ბოიკოტი გორის საკრებულოში

გორი

გორის საკრებულოში კრიზისი ღრმავდება. საკრებულოს წევრებმა უკვე მეორედ ჩაშალეს ბიუროს სხდომა. ამ შემთხვევაში საკრებულოს თავმჯდომარე ილია მეტრეველს მისივე მოადგილე ზურაბ როსებაშვილი დაუპირისპირდა. ამის მიზეზად რეგლამენტში ცვლილების შეტანის მოთხოვნა გახდა. როსებაშვილმა დააყენა ინიციატივა რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ, მეტრეველმა კი იურიდიული დასკვნა მოითხოვა. საკრებულოს წევრებმა ვერ გაარკვიეს, ეს დასკვნა ვის უნდა დაეწერა, რადგან საკრებულოს იურიდიული სამსახური არ გააჩნია. როსებაშვილმა ბიუროს სხდომა დატოვა და მას საკრებულოს სხვა წევრებმაც მიბაძეს.

ზურაბ როსებაშვილის ინიციატივა ეხებოდა ცვლილებას, რომლის მიხედვით სხდომაზე ერთხელ ჩავარდნილი საკითხი ხელმეორედ სამ თვეზე ადრე აღარ უნდა შემოტანილიყო. როგორც ცნობილია, უკვე სამი თვეა საკრებულოს თავმჯდომარეს გამუდმებით შემოაქვს მრჩეველ ირაკლი ოქრუაშვილის მიერ ინიცირებული 24 საკითხი, რომელთაც საკრებულო მხარს არ უჭერს. დაგეგმილია, რომ ივლისის სხდომაზეც იგივე განმეორდეს, ამიტომ როსებაშვილი რეგლამენტში ცვლილების შეტანას ითხოვს.

საკრებულოს იურიდიული სამსახური არ გააჩნია, ბიუროზე დღის წესრიგში შეტანილ საკითხზე კი დასკვნა იურიდიულმა კომისიამ უნდა დადოს, კომისიამდე საკითხი ვერ მიდის, რადგან თავმჯდომარეს დღის წესრიგში არ შეაქვს. მეტრეველი ამბობს, რომ კონსულტაციებს სპეციალისტებთან გადის.

საკრებულოს კიდევ ერთი წევრი, დავით რაზმაძე, თავმჯდომარეს კანონის და რეგლამენტის დარღვევაში ადანაშაულებს. ბოიკოტის რეჟიმში გადავიდა ფრაქცია „ქართული ოცნებაც“.

ბოიკოტს აცხადებს „თავისუფალი დემოკრატების“ წევრი თამარ თედლიაშვილიც. იგი რამდენიმე დღეა საკრებულოს თავმჯდომარისგან ითხოვს პასუხს კითხვაზე, თუ რატომ გაათავისუფლა და შემდეგ აღადგინა აპარატის 5 თანამშრომელი ილია მეტრეველმა. ამ კითხვებზე პასუხი არ არის, თედლიაშვილი კი ბიუროსა და საკრებულოს სხდომებზე დასწრებას არ აპირებს და მხოლოდ იურიდიულ კომისიაში მოამზადებს საკითხებს.

დაპირისპირების დროს „ქართული პარტიის“ წევრს რამაზ იოსელიანს ზურაბ როსებაშვილის მიმართ კითხვა გაუჩნდა, თუ რატომ გაიტანა საკუთარი ხელმოწერა, რომელიც საიმპიჩმენტო განცხადებაზე იყო დაფიქსირებული.

რამდენიმე დღის წინ საკრებულოს 7-მა წევრმა საკრებულოს თავმჯდომარისთვის უნდობლობის გამოცხადების პროცედურა დაიწყო, მაგრამ მოგვიანებით სამმა მათგანმა ხელმოწერა უკან გაიტანა, ამის მიზეზად კი მეტრეველის მოწინააღმდეგე მე-8 წევრის არარსებობა დაასახელეს. ფრაქცია „ქართული ოცნება“ უნდობლობის გამოცხადებისგან ჯერჯერობით თავს იკავებს, თუმცა ბიუროს სხდომების ჩაშლაში ისიც მონაწილეობს.