თუკი სამშენებლო უსაფრთხოების წესის დარღვევისთვის კომპანია აქამდე მხოლოდ 3000 ლარს იხდიდა, 22 მარტიდან წესის დარღვევისთვის მას ათჯერ მეტის, 30 ათასი ლარის, გადახდა მოუწევს, ოღონდ ჯარიმის გაათმაგება მხოლოდ დედაქალაქის ტერიტორიას შეეხო. საქმე ისაა, რომ 7 მარტს მიღებული კანონი „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ თბილისის მერის, კახა კალაძის ინიციატივით გაფართოვდა და მასში ინტეგრირდა „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი“. სწორედ ამ კოდექსის საფუძველზე ამოქმედდა დედაქალაქში გაათმაგებული ჯარიმა სამშენებლო უსაფრთხოების წესის დარღვევისთვის:
გაზრდილი ჯარიმები მშენებლობებისთვის
- სამშენებლო უსაფრთხოების წესის დარღვევისთვის კომპანიას 30 ათასი ლარის გადახდა მოუწევს.
- ჯარიმები გაიზარდა უნებართვო მშენებლობასა და პროექტის დარღვევით სამშენებლო სამუშაოების წარმოებისათვისაც.
- შრომის უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვა ასოცირების შესახებ შეთანხმების მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენს.
- კანონი „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ 21 მარტს შევიდა ძალაში, თუმცა კანონის უდიდესი ნაწილი ამოქმედდება ექვსი თვის თავზე.
"დღეს ძალაში შევიდა საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი, რომლის თანახმად, სამშენებლო უსაფრთხოების წესების დარღვევაზე - ისევე როგორც უნებართვო მშენებლობასა და პროექტის დარღვევით სამშენებლო სამუშაოების წარმოებაზე - საჯარიმო სანქციები მნიშვნელოვნად გაიზარდა. მინდა ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო პარლამენტს პროდუქტიული თანამშრომლობისთვის. დიდი იმედი მაქვს, ამ ცვლილებებით მივაღწევთ იმას, რომ მშენებლობებზე დასაქმებული ადამიანების უსაფრთხოება იყოს მაქსიმალურად დაცული. იცით, რომ ჯარიმები გაათმაგდა 3000-ლარიდან. პირველ შემთხვევაში დარღვევისთვის კომპანია 30 ათასი ლარით დაჯარიმდება, ხოლო მეორე შემთხვევაში სისხლის სამართლის დანაშაულია. ეს ყველაფერი გაკეთდა არა იმიტომ, რომ რაც შეიძლება მეტი კომპანია დავაჯარიმოთ, არამედ იქ მომუშავე ადამიანების უსაფრთხოება არის ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი. თუ ვნახავთ სტატისტიკას, ბოლო წლების, ბოლო თვეების განმავლობაში ძალიან მოიმატა სამშენებლო ობიექტებზე დაღუპული ადამიანების რიცხვმა, რაც ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ მშენებლობებზე მომუშავე ადამიანების უსაფრთხოება იყოს დაცული“.
გარდა სამშენებლო უსაფრთხოების წესების დარღვევისა, ჯარიმები გაიზარდა უნებართვო მშენებლობასა და პროექტის დარღვევით სამშენებლო სამუშაოების წარმოებისათვისაც. უნებართვო მშენებლობაზე - კერძოდ, სახელმწიფო და თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე - საჯარიმო სანქცია 10 000 ლარიდან 25 000 ლარამდე გაიზარდა. კერძო საკუთრებაში ახალი უნებართვო მშენებლობა ან რეკონსტრუქცია დაექვემდებარება 20 000 ლარით დაჯარიმებას.
