საქართველო ჰააგის სასამართლოს ფოკუსში

იანვარში ერთი წელი გახდება მას შემდეგ, რაც ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორის ოფისმა მიიღო ნებართვა 2008 წლის აგვისტოს ომში კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი სამხედრო დანაშაულებების გამოძიება დაეწყო. უკვე ცნობილია, რომ, სავარაუდოდ, მომდევნო წელს თბილისში გაიხსნება ჰააგის სასამართლოს საველე ოფისიც. ამ ეტაპზე გამოძიება მიდის, თუმცა როდის უნდა ველოდოთ გამოძიების მიმდინარეობის შესახებ პროკურორ ფატუ ბენსუდას ახალ განცხადებას, ჯერჯერობით უცნობია. გასულ კვირაში ქართველ ჟურნალისტთა დელეგაცია სწორედ ჰააგის სისხლის სამართლის სასამართლოს სტუმრობდა, სადაც 6 დეკემბერს გაიხსნა კაცობრიობის მიმართ ჩადენილ დანაშაულებში ბრალდებულის, დომენიკ ონგუენის, პროცესი. ამ საქმის გამოძიება ჰააგის სასამართლოს პროკურორებმა ათი წლის წინ დაიწყეს.

Your browser doesn’t support HTML5

საქართველო ჰააგის სასამართლოს ფოკუსში

გამოძიება მიმდინარეობს. გროვდება ინფორმაცია, თუმცა ემ ეტაპზე - მხოლოდ ქართული მხარის მონაწილეობით. ჯერჯერობით არავინ იცის, როდის დასრულდება საგამოძიებო პროცესი და წარდგება თუ არა ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს წინაშე რომელიმე მაღალჩინოსანი - ჰააგის სასამართლოში ქართველმა ჟურნალისტებმა სწორედ ეს პასუხი მივიღეთ. თუმცა სიახლეა ის, რომ უახლოეს მომავალში - შესაძლოა, მომავალ წელსაც - ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო საქართველოში აპირებს გახსნას საველე ოფისი. როგორც ფონდ „ღია საზოგადოება - საქართველოს“ წარმომადგენელმა ჰააგაში ნიკა ჯეირანაშვილმა აგვიხსნა, ეს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი აქტივობაა, რაც ამ ეტაპზე შეიძლება ჰააგის სასამართლომ განახორციელოს, რადგან ამ ოფისს ძალიან ბევრი შესასრულებელი ფუნქცია ექნება. მაგალითისათვის, ასეთივე ოფისი კენიაში სისხლის სამართლის სასამართლომ გამოძიების დაწყებიდან სამი წლის შემდეგ გახსნა:

„პირველ რიგში, ეს ოფისი საზოგადოებას მიაწვდის ინფორმაციას, თუ რა პროცესი დაიწყო, რას ნიშნავს სისხლის სამართლის სასამართლოს მიერ დაწყებული გამოძიება, რა შედეგებს შეიძლება ველოდოთ და რა მოლოდინები შეიძლება გვქონდეს; ზოგადად, სასამართლო როგორ მუშაობს, რა უფლებები აქვთ დაზარალებულებს და რა როლი ეკისრება არასამთავრობო სექტორს, რა ტიპის დახმარება და თანამშრომლობაა სახელმწიფოს მხრიდან“.

მნიშვნელოვანია ადგილობრივმა ოფისმაც მიაწოდოს საქართველოს შესახებ ინფორმაცია ჰააგის სასამართლოს, რადგან აქამდე ის საგამოძიებო მოქმედებებს აწარმოებდა მხოლოდ აფრიკის კონტინენტზე და ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც საქართველოსა და რუსეთს შორის კონფლიქტის საქმეს იძიებს. ნიკა ჯეირანაშვილი განმარტავს, რომ საქართველოც არის მათთვის შედარებით უცნობი რეგიონი და მნიშვნელოვანია იმის ცოდნა, თუ რა პრობლემების წინაშე დგას დღეს ქვეყანა, როგორია სოციალური თუ პოლიტიკური ვითარება და ა.შ. ეს ინფორმაცია სასამართლოს სჭირდება ადეკვატური გადაწყვეტილებების მისაღებად, გამოძიების სწორად წარსამართად, რომ არ მოხდეს ის, რაც მოხდა, მაგალითად, კენიაში:

