დღე მეცამეტე - მეშახტეები უკან დახევას არ აპირებენ

ქვანახშირის მაღაროს მუშების აქცია ტყიბულში

ტყიბულში უკვე მეცამეტე დღეა გრძელდება მეშახტეების გაფიცვა. ქვანახშირის მაღაროს მუშების მოთხოვნა უცვლელია: ისინი მმართველი კომპანიის, „საქნახშირ - ჯი-აი-ჯი“-სგან, ხელფასის 40%-ით მომატებას მოითხოვენ. უცვლელია დამსაქმებლის პოზიციაც: ხელფასი ამ ეტაპზე ვერ მოიმატებს. მეშახტეები დაჟინებით მოითხოვენ პროცესში უფრო აქტიურად ჩაერთოს ხელისუფლება. გაფიცულების სოლიდარობის აქცია 26 თებერვალს თბილისშიც გაიმართა.

„მყარად ვდგავართ, მოთხოვნებს არ შევცვლით“, - გვითხრა ტყიბულელი მეშახტეების გაფიცვის მეცამეტე დღეს გაფიცულმა რუსლან ბუცხრიკიძემ და დახმარებისთვის ისევ ხელისუფლებას მიმართა:

„სახელმწიფომ აუცილებლად უნდა მიიღოს ზომა, რომ ეს ურთიერთობები მოაწესრიგოს, ყველაფერი უნდა გააკეთოს, რომ ვითარება არ გამწვავდეს. ხომ ყველამ ვიცით, ლარი რა დღეშია და დოლარის კურსი როგორია! ხომ ყველამ ვიცით, რომ კომპანია პროდუქციას დოლარში ყიდის! როგორ მელაპარაკება, რომ პროდუქციის გაყიდვამ მოიკლო?

რუსლან ბუცხრიკიძე

ისევ იმდენს მოვიპოვებთ, ისევ ისე ვშრომობთ, ის კი ისევ დოლარში იმავე ფასად ყიდის. ჩვენ კი ხელფასები შეგვიმცირეს ისე, რომ არც აგვიხსნეს, რატომ“.

საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის ფინანსურმა დირექტორმა ზურაბ გელენიძემ 26 თებერვალს განაცხადა, რომ ხელფასები ამ ეტაზე არ გაიზრდება და მეშახტეებს სამუშაო ადგილებზე დაბრუნებისაკენ მოუწოდა:

„გარკვეულ პირობებზე, რომელზეც ჩამოვყალიბდით, სრული ურთიერთგაგება გვექნება და მეშახტეები სამუშაოს დაუბრუნდებიან, მაგრამ მათ შორისაც არიან დესტრუქციული ძალები, რომლებიც უაღრესად უარყოფით როლს თამაშობენ დღეს მიმდინარე პროცესში“.

ტყიბულში გაფიცვის მეცამეტე დღეს მეშახტეებთან საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი კახა კოჟორიძეც მივიდა. 26 თებერვალს საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა გიორგი აბაშიშვილმაც განაცხადა, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაცია ტყიბულში განვითარებულ პროცესებს დეტალურად შეისწავლის.

ის ლაპარაკობს საკითხებზე, რომლებიც დღეს უკვე გადაწყვეტილია ან არსებობს წესები, თუ როგორ უნდა გადაწყდეს. ის კი ულტიმატუმის ენით გველაპარაკება, რომ რაც უკვე არის, ის უნდა გაკეთდეს...
გია ჟორჟოლიანი

ტყიბულის მაჟორიტარმა დეპუტატმა ელისო ჩაფიძემ კი 26 თებერვალს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ, მთავრობის გადაწყვეტილებით, მეშახტეებს შეუნარჩუნდებათ საგადასახადო შეღავათები. მან ასევე თქვა, რომ არ უყენებს ულტიმატუმს ხელისუფლებას, მაგრამ აკეთებს პოლიტიკურ განცხადებებს და ცდილობს მეშახტეების პრობლემები ხელისუფლებამდე მიიტანოს. თუმცა ელისო ჩაფიძის პოზიციას აკრიტიკებს მისივე გუნდის წევრი კოალიცია „ქართული ოცნებიდან“, გია ჟორჟოლიანი, რომელიც ამბობს, რომ ელისო ჩაფიძის განცხადებები არაკომპეტენტურია:

