გასულ წელს ექსპორტი შემცირდა

სარფის საბაჟო

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემების თანახმად, 2014 წელს ექსპორტი 2 პროცენტით შემცირდა. ეს იმის მიუხედავად, რომ ექსპორტის განვითარება საქართველოს მთავრობის გაცხადებული ეკონომიკური პრიორიტეტია. რა მიზეზების გამო მცირდება ექსპორტი?

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციამ კიდევ ერთხელ დაადასტურა ის ეჭვი, რაც გასული წლის მეორე ნახევარში გაჩნდა. ლაპარაკია ექსპორტის შემცირების ტენდენციაზე. „საქსტატის“ წინასწარი მონაცემების თანახმად, 2014 წელს ექსპორტი 2 პროცენტით შემცირდა. ექსპორტის კლების ტენდენციის შესახებ საპარლამენტო ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ, განგაში ჯერ კიდევ რამდენიმე თვის წინ ატეხა:

„ხელისუფლების მიერ უკანასკნელ თვეებში ხდებოდა მუდმივად პი-არის კამპანიის წარმოება იმასთან დაკავშირებით, რომ ისინი აძლიერებენ საქართველოს საექსპორტო პოტენციალს. ეს ბოლო მაჩვენებლები ცალსახად აჩვენებს, რომ ეს არის მხოლოდ და მხოლოდ პი-არი და ამას რეალობასთან შეხება არ აქვს“.

საექსპორტო ავტომობილები ფოთის "გეზში"

„ნაციონალურმა მოძრაობამ“, რომელსაც ზურაბ ჯაფარიძე წარმოადგენს, საქართველოს პარლამენტს სპეციალური ინიციატივით მიმართა, რომელიც ეკონომიკის გამოცოცხლების მიზნით მთელი რიგი ნაბიჯების გადადგმას ითვალისწინებდა, მაგრამ მმართველმა უმრავლესობამ ოპოზიციის რეკომენდაციები არ გაითვალისწინა. მთავრობა მიიჩნევს, რომ ეკონომიკაში საქმე კარგად მიდის და წარმოება და ექსპორტი იზრდება. ამას ირწმუნებოდა 2014 წლის ბოლოს პარლამენტში გამოსვლისას ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადურიც, როდესაც 9 თვის შედეგები შეაჯამა:

„თქვენ ხედავთ, რომ ექსპორტი არის მნიშვნელოვნად გაზრდილი. ევროკავშირის ქვეყნებთან ექსპორტი გაზრდილია 23 %-ით. რაც შეეხება დსთ-ს ქვეყნებს, ამ შემთხვევაში ექსპორტის შემცირება ძირითადად გამოწვეულია ახალი რეგულაციებით, რომელიც ამ ქვეყნებში საქართველოდან ავტომობილების შეტანას შეეხო“.

ფინანსთა მინისტრმა ევროკავშირთან ექსპორტის გაზრდა ახსენა, თუმცა კი ოპოზიცია საწინააღმდეგოზე მიუთითებს. „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის, განცხადებით, საქართველოს ექსპორტი რუსეთზე დამოკიდებული ხდება:

ზურაბ ჯაფარიძე

„თუ მთლიან ექსპორტს გამოვაკლებთ ექსპორტს რუსეთში, ვნახავთ, რომ 2014 წლის 9 თვეში ზრდა არის სულ 1 პროცენტი. ეს ყველაფერი მიანიშნებს იმაზე, რომ აღარ ხდება საქართველოს ექსპორტის დივერსიფიკაცია და საქართველო კვლავ ხდება დამოკიდებული რუსეთის ფედერაციაზე, რაც, ცხადია, საფრთხეს უქმნის საქართველოს ეროვნულ უსაფრთხოებას: ყველას ახსოვს რუსეთის მიერ საქართველოსთვის დაწესებული სავაჭრო ემბარგო“.

