NDI-ის გამოკვლევა: რა უნდა საქართველოს – ნატო და ევროკავშირი თუ რუსეთი?

აშშ-ის ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) მიერ 27 ივლისს გამოქვეყნებული საზოგადოებრივი აზრის ახალი გამოკვლევის თანახმად, საქართველოს მოქალაქეების უმრავლესობა მტკიცედ უჭერს მხარს ევროკავშირსა (72 %) და ნატოში (64 %) ინტეგრაციას, თუმცა გამოკითხულთა 29 % მაინც თვლის, რომ უფრო სასარგებლო იქნება ევროპულ და ევროატლანტიკურ ამბიციებზე უარის თქმა „რუსეთთან უკეთესი ურთიერთობების“ სანაცვლოდ. კვლავაც უცვლელია „ყველაზე მნიშვნელოვანი ეროვნული საკითხების“ პრიორიტეტები, რომლებიც უპირატესად ეკონომიკურ და სოციალურ პრობლემებს ასახავს. NDI-ის ახალი გამოკვლევა 8 ივნისიდან 6 ივლისამდე პერიოდში ჩატარდა და ის 4113 მონაწილეს ითვლის.

„ყველაზე მნიშვნელოვანი ეროვნული საკითხების“ ჩამონათვალის პირველ ხუთეულში კვლავაც პირველ ადგილს ინარჩუნებს „სამუშაო ადგილები“ და ამ ფაქტორს გამოკითხულთა ნახევარზე მეტი (56 %) ასახელებს; მეორე ადგილზე სახელდება სიღარიბე (29 %) და მას მოსდევს შემდეგი სამეული:„ტერიტორიული მთლიანობა“ (28 %), „ფასების ზრდა“ (26 %) და პენსიები (25 %). ამასთან, თავს დასაქმებულად არ მიიჩნევს გამოკითხულთა 63 %. NDI-ის ახალი გამოკვლევის თანახმად, გაიზარდა ქვეყნის განვითარების კურსით კმაყოფილი ადამიანების რიცხვი (25 %), თუმცა მოსახლეობის უმრავლესობა კვლავ მიიჩნევს, რომ ქვეყანა საერთოდ არ იცვლება (34 %) ან არასწორი მიმართულებით ვითარდება (33 %). 5 %–ს წარმოადგენენ რესპონდენტები, რომლებიც სავსებით ეთანხმებიან მოსაზრებას, რომ ხელისუფლება მათთვის მნიშვნელოვან ცვლილებებს ახორციელებს; ამ მოსაზრებას ნაწილობრივ ეთანხმება 36 %; ნაწილობრივ არ ეთანხმება 21% და საერთოდ არ ეთანხმება 32 %.

Your browser doesn’t support HTML5

NDI-ის გამოკვლევა: რა უნდა საქართველოს – ნატო და ევროკავშირი თუ რუსეთი

მკვლევარები ამბობენ, რომ შეიმჩნევა მცირედი გაუმჯობესება არაერთი მიმართულებით, ასე მაგალითად: 7 %-ით გაიზარდა და 17 %-ს მიაღწია იმ ადამიანების რიცხვმა, რომლებიც აცხადებენ, რომ მათი ოჯახის მდგომარეობა გაუმჯობესებულია. მოქალაქეების 19 %-მა აღნიშნა ასევე, რომ მათ ქალაქში/სოფელში საცხოვრებელი პირობები გაუმჯობესდა, მაშინ როცა 2015 წლის აგვისტოში ეს მაჩვენებელი 9 პროცენტს შეადგენდა. თუმცა, ზოგიერთი მაჩვენებლის გაუმჯობესების მიუხედავად, ზოგად სურათს ექსპერტები მაინც უარყოფითად აფასებენ, ხელისუფლება კი, როგორც უკვე დიდი ხანია ცნობილია, NDI-ის გამოკვლევის შედეგებს არასანდოდ მიიჩნევს.

