რუსეთსა და გერმანიას შორის დიპლომატიური დაპირისპირება მოჰყვა ბერლინში მცხოვრებ 13 წლის რუს ემიგრანტ გოგოსთან დაკავშირებულ ბუნდოვან ისტორიას. ოჯახის განცხადებით, არასრულწლოვანი გოგო გაიტაცეს და გააუპატიურეს მიგრანტებმა ახლო აღმოსავლეთიდან.
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა 28 იანვარს გერმანიის ხელისუფლებას მოუწოდა წარმოადგინოს გამოძიების ხელთ არსებული ყველა დეტალი ბერლინში მცხოვრები რუსი მიგრანტების ოჯახის წევრის, 13 წლის გოგოს, გაუპატიურების შესახებ სარჩელზე. „თუ ბერლინი ყველა საჭირო ინფორმაციას წარმოადგენს, მაშინ გაუგებრობა ბევრად ნაკლები იქნება“, - განაცხადა ლავროვმა.
„ვინაიდან საუბარია რუსეთის ფედერაციის მოქალაქეზე, ჩვენ უფლება გვაქვს არა, უბრალოდ, დაველოდოთ გამოძიების დასრულებას, არამედ ამა თუ იმ ინციდენტზე, რაც რუსეთის ფედერაციის მოქალაქეებს შეემთხვევათ, უნდა მოხდეს ჩვენი ინფორმირება ცივილიზებულ მსოფლიოში არსებული ყველა ნორმის შესაბამისად. მოცემულ შემთხვევაში, ეს არ მოხდა დროულად და სწორედ ამის გამო განიმარტა სიტუაცია სხვადასხვაგვარად“.
ჩვენ დავადგინეთ, რომ ეს სექსუალური აქტები მოხდა მანამდე, ვიდრე გოგო გაუჩინარდებოდა. ჩვენ არ ვიცით, თუ რა მოხდა ამ პერიოდში და ვაწარმოებთ ამის გამოძიებას...მარტინ შტელტნერი
რუსი ემიგრანტი გოგო, რომელიც 11 იანვარს გაუჩინარდა, მეორე დღეს გამოჩენისთანავე მოექცა საზოგადოებისა და მედიის ყურადღების ცენტრში, როდესაც პოლიციას განუცხადა, რომ იგი გაიტაცეს და გააუპატიურეს გერმანიაში ახლო აღმოსავლეთიდან ჩასულმა მიგრანტებმა.
თუმცა, გერმანიის პოლიციის ცნობით, მათ არ მოეპოვებათ მტკიცებულებები, 11 იანვარს გოგონას გატაცების ან გაუპატიურების დამადასტურებელი. ბერლინის პროკურატურის ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარტინ შტელტნერმა რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ გამოძიება წარმოებს 14 წლის გოგოს მიმართ ჩადენილ სექსუალურ ძალადობაზე, რაც ბევრად ადრე მოხდა:
„ჩვენ დავადგინეთ, რომ ეს სექსუალური აქტები მოხდა მანამდე, ვიდრე გოგო გაუჩინარდებოდა. ჩვენ არ ვიცით, თუ რა მოხდა ამ პერიოდში და ვაწარმოებთ ამის გამოძიებას“.
მარტინ შტელტნერის თქმით, პროკურატურის მიერ ეჭვმიტანილი პირები არ არიან მიგრანტები ახლო აღმოსავლეთიდან. ერთ-ერთი გერმანიის მოქალაქეა, ხოლო მეორეს, გერმანიაში ხანგრძლივი ბინადრობის უფლების მქონე პირს, თურქეთის პასპორტი აქვს.
მცირეწლოვანი რუსი მიგრანტი გოგოს შესახებ ინფორმაციის გავრცელებას თავად რუსი მიგრანტების მიერ ორგანიზებული საპროტესტო გამოსვლები მოჰყვა ბერლინსა და სხვა გერმანულ ქალაქებში. საპროტესტო აქციას მოსკოვიც გამოეხმაურა. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა გამოთქვა რწმენა, რომ გერმანიის ხელისუფლება არ შეეცდება სიმართლის მიჩქმალვას „შიდა ვითარებასთან დაკავშირებული პოლიტკორექტული მიზეზით“. რუსეთის დიპლომატიური უწყების ხელმძღვანელის განცხადებამ შეაშფოთა ბერლინი, ხოლო გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ფრანკ ვალტერ შტაინმაიერმა რუსი კოლეგის განცხადებაში „გერმანიის შიდა საქმეებში“ ჩარევის მცდელობა დაინახა:
„ამან მე ნამდვილად გამაოცა. არ არსებობს არანაირი მიზეზი და საფუძველი, რომ 13 წლის გოგოსთან დაკავშირებული შემთხვევა, რომელზეც გამოძიება მიმდინარეობს, გამოყენებულ იქნეს როგორც პოლიტიკური პროპაგანდა იმისათვის, რომ მოხდეს ჩარევა და გაღვივდეს გერმანიის შიდა დებატები, მიგრანტებთან დაკავშირებული საკმაოდ რთული დებატები“.
შტაინმაიერმა იგულისხმა ახალი წლის წინა დღეებში მომხდარი ინციდენტი გერმანიის ქალაქ კიოლნში, სადაც, გავრცელებული ინფორმაციით, ქალები გაძარცვეს და გააუპატიურეს, სავარაუდოდ, ჩრდილოეთ აფრიკიდან და ახლო აღმოსავლეთიდან გერმანიაში ჩასულმა მიგრანტებმა. ანტიემიგრანტები და ზოგიერთი პოლიტიკოსი დღემდე აკრიტიკებს ადგილობრივ ხელისუფლებას ამ ძალადობის მიმართ გამოვლენილი ინერტულობის გამო.