„ის ლაპარაკობს საკითხებზე, რომლებიც დღეს უკვე გადაწყვეტილია ან არსებობს წესები, თუ როგორ უნდა გადაწყდეს. ის კი ულტიმატუმის ენით გველაპარაკება, რომ რაც უკვე არის, ის უნდა გაკეთდეს. საგადასახადო შეღავათების თაობაზე კანონპროექტი, მაგალითად, უკვე ინიცირებულია ჩემ მიერ, შეთანხმებულია ფინანსთა მინისტრთან, მთავრობასთან, პრემიერთან. ცალკე პრობლემაა ის, რომ კონიუნქტურული პოლიტიკოსები ამით სარგებლობენ როგორც ოპოზიციის, ისე უმრავლესობის მხრიდანაც“.

სახელმწიფომ უნდა დაინახოს და აღიაროს, რომ ტყიბულში განვითარებული პროცესი არ არის რიგითი შრომითი დავა დამსაქმებელსა და დასაქმებულს შორის...
ლინა ღვინიანიძე

ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ჩაფიძის აქტიურობა უკვე შეფასდა ოპოზიციის მხრიდან პოლიტიკური ქულების დაგროვების მცდელობად. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრის აკაკი ბობოხიძის თქმით, ქვეყანაში არსებული ეკონომიკური მოვლენების გათვალისწინებით, გაჩერება ელის არა მხოლოდ ტყიბულის ქვანახშირის მაღაროს, არამედ მთელ საქართველოს.

„იქ, სადაც ეკონომიკა იკლებს, ნედლეულზე მოთხოვნაც დაბალია. შესაბამისად, ბუნებრივია ტყიბულში მიმდინარე პროცესებიც. სწორედ ელისო ჩაფიძე იყო ის ადამიანი, ვინც 2012 წელს ტყიბულელებს ეუბნებოდა, რომ მათ შეღავათები წინა ხელისუფლებამ შეუწყვიტა, დღეს კი ირკვევა, რომ ეს შეღავათები მოსახლეობას არა ყოფილმა, არამედ მოქმედმა ამ ხელისუფლებამ შეუწყვიტა“, - განაცხადა ბობოხიძემ ჟურნალისტებთან კომენტარში.

სანამ პოლიტიკოსები ერთმანეთს პოლიტიკურ დივიდენდებს უთვლიან, ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრში აცხადებენ, რომ ტყიბულში ვითარება კრიზისულია და იქ მიმდინარე მოვლენები დიდი ხანია გასცდა შრომით დავას. ლინა ღვინიანიძე სახელმწიფოს მოუწოდებს ამ საკითხს სერიოზულად შეხედოს და მოძებნოს მისი გადაწყვეტის ეფექტური მექანიზმი:

ლინა ღვინიანიძე

„სახელმწიფომ უნდა დაინახოს და აღიაროს, რომ ტყიბულში განვითარებული პროცესი არ არის რიგითი შრომითი დავა დამსაქმებელსა და დასაქმებულს შორის. ეს არის ძალიან დიდი სოციალური პროტესტი, რომელსაც სჭირდება შრომის პოლიტიკით და, საერთოდ, ადეკვატური სოციალური პოლიტიკით პასუხი“.

ამ ვითარებაში ჯერჯერობით არავის აქვს პასუხი, თუ რა შეიძლება იქცეს გამოსავლად ჩიხური სიტუაციიდან. 23 თებერვალს საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის მიერ გავრცელებულ განცხადებაში გარკვევით წერია: „კომპანია ვერ გააკეთებს პოპულისტურ განცხადებებს დამსაქმებლებთან გაფორმებული და მოქმედი შრომითი ხელშეკრულებებით გათვალისწინებული ანაზღაურების გაზრდაზე“, რადგან, მათი განცხადებით, არსებობს „ობიექტური ეკონომიკურ‐ფინანსური გარემოებები“, ხოლო ბაზარზე ქვანახშირის მოხმარების მკვეთრი ვარდნა შეინიშნება.

