ლეგენდა დიდ ინკვიზიტორზე

თავდაპირველად მოკლედ გავიხსენოთ ერთი თავი დოსტოევსკის „ძმები კარამაზოვებიდან“, რომელსაც „დიდი ინკვიზიტორი“ ჰქვია. XVI საუკუნის სევილიაში, როდესაც მძვინვარებს ინკვიზიცია - ეკლესია ყოველდღიურად აპატიმრებს, ასამართლებს და კოცონზე წვავს „მწვალებლებს“ – ქალაქს მოევლინება ქრისტე. ის, დაპირებისამებრ, არა სამყაროს აღსასრულის ჟამს მოევლინება კაცობრიობას, არამედ მაშინ, როდესაც ეკლესია და სამღვდელოება მისი სახელით ასობითა და ათასობით უდანაშაულო ადამიანს აწამებს და კლავს. ქრისტე ჩუმად, შეუმჩნევლად შეერევა შეშინებულ და გატანჯულ ხალხს, რომელიც უმალვე იცნობს მას. ქრისტეც ყველას უღიმის და სიყვარულსა და უსაზღვრო თანაგრძნობას ასხივებს თავისი უსიტყვო ღიმილით. შემდეგ ახდენს ყველა იმ სასწაულს, რომელიც სახარებებიდანაა ცნობილი: კურნავს სნეულებს, უსინათლოს თვალებს აუხელს, ბოლოს კი უკვე კუბოში ჩასვენებულ ბავშვს აცოცხლებს. ხალხი ბედნიერია!

სწორედ ამ საყოველთაო სიხარულისა და აღფრთოვანების დროს ქალაქის ტაძრის წინ, მოედანზე გამოჩნდება სევილიის კარდინალი და დიდი ინკვიზიტორი – 90 წელს მიღწეული მოხუცი, რომელიც შორიდან აკვირდება ხალხსაც და ქრისტესაც, რომელიც მკვდარ ბავშვს აცოცხლებს. კარდინალი უხმოდ, ხელით ანიშნებს მცველებს, რომ დააპატიმრონ ქრისტე. აქ დოსტოევსკი ერთი წინადადებით გადმოსცემს ინკვიზიტორის ძალაუფლებას: „და აი, იმხელაა მისი ძალა და იმდენად მიჩვეულია, ყურმოჭრილი და ძრწოლით მორჩილია ხალხი, რომ ბრბო უმალვე გაიწევა და გზას უთმობს მანდატურებს“, რომლებიც ბორკილებს ადებენ და აპატიმრებენ მაცხოვარს. „ხალხი, უკლებლივ ყველა, მიწამდე იხრის თავს მოხუცი ინკვიზიტორის წინაშე, რომელიც მდუმარედ აკურთხებს მათ და მიდის.“

ყველასათვის გასაგებია, რომ ინკვიზიციის საპყრობილეში მოთავსებულ ქრისტეს მეორე დღეს კოცონზე დაწვა ელის მისივე სახელით მოქმედი ეკლესიისაგან. აქ აღარ შევუდგები ამ თხზულების შინაარსის დეტალურ განხილვას ან მის მრავალრიცხოვან ინტერპრეტაციებზე საუბარს. მხოლოდ ერთ დეტალს დავამატებდი: გვიან ღამით ქრისტეს საკანში მიაკითხავს მხცოვანი ინკვიზიტორი, რომელმაც თურმე დანახვისთანავე იცნო მაცხოვარი და მას პირველივე კითხვად ეუბნება: „რატომ მოხვედი? რატომ გვიშლი ხელს“! საუბარი, რომელიც სინამდვილეში ღვთისმსახურის მონოლოგია, ფაქტობრივად ქრისტიანული ეკლესიის რეალურ არსს აცხადებს: თავისუფლება, რომელიც ქრისტეს ადამიანებისათვის სურდა ესწავლებინა, სატანჯველი აღმოჩნდა მათთვის და ისინი ბევრად უფრო ბედნიერნი არიან უსიტყვოდ მორჩილ და მონურ მდგომარეობაში, სიძულვილითა და შიშით დაკაბალებულები, მუდამ მტრებისა და მწვალებლების ძებნასა და მოსპობაში.

