„ჯორჯიან ეარვეიზი“ ფლაგმანის სტატუსისთვის იბრძვის

უკვე ორი დღეა კომპანია „ჯორჯიან ეარვეიზის“ თანამშრომლები გაფიცვას განაგრძობენ. მათი პროტესტის შეწყვეტა, გავრცელებული განცხადებების თანახმად, დამოკიდებული იქნება რუსულ მხარესთან მოლაპარაკებების შედეგებზე. პროტესტის ნიშნად, რეისები რუსეთის მიმართულებით არ ხორციელდება. პროტესტის მთავარი მიზეზია ქართული კომპანიების არათანაბარი პირობები, რუსულ კომპანიებთან შედარებით. „ჯორჯიან ეარვეიზში“ ირწმუნებიან,რომ თბილისი-მოსკოვი-თბილისის მიმართულებით ფრენებზე რუსეთის ავიაკომპანიებს შეუზღუდავი უფლება მიენიჭათ.

ეგრეთ წოდებული 8 ივლისის ნოტის გაუქმება, რომელიც „ჯორჯიან ეარვეიზის“ ხელმძღვანელების თანახმად, რუსეთის ავიაკომპანიებს, ქართულებთანშედარებით, პრივილეგირებულ მდგომარეობაში აყენებს, შვიდპუნქტიანი მოთხოვნების ნუსხაში რიგით პირველია. ამას გარდა, „ჯორჯიან ეარვეიზი“ ითხოვს რუსეთის ფედერაციასთან საჰაერო მიმოსვლა აღდგეს იმავე პირობებით, რომელიც 2006 წლის ნოემბრამდე, ფრენების შეწყვეტამდე, არსებობდა. მოთხოვნებს შორისაა ასევე რუსულ მხარესთან მოლაპარაკებების გამართვა საქართველოში, მომავალი წლის ზაფხულის პერიოდის ფრენების განრიგის შედგენა და მოსკოვის გარდა, ფრენების შესაძლებლობა რუსეთის სხვა ქალაქებშიც. „ჯორჯიან ეარვეიზის“ გენერალური დირექტორი იასე ზაუტაშვილი საქართველოს ხელისუფლებას, კერძოდ, საგარეო და ეკონომიკის სამინისტროებს ქართული კომპანიების ინტერესების დაცვისა და ადეკვატური პოლიტიკის გატარებისკენ მოუწოდებს:

“არსებული რეგულაციების პირობებში საქართველოს სივრცეში ქართული ავიაციის ადგილი საერთოდ აღარ რჩება. მთლიანად ყველაფერი ექსკლუზიურად გადადის, იმ შემთხვევაში, თუ შეუზღუდავად შემოვიდა რუსული კომპანია, რუსეთის ფედერაციის ხელში ავიაციის კუთხით და აგერ ხედავთ, რომ აეროპორტის ტერიტორია მთლიანად თურქებზეა გადაცემული. გამომდინარე აქედან, საქართველოში - პირველყოვლისა, იმ აეროპორტში, სადაც უფრო მეტი შეღავათიანი რეჟიმია დაწესებული ყველა უცხოური ავიაკომპანიის მიმართ - ადგილი არ რჩება ქართულ ავიაკომპანიას“.

„ჯორჯიან ეარვეიზი“, იასე ზაუტაშვილის თანახმად, მხოლოდ რუსეთის, მოსკოვის მიმართულებაზეა გაფიცული. კომპანიის ხელთ არსებული ინფორმაციის თანახმად, ამ მიმართულებაზე ლიცენზიის მისაღებად განაცხადი 11 კომპანიას აქვს გაკეთებული. „ჯორჯიან ეარვეიზის“ გარდა, ამ დროისათვის მოსკოვის მიმართულებით ფრენების ლიცენზიას ორი რუსული კომპანია- „სიბირი“ და „აეროფლოტი“ - ფლობს. იასე ზაუტაშვილი ამბობს, რომ ქართული კომპანიები ბაზრის წილს კარგავენ და ამიტომ „ჯორჯიან ეარვეიზის“ პროტესტი უშუალოდ უკავშირდება „სამოქალაქო ავიაციის“ სააგენტოს.

ჩვენ ძალიან ხანგრძლივი მოლაპარაკებები გვქონდა კომპანიასთან, კონკრეტულად ეკონომიკის სამინისტრო აწარმოებდა ამ მოლაპარაკებებს და, როგორც ვიცით, ძალიან ბევრი სხვადასხვა შეთავაზება იყო, თუმცა მორიგება ვერ მოხერხდა...
კახა კალაძე

შესაბამისად, იასე ზაუტაშვილი ფიქრობს, რომ „სამოქალაქო ავიაციის“ სააგენტოს დამოუკიდებელ უწყებად ჩამოყალიბება მისი ეფექტურობის პირობაც იქნებოდა. ავიაციის სააგენტოს ეკონომიკის სამინისტროსგან გამოყოფა კომპანიის ერთ-ერთი მოთხოვნაა. ამ მოთხოვნას არ იზიარებს ეკონომიკის მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, რომელიც, თავის მხრივ, „ჯორჯიან ეარვეიზის“ საკითხში გამოყოფს ორ მხარეს - კომპანიის ინტერესებსა და ტურისტებს - და კომპანიის წარმომადგენელთა პრეტენზიებს სპეკულაციად მიიჩნევს, მაშინ როცა მოლაპარაკებების პროცესი არ დასრულებულა.