რადიო თავისუფლება ეცადა გაერკვია, არსებობს თუ არა რეალური პრობლემები კომპანიაში დღეს და კონკრეტულად რა პრობლემებია ეს, გაიზარდა თუ არა პროდუქტიულობა ბოლო წლების განმავლობაში და ა.შ. თუმცა, რამდენიმე მცდელობის მიუხედავად, დაგროვილ კითხვებზე პასუხი ვერ მივიღეთ - კომპანიის ხელმძღვანელობას ვერ დავუკავშირდით.

მაღაროელთა მხარდამჭრი აქცია თბილისში

კითხვების ნაწილზე პასუხის მიღებას შევეცადეთ არასამთავრობო ორგანიზაცია „მწვანე ალტერნატივის“ დახმარებით, რომელიც „ტყიბულნახშირის“ გასხვისების საკითხით ჯერ კიდევ რამდენიმე წლის წინ დაინტერესდა. როგორც ორგანიზაციის წარმომადგენელი ნინო გუჯარაიძე მოგვითხრობს, სახელმწიფომ ტყიბულის ნახშირის შახტები, სს „ტყიბულნახშირის“ გაკოტრების შემდეგ, შპს „ჰოლდინგი საქართველოს ინდუსტრიულ ჯგუფს“ განსაკუთრებული მოთხოვნების წაყენების გარეშე მიჰყიდა. ამ კომპანიას, თავის მხრივ, მარშალის კუნძულებზე რეგისტრირებული კომპანია „ჩემექსიმ ინტერნეიშენალი“ ფლობდა. მაშინ, როგორც ნინო გუჯარაიძე იხსენებს, საწარმოს მფლობელებში არ ფიგურირებდნენ ძმები დავით და გელა ბეჟუაშვილები, რადგან, მისი თქმით, ორივე თანამდებობის პირი იყო. დღეს კი, საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის ოფიციალური ვებსაიტის მიხედვით, გელა ბეჟუაშვილს აღმასრულებელი დირექტორის პოსტი უჭირავს. ამ კომპანიაში წამყვან პოსტებზე მუდამ ფიგურირებდნენ ან მაშინ მოქმედი, ან ყოფილი სახელმწიფო მაღალი თანამდებობის პირები, რაც შეიძლება იყოს მიზეზი სახელმწიფოს ლოიალური დამოკიდებულებისა ამ საწარმოს მიმართ:

„ალბათ, აქედან გამომდინარეობდა, რომ ტყიბულში არასოდეს შემოწმებულა საწარმოოს ფუნქციონირება ან ლიცენზიის სარგებლობის პირობების დაცვა. პირველი შემთხვევა, რაც მახსენდება, იყო 2014 წელს გარემოს დაცვის სამინისტროს მიერ კონკრეტული საწარმოს შემოწმების ფაქტი - ეს იყო გამამდიდრებელი საწარმოს საქმიანობის შედეგად გარემოსთვის მიყენებული ზიანი და მარტო ის აღემატებოდა 3 მილიონ ლარს. საუბარი აღარ მაქვს შახტებში არსებულ მდგომარეობაზე“.

ტყიბულელი მეშახტეების გაფიცვას 26 თებერვალს სოლიდარობის აქცია მოჰყვა თბილისშიც. „მწვანე მუშტის“, „ახალგაზრდა მწვანეების“, თვითორგანიზების ქსელის წევრებმა და მეშახტეების მიმართ სოლიდარულად განწყობილმა ადამიანებმა საკუთარი პროტესტის გამოხატვა სწორედ საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის შენობასთან გადაწყვიტეს.