გურამ ოდიშარიას მითოსი ავანტიურისტ საბჭოთა მოხელეზე

სოციალისტურმა რეალიზმმა ხელოვნების ყველა ჟანრში შემოგვინახა საბჭოთა გმირები: რაიკომის მდივნები, კოლმეურნეობის თავმჯდომარეები და ა.შ. ისინი თითქმის ყოველთვის იყვნენ შემართულები, საქმისთვის თავდადებულები და, ამავე დროს, ბევრი ადამიანური პოზიტიური თვისებაც ჰქონდათ.

პოსტსაბჭოთა ლიტერატურა უკვე 25 წელს ითვლის. მთელი ამ ხნის განმავლობაში ხდებოდა სოციალისტური რეალიზმის რევიზია. მაშინდელი გმირები თანდათანობით გაშარჟდნენ ან ბოროტ სულებად იქცნენ. სხვანაირად თითქოს, ალბათ, წარმოუდგენელიც კია. ამ მხრივ ჩემთვის ძალიან საინტერესო ფენომენი იყო გურამ ოდიშარიას რომანი „პრეზიდენტის კატა“, რომელიც 2008 წელს გამომცემლობა „უნივერსალმა" დაბეჭდა, ხოლო 2015 წელს გამომცემლობა „ბაკმმა“ თავიდან დასტამბა. საინტერესო იყო იმ მხრივ, რომ რომანის მთავარი გმირი არის 60-80-იან წლებში აფხაზეთის ცეკას პირველი მდივანი. გურამ ოდიშარიას რაკურსი მოულოდნელია. ის არ თხზავს სოციალისტური რეალიზმის დაგვიანებულ ნიმუშს და არც პოსტსაბჭოთა სარკაზმით თუ პოსტმოდერნული თამაშებით ცდილობს საკუთარი პროტაგონისტის პორტრეტის დახატვას. თუ რა მიდგომაზეა ლაპარაკი, ამაში გასარკვევად დაგვეხმარება პოეტი შალვა ბაკურაძე.

შალვა ბაკურაძე: "სიკვდილის შემდეგ ღმერთმა კაცს მისგან განვლილი ცხოვრების გზა აჩვენა.

- ეს ვისი ნაფეხურებია, ჩემსას რომ მოჰყვება? - იკითხა კაცმა.

- ჩემი, მთელი ცხოვრება მოგყვებოდი, - უთხრა ღმერთმა.

- სადაც ძალიან მიჭირდა, იქ მხოლოდ ერთის ნაფეხურებია. რატომ მტოვებდი მაშინ მარტო? - იწყინა კაცმა.

- სადაც ძალიან გიჭირდა, იქ ხელში ამყავდი, ჩემო კარგო, ასე რომ, ის შენი კი არა, ჩემი ნაფეხურებია, - გაიღიმა ღმერთმა".

ეს არის ამონარიდი გურამ ოდიშარიას წიგნიდან "პრეზიდენტის კატა", რომელსაც ყდაზევე აწერია რომანი. თუმცა, ჩემი აზრით, ეს არის პოემა, რაზეც მიგვანიშნებს ნაწარმოების სტრუქტურა, ენა და კიდევ ერთი ძალიან მთავარი რამ: ნაწარმოების მთავარ პერსონაჟთან ავტორის გაიგივება. მთავარი პერსონაჟი, მიხეილ თემუროვიჩ ბღაჟბა, მიუხედავად იმისა, რომ თავად სოხუმელი გახლავართ, მე არ მახსოვს, თუმცა გადმოცემით ვიცი მამაჩემისგანაც და სხვა უფროსი თაობის ადამიანებისგანაც, რომ ის იყო აფხაზეთის კომუნისტური პარტიის ცეკას პირველი მდივანი და, ცეკას პირველი მდივნის კვალობაზე, ყოფილა საკმაოზე მეტად კეთილი, გულახდილი და სარგებლობდა მოსახლეობის დამსახურებული სიყვარულით. წიგნში მოთხრობილი ამბები ხშირ შემთხვევაში დოკუმენტურია. პირველი ნაწარმოები, რომელიც გურამ ოდიშარიამ მიხეილ თემუროვიჩ ბღაჟბაზე დაწერა, პატარა მოთხრობაა, სახელწოდებით "ბღაჟბა".

ფაქტობრივად, ეს არის პირველი წიგნი-გზამკვლევი 70-80-იანი წლების სოხუმში. წიგნის მოქმედი პირები არიან რეალური ადამიანები. წიგნს მოჰყვება რუკები, წიგნს მოჰყვება გურამ ოდიშარიასთვის დამახასიათებელი საინტერესო გრაფიკები...
შალვა ბაკურაძე