„ზოგიერთ ქვეყანაში ხალხს ჰქონდა ძალიან დიდი მოლოდინი, რომ დამნაშავეები დაისჯებოდნენ, მაგრამ ასე მოხდა, მაგალითად, კენიის შემთხვევაში: ერთ-ერთი მთავარი პერსონა, რომელიც მიიჩნეოდა, რომ იყო დამნაშავე არაერთ დანაშაულში, საბოლოოდ მოხდა ისე, რომ ეს ადამიანი გამართლდა და დღეს ის კენიის პრეზიდენტია“.

ნიკა ჯეირანაშვილი გვიხსნის ასევე, რომ, სავარაუდოდ, გამოძიება უფრო აქტიური გახდება მომავალ წელს, თუმცა ეს არ იქნება ხალხისთვის ხილული პროცესი, რადგან ინფორმაცია გროვდება ხშირად საკმაოდ მაღალი რანგის სამხედრო პირებზე. როგორც ნიკა ჯეირანაშვილი ამბობს, სასამართლოში იმედოვნებენ, რომ საქართველოს საქმის გამოძიებას უფრო ნაკლები დრო დასჭირდება, იმიტომ რომ სასამართლოს დღეს უფრო მეტი გამოცდილება აქვს, ვიდრე ათი წლის წინ, როდესაც ურუგვაის შემთხვევაზე დაიწყო გამოძიება. თუმცა ვერ გამოვრიცხავთ ვერც რუსეთის ფაქტორს, რაც, სავარაუდოდ, გამოძიებას დააბრკოლებს, გვითხრა ნიკა ჯეირანაშვილმა:

„პროკურორის ოფისი ეცდება ამ პრობლემას სხვა მეთოდებით მიუდგეს, რომ შეძლონ მასალების მოგროვება იმისათვის, რომ შემდეგ გარკვეული პირების წინააღმდეგ სასამართლოში საქმის წარმოება დაიწყოს. შესაძლოა, დამნაშავეები აღმოჩდნენ საქართველოს მხრიდანაც. თუმცა უკვე ცხადია, რომ რუსეთი არ გადასცემს იმ პირებს, ვისაც პროკურორის ოფისი დაადანაშაულებს, რადგან რუსეთმა უკვე განაცხადა, რომ არ ენდობა ჰააგის სასამართლოს. თუმცა არსებობს სხვა მეთოდებიც, როგორ შეიძლება ამ ადამიანების ჩამოყვანა ჰააგის სასამართლოში რუსეთის წინააღმდეგობის შემთხვევაშიც კი“.

ჰააგის სისხლის სამართლის სასამართლო დღეს მხოლოდ ქართულ მხარესთან თანამშრომლობს. ე.წ. სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე სასამართლოს წარმომადგენლები შესვლას ვერ ახერხებენ, თანამშრომლობაზე უარს აცხადებს რუსეთიც. როგორც ცნობილია, სულ ცოტა ხნის წინ, 2016 წლის 16 ნოემბერს, ვლადიმირ პუტინის განკარგულების საფუძველზე, რუსეთი საბოლოოდ გაემიჯნა რომის სტატუტს, ანუ უკან გაიწვია 2000 წლის 13 სექტემბრით დათარიღებული თავისი ხელმოწერა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს წესდებაზე (რომის სტატუტზე) და ამით საბოლოოდ უარყო ჰააგის ტრიბუნალის სამართალი.

ICC-ის მრჩეველი საგარეო ურთიერთობების საკითხებში ფაბიო როსი ამბობს, რომ რუსეთის პასიურობა, როგორც ფაქტორი, „ართულებს საგამოძიებო პროცესს. თუმცა ამ ფაქტორისგან დამოუკიდებლადაც, ამ ტიპის გამოძიებას, როგორც წესი, დიდი დრო მიაქვს, ხოლო დამნაშავეების გამოვლენამდე ინფორმაცია საჯარო არ ხდება“. არც ის არის ცნობილი, რამდენ ხანს გაგრძელდება გამოძიება ან რა დასკვნამდე მივა ჰააგის სასამართლო საქართველოს საქმის შემთხვევაში. შესაბამისად, ჯერჯერობით ანონიმურია ინფორმაცია, თუ ვინ დაიკითხა ამ ეტაპზე ან რა საგამოძიებო ქმედებები მიმდინარეობს.