წინგადადგმულ ნაბიჯად აფასებს „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ კანონის მიღებას ლინა ღვინიანიძე, „ადამიანის უფლებების სწავლების და მონიტორინგის ცენტრის“ წარმომომადგენელი, თუმცა ის როგორც თავად კანონში, ისე მერის ინიციატივაში მთელ რიგ ხარვეზებს ხედავს. თუკი ლინა ღვინიანიძის მიერ ჩამოთვლილ ხარვეზებს თანმიმდევრობით მივყვებით, მაშინ კანონში არსებული სამი მთავარი პრობლემა უნდა გამოვყოთ. პირველი - კანონის მოქმედება ვრცელდება მხოლოდ უსაფრთხოების საკითხებზე და მან არ დაფარა შრომის უფლების სხვა კომპონენტები, მაგალითად, არანორმირებული, ზეგანაკვეთური შრომის საკითხები, შვებულებითა და ბიულეტენით სარგებლობა და სხვა. მეორე - კანონი არ გავრცელდა ყველა დასაქმების ადგილზე და ის მოიცავს მხოლოდ იმ კონკრეტულ სფეროებს, რომელიც არის მომეტებული რისკის მქონე, მძიმე, მავნე და საშიში და, მეტიც, მთავრობამ უნდა განსაზღვროს იმ კომპანიებისა და სფეროების ჩამონათვალი, რომლებზეც გავრცელდება კანონი. მესამე მნიშვნელოვანი პრობლემა, რომელიც, ლინა ღვინიანიძის აზრით, ასუსტებს კანონს, ეს არის შრომის ინსპექტირების ლიმიტირებული მანდატი, რომ დაუყოვნებლივ განახორციელონ ინსპექტირება სამუშაო ადგილებზე.
თბილისის ტერიტორიაზე - და არამხოლოდ - განსაკუთრებით ხშირია მიუსაფარი, უსახლკარო, სოციალურად დაუცველი ჯგუფების მხრიდან მცირე ნაგებობების მშენებლობა, რაც ამ კანონის პირობებში 25 000 ლარით იქნება დაჯარიმებული...ლინა ღვინიანიძე
საქართველოში დღემდე არ ფუნქციონირებს სათანადო ინსპექტირების მექანიზმი. ამის შესახებ საუბარია შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ თებერვალში გამოქვეყნებულ ანგარიშში „შრომის საერთაშორისო სტანდარტები 2018“. ამ ანგარიშში ექსპერტთა კომიტეტი აღნიშნავს, რომ საქართველოში ჯერ კიდევ 2006 წელს გაუქმდა შრომის ინსპექცია, სფერო დარჩენილია უკონტროლოდ და მიუთითებს შრომის პირობებისა და შრომის უსაფრთხოების საკითხებში ზედამხედველი ორგანოს არსებობის აუცილებლობაზე. აღსანიშნავია, რომ საქართველოში შრომის ინსპექტირების დეპარტამენტი 2015 წელს სამუშაო ადგილებზე შრომის უსაფრთხოების საკითხებზე ზედამხედველობის მიზნით შეიქმნა, თუმცა შრომის უფლებებზე მომუშავე ორგანიზაციები მიუთითებენ, რომ ინსპექტირების დეპარტამენტი ვერ ასრულებს თავის მთავარ, საზედამხედველო, ფუნქციას: მას არ შეუძლია დასაქმების ადგილზე წინასწარი თანხმობის გარეშე მივიდეს შესამოწმებლად, ხოლო მის მიერ გაცემული რეკომენდაციების აღსრულება არ არის სავალდებულო.
აღსანიშნავია, რომ შრომის უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვა ასოცირების შესახებ შეთანხმების მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენს. ამ შეთანხმებით საქართველომ აიღო ვალდებულება დაუახლოოს საქართველოს კანონმდებლობა ევროკავშირის კანონმდებლობას, ხოლო ცვლილებები საქართველოს კანონმდებლობაში უნდა განხორციელდეს ეტაპობრივად, ოთხიდან ცხრა წლამდე ვადაში.
