1970 -2010 წლებში დედამიწაზე გარეული სამყაროს 52 პროცენტი განადგურდა - ამ დასკვნამდე მივიდა ავტორიტეტული ორგანიზაცია „ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდი“. ის არსებობის ნახევარსაუკონოვან ისტორიაზე მეტს ითვლის და დღეს მსოფლიოში უდიდეს დამოუკიდებელ საკონსერვაციო ორგანიზაციად ითვლება. მას შესაძლოა ცნობილი სიმბოლოთი, შავ-თეთრი პანდის გამოსახულებითაც იცნობდეთ.
სამეცნიერო კვლევაზე დაფუძნებული ანგარიში „ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდმა“ სექტემბრის ბოლოს გამოაქვეყნა. მასში ნათქვამია, რომ ადამიანთა სულ რაღაც ორი თაობის ცხოვრების მანძილზე დედამიწაზე ხმელეთის, თუ წყლის ხერხემლიან ბინადართა რაოდენობა ნახევარზე მეტად შემცირდა. მტკნარი წყლების სამყაროში 76 პროცენტით, მარილიანში - 39 და ხმელეთზეც ასევე 39 პროცენტით.
ანგარიშის ავტორების თქმით მათ მონაცემები მსოფლიოს გარშემო 2 000 წყაროდან შეკრიბეს და 10 ათასზე მეტი ძუძუმწოვრის, ჩიტის, ქვეწარმავლის, ამფიბიის, თუ თევზის მონაცემი შეისწავლეს. ყველაზე დიდი ვარდნა -79 პროცენტი- ბაყაყებში აღინიშნა. გეოგრაფიულად ურთულესი მდგომარეობაა ცენტრალურ და სამხრეთ ამერიკაში, სადაც რეგიონის ველური გარემოს სიცოცხლის შემცირება 83 პროცენტს აღემატება. ზღვის ბინადართა შორის ყველაზე მძიმე მდგომარეობაა ტროპიკულ და ანტარქტიკის წყლებში, განსაკუთრებით - ზღვის კუების და ზვიგენის ზოგიერთ სახეობებში. ანალოგიური სიტუაციაა ზღვის ფრინველების ჯიშებშიც.
გარემოს დაცვის სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ მართალია დღეს მთავარი დარტყმის ქვეშ დედამიწის გარეული სამყარო აღმოჩნდა, მაგრამ საბოლოო ჯამში ისევ ადამიანები დაზარალდებიან. მარკო ლამბერტინი, „ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის“ გენერალური დირექტორი ამბობს, რომ „ბუნების დაცვა ფუფუნება არ არის... პირიქით: მსოფლიოს უღარიბეს მოსახლეობაში ბუნება ბევრისთვის საარსებო საშუალებაა“. მისი თქმით ზარალი მთელ კაცობრიობაზე აისახება, რადგან თითოეულ ჩვენთაგანს ერთნაირად სჭირდება ნუტრიენტებით მდიდარი საკვები, სუფთა წყალი და ჯანსაღი ჰაერი.
ადამიანები ცხოველების კვლას უკონტროლოდ აგრძელებენ, ამასთან აბინძურებენ, ან სრულიად უსპობენ მათ საარსებო გარემოს. „ლონდონის ზოოპარკში ცხოველების ნახევარი რომ ამომწყდარიყო, მომდევნო კვირა ეს მედიის მთავარი თემა იქნებოდა“ - ამბობს პროფესორი კენ ნორისი, ლონდონის ზოოლოგიური საზოგადოების სამეცნიერო განყოფილების დირექტორი. თუმცა, „ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის“ ანგარიში საზოგადოების ფართო ინტერესის მიღმა დარჩა.
მხოლოდ ეკონომიკური გათვლებით, მარტო ოკეანეებისთვის მიყენებულმა ზარალმა 2050 წლამდე შესაძლოა 428 მილიარდი დოლარი შეადგინოს. რისკის ქვეშ მსოფლიოს საკვების უსაფრთხოება დგას, რაც მომავალში შესაძლოა ომების მიზეზიც გახდეს. „ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდი“ მიიჩნევს, რომ ადამიანებმა ერთად უნდა იმუშაონ იმისთვის, რომ გამოსავალი მოიძებნოს და მომავალმა თაობამ მაინც არ დატოვოს მძიმე და დამანგრეველი ანაბეჭდი კაცობრიობის ისტორიაზე. ეს შეუძლებელი ამოცანა არ არის, აცხადებს ორგანიზაცია. ჩვენ ყველა ერთმანეთთან დაკავშირებული ვართ და ერთად უნდა ავაშენოთ მომავალი, რომელშიც მომავალი თაობები ბუნებასთან ჰარმონიაში იცხოვრებენ.
„ცვლილებისთვის ლიდერშიფი გვჭირდება. სკამზე ჩამოჯდომით და ლოდინით, იქნებ ვიმე სხვამ გადადგას პირველი ნაბიჯი, არაფერი გამოვა. სახელმწიფო მეთაურებმა აზროვნება გლობალურად უნდა დაიწყონ. ბიზნესებმა და მომხმარებლებმა უნდა შეწყვიტონ ისე მოქცევა, თითქოს სამყაროს ლიმიტები არ გააჩნდეს“ - ამბობს მარკო ლამბერტინი, „ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის“ გენერალური დირექტორი.