კოალიცია „ქართულმა ოცნებამ“ გორის საკრებულოში უმრავლესობა დაკარგა

კოალიცია „ქართულ ოცნებას“ გორის საკრებულოში უმრავლესობა აღარ ჰყავს. დღეს, 7 ნოემბერს, დილით, საკრებულოს სხდომის დაწყებამდე, საკრებულოში „თავისუფალი დემოკრატების“ წევრებმა თამარ თედლიაშვილმა და დავით წეწვაძემ განაცხადეს, რომ ოპოზიციაში გადადიან. დღესვე დაიშალა „თავისუფალი დემოკრატებისა“ და რესპუბლიკელების მიერ შექმნილი ფრაქციაც. საკრებულოს წევრმა თამარ თედლიაშვილმა განაცხადა, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოში კონსტრუქციული ოპოზიცია იქნებიან.

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ კოალიციამ ქალაქის 15- კაციან საკრებულოში 8 მანდატი მიიღო. 4 ადგილი ირაკლი ოქრუაშვილის „ქართული პარტიის“ წარმომადგენლებმა დაიკავეს, თითო-თითო მანდატი კი „ნაციონალურმა მოძრაობამ“, ლეიბორისტულმა პარტიამ და ნინო ბურჯანაძის „ერთიანმა ოპოზიციამ“ მიიღო. ახლა კი ოპოზიციური პარტიები საკრებულოში 9 ადგილს, კოალიცია 6 ადგილს ფლობს. თუმცა, ოპოზიციაში მყოფი პარტიული ლიდერების ურთიერთდამოკიდებულებიდან გამომდინარე, ნაკლებად სავარაუდოა, რომ გორის საკრებულოში ახალი უმრავლესობა შეიქმნას. დღესვე როფორც კოალიციის, ისე ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა „თავისუფალ დემოკრატებს“ თემატური თანამშრომლობა შესთავაზეს. „ერთიანი ოპოზიციის“ წევრი ზურაბ როსებაშვილი აცხადებს, რომ საკრებულოში ქალაქის საკეთილდღეოდ თანამშრომლობის პრობლემა არ შეიქმნება. ამ აზრს იზიარებს „ქართული პარტიის“ წარმომადგენელი რამაზ იოსელიანიც.

სხდომის დაწყებამდე ჟურნალისტებთან კომენტარი გორის საკრებულოს თავმჯდომარემ პაპუნა კობერიძემაც გააკეთა. მისი აზრით, „თავისუფალმა დემოკრატებმა“ საკუთარი არჩევანი გააკეთეს და დროთა განმავლობაში გამოჩნდება, როგორ შეძლებენ ისინი კოალიციასთან თემატურ თანამშრომლობას.

ახლო მომავალში საკრებულოში მერიის მიერ მომზადებული ბიუჯეტის პროექტი შევა დასამტკიცებლად. ქალაქის მთავარი ფინანსური დოკუმენტი ყოველთვის დისკუსიის საგანი ხდება ხოლმე, სწორედ აქ გამოჩნდება როგორ შეძლებენ კოალიცია „ქართული ოცნება“ და ოპოზიციური პარტიები თანამშრომლობას.

საკრებულოს გარდა, „თავისუფალი დემოკრატები“ მერიისა და გამგეობის სხვადასხვა სამსახურებშიც არიან დასაქმებულები. უკვე ცნობილია, რომ ბევრი მათგანი თანამდებობას ახლო მომავალში დატოვებს და პარტიულ საქმიანობაზე გადაერთვება. ახლა მათი მთავარი საზრუნავი პარტიის ყრილობისთვის მზადებაა.