ფაბიო როსი პარალელს ავლებს უგანდის „ღვთის წინააღმდეგობის არმიის“ სინიას ბრიგადის ყოფილი მეთაურის, დომინიკ ონგუენის, სასამართლო პროცესთან და ამბობს, რომ ამ საქმეზე გამოძიება ზუსტად 10 წლის წინ დაიწყო და პირველი სხდომა მხოლოდ 2016 წლის 6 დეკემბერს გაიხსნა. სწორედ მისი სასამართლო პროცესის გახსნას დაემთხვა ქართველ ჟურნალისტთა ვიზიტი ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში - ამ პროცესს მსოფლიო წამყვანი მედიასაშუალებები აშუქებდნენ. ონგუენს ადანაშაულებენ კაცობრიობის წინააღმდეგ არაერთი დანაშაულის ჩადენაში. მათ შორისაა მკვლელობა, წამება, გაუპატიურება, თავდასხმები მშვიდობიან მოსახლეობაზე, ხალხის მონებად ყოლა და სხვ. - სულ 70 ბრალდება.

დღეს ჰააგის სასამართლოს მუშაობას აქტიურად აკვირდება სამოქალაქო კოალიცია „სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთვის“, რომელიც 1995 წელს დაფუძნდა და ის იმ ქვეყნების არასამთავრობო ორგანიზაციებს აერთიანებს, რომლებიც საერთაშორისო სასამართლოს შექმნას მოითხოვდა ჯერ კიდევ ჰააგის სისხლის სამართლის სასამართლოს დაარსებამდე. ამ კოალიციის წარმომადგენლის, ნაილ მათეუსის, აზრით, ჰააგის სასამართლო არ არის უხარვეზო სისტემა. ის ჯერ, როგორც ინსტიტუცია, ძალიან ახალგაზრდაა, მაგრამ, მისი თქმით, არასამთავრობო სექტორი კონსტრუქციული კრიტიკით ეხმარება მას, იქცეს იდეალურ სასამართლოდ. ის ფიქრობს ასევე, რომ რუსეთს ძალიან გაუჭირდება წარდგეს ამ სასამართლოზე საქართველოს საქმეზე, მაგრამ ეს სრულებით არ ნიშნავს იმას, რომ გამოძიება უნდა გაჩერდეს - ეს უფრო ხანგრძლივი თამაშია, ამბობს ნაილ მათეუსი, თუმცა იქვე იმედსაც გამოთქვამს, რომ მომავალში შესაძლებელი გახდება, რომ სწორედ მაღალი რანგის ჩინოვნიკები წარდგნენ სასამართლოს წინაშე მათ მიერ ჩადენილი დანაშაულების გამო:

„საქართველო დღეს ნათელი მაგალითია იმისა, როგორ გადაიზარდა წინასაგამოძიებო მოქმედებები, მოკვლევის ეტაპი გამოძიებაში. ეს იმ დროს, როდესაც ჩვენ გვქონდა კორეის მაგალითი, როცა ჰააგის სასამართლომ იქ არ ჩათვალა საჭიროდ გამოძიების დაწყება. არის ასევე ავღანეთი, სადაც ჯერ წინასაგამოძიებო მოკვლევა მიმდინარეობს და, როგორც პროკურორის ოფისის ყოველწლიურ ანგარიშშია ნახსენები, სავარაუდოდ, მომავალ წელს დაიწყება გამოძიება ავღანეთშიც“.

გავიხენოთ, რომ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორის ოფისმა 2016 წლის იანვრის ბოლოს მიიღო 2008 წლის აგვისტოს ომში კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი სამხედრო დანაშაულებების გამოძიების დაწყების ნებართვა. საგამოძიებო პერიოდი, რომელიც ჰააგის სასამართლომ განსაზღვრა, 2008 წლის 1 ივლისიდან 2008 წლის 10 ოქტომბრამდე დროს მოიცავს.