გორელმა ჟურნალისტებმა ცესკოს დადგენილება გააპროტესტეს და საკოორდინაციო მედიაცენტრის ამოქმედებაზე შეთანხმდნენ

გორში, „დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში“, მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები შეიკრიბნენ და ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება გააპროტესტეს, რომელიც არჩევნების დღეს მედიის რეგულაციას გულისხმობს. ჟურნალისტების აზრით, ეს რეგულაცია კი არა, შეზღუდვაა და არჩევნების გამჭვირვალობა კითხვის ნიშნის ქვეშ დგება. სადამკვირვებლო ორგანიზაცია „ჯანმრთელი სამყაროს“ კოორდინატორი არინა თავაქარაშვილი ფიქრობს, რომ იზღუდებიან არა მარტო ჟურნალისტები, არამედ დამკვირვებლებიც, რომელთაც, ამ დადგენილებით, დარღვევების შესახებ ვიდეო და ფოტომტკიცებულებების მოპოვების საშუალება აღარ ექნებათ.

ადგილობრივი მედიის წარმომადგენლები „დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში“ საკოორდინაციო მედიაცენტრის შექმნაზე მსჯელობდნენ. იმ დროს, როცა არჩევნების გაშუქება უკვე შეზღუდულია, მათი აზრით, ამ ცენტრში თავი უნდა მოიყაროს მედიის წარმომადგენლების, სადამკვირვებლო ორგანიზაციებისა და პოლიტიკური პარტიების მიერ მოპოვებულმა ინფორმაციამ, რათა არჩევნები უფრო მასშტაბურად გაშუქდეს. საინფორმაციო სააგენტო „ინფო-9“-ის ჟურნალისტი გელა კაპანაძე მიიჩნევს, რომ ამ ცენტრთან თანამშრომლობის სურვილი პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებმაც უნდა გამოთქვან.

ჩართულობის ცენტრის მიერ შეხვედრაზე ყველა პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელი იყო მოწვეული, მაგრამ უმრავლესობამ თავი შეიკავა და არ მოვიდა. შეხვედრას დაესწრო „ქართული ოცნების“ წარმომადგენელი ლექსო ვალიაური, რომლის თქმითაც, ჟურნალისტებთან პარტიების თანამშრომლობა არჩევნების სრულფასოვანი გაშუქებისთვის აუცილებელია.

უახლოეს დღეებში ჟურნალისტები არასამთავრობო ორგანიზაციებისა და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებთან შეხვედრას კიდევ ერთხელ გეგმავენ, რათა ინფორმაციის მიღება-გავრცელების ტექნიკურ დეტალებზე შეთანხმდნენ.