24-საათიანი თავისუფლების შემდეგ დედაქალაქის მერი გიგი უგულავა ისევ საპატიმროში ბრუნდება. 18 სექტემბრის სასამართლო სხდომა დასრულდა განაჩენით, რომელიც უგულავას 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს. რიყის ტერიტორიისა და "თბილსერვისჯგუფის" საქმეებზე თბილისის საქალაქო სასამართლომ დედაქალაქის ყოფილი მერის გიგი უგულავას მიმართ ნაწილობრივ გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა, დავით კეზერაშვილი კი გაამართლა და მას პატიმრობა გაუუქმა. ოთხწლიანი სასჯელი უგულავას სწორედ ”თბილსერვისის” საქმეზე შეეფარდა.
გიგი უგულავას განაჩენი მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძემ 18 სექტემბერს, ღამის თერთმეტის ნახევარზე, საქალაქო სასამართლოს წინ გამართული აქციის ფონზე გამოაცხადა. თავად უგულავა და მისი თანამოაზრეები განაჩენის გამოცხადების პროცესს სასამართლო დარბაზში არ დასწრებიან. მას შემდეგ, რაც გაირკვა, რომ „თბილსერვისჯგუფის“ საქმეზე მას 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდეს, უგულავა სასამართლოს შენობაში დაბრუნდა. როგორც მისი პოლიტიკური თანამოაზრეები აქციაზე აცხადებდნენ, გიგი უგულავა არის მოქმედი ხელისუფლების პოლიტიკური პატიმარი. „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, დავიტ ბაქრაძის, განცხადებით, ხელისუფლებამ თავისუფლებაში მყოფი გიგი უგულავა 24 საათის განმავლობაშიც ვერ აიტანა.
მოვლენები კი 18 სექტემბერს, მთელი დღის განმავლობაში, ასე ვითარდებოდა:
მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძემ, რომელსაც რიყის ტერიტორიის გასხვისებისა და „თბილსერვისჯგუფის“ საქმეები ებარა, დაცვის მხარის შუამდგომლობა, ერთი კვირით გადაეტანათ სასამართლო სხდომა, არ დააკმაყოფილა, რის შემდეგაც თავად გიგი უგულავამ დასკვნითი სიტყვის წარმოთქმაზე უარი განაცხადა, ხოლო სასამართლო პროცესს „გამოცხადებული სიკვდილის ქრონიკა“ უწოდა:
„ეს ყველაფერი ემსახურება ერთ რამეს - მზის ჩასვლამდე ივანიშვილს პატაკი ჩააბარონ. ეს კი ნიშნავს იმას, რომ უგულავა დაბინავებული იქნება იქ, სადაც აქამდე იყო. ეს არის გამოცხადებული სიკვდილის ქრონიკის ქართული ვარიანტი - სიკვდილზე არ არის ლაპარაკი, მაგრამ ეს არის გამოცხადებული დაჭერის ქრონიკა“.
ბრალდების მხარეს სხდომაზე სიტყვით გამოსვლის უფლება აღარ გამოუყენებია, რადგან, როგორც პროკურორმა გიგა ძნელაძემ განმარტა, ბრალდების მხარემ რამდენიმე თვის წინ დეტალურად ისაუბრა მტკიცებულებებზე და ეს მასალა სასამართლოშიც წარდგენილია, დაცვის მხარის არგუმენტები კი ბრალდებისათვის კვლავაც უსაფუძვლოა.
ასეთი პოლიტიკური ვნებათაღელვის ფონზე მხარდაჭერას ვუცხადებ მთელ სასამართლო კორპუსს და მომავალშიც ვადასტურებ ჩემი და საზოგადოების თანადგომას დემოკრატიული სახელმწიფოს განვითარების ამ რთულ გზაზე ...გიორგი მარგველაშვილი
ადვოკატები უგულავას წინასწარი პატიმრობიდან გამოშვების შემდეგ პოლიტიკურ წრეებში არსებული ემოციური ფონის ჩაცხრობასა და პროცესის შემდგომ გაგრძელებას ითხოვდნენ. ადვოკატმა ბექა ბასილაიამ ამის დასტურად "ქართული ოცნების" დეპუტატის, თამაზ მეჭიაურის განცხადებაც მოიშველია, რომ "რამდენიმესაათიანი ზეიმი ზეიმად დარჩებოდა, თუკი გიგი უგულავას მიმართ სასამართლო გამამტყუნებელ განაჩენს გამოიტანდა“.
სასამართლო პროცესის პარალელურად, 18 სექტემბერს, მოსამართლეთა კორპუსს მიმართა საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმაც. პრეზიდენტის განცხადებით, ბოლო დღეების განმავლობაში ნათელი იყოსასამართლო პროცესების პოლიტიზების მცდელობა როგორც ქვეყანაში არსებული პოლიტიკური სპექტრის, ასევე, უცხო ქვეყნის ხელისუფლების წარმომადგენლის - საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის - მხრიდან: „ასეთი პოლიტიკური ვნებათაღელვის ფონზე მხარდაჭერას ვუცხადებ მთელ სასამართლო კორპუსს და მომავალშიც ვადასტურებ ჩემი და საზოგადოების თანადგომას დემოკრატიული სახელმწიფოს განვითარების ამ რთულ გზაზე", - ნათქვამია პრეზიდენტის მიმართვაში.
