ჩანაწერები კანის კინოფესტივალიდან (7)

კანში წვიმები შეწყდა, ღრუბელი გაიხსნა და მზის სხივები გამოჩნდა. შესაბასად, თავმაც სხვანაირად დაიწყო მუშაობა. ყოველ შემთხვევაში, დღეს დილით მგონი ჩავწვდი 65-ე კინოფესტივალის საიდუმლოს: აქ ორი კინო ებრძვის ერთმანეთს, კინოხელოვნებისადმი ორი, ერთმანეთის საწინააღმდეგო მიდგომა. ერთ ჯგუფში გაერთიანდნენ რეჟისორები, რომლებიც კინოს ფოტოგრაფიულ ბუნებას ანიჭებენ უპირატესობას, ჯერ კიდევ სჯერათ, რომ კამერას შეუძლია მეტ-ნაკლებად ზუსტად დააფიქსიროს რეალობა - უკვე განვლილი და დღევანდელი, შეიძლება ხვალინდელიც (აქ მოუთმენლად ელიან დევიდ კრონენბერგის ახალი ფანტასტიკის, “კოსმოპოლისის” პრემიერას). რეჟისორების მეორე ჯგუფი მეტაფორულ კინოს ირჩევს, არა აქვს პრეტენზია “თანაარსებობის ეფექტის” შექმნაზე და უფრო თამაშზე გვპატიჟებს, ვიდრე დიალოგზე თუ ქადაგებაზე. პრინციპში, ეს ორი სტილი კინოს დაბადებიდან უპირისპირდება ერთმანეთს - ძმები ლუმიერების სეანსებს ხომ სულ მალე ჟორჟ მელიესის “ფანტასტიკური” ფილმების სეანსები მოჰყვა. კინოს დაბადებიდან არსებობს ეს “სინამდვილისადმი ნდობა” და “მეტაფორისადმი ნდობა”... მაგრამ არასდროს არ ყოფილა ეს ორი სკოლა დაპირისპირებული ისე, როგორც ბოლო დროის კანის კინოფესტივალებზე. 2010 წელს ტიმ ბარტონის ჟიურიმ “ოქროს პალმით” აღნიშნა ტაილანდელი რეჟისორის, აპიჩატლონგ ვერასეტაკულის ფილმი “ბიძია ბუმი”, რითაც, შეიძლება ითქვას, ნოკაუტში ჩააგდო რეალისტური კინოს თაყვანისმცემლები - ისინი, ვინც თანამედროვე კინოხელოვნებისგან მკაფიოდ ჩამოყალიბებულ პოლიტიკურ პოზიციას მოითხოვს და ისინიც, ვისთვისაც კინო პირველ რიგში შოუბიზნესია. შარშან ასეთ კინოს ცოტა გაუჭირდა ძალიან ძლიერი რეალისტების, პირველ რიგში ძმები დარდენების გვერდით. მაგრამ წელს პირობითობის მოყვარულებმა ისევ გაილაღეს. თან ისე, რომ ზოგიერთი კრიტიკოსი კანის წლევანდელ კონკურსში ჩართულ ლეო კარაქსის “წმინდა მანქანებსა” და მექსიკელი რეჟისორის კარლოს რეიგადასის ფილმს “წყვდიადიდან სინათლეში” მთავარი “პალმის” რეალურ კანდიდატებად მიიჩნევს.

პრესისთვის მოწყობილი სეანსებით თუ ვიმსჯელებთ, უფრო სწორად, დარბაზის რეაქციებით, ასეთი შანსი მეტი აქვს ლეო კარაქსს. ხუმრობა ხომ არ არის, ამდენი თაყვანისმცემელი ჰყავს რეჟისორს მთელ მსოფლიოში. და ისიც ხომ მნიშვნელოვანია, რომ კანის 1999 წლის კინოფესტივალზე “პოლა იქსის” კატასტროფული მარცხის შემდეგ აქ ცდილობენ დაუბრუნონ ოდესღაც ფრანგული კინოს დიდ იმედს, ახლა კი 50 წლის რეჟისორს, წართმეული “შემოქმედებითი ღირსება”. ამიტომაც ტაშიც იყო ფილმის დასრულების შემდეგ და სიცილიც ისმოდა დარბაზში ამ მართლაც მხიარული ფილმის სეანსის დროს - ფილმისა, რომლის გმირი, მუსიე ოსკარი დენი ლავანის შესრულებით, რამდენიმე სახეს იცვლის, სხვადასხვა პერსონაჟის სახით წარმოგვიდგება იმის მისანიშნებლად, რომ თანამედროვე ტექნოლოგიურმა პროცესებმა ადამიანს ინდივიდუალობა დაუკარგეს... ნუღარ ვიკამათებთ იმაზე, რამდენად საინტერესოა ეს მოსაზრება. ვიკამათოთ ფორმაზე... ლეო კარაქსს ისევ უჭირს, იყოს თანმიმდევრული თხრობაში და ბოლომდე დაიჭიროს არჩეული რიტმი, ისევ უჭირს ოდნავ მაინც გახსნას იმ პერსონაჟების ხასიათები, რომლებიც ჩნდებიან ეკრანზე... საბოლოოდ ყველაფერი კარიკატურის დონეზე რჩება. პირადად მე “წმინდა მანქანებმა” საბჭოთა ეპოქაში ევგენი გინზბურგის მიერ მოსკოვის ტელევიზიაში დადგმული “ბენეფისები” მომაგონა. არ გახსოვთ, მაგალითად, ლიუდმილა გურჩენკოს ბენეფისი? იქაც იცვლიდა სახეს გურჩენკო, განასახიერებდა განსხვავებულ პერსონაჟებს. იქაც იყო სახალისო სცენები. იქაც იქმნებოდა აზრი, რომ ტელევიზიას შეუძლია გაიმდიდროს ენა თეატრალური პირობითობით.