ქრისტიანული ეკლესიის ისტორიას თუ გადავხედავთ – ესაა სისტემატური სვლა იმ მოძღვრების საწინააღმდეგო მიმართულებით, რასაც თავად ქრისტე ასწავლიდა. ეკლესიამ სიყვარულის, მიმტევებლობისა და აბსოლუტური თანასწორობის მოძღვრება კაცობრიობის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე აგრესიულ და სისხლიან რელიგიად აქცია, რომელიც საუკუნეთა განმავლობაში იერარქიების განმტკიცებას, ადამიანების სოციალურ ჩაგვრას, უცხოს სიძულვილის წახალისებას ემსახურებოდა. თუმცა კი ქრისტიანობის ამ მხარეზე საუბარი მხოლოდ მას შემდეგ გახდა შესაძლებელი, რაც „ძველ დროებად“ წოდებული შუა საუკუნეების სამყაროს წესრიგი ისტორიას ჩაბარდა და ეკლესიამაც თავისი ძალაუფლება დაკარგა. მაგრამ ილუზია იქნებოდა იმის მტკიცება, რომ განმანათლებლობასა და გონებაზე ორიენტირებულ ახალ ეპოქაში მოსუსტებულ ეკლესიას ძალაუფლებისაკენ თავის მარადიულ სწრაფვაზე ერთი წუთით მაინც უარი ეთქვას. ის მუდამ ხელსაყრელ მომენტს ეძებს, რათა დაკარგული პატივი და დიდება უკან დაიბრუნოს. რაც უფრო დაბალი განვითარებისაა საზოგადოება და მეტია სულიერი თუ მატერიალური სიდუხჭირე, ხოლო სუსტი და მდარე - განათლება და კულტურა, მით უფრო მძლავრობს ეკლესია და „მორწმუნეობა“, რაც საზოგადოების მხრიდან ძირითადად აგრესიული მორჩილებითა და აზროვნების კოლაფსით გამოიხატება.

ამის ყველაზე ახლობელი და წარმატებული მაგალითია საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია, რომელმაც ბოლო ოცი წლის განმავლობაში, ფაქტობრივად, ახალი სარწმუნოება შექმნა და მასზე საავტორო უფლება, უპირველეს ყოვლისა, კათალიკოს-პატრიარქ ილია II-ს ეკუთვნის. თეოლოგთა მთელი საბჭო რომ შეიკრიბოს, ალბათ ძალიან გაუჭირდებოდა თანამედროვე ქართულ მართლმადიდებლობასა და ქრისტეს მოძღვრებას შორის მრავალი საერთო ნიშან-თვისების ან მსგავსების პოვნა. თავისი არსით ის ყველაზე ახლოს დოსტოევსკის მიერ აღწერილ დიდი ინკვიზიტორის ქრისტიანობასთანაა, სადაც სარწმუნოების ცენტრში არა ქრისტე და მისი მოძღვრება, არამედ ეკლესიის მეთაური და მოძღვარი-სამღვდელოებაა (რა თქმა უნდა, იმ განსხვავებით, რომ საქართველოს ეკლესიას ადამიანების კოცონზე დაწვის უფლება არა აქვს).

სარწმუნოება, რომელსაც საქართველოში მართლმადიდებლობა ეწოდება, თითქმის მთლიანად ერთი პიროვნების ავტორიტეტზე, მის თაყვანისცემაზეა აგებული: ესაა კათალიკოს-პატრიარქ ილია II-ის კულტი. უკვე სალაღობოდ ქცეული ამბავი, რომ მორწმუნეთა საკმაოდ მოზრდილ ნაწილს პატრიარქი ღმერთი ჰგონია, არც ისე შორსაა სინამდვილისაგან. პატრიარქის სადიდებელად შექმნილი ურიცხვი ლექსი თუ სიმღერა, მისი პორტრეტის მობილური ტელეფონის ავატარად, ხოლო მისი ხმის კი ზარად გამოყენება, პიროვნების კულტის გასახალხოების ნიშანია. უთეოლოგიო რელიგიაში, როგორიცაა თანამედროვე ქართული მართლმადიდებლობა, რელიგიური კიჩი სარწმუნოების ყველაზე სანდო საყრდენია, რომელიც საკულტო საგნისა ან პიროვნების ყველგანსუფევას გამოხატავს.