მნიშვნელოვანია ისიც, რომ კანონი „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ 21 მარტს შევიდა ძალაში, თუმცა კანონის უდიდესი ნაწილი ამოქმედდება ექვსი თვის თავზე. მომდევნო სამ თვეში მთავრობამ უნდა დაადგინოს ის კომპანიები და სფეროები, რომლებზეც გავრცელდება კანონი და ამ აქტის გამოცემიდან 90 დღის განმავლობაში ამოქმედდება კანონის ის ნაწილი, რომელიც პასუხისმგებლობებსა და სანქციებს გულისხმობს.
რაც შეეხება შრომის უსაფრთხოების კანონის იმ ნაწილს, რომელიც თბილისის მერის ინიციატივით გაფართოვდა და გაიზარდა ჯარიმები მშენებლობებზე უსაფრთხოების დარღვევისა და უნებართვო მშენებლობებისათვის, ლინა ღვინიანიძეს ამ შემთხვევაშიც აქვს შენიშვნები. მთავარ პრობლემას ის უნებართვო მშენებლობებისათვის განკუთვნილი ჯარიმის გაზრდაში ხედავს და განმარტავს, რომ მითითებული ნორმა არ იძლევა სანქციების დიფერენცირების შესაძლებლობას, დარღვევის სიმძიმიდან გამომდინარე, და ყველა სახის დარღვევაზე იდენტური ოდენობის სანქციას ითვალისწინებს. მისი თქმით, ეს ცვლილება განსაკუთრებით პრობლემური და ნეგატიური ეფექტის მომტანი შეიძლება აღმოჩნდეს უსახლკარო და სოციალურად დაუცველი შინამეურნეობების მიმართ:
„თბილისის ტერიტორიაზე - და არამხოლოდ - განსაკუთრებით ხშირია მიუსაფარი, უსახლკარო, სოციალურად დაუცველი ჯგუფების მხრიდან მცირე ნაგებობების მშენებლობა, რაც ამ კანონის პირობებში 25 000 ლარით იქნება დაჯარიმებული. ვფიქრობთ, რომ ეს ნეგატიურ გავლენას მოახდენს იმ ადამიანებზე, რომლებსაც არანაირი თავშესაფარი არ გააჩნიათ და მცირე ზომის კონსტრუქციებში, ფარდულებში ცდილობენ თავის შეფარებას. თბილისი არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ადგილი ამგვარი ტენდენციის, რასაც სახელმწიფო პასუხობს სრულიად არათანაზომიერი ჯარიმით, რაც ძალიან ცუდ გავლენას იქონიებს მოწყვლადი ჯგუფების მდგომარეობაზე, განსაკუთრებით იმ პირობებში, როდესაც ქვეყანას არ აქვს გამართული პოლიტიკა უსახლკაროთა პრობლემების დასაძლევად“.
ერთ-ერთი დასახლება, სადაც უსახლკარო ოჯახები კომპაქტურად ცხოვრობენ, აფრიკაში მდებარეობს. სწორედ ამ დასახლებაში მცხოვრები დედა-შვილის უფლებებს იცავს „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი“. ლინა ღვინიანიძის თქმით, დედა-შვილს ორი წლის წინ მიუვიდა მერიის ზედამხედველობის სამსახურისგან შეტყობინება დაჯარიმებისა და ნგრევის თაობაზე. ამჯერად საქმე სასამართლოშია და მიმდინარეობს დავა იმაზე, რომ იმ დრომდე არ დაინგრეს სახლი, სანამ ალტერნატიული საცხოვრებელი ფართის საკითხი არ გაირკვევა. საქმე ისაა, რომ ლინა ღვინიანიძის თქმით, უკანონო ნაგებობის ნგრევის შემთხვევაში, სახელმწიფოს არ მიაჩნია, რომ ეს არის გამოსახლება. შესაბამისად, ამ სიტუაციაში მუნიციპალიტეტი არ იღებს ვალდებულებას ეს ადამიანები საცხოვრებელი ფართით დააკმაყოფილოს.