imovies.cc-სა და adjaranet.com-თან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო

საილუსტრაციო ფოტო

imovies.cc და adjaranet.com ისევ გაითიშა. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ამ საიტების საქმიანობის გამოძიება დაიწყო.

საავტორო უფლებების დარღვევისთვის imovies.cc და adjaranet.com პირველად დაახლოებით ერთი წლის წინ, 2022 წლის აგვისტოში გაითიშა. ორივე საიტი წლებია, ფილმებს მეკობრულად ავრცელებს. ამ ორ საიტს ქართულ ინტერნეტში ფილმების ყველაზე დიდი რესურსი ჰქონდა. მხოლოდ imovies.cc-ზე განთავსებულია 35 ათასზე მეტი ფილმი, 10 ათასზე მეტი სერიალი და 3 ათასამდე მულტიპლიკაციური ფილმი.

ასევე ნახეთ ცხოვრება imovies-სა და adjaranet-ის შემდეგ

საიტები ორიოდე თვე მართლაც გათიშული იყო, მაგრამ შემდეგ სოციალურ ქსელში გამოჩნდა ინსტრუქციები, თუ როგორ შეიძლებოდა აკრძალვისთვის გვერდი ავლა. თანდათანობით imovies.cc და adjaranet.com ისევ თითქმის ყველგან გახდა ხელმისაწვდომი.

ივნისში კომუნიკაციების კომისიამ გამოიკვლია, რომ კომპანია, რომელიც ავრცელებს ვებგვერდებს (adjaranet.to, adjaranet.com და imovies.cc), ინტერნეტს შპს „ქლაუდ ცხრისგან“ იღებს.

კომუნიკაციების კომისიამ გააფრთხილა „ქლაუდ ცხრა” და პრობლემის მოსაგვარებლად გარკვეული ვადა განუსაზღვრა. მოგვიანებით კომისიამ არალეგალური ვებგვერდები კვლავ შეამოწმა და აღმოაჩინა, რომ adjaranet.to, adjaranet.com და imovies.cc ფუნქციონირებას აგრძელებდნენ, რის გამოც „ქლაუდ ცხრამ“ ოქტომბერში უკვე წერილობითი განცხადება მიიღო.

ამჯერად adjaranet.com და imovies.cc ისევ გათიშულია. საქართველოს ანტიმეკობრული ცენტრის ხელმძღვანელი ზურაბ ბეჟაშვილი „ბიზნეს ფორმულასთან“ აცხადებს, რომ ფინანსური პოლიციის მხრიდან ჩატარებული ღონისძიებების შედეგად, ამოღებულია სერვერები, სადაც მეკობრული გვერდები ფაილებს ათავსებდნენ.

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა რადიო თავისუფლებას დაუდასტურა, რომ საიტებთან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს.