ზარიფი: ირანის შესახებ მოლაპარაკებებში პროგრესია, მაგრამ შეთანხმება ჯერ არ არის მიღწეული

მუჰამად ზარიფი

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის მუჰამად ზარიფის თანახმად, „მნიშვნელოვანი პროგრესი“ აღინიშნა, თუმცა „საბოლოო შედეგი ჯერ არ არის მიღწეული“ მოლაპარაკებებზე, რომელთა მიზანია თეირანის ბირთვული პროგრამის შესახებ შეთანხმების მიღწევა.

ზარიფი ამ განცხადებით გამოვიდა 2 აპრილს, იმ ფონზე, როცა ექვსი წამყვანი ქვეყნისა და ირანის მაღალი რანგის დიპლომატები მოლაპარაკებას განაგრძობენ, მიუხედავად იმისა, რომ შეთანხმების ჩარჩოს მიღწევა ვერ მოხერხდა დათქმულ ვადაში, 31 მარტამდე.

„მნიშვნელოვან პროგრესს მივაღწიეთ, მრავალი საკითხი განვიხილეთ და, ზოგადად, დადებით ვითარებაში ვიმყოფებით, მაგრამ კვლავაც რჩება საკითხები, რომლებიც განხილვას საჭიროებს. ეს პროცესი როცა დასრულდება, შევძლებთ შემდეგი ვადის დაკმაყოფილებაზე მუშაობას“, - განაცხადა ზარიფმა.

მოლაპარაკებები მიზნად ისახავს ირანის ბირთვული პროგრამის შეზღუდვას, ეკონომიკური სანქციების მოხსნის სანაცვლოდ.

დასავლეთის ქვეყნების სურვილია ირანმა ვერ შეძლოს ატომური ბომბის შექმნა, თეირანი კი ესწრაფვის მისი ეკონომიკისთვის გაეროს, აშშ-ისა და ევროკავშირის მიერ დაწესებული მტკივნეული სანქციების გაუქმებას. საბოლოო შეთანხმება 30 ივნისამდე უნდა გაფორმდეს.

ირანისა და აშშ-ის, რუსეთის, ჩინეთის, ბრიტანეთის, საფრანგეთისა და გერმანიის დიპლომატებმა რამდენიმე შეხვედრა გამართეს 2 აპრილს, დილით.

ვინც პროცესს თვალს ადევნებს, მათ გასაგონად ვწერ, ახლა ლოზანაში დილის 6 საათია. ნამდვილად მთელი ღამე გაგრძელდა მოლაპარაკებაო, - ასეთი შინაარსის შეტყობინება გაავრცელა ტვიტერით სახელმწიფო დეპარტამენტის პრესმდივანმა მარი ჰარფმა.

ხუთ საათში მან კიდევ ერთი მესიჯი დაწერა - აუდიტორიას შეატყობინა, ჯონ კერიმ და მოლაპარაკების სხვა მონაწილეებმა „მუშაობა განაახლესო“.

დაწესებული ვადის გასვლის შემდეგ ლოზანაში დარჩა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი. როგორც იუწყებიან, ის აპირებს გადადოს ბალტიისპირეთში დანიშნული ვიზიტი, რათა მოლაპარაკებაში მონაწილეობა გააგრძელოს.

საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ლორან ფაბიუსი 1 აპრილს გვიან საღამოს დაბრუნდა მოლაპარაკებებზე. წინა დღეს ის პარიზში დაბრუნდა, რადგან მოლაპარაკებაზე წინსვლა ძალიან ნელი ტემპით აღინიშნებოდა.

„ფინიშის ხაზამდე რამდენიმე მეტრი გვაკლია, მაგრამ, როგორც ყოველთვის, სწორედ ეს ბოლო მეტრებია ყველაზე რთული. შევეცდებით ისინი გადავკვეთოთო“, - განაცხადა ფაბიუსმა შვეიცარიის ქალაქში დაბრუნების შემდეგ.

თეთრი სახლის პრესმდივანმა ჯოშ ერნესტმა ვაშინგტონში ჟურნალისტებს უთხრა, მოვიდა დრო, როცა ირანმა რთული გადაწყვეტილებები უნდა მიიღოსო.

თუმცა ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი ჯავად ზარიფი აცხადებს, რომ დათმობაზე მეორე მხარე უნდა წავიდეს და არა თეირანი.

„პროგრესი და მოლაპარაკებების წარმატება მეორე მხარის პოლიტიკურ ნებაზეა დამოკიდებულიო“, განაცხადა ზარიფმა 1 აპრილს და დასძინა, ამ საკითხთან მიმართებით მათ ყოველთვის პრობლემური დამოკიდებულება ჰქონდათო.

მოლაპარაკებების მთავარ თემებს შორისაა ისეთი საკითხები, როგორიცაა: ურანის გამდიდრების დონე, რომლის უფლებაც ირანს მიეცემა; სად უნდა შეინახონ გამდიდრებული ურანის მარაგი; ირანის ბირთვული კვლევებისა და განვითარების შეზღუდვა და სანქციების მოხსნის ვადები და პირობები.

გაეროს უშიშროების საბჭოს ხუთ მუდმივ წევრსა და გერმანიას სურთ ირანს ბირთვული პროგრამა შეეზღუდოს ზომებით, რომლებიც შემოწმებას დაექვემდებარება და თეირანს არ მისცემს ატომური იარაღის შექმნის საშუალებას.

ირანი აცხადებს, რომ მისი ბირთვული პროგრამა მხოლოდ მშვიდობიან მიზნებს ემსახურება - ძირითადად, ენერგიის წარმოებას. ირანს სურს სწრაფად მოიხსნას აშშ-ის, ევროკავშირისა და გაეროს მიერ დაწესებული სანქციები.

ირანის ბირთვული პროგრამის გარშემო ორ ათწლეულზე მეტხანს არსებული დაძაბულობის შემდეგ მასშტაბური შეთანხმების მიღწევა გააძლიერებს ირანსა და აშშ-ის დაახლოების შესაძლებლობას. ორი ქვეყნის ურთიერთობა რთული და დაძაბული რჩება ირანში 1979 წელს მომხდარი ისლამური რევოლუციის შემდეგ.

მაგრამ ამ შეთანხმებას დიდი სკეპტიციზმით ეკიდებიან კონსერვატორები როგორც აშშ-ში, ისე ირანში. შეთანხმებას ეჭვით უყურებენ აშშ-ის მოკავშირე ქვეყნებიც - ისრაელი და საუდის არაბეთი.