ძველი „ოცნების“ ახალი სახეები

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა, საგურამოში - ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმში - გამართულ ღონისძიებაზე წინასაარჩევნოდ პარტიის განახლებული გუნდი წარადგინა. 15 ახალი წევრიდან 8 ქალია და 7 -კაცი. გიორგი კვირიკაშვილის თქმით, „ოცნების“ გუნდის ახალ წევრებს ზურგს უმაგრებთ კარგი რეპუტაცია და მაღალი პროფესიონალიზმი. ღონისძიებას მთავრობის წევრები, პარლამენტის დეპუტატები, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები და ბიზნესმენები დაესწრნენ.

Your browser doesn’t support HTML5

ძველი „ოცნების“ ახალი სახეები

საგურამოში - ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმში - გამართულ ღონისძიებაზე გამოსვლისას პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა თქვა, ეს ადგილი ყველა ქართველში განსაკუთრებულ ემოციებს იწვევსო:

„დღევანდელი ჩვენი შეკრებით საგურამოში, სადაც ილიას უკვდავი სული ტრიალებს, მინდა, პირველ რიგში, საკუთარ თავს და ქართველ ხალხს დავუდასტურო, რომ დიდი ილიას გზის, მისი ღირებულებების ერთგულნი ვიქნებით და ძალ-ღონეს არ დავიშურებთ ჩვენი სამშობლოს, ჩვენი ხალხის სამსახურისთვის. ჩვენ არ გადავუხვევთ ქართველი ერის ისტორიულ არჩევანს და მტკიცედ ვივლით ევროპისკენ“.

გიორგი კვირიკაშვილმა თავის სიტყვაში რამდენჯერმე მოიყვანა ილია ჭავჭავაძის ციტატები, მათ შორის „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში ყოფნის 4 წლის შეფასებისასაც მიმართა ციტატებს და აღნიშნა, რომ ხელისუფლების პოლიტიკის ცენტრში დგას ადამიანი:

„საუკუნეზე მეტი ხნის წინ თქვა ილიამ: ,,ყოველი წყობილება, რომლის ძალითაც მოქმედებს მთელი კაცობრიობა, იმიტომ არის შემოღებული, რომ ადამიანი, რამდენადაც შესაძლოა, ბედნიერი იყოს“. ეს სიტყვები ჩვენი გზის სისწორეს ადასტურებს. დიახ, ჩვენი ხელისუფლება ისეთ სახელმწიფოს აშენებს, რომლის ცენტრშიც გახლავთ ადამიანი და ადამიანის ღირსება“.

ამის შემდგ პრემიერ-მინისტრმა პარტია „ქართული ოცნების“ განახლებული 15-კაციანი შემადგენლობა წარადგინა. მისი თქმით, "ქვეყანას მხოლოდ მაღალი ღირებულებების ერთგული და სახელმწიფოებრივად მოაზროვნე ადამიანები აშენებენ“ და სწორედ ამ ნიშნით შეირჩნენ გუნდის ახალი წევრები, რომლებსაც ზურგს უმაგრებთ კარგი რეპუტაცია, საუკეთესო განათლება და მაღალი პროფესიონალიზმი.

ჩემი ძირითადი გამოცდილება არის პოლიტიკის შემუშავების საკითხებში დემოკრატიული რეფორმების და ადამიანის უფლებების დაცვის საკითხები. შესაბამისად, ბუნებრივად ვიმუშავებ, ალბათ, ამ საკითხებზე...
თამარ ჩუგოშვილი

წინასაარჩევნოდ პარტიის განახლებულ გუნდში არიან პრემიერ-მინისტრის ყოფილი თანაშემწე, იურისტი თამარ ჩუგოშვილი, ექიმი და ფსიქოლოგი ირინა ფრუიძე, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე არჩილ თალაკვაძე, ბიზნესომბუდსმენი გიორგი გახარია, სამართალმცოდნე კახა კუჭავა, საქართველოს სოლიდარობის ფონდის აღმასრულებელი დირექტორი, ჯანდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე მარიამ ჯაში, ევროინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატშიევროკავშირის დახმარების კოორდინაციის დეპარტამენტის უფროსი რომან კაკულია,შსს-ს პოლიციის აკადემიის ყოფილი პრორექტორი იურისტი სოფო კილაძე,„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე, ჯანდაცვის სპეციალისტი აკაკი ზოიძე, უცხო ენების სპეციალისტი, ბრიტანეთის საელჩოს პოლიტიკური მდივანი სოფო ქაცარავა, ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართლის მაგისტრი, პრემიერ- მინისტრის მრჩეველი გენდერული თანასწორობის საკითხებში სოფო ჯაფარიძე,სამართალმცოდნეობის მაგისტრი, სასჯელაღსრულების და პრობაციის მინისტრის მოადგილე თამარ ხულორდავა, საერთაშორისო სამართლის სპეციალისტი ნინო გოგუაძე, ადვოკატთა ალიანსის თავმჯდომარემამუკა მდინარაძე.