სოციალური საკითხები, ცხადია, ბევრს აწუხებს. ძირითადად ესენი არიან 50 წელზე უფროსი ასაკის ადამიანები და მათი აქტივობა ისედაც მაღალია ხოლმე საარჩევნო პროცესში...
ზვიად ხორგუაშვილი

პრობლემები, რომლებსაც ეს გამოკვლევა ასახავს, ქვეყნის რეალობიდან გამომდინარეობს და, შესაბამისად, გამოკვლევის შედეგები ლოგიკურია, ამბობს რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში საქართველოს რეფორმების ასოციაციის წარმომადგენელი ზვიად ხორგუაშვილი. მისი განმარტებით, ეკონომიკური ზრდის დაბალი ტემპი, სამუშაო ადგილების სიმცირე თუ გაზრდილი ფასები მძიმე კვალს ტოვებს ხალხის ყოველდღიურობასა და მათ საარჩევნო განწყობაზე:

„სოციალური საკითხები, ცხადია, ბევრს აწუხებს. ძირითადად ესენი არიან 50 წელზე უფროსი ასაკის ადამიანები და მათი აქტივობა ისედაც მაღალია ხოლმე საარჩევნო პროცესში. ცხოვრება ყველაზე მეტად გაურთულდათ პენსიონერებს, რომელთა მცირედით გაზრდილი პენსია ინფლაციამ შეჭამა და ფასები გაუძვირდათ არა მხოლოდ პროდუქტებზე, არამედ მედიკამენტებზეც“.

NDI-ის გამოკვლევის შედეგები მკვლევარებმა პოლიტიკურად გადაუწყვეტელი და გადაწყვეტილი ამომრჩევლების ჭრილშიც განიხილეს. აღინიშნა, რომ მოქალაქეებს, რომლებსაც გადაწყვეტილი აქვთ, ვის მისცემენ ხმას ოქტომბერში, მეტად სჯერათ, რომ ქვეყანა სწორი მიმართულებით ვითარდება, ხელისუფლება მათთვის მნიშვნელოვან ცვლილებებს ახორციელებს და მათ ქალაქში/სოფელში საცხოვრებელი პირობები გაუმჯობესდა. როგორც NDI-ის საქართველოს ოფისის დირექტორის, ლორა თორნტონის, წერილობით განცხადებაშია აღნიშნული, არჩევნების ჭრილში მთავარი ყურადღება გადაუწყვეტელი ამომრჩევლისკენ უნდა იყოს მიმართული:

“გადაუწყვეტელი ამომრჩეველი ნაკლებად პოზიტიურად აფასებს ქვეყნის განვითარების ძირითად ეკონომიკურ და სოციალურ მაჩვენებლებს. ამ ადამიანების ხმების მისაღებად, კანდიდატებმა სასწრაფოდ უნდა გააუმჯობესონ ამომრჩევლებთან კომუნიკაცია და მათ პარტიის მიღწევებზე, ეკონომიკურ ზრდასა და რეფორმებთან დაკავშირებულ კონკრეტულ გეგმებზე ესაუბრონ".

გამოიკვეთა, რომ ადამიანები, რომლებიც უფრო კარგად ცხოვრობენ, ისინი შედარებით უფრო პროდასავლურად არიან განწყობილი. უმაღლესი განათლების მქონე ადამიანები ასევე პროდასავლურად არიან განწყობილი...
დავით სიჭინავა

​NDI-ის მიერ 27 ივლისს გამოქვეყნებული გამოკვლევა, შვედეთის განვითარების სააგენტოს დაფინანსებით, კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრმა ჩაატარა. ცენტრის ვებსაიტზე გამოქვეყნებული განცხადების თანახმად, გადაწყვეტილი ამომრჩეველი ქვეყნის ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციას მეტი ენთუზიაზმით უყურებს. კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრის წარმომადგენელი, დავით სიჭინავა, კიდევ ერთ საყურადღებო მიგნებაზე ლაპარაკობს:

„გამოიკვეთა, რომ ადამიანები, რომლებიც უფრო კარგად ცხოვრობენ, ისინი შედარებით უფრო პროდასავლურად არიან განწყობილი. უმაღლესი განათლების მქონე ადამიანები ასევე პროდასავლურად არიან განწყობილი. მაღალი ალბათობაა, რომ ახალგაზრდები იყვნენ პროდასავლურად განწყობილი და ეს ალბათობა მცირდება ასაკის ზრდასთან ერთად“.