სპეციალური განცხადება გააკეთა საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ გიორგი პაპუაშვილმაც - მისი თქმით, 16 სექტემბრის გადაწყვეტილების შემდეგ, რაც წინასწარი პატიმრობიდან უგულავას გათავისუფლების საფუძველი გახდა, საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებსა და მათი ოჯახის წევრებზე გახშირდა ზეწოლა. პაპუაშვილი სამართალდამცავ ორგანოებს მოუწოდებს არ დატოვონ ეს ფაქტები შესაბამისი რეაგირების გარეშე.
„ეს ზეწოლა გამოიხატება მათ სახლებთან შეკრებასა და მუქარის შეძახილებში, შესასვლელის ბლოკირებაში და ეს ყველაფერი, ცხადია, საფრთხის ქვეშ აყენებს მოსამართლეების უსაფრთხოებას“.
უგულავას წინასწარი პატიმრობიდან გათავისუფლების ფაქტი შეაფასეს საქართველოს პარლამენტშიც. ყველაზე დიდი ხმაური მაინც „ქართული ოცნების“ დეპუტატის, თამაზ მეჭიაურის, ზემოხსენებულ განცხადებას მოჰყვა, რომელიც არა მხოლოდ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა გააკრიტიკეს, არამედ საპარლამენტო ოპოზიციის სხვა წარმომადგენლებმაც. „ჩარევა სასამართლოს საქმიანობაში და პოლიტიკური სიბეცე“ უწოდა ამ გამოსვლას „თავისუფალი დემოკრატების“ წევრმა შალვა შავგულიძემ და აღნიშნა, რომ, სამწუხაროდ, „ქართულ ოცნებას“ არ ჰყოფნის პოლიტიკური სიმწიფე და კვალიფიციურობა, რათა სწორად იმოქმედოს“.
ყველა იმ მხარემ, ვისაც მიაჩნია, რომ შესაძლებელია საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება გახდეს ახლად აღმოჩენილი გარემოება მათი დაცვის ქვეშ მყოფი პირების გასათავისუფლებლად, უნდა მიმართოს შესაბამის საერთო სასამართლოს ასეთი გადაწყვეტილების მისაღებად...კახა კახიშვილი
აქვე შეგახსენებთ, რომ 17 სექტემბერს, გვიან ღამით, თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, დედაქალაქის ყოფილი მერი გიგი უგულავა საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე გათავისუფლდა: საკონსტიტუციო სასამართლომ არაკონსტიტუციურად ცნო სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მოთხოვნა და დაადგინა, რომ წინასწარი პატიმრობის ვადა არ უნდა აღემატებოდეს 9 თვეს, გიგი უგულავა კი წინასწარ პატიმრობაში 14 თვეზე მეტ ხანს იმყოფებოდა.
იურისტები აცხადებენ, რომ გიგი უგულავას გათავისუფლების ფაქტმა პრეცედენტი შექმნა: ყველა ბრალდებული, ვინც 9 თვეზე მეტია წინასწარ პატიმრობაში, უნდა გათავისუფლდეს, ოღონდ ამისათვის, საიას იურისტის თამარ გვარამაძის განმარტებით, საჭიროა დაცვის მხარემ ან ბრალდებულმა სასამართლოს მიმართოს და მოითხოვოს, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე, საქმე ხელახლა გადაისინჯოს. სასამართლოებსაც, კანონით, თავადაც შეუძლიათ იმსჯელონ იმაზე, არსებობს თუ არა ამა თუ იმ კონკრეტული ბრალდებულის პატიმრობაში დატოვების აუცილებლობა. სასჯელაღსრულების მინისტრის კახა კახიშვილის განცხადებით კი, მისი უწყება მზად არის აღასრულოს საკონსტიტუციო სასამართლოს საფუძველზე მიღებული საერთო სასამართლოების გადაწყვეტილება:
„ყველა იმ მხარემ, ვისაც მიაჩნია, რომ შესაძლებელია საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება გახდეს ახლად აღმოჩენილი გარემოება მათი დაცვის ქვეშ მყოფი პირების გასათავისუფლებლად, უნდა მიმართოს შესაბამის საერთო სასამართლოს ასეთი გადაწყვეტილების მისაღებად. რამდენი ასეთი გადაწყვეტილებაც იარსებებს, იმდენ გადაწყვეტილებას აღასრულებს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო“.
თავად გიგი უგულავამ კი, რომელიც საქალაქო სასამართლოსთან სიტყვით გამოვიდა, მხარდამჭერებს პირობა მისცა, რომ ის და მისი პოლიტიკური თანამებრძოლები 2016 წლის არჩევნებში ბიძინა ივანიშვილის გუნდს დაამარცხებენ.
გიგი უგულავას მორიგი სასამართლო, ახლა უკვე სხვა ეპიზოდებზე, 24 სექტემბერს უნდა გაიმართოს.