თავად ამ კულტის გენეზისი კი არა ქრისტიანობის პირველწყაროებში, არამედ საბჭოთა ხანის ყველაზე პოპულარულ ქართულ ხალხურ „რელიგიაში“ – სტალინიზმში უნდა ვეძიოთ: პიროვნების თაყვანისცემა, უკრიტიკო მორჩილება, აგრესია „ეკლესიის მტრებისა“ და „მწვალებლების“, ანუ ყველა განსხვავებული აზრის მქონეს მიმართ, გამუდმებული შეთქმულების თეორიები და სატანისტური ნიშნების ძებნა-პოვნა – თუმცა ქრისტიანული ეკლესიის ისტორიის ლაიტმოტივია, მაგრამ თანამედროვე საქართველოში ის სათავეს XX საუკუნის 30-იანი წლებიდან იღებს და ეს ტენდენცია მას შემდეგ უკვალოდ არასდროს გამქრალა. საბჭოთა კავშირის ნგრევის მომენტში ეკლესიამ არაჩვეულებრივი წარმატებით მოახერხა გამოთავისუფლებული და უფორმოდ დარჩენილი ავტორიტარული ენერგიების შენახვა და მისთვის ახალი სახის მიცემა. ამასთანავე, ეკლესიამ უაღრესად ოსტატურად აიტაცა იმ დროს აზვირთებული ქართული ნაციონალიზმი და ეს პოლიტიკური იდეოლოგია საკრალურ ხარისხში აიყვანა და მას დაუსახა საბოლოო მიზანი – „საქართველოს გაბრწყინება,“ – რომელიც უფრო მეტად ფანტასმაგორიულია, ვიდრე საბჭოთა სისტემის დეკლარირებული მიზანი – კომუნიზმის აშენება. მიზნის ბუნდოვანება და აბსურდულობა კი იმისი გარანტია, რომ მისკენ მიმავალი ხალხი ვერასდროს მიუახლოვდება დანიშნულების ადგილს და, შესაბამისად, არც გულაცრუებული დარჩება.

მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაური ერთადერთი აღმოჩნდა თანამედროვე საქართველოში, ვინც ყველაზე ზუსტად ამოიცნო მისი სამწყსოს გულისწადილის ალგორითმი: ადამიანთა შიში და უმწეობა პასუხისმგებლობისა და არჩევანის თავისუფლების წინაშე, აგრეთვე საბჭოთა სისტემაში გამობრძმედილი კონფორმიზმი და გულუბრყვილო რწმენა, რომ საკუთარი პრობლემების მოგვარება რომელიღაც ზებუნებრივი ძალების პრეროგატივაა. ამასთანავე, ძალადობისა და აგრესიის პოტენციალი, რომლის დეფიციტსაც საქართველო არასდროს განიცდიდა, რელიგიური შუღლისა და ექსტრემიზმის სამსახურში ჩადგა, რომლის წამხალისებელიც სრულიად ღიად უშუალოდ საპატრიარქოა, რისი თვალსაჩინო მაგალითიც მართლმადიდებელ ექსტრემისტთა ერთ-ერთი მეთაურის დაჯილდოებაა.

გარდა ამისა, მორწმუნეობა სრულიად მერკანტილური თვალსაზრისითაც განსაკუთრებით პერსპექტიული აღმოჩნდა: მღვდელი თანამედროვე საქართველოში ყველაზე სარფიანი ხელობაა, რომლისთვისაც ზედმეტი სწავლა-ჯაფა არაა საჭირო, სამაგიეროდ გარანტირებულია მაღალი შემოსავალი, განსაკუთრებული პატივისცემა და ძალაუფლება. თვით სტიქაროსნის ანაზღაურებაც კი ზოგჯერ პროფესორის ხელფასსაც აღემატება.

დაბოლოს, არაერთი მეტ-ნაკლებად ლიბერალი ქართველისგან მსმენია, რომ დღევანდელი რელიგიურობა მოდაა ან, რომ, ვინაიდან ეს მასობრივი მორწმუნეობა ერთი პიროვნების – ილია II-ის კულტზე დგას, შემდეგი პატრიარქის აღსაყდრებისთანავე ძალას დაკარგავს და გაიფანტება. მიუხედავად იმისა, რომ მე ასე მარტივად არ ვხედავ ამ პრობლემას, ასეც რომ მოხდეს, უპასუხოდ რჩება მთავარი კითხვა: ვის ხელში მოექცევა ქართული საზოგადოების ის ავტორიტარული ენერგიები, რომლის განსახიერებაც დღევანდელი მართლმადიდებლობაა?