NDI-ის ახალი გამოკვლევის თანახმად, საგარეო პოლიტიკის მხრივ, მოქალაქეები სტაბილურად უჭერენ მხარს ქვეყნის ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციას: საქართველოს ნატოში გაწევრიანებას მოსახლეობის 64 % ემხრობა, ხოლო ევროკავშირში გაწევრიანებას 72 % უჭერს მხარს, ანუ (შეკითხვიდან გამომდინარე) ეს კატეგორია ემხრობა საქართველოს ხელისუფლების გაცხადებულ მიზნებს ევროპული და ევროატლანტიკურ ინტეგრაციის ჭრილში, თუმცა საქართველოს საგარეო პოლიტიკის პროდასავლურობას მხოლოდ 13 % ემხრობა, ამისვე მომხრეა 48%, თუმცა რუსეთთან კარგი ურთიერთობების შენარჩუნების შემთხვევაში; 20 %-ს, პირიქით, მხოლოდ პრორუსული პოლიტიკის პირობებში წარმოუდგენია კარგი ურთიერთობები ნატოსა და ევროკავშირთან, 6 %-ის აზრით კი, პოლიტიკა პრორუსული უნდა იყოს.

გამოკითხულთა 53 % მიიჩნევს, რომ საქართველო მეტ სარგებელს მიიღებს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციიდან, ხოლო 29 % თვლის, რომ საქართველო მეტ სარგებელს მიიღებს, თუკი უარს იტყვის ნატოსა და ევროკავშირზე, რუსეთთან უკეთესი ურთიერთობების სანაცვლოდ.

ირაკლი მჭედლიშვილი

პოლიტოლოგ ირაკლი მჭედლიშვილის აზრით, რომელსაც ის რადიო თავისუფლებას უზიარებს, არ უნდა ვიფიქროთ, რომ ხსენებული 29 % მაინცდამაინც პრორუსული განწყობისაა:

„არ ვიცი, თავად კითხვის დამსმელი რას გულისხმობდა, მაგრამ მოპასუხე, სავარაუდოდ, გულისხმობს შემდეგს, რომ, თუ რუსეთი დააბრუნებს აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონს, მაშინ საქართველო უარს იტყვის (ევროკავშირსა და ნატოში) ინტეგრაციაზე. ასეთი პროპაგანდა მიდის ჩვენთან დიდი ხანია (აი, მაგალითად, ნინო ბურჯანაძის მხრიდან), რომ თუ საქართველო უარს იტყვის ამ ინტეგრაციაზე, რუსეთი დააბრუნებს მიტაცებულ ტერიტორიებს. ეს, რა თქმა უნდა, აბსოლუტურად გამორიცხულია – პირდაპირ აქვს გაცხადებული რუსეთის ხელისუფლებას, რომ ამ საკითხში არანაირი რევერსი არ იქნება“.

NDI-ის გამოკვლევის თანახმად, ისინი, ვინც ინფორმაციის მისაღებად ძირითადად რუსულენოვან მედიასაშუალებებს იყენებს, უფრო სკეპტიკურად უყურებენ საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გეგმებს. NDI -ის საქართველოს ოფისის დირექტორის, ლორა თორნტონის, განცხადებით, პასუხისმგებელ პირებს მართებთ მუშაობა მოსახლეობასთან, დემოგრაფიული და გეოგრაფიული თავისებურებების გათვალისწინებით. მისი რეკომენდაციაა, რომ ამ ჭრილში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმოს რუსეთიდან მომავალი გზავნილების გაბათილების მიზანს.