და თუ კარაქსის ფილმი სახალისო მაინც აღმოჩნდა თავისი სახიერებით, მექსიკელი ავანგარდისტის, რეიგადასის ახალი ნამუშევარი უკვე ისეთი ქაოსია, რომ მასში გარკვევა ამ რეჟისორის ყველაზე ერთგულ თაყვანისმცემლებსაც კი გაუჭირდათ. ყოველ შემთხვევაში, “სინათლე სიბნელის შემდეგ” მეორე ფილმია კანის კინოფესტივალზე, რომელსაც სტვენა და უკმაყოფილო შეძახილები მოჰყვა. ამბავი ერთ მექსიკურ ოჯახზე, რომელიც ქალაქიდან სოფელში გადასახლდება, “ბუნებაში ცხოვრობს”, მაგრამ სწორედ ბუნებასთან ზიარება განაპირობებს კრიზისს და სრულ დეგრადაციას, ამ შემთხვევაშიც წარმოდგენილია განვითარების გარეშე, მუსიკის ენა რომ გამოვიყენოთ, “სტაკატოებად”. ესეც კიდევ ერთი ნიმუშია პრიმიტივისტული სტილისა, რომელმაც ერთხელ უკვე მოიპოვა კანში წარმატება ტაილანდური “ბიმის”სახით.

კადრი ვალტერ სალესის ფილმიდან "გზაზე"

სამწუხაროდ, ზედმიწევნით პირობითისა და ზედმიწევნით რეალისტურის ამ დაპირისპირებაში, რეალიზმის მომხრეები ყოველთვის სათანადად “ვერ ქაჩავენ”; მაგალითად, პრესის გამოხმაურებით თუ ვიმსჯელებთ, ბრაზილიელ რეჟისორს ვალტერ სალესს აშკარად გაუჭირდება, მოიპოვოს კანში მნიშვნელოვანი გამარჯვება თავისი ფილმით, რომელსაც იგი თითქმის 8 წელი იღებდა - სურათით “გზაში”, რომელიც კერუაკის რომანის ეკრანიზაციაა და რომლის დასრულებას ინტერესით ელოდნენ პირველ რიგში კერუაკისა და ბიტნიკების თაყვანისმცემლები. პრინციპში, ფილმის მსვლელობისას მათ მაინც ბედნიერად უნდა ეგრძნოთ თავი - ბოლოს და ბოლოს კინოს ენაზე გაცოცხლდა ეს რომანი და ის გააცოცხლა ძალიან კარგმა რეჟისორმა... მოხერხდა ამერიკის დანახვა უცხოს, არაამერიკელის თვალით, იმ რეჟისორის თვალით, რომელსაც “როუდ მუვის” კანონების ცოდნაში ბადალი არ ჰყავს თანამედროვე კინოში. თანაც, ჩემი აზრით, ეს წიგნია თავისთავად კინემატოგრაფიული, მოძრავ ვიზუალურ რიგზე აწყობილი. ამიტომ შესაძლებელი იყო გამოსახულებით, ვიზუალური სახეებით თქმულიყო ის, რაც არ არის ტექსტში. სამწუხაროდ, სალესმა აქამდე ვერ გაქაჩა. თუმცა პირადად მე ამ ორსაათნახევრიან ფილმს წარუმატებლობად არ მივიჩნევ - კარგი მსახიობები თამაშობენ, ძალიან კარგადაა “ორგანიზებული” მუსიკა და მშვენიერია გამოსახულება (ეგაა, რომ აქ ნაჩვენები კერუაკის ამერიკა ზოგჯერ სამხრეთ ამერიკას უფრო ჰგავს - იმას, რომელიც უკვე ვნახეთ სალესის ფილმში “მოტოციკლეტის დღიური”).

მოკლედ, ფესტივალის დასრულებამდე რამდენიმე დღით ადრე ცხადი გახდა, რომ კანის 65-ე კინოფესტივალი კარგად დაიწყო, მაგრამ ცოტა გაიჭედა მას შემდეგ, რაც აქ გამოიდარა. ხვალ ნანი მორეტის ჟიური პრესისთვის აწყობს ბანკეტს, ძველ ქალაქში, ღია ცის ქვეშ. მე რომ კარგი ჟურნალისტი ვიყო, გვერდზე მივუჯდებოდი რომელიმეს და შთაბეჭდილებებში გამოვტყუებდი. მაგრამ ვინაიდან ამას ვერასდროს შევძლებ, დაველოდოთ კვირას, ფესტივალის საზეიმო დახურვას.

მაინც მგონია, რომ ნანი მორეტი სიმართლეს მიანიჭებს უპირატესობას და არა თამაშ-ატრაქციონებს, გადაღებულს თემაზე “რა კარგად ვცხოვრობდით ადრე, სანამ მანქანები და კომპიუტერები გაჩნდებოდა”.