Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ცხოვრება imovies-სა და adjaranet-ის შემდეგ


საიტი რეკონსტრუქციის პროცესშია“ - ასეთი წარწერები გაჩნდა საიტებზე: imovies.cc, adjaranet.com. ფილმების ორი ყველაზე პოპულარული ქართული საიტი გათიშულია და არც ის არის ცნობილი, განაახლებს თუ არა მუშაობას.

საიტების გათიშვას მათი მფლობელების განმარტებები არ მოჰყოლია. არც რაიმე საჯარო განცხადების გავრცელების მოლოდინი არსებობს. კინომიმომხილველი ია ვეკუა ამბობს, რომ, დიდი ვარაუდით, ეს რესურსები, რომლებიც მეკობრული გზით მოპოვებულ კონტენტს იყენებდა, ბაზარზე ფილმების ლეგალური საიტის CAVEA.PLUS-ის შემოსვლის გამო შეჩერდა. CAVEA.PLUS-ი ინტერნეტში ახლახან ჩაეშვა.

„რეკონსტრუქცია აწერია, მაგრამ ვფიქრობ, დახურულია ეს მეკობრული საიტები. ამას ევროკავშირის რეგულაციებიც მოითხოვდა. საქართველო ერთ-ერთ ყველაზე მეკობრულ ქვეყნად არის მიჩნეული, რაც, რა თქმა უნდა, ჩვენზე კარგად არ მეტყველებს. რამდენიმე დღის წინ ჩაეშვა CAVEA.PLUS. ჩემი აზრით, ამას უკავშირდება ამ საიტების შეჩერებაც“, - ამბობს ია ვეკუა.

CAVEA.PLUS-ის დირექტორი სალომე კუპრაშვილი აცხადებს, რომ მათი საიტი პირველი ლეგალური ონლაინკინოთეატრია ქვეყანაში. საიტზე 3 ათასამდე ფილმია. ღირებულება თვეში 9 ლარი, თუმცა, ერთი „ექაუნთის“ და, შესაბამისად, ხარჯის განაწილება 5 ადამიანს შეუძლია.

ფილმები ორიგინალ ენაზეა და ჩვენი მიზანია, რომ რაც შეიძლება მალე გვქონდეს ქართულად. კინოთეატრებში რაც გადიოდა, ის ბაზა გავაერთიანეთ, ლეგალური მედიებისგან ხმების მასალა მივიღეთ. უფრო დუბლირებას ვფიქრობთ, საავტორო კინოს შემთხვევაში კი, სადაც ტიტრებზე იქნება მოთხოვნა, ტიტრებს გავაკეთებთ. პლატფორმა მუდმივად განახლდება. HBO- ძალიან ბევრი დოკუმენტური ფილმი და სერიალი აქვს და ამ მიმართულებით მათი ნაწარმი გვაქვს“, - ამბობს სალომე კუპრაშვილი.

Imovies.cc და adjaranet.com უკვე წლებია ონლაინკინოთეატრების ქართული ბაზრის უპირობო ლიდერები იყვნენ. აქ ფილმები თითქმის გამოსვლისთანავე იდებოდა. იმ შემთხვევაში კი, თუ ფილმი კინოჩვენებაში იყო, აფიშიდან მოხსნის შემდეგ. ფილმები ძირითადად იყო ინგლისურად ან რუსულად, მოგვიანებით ნაწილს ქართულად თარგმნიდნენ, განსაკუთრებით იმათ, რომელთა გახმოვანებასაც მომხმარებლები მოითხოვდნენ. შესაბამისად, თარგმნასა და გახმოვანებაზე, ასევე საიტების ადმინისტრირებისთვის ათობით ადამიანი იყო დასაქმებული.

Imovies დააბრუნეთ!“ - წერს ერთ-ერთი მომხმარებელი ფეისბუკზე.

„ჯობია დააბრუნონ, თორემ მიაწყდა ხალხი რუსულ საიტებს“, - იცინის მეორე.

„რაღა კინოს რეგულაციებით დაიწყეთ ევროკავშირში შესვლა? ჯერ ბანკების და აფთიაქების რეგულირება გეცადათ“.

სოფო ერთ-ერთი მათგანია, ვინც ფილმებს დღემდე imovies.cc-სა და adjaranet.com-ზე უყურებდა და ამით უკმაყოფილო სულაც არ იყო.

მაგრამ არც ახლა შემექმნება დიდი დისკომფორტი. ზუსტად ვიცი, რომ სხვა რამით ჩანაცვლდება, ჩრდილოეთ კორეა ხომ არ არის, საერთოდ მოისპოს. უბრალოდ ფასიანი იქნება, გადავიხდი და ქართულად ვუყურებ. მირჩევნია, ცივილიზებული სამყაროს ნაწილად ვიგრძნო თავი. უფრო მომთხოვნიც ვიქნები და გამხმოვანებლებიც უფრო დაიხვეწებიან“.

დღეს საქართველოში კინოთეატრები მხოლოდ თბილისში, ქუთაისსა და ბათუმშია. სხვა ქალაქებსა და მით უფრო სოფლებში მცხოვრებლები იძულებულები არიან ფილმს მხოლოდ ონლაინ ან ტელევიზორში უყურონ. გარდა ამისა, ონლაინკინოსტუდიები თავიანთი სერიალებით ფაქტობრივად ერთადერთი გასართობია ასაკოვანი ხალხისთვის.

ფილმი ზოგი ადამიანისთვის პირველადი მოხმარების საგანია, მის გარეშე განვითარება არ შეუძლია, როგორ შეიძლება ხელოვნება არ გაინტერესებდეს, მით უფრო კინო ამ მხრივ ძალიან დემოკრატიულია, ასაკი, სქესი... ეს ყველაფერი კინოსთვის სულერთია, კინოში ყველა იპოვის რაღაც სათავისოს, - ამბობს ია ვეკუა, - imovies.cc და adjaranet.com თუ დაიხურა, ეს მოსახლეობისთვის არ არის კარგი, რადგან აქ ენით აუწერელი რაოდენობის ფილმები იყო, სხვადასხვა პერიოდის, ჟანრის, ქვეყნის... კლასიკური კინოთი დაწყებული, ამერიკულით დამთავრებული. მაგრამ პასუხისმგებლობა უნდა ავიღოთ და კანონის ფარგლებში უნდა მოექცეს ეს ყველაფერი. სხვა ყველაფერში ხომ ვიხდით ფულს? ჩვენ ხომ არ ვიპარავთ თეატრალურ წარმოდგენას, პურს ხომ არ ვიპარავთ?“

ია ვეკუა ვარაუდობს, რომ ორი ყველაზე პოპულარული საიტის შეჩერების შემდეგ, მომხმარებლების ნაწილი სხვა, შედარებით მცირემასშტაბიან ქართულ საიტებზე გადაინაცვლებს, ვინც რუსული იცის, რუსულ საიტებზეც გადავა, ბევრი კი სასურველი ფილმის მოსაძებნად ტორენტს გამოიყენებს.

imovies.cc-სა და adjaranet.com-თან დაკავშირებით საქართველოს კომუნიკაციების კომისია განცხადების გავრცელებას უახლოეს მომავალში აპირებს.

  • 16x9 Image

    თეა თოფურია

    რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2012 წლიდან. აშუქებს როგორც მიმდინარე მოვლენებს, ასევე საკითხებს ახლო წარსულიდან. არის ათამდე პროზაული და პოეტური კრებულის ავტორი.

XS
SM
MD
LG