წლის საბანკო საქმის სპეციალისტი: „ჩემთვის ცეკვა არის თავისუფლების შეგრძნება, ენერგიის მოზღვავება; ემოცია, რომელიც ჩაკეტილი გაქვს და მას გარეთ უშვებ, ისე რომ სხვამაც გაიგოს და დაინახოს. სითამამის და დადებითი მუხტის მომტანია“.

„ხალხის წინაშე გამოსვლა ჩემთვის ადრენალინია. მთელი დღის რეპეტიციის და ერთკვირიანი გადაღლის მერეც კი შემიძლია ვიცეკვო. სტიმულია, როდესაც ქუჩაში გცნობენ და თბილად გესალმებიან და მოსწონთ, რასაც აკეთებ“.

"როდესაც დასში ცეკვა შემომთავაზეს, ცოტა გამეცინა კიდეც, მაგრამ ვცადე ინტერესის გამო. ქეთისთან [დასის ხელმძღვანელთან] მეგობარმა მიმიყვანა და გავოცდი, როცა აღმოვაჩინე, რომ ეტლის მოძრაობა, რომელსაც ყოველდღე ვიყენებთ, შეიძლებოდა, საცეკვაო ნომერში ლამაზი ყოფილიყო".

19 წლის სალომე გულიაშვილი: „თავიდან, როცა მოვდიოდი, მეგონა გამიჭირდებოდა, მაგრამ როდესაც მოვედი, ისეთი სიტუაცია დამხვდა, ადამიანებისგან ისეთი სტიმული მოდიოდა, რომ ძალიან ადვილად შევეჩვიე მათთან მუშაობას, მათთან ყოფნას“.

„ძალიან დიდი გამოცდილებაა ინკლუზიურ დასში ცეკვა. სულ სხვა ხასიათია, სხვა იმპულსი მოდის სხეულში, ფანტაზიას გიხსნის, ინსპირაციის წყაროს გაძლევს. ვცდილობთ, ილეთები ისე შევუსაბამოთ ერთმანეთს, რომ არ გაგვიჭირდეს. ცოტა რთული პროცესია, მაგრამ მაინც ვახერხებთ, რომ გამოგვივიდეს“.

ქეთი ზაზანაშვილი - 30 წლის, ინკლუზიური საცეკვაო დასის ხელმძღვანელი: „თუ აქ ადამიანი შემოვიდა, აქ არ არსებობს მისი შეზღუდული შესაძლებლობა. რა თქმა უნდა, ვითვალისწინებ ჯანმრთელობის მდგომარეობას, თუმცა მუშაობას ყველასგან თანაბრად ვითხოვ“.

„სფერომ. როცა ჩვეულებრივ ანსამბლში ცეკვავ, გგონია ყველა ფორმა უკვე მოძებნილია, თითქოს ახალი რა უნდა მოფიქრო როცა თანამედროვე ბალეტს ცეკვავ. თუმცა როცა შემოდის ადამიანი ეტლით, ან ხელის გარეშე, უფრო მეტი ფორმის შექმნის საშუალება მაქვს და ჩემი ფანტაზია უკეთ მუშაობს.“

„მთავარი ისაა, რომ ვცდილობთ, მაქსიმალურად ხარისხიანი პროდუქტი შევქმნათ და ეს არ იყოს, რასაც ძირითადად აკეთებენ საქართველოში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანებთან, „შეცოდებაზე დამყარებული პროდუქტი“. ჩვენ გვინდა, ამ დასის სახელი საზღვარგარეთ გავიდეს. რა თქმა უნდა, ძალიან მაგარია, როდესაც ადამიანი შენთან მოდის და გეუბნება, რომ მისი ცხოვრება შეცვალე, მაგრამ, რა თქმა უნდა, ამით არ უნდა დამთავრდეს“.