მედიასთან პარტიულ მიზნებზე საუბრისას თამარ ჩუგოშვილმა განმარტა, რომ დემოკრატიული რეფორმების დაგეგმვა იქნება მისი მთავარი ამოცანა:

თამარ ჩუგოშვილი

„ჩემი ძირითადი გამოცდილება არის პოლიტიკის შემუშავების საკითხებში დემოკრატიული რეფორმების და ადამიანის უფლებების დაცვის საკითხები. შესაბამისად, ბუნებრივად ვიმუშავებ, ალბათ, ამ საკითხებზე. რაც შეეხება დემოკრატიული რეფორმების გაგრძელებას, ვიმუშავებ მის გაძლიერებაზე და კიდევ უფრო გამყარებაზე, ასევე ინსტიტუციური რეფორმების და ინსტიტუციური სიძლიერის შემატებაზე“.

„ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში ყოფნის დროს მიღწეულს ჩვენ ახალ მიღწევებს დავაშენებთო, დასძინა შინაგან საქმეთა მინისტრის მოქმედმა მოადგილემ არჩილ თალაკვაძემ:

„’ქართული ოცნება’ არის გუნდი, რომელმაც უზრუნველყო, რომ დღეს ბიზნესი არის ხელშეუხებელი, ადამიანის უფლებები არის დაცული, მედიასივრცე - თავისუფალი და ჯანდაცვა - ხელმისაწვდომი ყველა ადამიანისთვის. ეს არის ის წინაპირობები, რომელსაც შემდეგი 4 წლის განმავლობაში პრემიერ-მინისტრ კვირიკაშვილის თაოსნობით ჩვენ უკვე დავაშენებთ და დავუმატებთ წარმატებულ რეფორმებს“.

არჩილ თალაკვაძის თქმით, თანამდებობას ის მაშინვე დატოვებს, როგორც კი ამას კანონი დაავალდებულებს. „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო ორგანიზაციის“ იურისტის ნინო რიჟამაძის თქმით, მოქმედი მინისტრები და მინისტრის მოადგილეები, თუ ისინი წინასაარჩევნო სიაში დასახელდებიან, თანამდებობიდან უნდა გადადგნენ პარტიული სიის ცესკოში რეგისტაციიდან 2 დღის ვადაში. ეს შეზღუდვა, ცოტა ხნის წან კანონში შესული ცვლილებების გათვალისწინებით, არ შეეხება პრემიერ-მინისტრს.რეგისტაციას კიპარტია გადის არჩევნებამდე არაუგვიანეს 30 დღისა.

შეინიშნება, რომ მათ უმეტესობას არ აქვს პოლიტიკური გამოცდილება, მათ აქვთ ადმინისტრაციული გამოცდილება, ისინი იყვნენ პროექტის მენეჯერები, რაც თავისთავად კითხვებს ბადებს, შეძლებენ თუ არა ისინი თავის დამკვიდრებას იმ რეალობაში, რომელიც არის...
კორნელი კაკაჩია

როგორც „სამართლიანი არჩევნების“ იურისტი ნინო რიჟამაძე განმარტავს, მოქმედი თანამდებობის პირების საარჩევნო სიაში მოხვედრისას მნიშვნელოვანია, რომ მათ არ გამოიყენონ ადმინისტრაციული რესურსი საარჩევნო კამპანიაში, რაც გავრცელებული პრაქტიკა იყო საქართველოში მრავალი არჩევნების განმავლობაში.

რაც შეეხება, თავად ახალი პოლიტიკური გუნდის შემადგენლობას და მათ წარსადგენად შერჩეულ ადგილს, პოლიტოლოგი კორნელი კაკაჩია ამბობს, ქართულ პოლიტიკას სჩვევია სიმბოლიზმი და ამით იყო გაჯერებული „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკაცო; ის, რომ „ქართული ოცნების“ ახალ წევრებს კარგი დასავლური განათლება აქვთ, არის იმის გარანტია, რომისინი იქნებიან პოლიტიკის გამტარები თვითონ „ქართულ ოცნებაში“ და არ იქნებიან პარტიის ფასადიო:

„შეინიშნება, რომ მათ უმეტესობას არ აქვს პოლიტიკური გამოცდილება, მათ აქვთ ადმინისტრაციული გამოცდილება, ისინი იყვნენ პროექტის მენეჯერები, რაც თავისთავად კითხვებს ბადებს, შეძლებენ თუ არა ისინი თავის დამკვიდრებას იმ რეალობაში, რომელიც არის, ანუ რამდენად მოახერხებენ ახალი სახეები გახდნენ დამოუკიდებლები ივანიშვილის ფაქტორისგან. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ „ქართული ოცნების“ ლიდერები მაინც დაკავშირებული არიან მასთან და მისი ეს ავტორიტეტი ძალიან მნიშვნელოვანია და ამას ოფიციალურად აღიარებენ. ახლა საინტერესოა, რამდენად შეძლებენ ისინი ივანიშვილის ხიბლისგან გათავისუფლებას“.

პრემიერ-მინისტრგიორგი კვირიკაშვილის თქმით კი, მმართველ გუნდს აღებული აქვს პასუხისმგებლობა, რომ ქვეყანა სახელმწიფოებრივი განვითარების ახალ ეტაპზე გადაიყვანოს. მთავარი პრინციპი იქნება თავდაჯერებულობა და თავმდაბლობა.