პლებსის ელიტის კულტურა


(მრავალციტატიანი ტექსტი)

ელიტებისა და მათი პოლიტიკური კულტურის თემისადმი მიძღვნილი კონფერენცია ჩატარდა ქალაქში, რომელსაც იტალიელები თურმე „მონაკო დი ბავიერას“ უწოდებენ. მხცოვანმა გერმანელმა პროფესორმა თავის მოხსენებაში აღმოსავლეთ ევროპის ერთი ახალი ტენდენცია შენიშნა - რეგიონის ქვეყნებში პლებსის ელიტა აღზევდაო.

ელიტაში მოდიან ადამიანები, რომლებიც არაფრით განსხვავდებიან „ჩვეულებრივი ხალხისგან“, ოღონდ ელიტაში მოსვლისთანავე ცდილობენ, მაქსიმალურად გამოეყონ მათ. მაგალითად, სპეციალური „კარიბჭიანი ერთობებით“ ანუ სახლებით თუ უბნებით, სადაც „ჩვეულებრივი ადამიანი“ ფეხს ვერ შეადგამს.

პროფესორმა ვიღაც აციტირა, ვისაც ეს აზრი ეკუთვნოდა, მაგრამ, სამწუხაროდ, ვერ გავიგონე - ვინ, ჩაკითხვა კი დამავიწყდა. ყოველ შემთხვევაში, ფაქტია, რომ ის, ვისაც ეს აზრი მოუვიდა თავში, რომაულ ისტორიას იცნობდა - იმ ეპიზოდს მაინც, როდესაც პატრიციები და პლებსი, მაღალი და დაბალი „კლასები“ ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. პლებსი საკუთარი ელიტის სენატში შეყვანას ითხოვდა, რასაც, საბოლოოდ, მიაღწია კიდეც.

რაღაი და ამ რომაული ტერმინის თანამედროვეობაში გადამტანის სახელი ვერ გავიგე, ხოლო ქართული პარალელების დაძებნა მოსაწყენი მომეჩვენა, თავისუფალ ასოციაციებს მივყევი, რამაც რამდენიმე ავტორის გახსენებამდე მიმიყვანა. ჯერ ბურდიო, ფრანგი სოციოლოგი მომაგონდა, რომლის აზრითაც მთელი მაღალი კულტურა სხვა არაფერია, თუ არა საშუალება იმისათვის, რომ ელიტამ პლებსისგან, „ჩვეულებრივი ხალხისგან“ გაარჩიოს საკუთარი თავი. ბახის კანტატების მოსმენას და ბერგმანის ფილმების ყურებას, ბურდიოს მიხედვით, ერთადერთი სოციალური ფუნქცია აქვს - გამიჯნო შენი თავის იმ ადამიანებისგან, ვისაც არც პოლიფონიური მუსიკისა გაეგება რამე და არც - არტჰაუზისა. ცინიკური, მაგრამ გონებამახვილური ახსნაა.

გერმანელ პროფესორს ბურდიო არ უხსენებია, თუმცა, ალბათ, ღირდა - პლებსის ელიტა ხომ სწორედ ის ჯგუფია, რომლის კულტურული კომპეტენციაც სრულიად არ გამოირჩევა მასების შესაძლებლობებისაგან. შედეგად ვიღებთ სიტუაციას, როდესაც როგორც მასა, ისე ელიტა ერთნაირ კულტურულ პროდუქციას მოიხმარს - პრაიმ-ტაიმის ტელევიზიას, პოპ-მუსიკასა და ჰოლივუდის ფილმებს.

ახლა ვინმე გათვითცნობიერებული ალბათ მეტყვის - რაღა დროს მაღალ და დაბალ კულტურებად დაყოფაა ამ გაგანია პოსტმოდერნის ეპოქაშიო. ეგ ძველი იერარქიული საზოგადოებების მახასიათებელი იყო, დღეს ასეთი მკვეთრი გამიჯვნა წარსულს ჩაბარდაო. და მართალიც იქნება.

ოღონდ მხოლოდ ნაწილობრივ.

ბურდიო თავის ამ შეხედულებას ოცდაათი წლის წინ ავითარებდა. დღეის სიტუაციის აღსაწერად ახლა უკვე პოლონელი სოციოლოგი დამჭირდება: ზიგმუნტ ბაუმანი, რომელიც გვეუბნება, თანამედროვე კულტურული ელიტა ყველაფერს მოიხმარსო, მაღალ კულტურასაც და დაბალსაც, ბახსაც და როკენ-როლსაც, ბერგმანსაც და საშინელებათა ფილმებს. ახალი ელიტის წარმომადგენლები „ყოვლისმჭამელები“ არიან. რაც შეეხება „არა-ელიტას“, მას სწორედაც ამ მაღალი კულტურის მოხმარება არ შეუძლია. ხოლო თუ მაინც მოინდომებს, საკუთარი უბადრუკი მცდელობების შედეგად ელიტის მიერ შეფასდება, როგორც „უკულტურო“. ანუ განსხვავებები კულტურულ ელიტასა და პლებსს შორის სრულიადაც არ წაშლილან, მათ უბრალოდ ადგილი იცვალეს.