ზურაბ ჯაფარიძის მიერ ნახსენები ემბარგო მოსკოვს ჯერჯერობით არ დაუწესებია, მაგრამ ქართული პროდუქციის ექსპორტს რუსეთის ფედერაციაში პრობლემები მაინც შეექმნა. ლაპარაკია ქართულ ღვინოზე, რომლის მწარმოებელი კომპანიები რუსეთიდან შემცირებულ შეკვეთებსა და ექსპორტირებული პროდუქციის საფასურის ამოღების პრობლემებს უჩივიან. ტელეკომპანია „ტე-ვე 3-ისთვის“ მიცემულ ინტერვიუში კომპანია „შუხმან ვაინზ ჯორჯიის“ ხელმძღვანელმა ნუცა აბრამიშვილმა განაცხადა, რომ რუბლის გაუფასურებამ გაყიდვის შემცირება გამოიწვია:

“შემცირდა გაყიდვები. ჩვენს პარტნიორებს უჭირთ თანხების ამოღება, რამაც კიდევ ერთხელ დაგვანახვა, რომ ბაზრის დივერსიფიკაცია აუცილებელია“.

მონეტარული პოლიტიკა, ეკონომიკური პოლიტიკა, საბიუჯეტო პოლიტიკა მომართული უნდა იყოს მთავარი სტრატეგიული მიზნისთვის, სწრაფი ეკონომიკური ზრდისკენ და სამუშაო ადგილების შექმნისკენ. რაკი ეს არ ხდება, ესე იგი პოლიტიკა მცდარია...
დემურ გიორხელიძე

რუსეთში პროდუქციის რეალიზაციის პრობლემებზე საუბრობენ ღვინის სხვა მწარმოებლებიც. არადა, რუსეთი ბოლო ორი წლის მანძილზე საქართველოს ღვინის ექსპორტის ძირითად მიმღებად ჩამოყალიბდა. მასზე მოდის ღვინის მთლიანი ექსპორტის 63 პროცენტი. იმას, რომ ეს წილი 2014 წელს შემცირების ტენდენციით ხასიათდებოდა, ღვინის ეროვნული სააგენტოც ადასტურებს. მისი ინფორმაციის თანახმად, წლის დასაწყისში რუსეთში ქართული ღვინის 71% გადიოდა, ხოლო წლის ბოლოს რუსეთის წილი 60%-მდე შემცირდა.

კლებას განიცდის ქართული ექსპორტის ლიდერი პროდუქციაც - მსუბუქი ავტომობილების რეექსპორტი. მისი წილი მთლიან ექსპორტში ბოლო ორი წლის განმავლობაში 24-დან 19 პროცენტამდე შემცირდა და ვარაუდობენ, რომ კლების ტენდენცია კვლავაც გაგრძელდება. ამის მიზეზი კი აზერბაიჯანში განხორციელებული ცვლილებებია, რაც საქართველოდან ავტომობილების ექსპორტს აძვირებს. ძვირდება ასევე ამ პროდუქციის ექსპორტი სომხეთში, ევრაზიულ კავშირში მისი გაწევრიანების გამო. გარე ფაქტორების გარდა, ქართული ექსპორტის შემცირების მიზეზებს სპეციალისტები მთავრობის ეკონომიკურ პოლიტიკაში ხედავენ. ეკონომიკური საკითხების ექსპერტი დემურ გიორხელიძე სამთავრობო პროგრამების არაეფექტიანობაზე მიუთითებს:

„გამოცხადება, დეკლარირება არ ყოფნის საქმეს. რაკი საქმე ასეა და ექსპორტი იკლებს, ის პროგრამები, რომლებიც ხორციელდება, არაეფექტიანია. მონეტარული პოლიტიკა, ეკონომიკური პოლიტიკა, საბიუჯეტო პოლიტიკა მომართული უნდა იყოს მთავარი სტრატეგიული მიზნისთვის, სწრაფი ეკონომიკური ზრდისკენ და სამუშაო ადგილების შექმნისკენ. რაკი ეს არ ხდება, ესე იგი პოლიტიკა მცდარია“.

ექსპორტის კლება, რაც ქვეყანაში უცხოური ვალუტის შემცირების ერთ-ერთი მთავარი მიზეზია, განაპირობებს ეროვნული ვალუტის კურსის ვარდნას. ლარის გაუფასურება კი ბოლო თვეების მანძილზე საგრძნობ ფინანსურ ზარალს აყენებს საქართველოს მოსახლეობას.