ენერგეტიკის მინისტრი, ვიცე-პრემიერი კახა კალაძე კი, თავის მხრივ, აზუსტებს, რომ ეკონომიკის სამინისტროს მოლაპარაკებები „ჯორჯიან ეარვეიზთან“ უშედეგოდ დასრულდა, მიუხედავად არაერთი შეთავაზებისა. კახი კალაძე მიესალმება იმ ფაქტს, რომ მოსკოვის მიმართულებით ბევრი რეისი სრულდება:

“ჩვენ ძალიან ხანგრძლივი მოლაპარაკებები გვქონდა კომპანიასთან, კონკრეტულად ეკონომიკის სამინისტრო აწარმოებდა ამ მოლაპარაკებებს და, როგორც ვიცით, ძალიან ბევრი სხვადასხვა შეთავაზება იყო, თუმცა მორიგება ვერ მოხერხდა. უბრალოდ, მე მივესალმები იმას, რომ ძალიან ბევრი რეისი არის დანიშნული მოსკოვის მიმართულებით, ძალიან ბევრი ადამიანი სარგებლობს საქართველოში მოგზაურობით“.

ყველაფერი მიდის იქითკენ, რომ შემოდიან უცხოური ტუროპერატორები, შემოდიან მონოპოლიის ხელში ჩაგდების მიზნით. თუ სახელმწიფო არ დაიცავს საკუთარ კომპანიებს შემოსული კომპანიებისგან...
მაია მჭედლიძე

საქართველოსა და რუსეთს შორის რეგულარული საჰაერო მიმოსვლა 2014 წლის 27 ოქტომბრიდან აღდგა. შეთანხმების თანახმად, 2014-2015 წლებში მიმოსვლას რუსეთის მხრიდან ასრულებენ ავიაკომპანიები „სიბირი“ და „აეროფლოტი“, ხოლო საქართველოს მხრიდან - „ჯორჯიან ეარვეიზი.“ ორივე ქვეყნის ავიაკომპანიებს ფრენები კვირაში 14 სიხშირით უნდა შეესრულებინათ. 10 დეკემბერს „ჯორჯიან ეარვეიზისა“ და საქართველოს „სამოქალაქო ავიაციის“ სააგენტოს წარმომადგენლებს შორის გამართულ ხმაურიან შეხვედრაზე შეთანხმდნენ, რომ რუსულ მხარესთან მოლაპარაკებებამდე მოსკოვსა და თბილისს შორის ფრენების სიხშირე 10-10 რეისი იქნება. „სამოქალაქო ავიაციის“ ხელმძღვანელი გურამ ჯალაღონია იმედოვნებს, რომ მოგვიანებით რუსეთის მხარესთან მიღწეული იქნება შეთანხმება, რომელიც არ დააზარალებს არც ქართულ, არც რუსულ კომპანიებს და არც მგზავრებს.

„ჯორჯიან ეარვეიზის“ თანამშრომლების საპროტესტო აქციას თბილისის საერთაშორისო აეროპორტთან 11 დეკემბერს ტურისტული კომპანიებიც შეუერთდნენ. კომპანია „ოლ ტურსის“ დამფუძნებელმა მაია მჭედლიძემ განაცხადა, რომ უცხოურ კომპანიებთან თანაბარი კონკურენციისთვის საჭირო რეგულაციების პრობლემა ტურისტულ კომპანიებსაც აწუხებთ:

“ყველაფერი მიდის იქითკენ, რომ შემოდიან უცხოური ტუროპერატორები, შემოდიან მონოპოლიის ხელში ჩაგდების მიზნით. თუ სახელმწიფო არ დაიცავს საკუთარ კომპანიებს შემოსული კომპანიებისგან და თუ არ ვიქნებით პარიტეტულ პირობებში მათთან და არ იქნება რეგულაციები, რა ვიცი, ანტიმონოპოლიური სამსახური, ფასების რეგულაცია, თუ ეს არ იქნება, ჩვენ იძულებულნი ვიქნებით, რომ გავჩერდეთ“.

ტურისტული კომპანიების გარდა, „ჯორჯიან ეარვეიზის“ საპროტესტო აქციას თბილისის საერთაშორისო აეროპორტში საავიაციო უნივერსიტეტის სტუდენტებიც შეუერთდნენ. კომპანია აქციის გაგრძელებას 12 დეკემბერს მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან გეგმავს, მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში კი, თბილისის საერთაშორისო აეროპორტის პარალიზებით იმუქრება.