როგორია ოდიშარიას მიერ დახატული ბღაჟბა? გარდა იმისა, რომ აქვს ისეთი თავისთავად დადებითი თვისებები, როგორიცაა გულისხმიერება, ხალისიანობა, სამართლიანობა, არის ფანტაზიორი, ცუღლუტი, ავანტიურისტი, ცხოვრების არეული წესის მქონე და სწორედ მისი ეს თვისებები ქმნის საბჭოთა მოხელის იმ ტიპაჟს, რომელიც არ ეწერება საბჭოთა და პოსტსაბჭოთა ლიტერატურულ მოდელებში. გურამ ოდიშარია ისე წერს, რომ არ გიჩნდება ასეთი ტიპის შეკითხვა: რამ დააწერინა ამ კაცს ახლა წიგნი საბჭოთა მოხელეზე და, თანაც, დადებითი? გურამ ოდიშარია კრებს სხვადასხვა ადამიანებისგან მოგონებებს თუ გადმოცემებს მიხეილ თემუროვიჩის შესახებს, ამატებს საკუთარს და ქმნის კოლაჟს, ქმნის ერთგვარ მითოსს მის ირგვლივ, ქმნის სოხუმის უახლოეს ფოლკლორს... ბღაჟბა გაჩენილია არა იმისათვის, რომ განაგებდეს, არამედ იმისათვის, რომ თავის პატარა სამოთხეს, სახელად „აფხაზეთი“, მოუაროს, თითქმის ყველაფერი იცოდეს მის შესახებ და ამის ნიადაგზე ახალი ლეგენდები შეთხზას. ის წიგნებს წერს აფხაზურ მგალობელ ფრინველებზე, თხებზე, კამეჩებზე თუ ბაყაყებზე და სიმართლეს და წარმოსახვას ერთმანეთში ურევს. მას შეუძლია სოხუმის "მოდების სახლის" დირექტორი, ოქროსფერქოშებიანი ცაკვა ხონელია ხრუშჩოვს თამარ მეფის პირდაპირ შთამომავლად წარუდგინოს; შეუძლია იაპონელ მილიარდერს, ჩაის ბიზნესმენს ტაიდაი კასიოს, "უშგულის ჩაიზე" ლეგენდა შეუთხზას, დაარწმუნოს, რომ ის ჩვენს წელთაღრიცხვამდეა გამოყვანილი და მეომრების ჩაია და წესიერად მხოლოდ აფხაზურ მიწაზე ხარობს, და იაპონიაში ამ ჩაის მილიონი ნერგის მიწოდების მაღალბიუჯეტიან კონტრაქტზეც ხელი მოაწეროს; შეუძლია ინგლისელები დააჯეროს, რომ ახლად აღმოჩენილი თიხის ფირფიტების მეშვეობით დადგინდა, რომ სოხუმის მშენებლობის დაწყება ბაბილონის მშენებლობის დაწყებას 23 წლითა და 9 თვით უსწრებდა; შეუძლია რიწის ტბის სიახლოვეს არსებული ერთი ჩანჩქერის თეთრი ფერი ჩინელების დელეგაციას იმით აუხსნას, რომ ეს ჩანჩქერი რძისაა, რადგან მაღლა, მთებში, ძროხების დიდი ფერმაა და რძის ტრანსპორტირება რძის ქარხნისაკენ ამ მეთოდით ხდება. ასეთი ისტორია უამრავია და ყველგან მთავარია ის შთაგონების, ზემოქმედების ძალა, დაჯერების უნარი, რომელსაც ბღაჟბა ფლობს, და ადამიანების ფსიქოლოგიის წვდომა, ინტუიცია იმისა, თუ ვინ რა შეიძლება დაიჯეროს და რატომ.

შალვა ბაკურაძე

მოვუსმინოთ კვლავ შალვა ბაკურაძეს.

შალვა ბაკურაძე: "ფაქტობრივად, ეს არის პირველი წიგნი-გზამკვლევი 70-80-იანი წლების სოხუმში. წიგნის მოქმედი პირები არიან რეალური ადამიანები. წიგნს მოჰყვება რუკები, წიგნს მოჰყვება გურამ ოდიშარიასთვის დამახასიათებელი საინტერესო გრაფიკები... სხვათა შორის, სანამ ავტორი ლიტერატურას მოჰკიდებდა ხელს, მანამდე მხატვარი იყო. ეს წიგნი არის გაგრძელება გურამ ოდიშარიას ადრინდელი კეთილი წიგნებისა. გურამ ოდიშარია არის განსაკუთრებული ავტორი, რომლის წიგნებიც შეიძლება დავახასიათოთ ერთი სიტყვით: ეს წიგნები არის კეთილი. ასეთია მისი პირველივე წიგნი, "საგალობლები შენთვის", შემდეგ უკვე -"წვიმის გამოხმობა", "სონატა სოხუმზე და შენზე"... სხვათა შორის, "სონატა სოხუმზე და შენზე" არის წიგნი, რომელიც, ფაქტობრივად, საფუძვლად უდევს პოემას "პრეზიდენტის კატა", რომელსაც ეწოდება რომანი. ისეთი სტრუქტურითაა წიგნი აგებული, რომ ნებისმიერ ადგილას შეგიძლია გადაშალო და დაიწყო. აქ არის როგორც ჩანართები, საინტერესო ისტორიები, ფაქტობრივად, ანეკდოტებამდე დასული ამბები, ასევე გრძელი, სენ-ჟონ პერსისა და უოლტ უიტმენის სტილში შესრულებული სადღეგრძელოები. ავტორს უნდა, გაიხსენოს ის, რომ არის პოეტი და ამისთვის ასეთ მხატვრულ ხერხს იყენებს: მიხეილ თემუროვიჩის სადღეგრძელოებს მიმართავს. იგრძნობა ისიც, რომ ავტორს უნდა, დაგვანახვოს, როგორი იქნებოდა გურამ ოდიშარია, თუ მას დანიშნავდნენ აფხაზეთის ცეკას პირველ მდივნად. ეს არის ყველაზე საინტერესო ამ წიგნში".

გურამ ოდიშარიას "პრეზიდენტის კატა" არის თითქოსდა წიგნი ერთ კაცზე, მაგრამ, არსებითად, ეს ადამიანი არის ერთგვარი კრებითი სახე, მის ირგვლივაც კოლორიტული პერსონების მთელი გალერეაა შექმნილი და იუმორითა და სითბოთი მოყოლილი ისტორიები სოხუმისა და აფხაზეთის უცნაურ, შთამბეჭდავ ხატს ქმნის - ნახევრად რეალურს, ნახევრად მითურს... წიგნი უკვე ნათარგმნია აფხაზურად და დარწმუნებული ვარ, აფხაზი მკითხველისთვის იგი ძალიან ძვირფასი გახდება.