შესაბამისად, პლებსის ელიტის კულტურის თემა აქტუალური რჩება.
მაგრამ საქმე მხოლოდ ამ ვიწროდ გაგებულ კულტურას არ ეხება.
საქმე ეხება ასევე პოლიტიკურ კულტურასაც.

შესანიშნავი რამ მოხდა 2008 წელს: წინაარსარჩევნო რბოლისას მაკკეინს ერთმა ამომრჩეველმა უთხრა - ვინ არის ეს ობამა, მე მას საერთოდ არ ვენდობი, მგონი მუსლიმი ფუნდამენტალისტიაო (ზუსტად ფრაზა არ მახსოვს, მაგრამ დაახლოებითი შინაარსი ასეთი იყო).

მაკკეინის პასუხი ამაზე იყო გაკვეთილი მათთვის, ვისაც უნდა, გაიგოს, რა არის პასუხისმგებლობის გრძნობის მქონე პოლიტიკური ელიტის კულტურა - მე ვიცნობ ობამას, ის ჩემი კოლეგაა, მე მას არ ვეთანხმები, მაგრამ ვენდობიო, იყო სენატორის რეპლიკა.

ეს მაგალითი კარგად აჩვენებს პლებსსა და ელიტას შორის განსხვავებას. პოლიტიკური ელიტის ფუნქცია სისტემის შენარჩუნებაა და არა მისი დაშლა, რესენტიმენტის დაცხრობაა და არა მისი გაღიზიანება, სოლიდარობის გამოვლენაა და არა - საზოგადოებრივი ქსოვილის დარღვევა.

ამის საპირისპირო ქცევას იმავე აშშ-ში ე. წ. „ჩაის წვეულების“ მოძრაობის წევრებზე შეგვეძლო დავკვირვებოდით ეს რამდენიმე წელი - პოლიტიკურ ელიტაში უცბად აღმოჩნდა ხალხი, რომელსაც იქ არაფერი ესაქმებოდა. ყოფილი კომუნისტური ბლოკის ბევრ ქვეყანაში კი საქმე ბევრად უფრო უარესადაა - აქ პრობლემა პასუხისმგებლობის გრძნობის მქონე ელიტების ცალკეული ჩავარდნები კი არა, ასეთი ელიტების არარსებობაა. სწორედ ამიტომაც თავისუფლდება ეს ადგილი მათთვის, ვისაც არც პოლიტიკური კულტურა აქვს და არც, უბრალოდ, კულტურა.

რა არის ის, რაც შეუძლია პასუხისმგებლობის გრძნობის მქონე პოლიტიკური ელიტის წარმომადგენელს და არ ძალუძს - „პლებეის“? გაგეცინებათ, მაგრამ ეს კონკრეტული აზროვნებაა. დიახ, „პლებსს“ მხოლოდ აბსტრაქციებით აზროვნება შეუძლია.

ჰეგელს, გარდა ურთულესი ფილოსოფიური ტრაქტატებისა, ერთი უადვილესი ტექსტი აქვს დაწერილი, სახელწოდებით - „ვინ აზროვნებს აბსტრაქტულად?“ როგორც ჩანს, დიდი ფილოსოფოსი გააღიზიანეს შენიშვნებით, მეტისმეტად აბსტრაქტულად აზროვნებ, ცოტა უფრო ადვილად გვითხარი სათქმელიო. და ისიც გაბრაზდა და პასუხობს - ყველაზე აბსტრაქტულად მე კი არა, ბაზრის გამყიდველი აზროვნებსო. მაგალითიც მოჰყავს - თუ მოხდა და მყიდველმა საქონელი დაიწუნა, ამ საქონლის გამყიდველი იმწამსვე შეამკობს კლიენტს ყველა შესაძლებელი უარყოფითი ეპითეტით: გამოულანძღავს მშობლებსა და ნათესავებს, ეჭვს შეიტანს მის პატიოსნებასა და სისუფთავეში და ა. შ. რატომ? აბსტრაქტულად მოაზროვნე ვაჭარი შენიშვნის მიმცემ მყიდველში სხვას ვეღარავის ხედავს, გარდა ადამიანისა, რომელმაც გასაყიდი პროდუქტის ხარისხი დაიწუნა. ყველა დანარჩენი კონკრეტული თვისება მისთვის აბსტრაქციად იქცევა.

სადაა გამოსავალი? რა ვქნათ, რომ ასეთ „აბსტრაქტულად“ მოაზრონეებს არ დავემსგავსოთ?

კიდევ ორი ციტატაც და პასუხიც იქნება:

„პირველხარისხოვანი ინტელექტის ტესტია, აიტანოს ორი ურთიერთგამომრიცხავი იდეა ისე, რომ ფუნქციონირების უნარი არ დაკარგოს“ - ფიცჯერალდის ეს ფრაზა მით უფრო აქტუალური ხდება, რაც მეტი დრო გადის მისი წარმოთქმიდან.

„მაგრამ მე ვცდილობ, რინგო, მაგრად ვცდილობ...“ - ამ ფინალური ფრაზის წყაროს დასახელება, ალბათ, არც სჭირდება.